Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ ასწავლის რელიგიის ისტორიის საგანს სკოლებში

07 თებერვალი 2018

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში არჩევით საგნად რელიგიის ისტორიის სწავლების დანერგვას გეგმავს.

სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსის, მარიამ ჩიქობავას განცხადებით, საგანი საშუალო საფეხურზე დაინერგება (X, XI, XII კლასები). 

რელიგიის სწავლების შესახებ სამინისტროს გეგმებზე სამმართველოს უფროსმა 6 თებერვალს ჩატარებულ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე - „საჯარო სკოლა და რელიგია“ ისაუბრა. დისკუსია გაიმართა საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

სავარაუდოდ, რელიგიის ისტორიის საგანი სამი წლის შემდეგ შევა სკოლებში და ახალ სასწავლო გეგმასთან ერთად დაინერგება. მარიამ ჩიქობავას განმარტებით, საფეხურების მიხედვით (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) განახლებული ეროვნული სასაწავლო გეგმების სკოლაში დანერგვა ეტაპობრივად, მომდევნო სამი სასაწავლო წლის განმავლობაში მოხდება.

მარიამ ჩიქობავას განმარტებით, საგანი არჩევითი იქნება, რელიგიის ისტორიის სწავლება საგანმანათლებლო ნიშნით წარიმართება და აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ რა წვლილი შეიტანა რელიგიამ კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების განვითარებაში. საგნის სწავლებასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული საკითხები კი მას შემდეგ იქნება ცნობილი, რაც საგნის სტანდარტი შემუშავდება. 

ვინ ასწავლის რელიგიის ისტორიას სკოლაში? მარიამ ჩიქობავა ამბობს, რომ ამ მხრივ სერიოზული სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. საჭირო იქნება მასწავლებლების სათანადოდ მომზადება. სამინისტრო საგნის სწავლებისთვის ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით მომუშავე მასწავლებლებს მოიაზრებს.

მისივე თქმით, სტანდარტზე მუშაობის დაწყებისთანავე სამინისტრო მზად იქნება ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისთვის.

მარიამ ჩიქობავამ შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ საგნის დანერგვა საზოგადოების მოთხოვნის საპასუხოდ გადაწყდა.

„ეს საკითხი არაერთხელ დასმულა. დიდი ხანია სამინისტროში ვმუშაობ. შემოდიოდა ხოლმე წერილები მშობლებისგან, პედაგოგებისგან. ეს საკითხი ყოველთვის იყო ინტერესის საგანი. თუმცა არსებობდა არცთუ სახარბიელო გამოცდილება, ამდენად სამინისტრო დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა ამ საკითხს. თუმცა ვფიქრობ, რომ, რადგან ეს არის სახელმწიფო უწყება და საზოგადოებაში ამ ტიპის მოთხოვნა გაჩნდა, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა მან უნდა გაითვალისწინოს და რაღაც ფორმა უნდა მისცეს“,- განაცხადა მან.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორის, განათლების სპეციალისტის, შალვა ტაბატაძის თქმით, სადავო არ არის, უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგიის ისტორია სკოლაში. მსჯელობა უნდა წარიმართოს იმ მიმართულებით, თუ რა დოზით ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმა რელიგიის ისტორიის სწავლებას და რამდენად საკმარისია ეს.

მისივე თქმით, არგუმენტირებულად არ არის დასაბუთებული, თუ რატომ გახდა აუცილებელი რელიგიის ისტორიის ცალკე საგნად სკოლებში დანერგვა, მაშინ როდესაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში სხვადასხვა საგანში ინტეგრირებულად რელიგიის ისტორია დღესაც ისწავლება:

 „მაგალითისთვის, მე-5 კლასის ხელოვნების დღევანდელ სასწავლო გეგმაში გაწერილია, რომ მოსწავლეს უნდა შეეძლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგის სხვადასხვა ნიმუშების ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან დაკავშირება​. მე-5 მე-6 კლასში კი უკვე საზოგადოებრივი მეცნიერების მიმართულებით, სასწავლო გეგმის შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ასაკის შესაბამისად აცნობიერებს და მსჯელობს რელიგიის დანიშნულებასა და ადგილზე ადამიანის ცხოვრებაში, რუკაზე მიუთითებს ქრისტიანობისა და სხვა მისთვის ცნობილი რელიგიების გავრცელების არეალებს თანამდეროვე საქართველოში და ა.შ. ეს კომპეტენციები ღრმავდება და ღრმავდება უფრო მაღალ კლასებში. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, ეს სტანდარტი რომ რეალურად ხორციელდებოდეს და სასწავლო გეგმა ამ მიზნებს რეალურად აღწევდეს“.  

რატომ არ არიან სკოლები მზად, ასწავლონ რელიგიის ისტორია - ოთხი არგუმენტი

შალვა ტაბატაძე რამდენიმე პრობლემურ საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ჰიპოთეტურად შესაძლებელია, რომ არჩევითი საგანი სკოლამ არ აირჩიოს. მაშინ გამოდის, რომ მოსწავლეები ამ მნიშვნელოვანი კომპეტენციების სწავლების გარეშე რჩებიან. მეორე მხრივ, მისი შეფასებით, ინტეგრირებული სწავლება უკეთესი აკადემიური, კოგნიტური და საგანმანათლებლო შედეგების მომტანია. გარდა ამისა, დისკუსიისას მან ყურადღება გაამახვილა ფინანსური რესურსების სიმწირეზე. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს კონკრეტული არჩევანი - ნაკლები რაოდენობის, თუმცა კვალიფიციური მასწავლებლების მიერ ხარისხიანი სწავლებისკენ ორიენტირებული სისტემის მიმართულებით. 

სამინისტროს ინიციატივის შესახებ მიმდინარე წლის იანვარში გახდა ცნობილი. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სკოლები უახლოეს მომავალში როგორც კონფესიური, ასევე არაკონფესიური გაკვეთილების შემოღებისთვის მზად არ არიან, რადგან არსებული პრაქტიკით სკოლებში რელიგიის თემა ხშირად დისკრიმინაციის წყაროდ ქცეულა და სკოლას სათანადოდ ვერ დაუცავს ნეიტრალიტეტის პრინციპი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^