Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა უნდა ვიცოდეთ სექსუალური შევიწროების შესახებ - ინტერვიუ თამარ საბედაშვილთან

04 დეკემბერი 2017

სექსუალური შევიწროების შესახებ საქართველოში  ფართომასშტაბიანი კვლევა არ წარმოებულა და ერთიანი მონაცემები არ არსებობს, თუმცა ცალკეული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქალები ამ პრობლემაზე საუბრობენ.

2014 წელს  „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ თბილისის მეტროში  ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მეტროთი მოსარგებლე ქალების 45% სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გამხდარა. აქედან, უმეტესობას არაფერი გაუკეთებია და არც არავისთვის მიუმართავს დასახმარებლად.  ამავე წელს ჩატარებულ კვლევაში,  რომელიც სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებას ეხებოდა, ქალები დასაქმების ადგილზე  დიკრიმინაციულ დამოკიდებულებებსა და შევიწროებაზე საუბრობენ. კვლევა სოციალური მეცნიერების ცენტრმა მოამზადა.

სახალხო დამცველის ანგარიშ კი ნათქვამია, რომ დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება წარმოადგენს უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებულ და ამავდროულად დაფარულ პრობლემას.

სექსუალური შევიწროების ფორმებზე დასაქმების ადგილსა თუ საჯარო სივრცეში, კანონმდებლობაზე, საერთაშორისო პრაქტიკასა და პრევენციაზე ვესაუბრეთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის პროგრამის სპეციალისტს, თამარ საბედაშვილს.

პირველ რიგში საუბარი რომ დავიწყოთ იმით, რა არის სექსუალური შევიწროება? რა უნდა ვიცოდეთ სექსუალური შევიწროების შესახებ?

სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმაა და გვხვდება როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში, იქნება ეს ტრანსპორტი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები თუ სხვა. სექსუალური შევიწროება არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დეფინიცია, რომელიც მინიმალური სტანდარტია. როცა ვსაუბრობთ, რომ კულტურულად ჩვენთვის მისაღები განმარტება ხომ არ შევიმუშაოთ, ეს არ არის საჭირო, რადგან მინიმალური საერთაშორისო შეთანხმება ამაზე უკვე  არსებობს.

სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების ორ სახეზეა საუბარი - ეს არის „მტრული სამუშაო გარემო“ და „მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ“.  შევიწროების ფორმები კი ორივე შემთხვევაში შეიძლება იყოს: ფიზიკური, ვერბალური, არავერბალური, ემოციური და ა.შ.

მტრული სამუშო გარემოა ყველა ის ქცევა, რომელიც ადამიანს უშლის ხელს რეალიზებაში - ვერ მუშაობს, ვერ იხარჯება, არ არის პროდუქტიული იმიტომ, რომ გარემო მისთვის არ არის მეგობრული, ისეთი კომენტარები ესმის,  ხუმრობა, დამოკიდებულება. არ არის აუცილებელი, ყოველთვის სექსუალური ხასიათის იყოს ეს დამოკიდებულება, მაგალითად, შეიძლება მოსთხოვონ, სქესის გამო, მუდმივად ყავა მოადუღოს ან აზრის გამოთქმის საშუალება არ მისცენ, ან იყოს მუდმივად მინიშნება, რომ ქალი ნაკლებად ჭკვიანია, სუსტია, და ა.შ.  მიშტერებაზეც იყო საუბარი და ესეც  მტრული სამუშაო გარემოს ნაწილია.

მთავარია, ამოვიდეთ იმ ადამიანის პერსპექტივიდან, ვინც ამით წუხდება, თუ რამდენჯერმე გამოხატავს, რომ მას ეს არ მოსწონს, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს,  მაგრამ მაინც გრძელდება მის მიმართ მსგავსი ქცევა,  აქ უკვე, რა თქმა უნდა, საუბარია შევიწროებაზე. თუ მე არ ვწუხდები, იმავე ფასეულობებს ვიზიარებ და ყველა კმაყოფილია, ცხადია, ასეთ შემთხვევებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, სადაც უფლებადარღვევა და დისკრიმინაციის კერაა.

სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების მეორე სახეს რაც შეეხება, აქ საუბარია იმგვარ ვითარებაზე,  როცა ადამიანს, ვინც შემვიწროებელია აქვს რაღაც ზემოქმედების ბერკეტი, მაგალითად, შეუძლია  ხელფასის  მომატება, დაწინაურება, სამსახურიდან გაშვება და ა.შ. და ამას იყენებს იმისათვის, რომ დაითანხმოს კოლეგა სექსუალურ ურთიერთობაზე, ანუ ამ ბერკეტს იყენებს მის წინააღმდეგ.

სამუშო ადგილზე და საჯარო სივრცეშიც, უმეტესწილად, ქალია მსხვერპლი; თუ კაცია მსხვერპლი, ძირითადად, ისიც კაცის მხრიდან. სამუშაო ადგილას, როცა სექსუალური ხასიათის შვიწროებაზეა საუბარი, იშვიათია, რომ ქალი იყოს შემვიწროებელი. საჯარო სივრცეში - კიდევ უფრო ნაკლებად.

სამსახურზე უფრო მეტად იმიტომ არის ყურადღება გამახვილებული, რომ სამუშაო ადგილზე შევიწროება სისტემატური ხასიათისაა, ყოველდღე გაქვს ამასთან შეხება. თუ საჯარო სივრცეში ერთხელ მოხდა, გადარჩი გაიქეცი, თავი დააღწიე,  სამსახურის შემთხვევაში არ ხარ თავისუფალი, თან, როდესაც პირდაპირ ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება.

სამსახურებრივი გარემოს დეფინიცია გაფართოებულია და ეს არ არის მხოლოდ ოფისი ან სამსახურთან დაკავშირებული სივრცე. კორპორაციული წვეულებიდან დაწყებული, ნებისმიერი ადგილი, სადაც კოლეგასთან ერთად ხარ, სამუშაო გარემოდ მიიჩნევა.

საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებას რაც შეეხება, კატასტროფული მდგომარეობაა საქართველოში.  ძალიან ბევრი ტრენინგი მაქვს ჩატარებული და შეხვედრა ორგანიზებული ამ თემაზე, სხვადასხვა სტრუქტურასთან, თავდაცვის სამინისტროდან დაწყებული პედაგოგებით დამთავრებული, არ ყოფილა შემთხვევა, როცა მითქვამს, ხელი აიწიეთ, ვისაც არ გამოგიცდიათ სექსუალური შევიწროება ტრანსპორტში და ქალებისგან ვინმეს ხელი აეწია. კაცები კი ამბობენ, რომ  საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროება არ განუცდიათ. ქალების თითქმის 95%-ს გამოუცდია, რაღაც ფორმით, არასასურველი ქცევა მის მიმართ - ხახუნი, ჩქმეტა, შეხება და ა.შ. ეს არის გარემო, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, მტრული და ტრამვული, იმიტომ, რომ ისეთ რაღაცასთან გაქვს შეხება, რაც არ არის შენთვის სასურველი.

საქართველოში ფართომასშტაბიანი კვლევა  არ წარმოებულა, თუმცა ცალკეული მონაცემებით ვიცით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ დასაქმების ადგილზე ქალები სექსუალური შევიწროების  ფაქტებზე საუბრობენ.  სოციალურ ქსელშიც ქალები ჰყვებიან ამის შესახებ და ბევრი ისტორია უკვე საჯაროა. რამდენიმე საქმე სასამართლოშიცაა.  გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით სასწავლო კურსიც შექმნა საჯარო მოხელეებისთვის, თუმცა, მიუხედავად  ამ  ყველაფრისა, ჩვენს საზოგადოებაში ეს პრობლემა მაინც  არ აღიქმება სერიოზულად.  რა არის ამის მიზეზი?

მგონია, რომ ყველაფერს დრო სჭირდება. ვსაუბრობთ ისეთ თემაზე, რომელიც კავშირშია ჩვენს ფასეულობათა სისტემასთან, დამოკიდებულებებთან. ქალები არ გრძნობენ თავს  უსაფრთხოდ, ეშინიათ, ფიქრობენ თვითონ არ დაადანაშაულონ, ამიტომ არაფერს ამბობენ; ზოგი თავს იცავს; ცდილობს, დაამტკიცოს, რომ უფრო კარგი ქალია, თუ იტყვის - კარგი, რა მოხდა, მოვუდუღოთ ყავა, მოვემსახუროთ, რა დაშავდება ამით. ესეც პატრიარქატის გამოვლინებაა, როდესაც ქალებს სოლიდარობის ნაკლებობა აქვთ სხვა ქალების მიმართ.

