Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ არის საზმაუს სამეურვეო საბჭოს ახალი წევრი და რატომ აირჩია ის პარლამენტმა

06 ივლისი 2017

30 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად გიორგი იაკობაშვილი დაამტკიცა. იაკობაშვილს ხმა 84-მა დეპუტატმა მისცა, 2 წინააღმდეგ წავიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატის შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ პარლამენტს მეურვეობის სამი კანდიდატი წარუდგინა - აკაკი გიგინეიშვილი, გიორგი იაკობაშვილი და ლელა ფილარიშვილი. აკაკი გიგინეიშვილს 33 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ლელა ფირალიშვილს კი - 22-მა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის − მეურვის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში სულ 8 ადამიანი მონაწილეობდა - დავით ცინცაძე, გიორგი იაკობაშვილი, აკაკი გიგინეიშვილი, ია მამალაძე, მიხეილ მრევლიშვილი, ლელა ფირალიშვილი, პაატა სურგულაძე, ავთანდილ კახნიაშვილი. მათ შორის გიორგი იაკობაშვილმა 5 ხმა მიიღო, აკაკი გიგინეიშვილმა - 6 ხმა, ლელა ფირალიშვილმა კი - 5.

ვინ არის გიორგი იაკობაშვილი

გიორგი იაკობაშვილი ბიზნესინჟინერი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტია.

2001-2002 წლებში გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორის პოზიცია ეკავა. 2002-2003 წლებში გაზეთ „მთავარი გაზეთი კვირას“ მთავარი რედაქტორად მუშაობდა. 2004-2006 წლებში - გაზეთ „ახალი ვერსიის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე გახდა. 2006-2007 წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2007-2008 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრს ხელმძღვანელობდა. 2008-2009 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. 2007-2010 წლებში ანალიტიკური პორტალის Presa.ge-ს მთავარი რედაქტორად მუშაობდა. 2008-2010 წლებში „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე იყო. 2010 წლიდან დღემდე საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი For.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატებს შეეხებოდა, აღნიშნულია, რომ გიორგი იაკობაშვილი გამოირჩევა  უარყოფითი დამოკიდებულებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. მაგალითად, კი „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ მასალაში მისი საუბრიდან ნაწყვეტია მოყვანილი, სადაც იაკობაშვილი ამბობს, რომ „არასამთავრობოების წევრები არ გამოირჩევიან არც ინტელექტით, არც პროფესიული გამოცდილებით და ამ დროს კი მათ საზოგადოებაში სერიოზული ადგილი უკავიათ, ჭკუას ეკითხებიან, მათ აზრს ითვალისწინებენ. ამასთან, მოგზაურობენ, გადაადგილდებიან კარგი მანქანებით, აქვთ კარგი შემოსავალი და სოციალური სტატუსი”.

გარდა ამისა, სოციალურ მედიაში იძებნება გიორგი იაკობაშვილის ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები:

რატომ დაუჭირეს მხარი იაკობაშვილის კანდიდატურას

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრი, მარინა ჩიტაშვილი, „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ კანდიდატები ერთნაირი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ. ეს იყო: კვალიფიკაცია, მათი ხედვა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით; კონკურსანტების მოტივაცია, რა ინოვაციას გეგმავდნენ; და რამდენად განხორციელებადი იყო მათი ხედვა.

მანანა ჩიტაშვილი ამბობს, რომ მისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია იაკობაშვილის აქტივობისა და სოციალურ მედიაში გაკეთებული განცხადებების თაობაზე.

„მე არ ვიცი, სხვებმა იცოდნენ თუ არ იცოდნენ, პირადად ჩემთვის კი ცნობილი იყო მისი აქტივობაც და ვიცი მისი გამოსვლებიც. ეს იყო კოლექტიური გადაწყვეტილება. ხმების რაოდენობით ის პირველ სამეულში აღმოჩნდა. თუ მაუწყებლობის შესახებ კანონს ჩავხედავთ, კომისიას ევალება, ერთ კანდიდატზე მინიმუმ სამი შესაძლო ვერსია წარადგინოს. ჩვენ ვალდებული ვიყავით პარლამენტისათვის წარგვედგინა 3 ადამიანი/ ვინც მიიღო ყველაზე მეტი ხმა, ის წარედგინა პარლამენტს. უკვე პარლამენტის გადასაწყვეტი იყო, გაითვალისწინებდნენ თუ არა ყველა იმ სხვა მონაცემს, რომლის კვალობაზეც მათ ამ სამიდან საუკეთესო უნდა ამოერჩიათ. კომისიამ მხოლოდ კანდიდატები წარადგინა. არჩევანი პარლამენტზე იყო დამოკიდებული“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ გიორგი იაკობაშვილს მისი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გამო დაუჭირეს მხარი.

