Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მანდატურის ახალი ფუნქციები - რას ითვალისწინებს ცვლილებები

07 თებერვალი 2018

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მანდატურის სამსახურის რეფორმის კანონპროექტი განიხილეს. საუბარია „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტზე.

კანონპროექტის ფარგლებში გადაიხედა მანდატურის სამსახურის ფუნქციები. კანონპროექტის თანახმად, მანდატურის სამსახურის ახალი უფლებამოსილებებია:

კატასტროფის დროს (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა) მოსწავლე/სტუდენტთა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციის ხელის შეწყობა. ასევე კატასტროფისათვის მზადყოფნის ღონისძიებების მომზადებაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირება;

სავარაუდო დისციპლინური გადაცდომა/სამართალდარღვევის მოსწავლის მიმართ შეყოვნების მექანიზმის გამოყენება.

რას გულისხმობს შეყოვნების მექანიზმი?

სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალებისა და სკოლის გარეთ კონლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების უფლება.

კანონპროექტის თანახმად, შეყოვნების მექანიზმი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: მოსწავლის ქმედებით საფრთხე ემუქრება პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მანდატურის მხრიდან შეყოვნების მექანიზმის გამოყენება დასაშვებია დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში მშობლის გამოცხადებამდე, სამართალდარღვევის ჩადენის შეთხვევაში კი მშობლის და სამართალდამცველის გამოცხადებამდე არაუმეტეს 3 საათისა. შეყოვნების წესი განისაზღვრება განათლების მინისტრის მიერ.

ვინ იქნება მანდატურობის კანდიდატი?

დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი. კანონპროექტის თანახმად, მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი, მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი კი აიწევს 21 წლამდე.

ცვლილება ეხება მანდატურების პროფესიული მომზადების საკითხსაც. კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა მხოლოდ განათლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლას, ხოლო კანონპროექტის მიხედვით მოსამზადებელი კურსების შინაარსს და თემატიკას ერთობლივად განსაზღვრავს შს მინისტრი და განათლების მინისტრი, რაც განპირობებულია იმით, რომ მომზადების წესი თეორიულთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს.

მანდატურის დანიშვნის წესი

კანონპროექტის თანახმად, მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ.

მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს მანდატურის დანიშვნას სკოლის დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, რის შემდეგაც ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება მანდატურს, მანდატურის სამსახურსა და სკოლას შორის, მანდატური ასრულებს მანდატურის სამსახურის მითითებებს. მანდატურის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს მანდატურის სამსახური.

სიახლეა ისიც, რომ კანონპროექტის თანახმად, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე სავალდებულო გახდება ვიდეოკამერების არსებობა. ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს. აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეოკამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი, მაია ცირამუა. როგორც მან „ლიბერალს“ უთხრა,  გარეგან დათვალიერებასთან და შეყოვნების მექანიზმთან დაკავშირებით საჭიროა დაზუსტდეს, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა არსებობს მასშტაბური კონფლიქტის მაღალი რისკი.

„თუ ეს ასე არ მოხდება, ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ ეს რეგულაციები ხშირ შემთხვევაში გამოყენებული იყოს ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გარკვეულ ასაკამდე ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი უფლებები, მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის ერთი პატარა ფრაგმენტი, რომელსაც ზურგს უნდა უმაგრებდეს  ბავშვის ზრუნვაზე, ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული ბევრი სხვა სერვისი. მნიშვნელოვანია, მთელი ეს პროცესი უფრო მასშტაბურად გავიაზროთ, ანუ სკოლამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი პრევენციაზე, ასევე არ უნდა თქვას უარი პოზიტიური დისციპლინის დანერგვაზე. უნდა შეიქმნას ბევრი პრევენციული მექანიზმი როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთაც. ვინაიდან, მთელი ამ პრობლემების უკან, რაც ხშირად ბავშვს ურთულებს ქცევას, დგას სხვადასხვა ტიპის სოციალურ პრობლემები, ძალადობის გამოცდილება და ა.შ. ამიტომ მანდატურის სამსახურის რეფორმა არის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იმისა, რა მიმართულებითაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა სხვადასხვა უწყებების ჩართულობით“.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, 20 თებერვალს განათლების კომიტეტში კანონპროექტის განმეორებითი განხილვა გაიმართება. მისივე თქმით, შეხვედრისას დასმული კითხვები და რეკომენდაციები კანონპროექტში მაქსიმალურად აისახება.

როგორ გავხადოთ სკოლა უსაფრთხო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^