ბევრი ფაქტორი იწვევს ამას, მაგრამ მთავარია, ამაზე მსჯელობა დაიწყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალ ან ზეგ შეიცვლება საზოგადოებრივი აზრი. მახსოვს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მუშაობა როცა დავიწყეთ და 2006 წელს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონიც  მივიღეთ, მაშინაც იყო საუბარი, რომ არ გვაქვს ეს პრობლემა, რატომ ვსაუბრობთ საერთოდ ამ თემაზე და ა.შ. მაგრამ ახლა არავინ აღარ ამბობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა ქვეყანაში არ გვაქვს. განსაკუთრებით 2014 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ (ფემიციდის შემთხვევები).

ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ადრეც იყო გახმაურებული საქმეები სექსუალური შევიწროების თემაზე,. ახლა ისეთ ქალებს დაუდგათ ეს პრობლემა, რომლებიც წარმატებული, შემდგარი ქალები არიან და ვერავინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ მათ მოტივაციას, რასაც ხშირად აბრალებენ ხოლმე ქალებს, თითქოს ისინი კარიერის თუ სკანდალის გამო იგონებენ ასეთ ისტორიებს.  2007 წელს ჩატარებულმა კვლევამ ამერიკაში აჩვენა, რომ მხოლოდ  ქალების 1% იტყუება ასეთ დროს. დანარჩენი ამბობს სიმართლეს და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც შევიწროება უკიდურეს ფორმებს მიიღებს, მანამდე ითმენს ან ცდილობს, თავად მოაგვაროს.

ჩვენს საზოგადოებაშიც ნელ-ნელა მოხდება გარდატეხა. ჩემი აზრით, მთავარია, ყველა იყოს ღია, მოისმინოს ადამიანების ამბავი, იყოს ემპათიური იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. წარმოიდგინო, რომ შეიძლება, შენ იყო ეს ადამიანი ან შენი შვილი.  როცა ამას წარმოიდგენ, რომ შენს შვილს არასასურველად ეღლაბუცება ვინმე, ჩქმეტს, ავიწროებს, ძალიან გამწარდები, მგონი, და აღარ გეხუმრება მერე ამ საკითხზე.

შარშან პარლამენტმა არ მიიღო საკანონმდებლო ცვლილება შრომითი  ურთიერთობისას სექსუალური შევიწროების შესახებ. ცვლილება  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კოდექსში უნდა შესულიყო. ახლა აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ სექსუალური შევიწროება  დასჯად ქმედებად განისაზღვროს და შესაბამისი ცვლილებები შრომის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდეს. პარლამენტში პეტიციაც შეიტანეს სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით.  რომ ვისაუბროთ იმაზე, რატომ უნდა განისაზღვროს სექსუალური შევიწროება დასჯად ქმედებად?  

ჩვენ არ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასა და დაჭერაზე. გააჩნია, თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია, ძალადობა, გაუპატიურება და ა.შ.  ეს ისედაც დარეგულირებულია. ჩვენ ვსაუბრობთ ადმინისტრაციულ ზომაზე, ეს შეიძლება იყოს ჯარიმა, ადმინისტრაციული პატიმრობა ან სხვა. 

სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ძალიან რთულია ხოლმე დამტკიცება, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდა. ხშირად ასეთ დროს მოწმეები არ არიან; ჩანაწერის გაკეთებასაც თავისი სირთულეები აქვს;  ბევრი ნიუანსია  სამართალწარმოებაში ისეთი, რაც ამ ეტაპზე შეიძლება ბარიერი იყოს იმისათვის, რომ ეს  მუხლები ეფექტიანად ამუშავდეს. მთავარია, რომ ამ ცვლილებების მიღებით გამოჩნდება, რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ გასაჩივრებისა თუ სამართალწარმოების სისტემები დაიხვეწოს.

მეორე უმნიშვნელოვანესი, რასაც რეგულაციის შედეგად მივიღებთ, არის პრევენცია, ცნობიერების ამაღლება. როცა იქნება სანქცია, ადამიანები მეტად დაფიქრდებიან თავიანთ ქცევაზე. დაფიქრდება, იქნებ წინ დამხვდეს და ასეთ ქცევას ფასი აქვს, რაც მე უნდა გადავიხადო, იქნება ეს სოციალური, მატერიალური თუ ა.შ.