„ვერ მოგატყუებთ, რომ ძალიან დიდი დრო გვქონდა სამსჯელოდ. სესიებს შორის შესვენების დროს, რამდენიმე ადამიანმა უმრავლესობიდან იაკობაშვილს გაუწია რეკომენდაცია. დაახასიათეს დადებითად, როგორც პროფესიონალი ადამიანი, სხვებსაც დადებითად ახასიათებდნენ და ამიტომ გართულდა გადაწყვეტილების მიღება. მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი გახდა იმ გადაწყვეტილების საფუძველი, რომ ჩვენ მისთვის დაგვეჭირა მხარი და ამ შემთხვევაში უმრავლესობა შეჯერდა“.

რაც შეეხება იაკობაშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით გაკეთებულ შეფასებებს, ასევე სოციალურ ქსელში მის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის.

„არავის დახასიათებაში მსგავსი რამ არ გახმოვანებულა. ჩვენ ასეთ საკითხებში ძალიან პრინციპული ვართ. ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებში ირიცხება, აუცილებლად უნდა იცავდეს იმ სტანდარტს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხიდან გამომდინარეობს. არანაირი მსგავსი ინფორმაცია ჩემამდე არასდროს არ მოსულა“, - ამბობს მდინარაძე.

იხილეთ კენჭისყრის ანგარიში და იმ დეპუტატების სია, რომელთაც იაკობაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს:

რას ითვალისწინებს იაკობაშვილის  კონცეფცია

კონცეფციაში იაკობაშვილი წერდა, რომ, ვინაიდან რამდენიმე ათეულმა კანდიდატმა წარადგინა „საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია, ძნელი იქნება რაიმე ახლისა და ორიგინალურის შეთავაზება:

„ცხადია, არ ვამბობ იმას, რომ წარმოდგენილ ერთმანეთის მსგავს კონცეფციებში რაიმე არასწორი იყო. პირიქით, იმიტომაც ჰგავდა ერთმანეთს და იმიტომაც მეორდებოდა ბევრი რამ, რომ ყველაფერი კარგად ეწერა და ამიტომ ლოგიკურად ჩნდება ვარაუდი, რომ საქმე და პრობლემა იმ ყველაფრის პრაქტიკულ განხორციელებაში უნდა ვეძებოთ და არა იმაში, რომ სსმ-ის განვითარების კონცეფცია მისი არსებობის რომელიმე ეტაპზე თეორიულად მანკიერი იყო“.

იაკობაშვილი წერს, რომ ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება არ ნიშნავს, რომ „ხელისუფლებას ბრმად უნდა დავემორჩილო!“. კონცეფციაში ასევე ვკითხულობთ, რომ იაკობაშვილის ხედვით, არხი უნდა მართონ პროფესიონალებმა, რომლებიც ანგარიშს ჩააბარებენ საზოგადოებას. 

როგორც კონცეფციაში გიორგი იაკობაშვილი წერს, მაუწყებლის დეკლარირებული და რეალური მიზანი უნდა იყოს: ინფორმირებულობა, განათლება, გართობა, კონკურენტებისგან გამორჩეულობა და ობიექტურობა; მიზნის მიღწევის საშუალება კი: რეალური პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა და „რწმენა იმისა, რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებთ“.

კონცეფციაში ასევე აღნიშნულია, რომ როდესაც რაიმე ახლის და კარგის გაკეთებაა საჭირო, ძველსა და ცუდს უნდა შეელიონ.

„ვრისკავ, რომ უკმაყოფილებას გამოვიწვევ ბევრ თანამშრომელში, მაგრამ როდესაც მაუწყებლის ჟურნალისტი ამბობს: „ცეხი“, „შრამი“, „სასომხეთი“ და ა.შ. მასაც, რედაქტორსაც და ყველას, ვისაც მაყურებელ-მსმენელამდე გამართული ტექსტის მიტანა ევალება, სასწრაფოდ ტესტირება უნდა ჩაუტარდეს და შედეგის შესაბამისად, გაწეული გარჯისათვის მადლობა გადაუხადოს მაუწყებელმა და დაემშვიდობოს. სსმ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ადგილად ვერ გამოდგება - უკვე მაღალი კვალიფიკაციის მქონენი უმუშევრები არიან და მათ უნდა დაეთმოთ ასპარეზი“, - წერს იაკობაშვილი.

******

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 9 წევრისგან-მეურვისგან შედგება.

სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს; იღებს მაუწყებლის დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს და ამტკიცებს მისი შესრულების ანგარიშს; გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს.

მეურვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 6 წელია. მეურვის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს.

საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით ირჩევს ორ მეურვეს, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

 „ჩათლახებო“ - საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრი „ლიბერალზე“ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

სოციალური პასუხისმგებლობა და მეწარმეობის ...

უკვე რამდენიმე წელია, ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს სკოლის კუთვნილ ეზოში კარტოფილი მოჰყავთ. მოსა ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ავტომობილების ტექნიკური შემოწმების თანა ...

ორი კვირის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ 2018 წლის პირ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

რას იწვევს არასწორი კვება ბავშვებში

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ანგარიშებიდან ვიგებთ, სიღატაკე, კვებ ...

მეტი

^