Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გამოდით, დაგვთვალეთ“ - ინტერვიუ რესპუბლიკელების ლგბტ აქტივისტ კანდიდატ ნინო ბოლქვაძესთან

15 სექტემბერი 2017

ლგბტ აქტივისტი, ღიად ლესბოსელი კანდიდატი საჯარო პოლიტიკაში - ეს  არა მარტო ქართულ, არამედ პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ სივრცეშიც სრულიად არასტანდარტული მოვლენაა - რა მიზანი გაქვთ?

აქტივიზმში უკვე მეხუთე წელია, რაც ვარ და ვხედავ, რომ მიუხედავად ძალისხმევისა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს და მცდელობას არ აკლებს, მაინც რეგრესს ვხედავთ.  საქართველოს კონსტიტუციაში მალე დისკრიმინაციული ჩანაწერი გაჩნდება; ამის ზიანი და მავნე შედეგები  უკვე იგრძნობა, ამიტომ მე ვერ ვხედავ უკეთეს გზას, ვიდრე იმას, რომ თავად გახდე გადაწყვეტილების მიმღები ან შეეცადო, მოიპოვო ამის შესაძლებლობა, მოიპოვო მხარდამჭერი, რომელიც ლგბტ თემის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებებს.

სავარაუდოდ, თქვენი მთავარი მიზანი დეპუტატის მანდატი არ არის, მაშ რა იქნება თქვენი გამარჯვება? რა მოცემულობაში მიიჩნევთ მიზანს მიღწეულად?

რატომაც არა, გამარჯვებაც მნიშვნელოვანია. დღესდღეობით ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ყოველგვარი „მაგრამის“ გარეშე თანასწორობის პრინციპის დამცველია.  ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პარტიის წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში აღმოჩნდეს. ამ პარტიაში შესაძლოა, მოხდეს ცვლილებები. დღეს ვხედავ საფუძველს, რომ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც საზოგადოება ძალას, შედეგს დაინახავს, უფრო მეტ მხარდაჭერას, - თავად ლგბტ თემის მხარდაჭერასაც, - მეტად მიიღებს. 

მეორე მიზანი - ხელისუფლება ცდილობს, შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ რეალურად არ არსებობს პრობლემები ლგბტ ადამიანების უფლებების მხრივ, და პრობლემებს ქმნის რამდენიმე აქტივისტი, რომელიც ხელს ითბობს. მე მინდა, საზოგადოებას ვაჩვენო, თუნდაც ამ ხმების რაოდენობით, რამდენი ადამიანი მიიჩნევს, რომ ლგბტ თემს თანასწორი უფლებები აქვს; მინდა, იდენტიფიცირება მოვახდინოთ, თუ რამდენი ადამიანისთვისაა ღირებული ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც სამართლებრივი სახელმწიფო უნდა იდგეს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ პროცესში გაჟღერდეს მთავარი მესიჯები - რომ არსებობს უხილავი რეალური პრობლემები, რომ ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, - უსახლკარობა, უმუშევრობა, სიცოცხლის დაბალი ხარისხი, უფლება - იყო შენი პარტნიორის მემკვიდრე, სიცოცხლის უფლება... აქამდე თემმა ვერ მოვახერხეთ ამ საკითხებზე პედალირება. სათანადოდ საუბარი.  საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა სწორედ ამის საშუალებას მომცემს:

თქვენი მთავარი ამოცანა ეს იქნება? - უმცირესობების, განსაკუთრებით ლგბტ ადამიანების პრობლემატიკის წინ წამოწევა და მცდელობა, მიაქციოთ ამ საკითხს საზოგადოების ყურადღება?

არამხოლოდ - ეს იქნება ერთ-ერთი კომპონენტი. ჩემი მთავარი მიმართულება უსაფრთხოებაა და მრავალი კომპონენტისგან შედგება - დავიწყოთ გარემოთი, ჰაერი რომლითაც ვსუნთქავთ, საფრთხეები განათლების მიღების დროს, როდესაც სკოლებში ასე გავრცელებულია ბულინგი, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, ზიანის მომტანი დამოკიდებულებების მენეჯმენტი, ოჯახში ძალადობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები.

რა რისკებს ხედავთ თქვენთვის უცხო პროცესში, პირადად თქვენთვის; მოგეხსენებათ, რბილად რომ ვთქვათ, არატოლერანტულ გარემოში ვცხოვრობთ.

ეს იგივე რისკებია, რასაც ახლაც ვაწყდები, როცა საჯაროდ გამოვჩნდები ხოლმე და ადამიანები მცნობენ, როგორც ღიად ლესბოსელს; გამვლელები, რომლებიც ჰომოფობიურად არის განწყობილი, შეურაცხყოფას გაყენებენ; ამ შეურაცხყოფის ატანა რთულია, მაგრამ ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვარ; მეორე, არის ფიზიკური ძალადობის რისკი, რომლისაგანაც რამდენჯერმე გადავრჩენილვარ.

ალბათ, განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევთ, მედია თქვენგან შოუს შექმნას შეეცდება, პოლიტიკური ძალები მტრის ხატის შექმნას და თქვენზე ქულების დაწერას. სავარაუდოდ,  საქართველოში მოქმედი საერთაშორისო მედიის ყურადღებასაც მიიქცევთ - მზად ხართ ამისთვის?

ვითვალისწინებ, რომ ეს ასე იქნება, მაგრამ მე გეტყვით, რატომ ვარ იმედიანად -  უმცირესობის  მობილიზება გაცილებით მარტივია - ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები. ხოლო ის, რაც არ არის მდგრადი და მყარი იდეა,  ადამიანებს ვერ აერთიანებს. იდეამ უნდა აგანთოს, რომ მისი დაცვა მოგინდეს, მზად იყო იმისთვის, რომ თუნდაც დაზიანდე, თუნდაც მოგკლან; უმრავლესობის მობილიზება იდეისთვის, რაც მაგალითად, სხვის განადგურებას ისახავს მიზნად, საკმაოდ რთულია და ის ვერ იქნება მზად ხანგრძლივი, რუტინული შრომისთვის. 

უმცირესობისთვის ამ აქტივიზმში მონაწილეობა მათივე გადარჩენის საკითხია. უმრავლესობისთვის კი ეს იდეები ბუნდოვანია და ხშირად არც იციან, რას აკეთებენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გარდაუვალია პროგრესული იდეის გამარჯვება. ამისთვის სწორი და თამამი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. 

რატომ შეარჩიეს „რესპუბლიკელებმა" ღიად ლესბოსელი კანდიდატი ► ინტერვიუ თამარ კორძაიასთან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^