როგორია საერთაშორისო პრაქტიკა როგორც საკანონმდებლო, ისე აღსრულების ნაწილში? თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, რა შემთხვევები ჭარბობს ხოლმე, როდესაც ქალები სექსუალური შევიწროების გამო სასამართლოს მიმართავენ?

მაგალითად, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების დროს საერთაშორისო სტანდარტია, რომ ეს მოგვარდეს ორგანიზაციის შიგნით. ყველა დიდ წარმატებულ საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს შიდა პოლიტიკა ასეთ დროს - ვის უნდა მიმართო, როგორ, რა ვადებში და ა.შ.  ეს ყველაფერი დარეგულირებულია. მეორე არის ის, რომ, თუ მე მავიწროებს კოლეგა და ეს შევატყობინე ჩემს უფროსს, ის ვალდებულია, ზომები მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამონაწილეა და საქმის სასამართლოში წაღების შემდეგ მას ისეთივე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც უშუალოდ შემვიწროებელს. სწორედ ეს გახდა მთავარი მოტივატორი  დასავლეთის ქვეყნებში მენეჯერებისთვის, ჩარეულიყვნენ და აღეკვეთად ეს პრობლემა.

საჯარო სივრცეში უფრო რთულია ამის რეგულირება. არაერთი სოციალური რეკლამა და კამპანია ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში სექსუალურ შევიწროებაზე. მაგალითად, კარგი კამპანია ჰქონდა ლონდონის მეტროს. კამერებია თითქმის ყველგან მეტროში და ძალიან მარტივად ხდება დამტკიცება. არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლია, დარეკო, უთხრა  სადგური, დრო, პირის აღწერილობა  და შესაბამისად, სამართალდამცველი ორგანოები დაინტერესდებიან.

როგორც წესი, ძალადობის ერთი ფორმა არ გვხვდება ხოლმე და კომბინაციაშია რამდენიმე  ტიპის ძალადობა - ეკონომიკური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სექსუალური; შევიწროების შემთხვევაშიც ხშირად ასეა  და  მხოლოდ, მაგალითად, მიშტერება, არ გვხვდება. რაც შეეხება, კანონში მიშტერება ჩაიწერება თუ არასასურველი მზერა, ეს დეფინიციები აღებული იქნება  საერთშორისო დონეზე შეთანხმებული სტადარტებიდან. არაფერი ამაში სასაცილო არ არის. თუ ადამიანი უბედურია მის მიმართ რაღაც ქცევის გამო და მისი უფლება ირღვევა, პასუხისმგებელ მოქალაქეს და საზოგადოებას ვალდებულება აქვს, გაიაზროს და არა იღლაბუცოს ამაზე.

წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოხდა. რა ვალდებულებები აქვს ქვეყანას კონვენციით აღებული, უშუალოდ სექსუალური შევიწროების შესახებ?

სტამბოლის კონვენციის მე-40 მუხლი ეხება სექსუალური შევიწროების თემას. სახელმწიფოს ევალება, შეიმუშაოს კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს ამ პრობლემას. ასევე შეიქმნას ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც მსხვერპლს მისცემს საშუალებას, გააცხადოს და დაიცვას თავისი უფლებები. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ეს კონკრეტული ადამიანების პრობლემაა და თვითონ უნდა მოაგვარონ, ან მოითმინონ. როცა ყველას ეცოდინება, რომ ეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრობლემაა და მიუღებელია, უფრო მეტი ისაუბრებს ამაზე.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით სასწავლო კურსიც შექმნა საჯარო მოხელეებისთვის. საჯარო სამსახური ის ადგილია, სადაც პოლიტიკისა და სტანდარტის შემუშავება ხდება და შესაბამისად, თუ იქ არის დისკრიმინაციული გარემო, სხვას რა უნდა მოსთხოვო. უწყებებს უნდა ჰქონდეთ შიდაუწყებრივი დაცვის მექანიზმები. ეს კომპლექსური საკითხია და ასეთივე მიდგომას საჭიროებს. რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებები იქნება ძალიან დიდი მესიჯი.  მე ვფიქრობ, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა ამ მსჯელობით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქილიკი გამოიწვია, პეტიცია ძალიან კარგი იყო. ვაფასებ, რომ ქალთა ორაგნიზაციებმა მოახერხეს და პარლამენტს მიმართეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^