Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ არიან სკოლები მზად, ასწავლონ რელიგიის ისტორია - ოთხი არგუმენტი

25 იანვარი 2018

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში არჩევით საგნად რელიგიის ისტორიის სწავლების დანერგვაზე მუშაობს. როგორც სამინისტროში „ლიბერალს“ განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს საგნის სტანდარტზე მუშაობა, ამიტომ მეტი დეტალები სამუშაოების დასრულების შემდეგომ გახდება ცნობილი.

„მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს და აქეთკენ მივდივართ“, - განაცხადა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

სპეციალისტების შეფასებით, სკოლები უახლოეს მომავალში როგორც კონფესიური, ასევე არაკონფესიური გაკვეთილების შემოღებისთვის მზად არ არიან, რადგან არსებული პრაქტიკით სკოლებში რელიგიის თემა ხშირად დისკრიმინაციის წყაროა და სკოლა სათანადოდ ვერ იცავს ნეიტრალიტეტის პრინციპს.

რამდენად საჭიროა სკოლებში ცალკე საგნად რელიგიის ისტორიის გაკვეთილების დანერგვა?

სპეციალისტი განათლების საკითხებში რეზო აფხაზავა მიიჩნევს, რომ რელიგიის ისტორიის ცალკე საგნად სწავლების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ვინაიდან, რელიგიის ისტორიას სკოლებში ინტეგრირებულად საზოგადოებრივი მეცნიერებების კონტექსტში - ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე დღესაც ასწავლიან, რაც ასახულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

„განათლების სისტემაში ახალი საგნის დანერგვის საჭიროება უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ არგუმენტირებული, რაც გამყარებული იქნება სათანადო რესურსების არსებობით. ჩვენ ამ შემთხვევაში, არც ერთი გვაქვს და არც მეორე. დღესდღეობით არ არსებობს ამ საგნის ცალკე სწავლების საჭიროება. ჩვენ არ გვყავს სათანადო ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ ეს საგანი კომპეტენტურად ასწავლონ“, - ამბობს რეზო აფხაზავა.

კვალიფიციური კადრების დეფიციტი - ვინ ასწავლის საგანს?

რეზო აფხაზავა ყურადღებას ამახვილებს კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტზე. მისი განმარტებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, როცა სასკოლო ცხოვრებაში გვხვდება მასწავლებლების მხრიდან ტენდენციური ან ქსენოფობიური დამოკიდებულებების შემთხვევები, რელიგიის საგნის შემოტანა მიზანშეწონილი არ არის. არაპროფესიონალი კადრების მიერ წარმართული სასწავლო პროცესი კი კულტურათა დაახლოების და უკეთ გაცნობის ნაცვლად, კონფლიქტებისა და დისკრიმინაციის გაღვივების წყარო შესაძლოა გახდეს.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილიც ყველაზე კრიტიკულ პრობლემად კვალიფიციური მასწავლებლების საკითხს მიიჩნევს.

ვინ ასწავლის რელიგიის ისტორიას სკოლებში? - ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს „წარმოშობს უზარმაზარ კითხვის ნიშანს და პრობლემას“.

მისი შეფასებით, ძნელი წარმოსადგენია უახლოეს მომავალში ქართულ სკოლებში გაჩნდეს მასწავლებელთა კორპუსი, რომელიც საგნის კომპეტენტურად სწავლებას მოახერხებს.

„ბუნებრივია, რელიგია როგორც სოციოლოგიური, კულტურული, ისტორიული ფენომენი, უშუალოდ როგორც რელიგიური გამოცდილება კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი საფუძველი, ისტორიისა და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ცხადია, რომ რელიგია უნდა ისწავლებოდეს, ოღონდ უშუალოდ რელიგიური აქტებისგან, ქადაგებისგან, რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისგან, ინდოქტრინაციისა და პროზელიქტივიზმისგან დისტანცირებულად, რაც ზოგადი განათლების შესახებ კანონითაც აკრძალულია. მაგრამ როცა საქმე უშუალოდ ქართულ სკოლებში რელიგიის სწავლებამდე მიდის, თავს იჩენს მთელი რიგი პრობლემები“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი და რამდენიმე მათგანზე ამახვილებს ყურადღებას:

როგორ უნდა ისწავლებოდეს რელიგია სკოლებში?

ბექა მინდიაშვილი გარდა უშუალოდ პედაგოგების კომპეტენციასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, სკოლებში რელიგიის სწავლების მეთოდიკაზეც ამახვილებს ყურადღებას.  

"ტოლერანტობის და მარავალფეროვნების ინსტიტუტმა" რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების კუთხით ქართული სახელმძღვანელოები შეისწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ სახელმძღვანელოებში რელიგიური საკითხების სწავლებასთან დაკავშირებით ხარვეზებია. 

ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ ისტორიის, ქართული ლიტერატურისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოები „კრიტიკას ვერ უძლებს“, ვინაიდან სახელმძღვანელოები აგებულია მონოეთნიკურ და მონორელიგიურ ნარატივზე.

სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ სპეციალური რეკომენდაციით მიმართა განათლების სამინისტროს. შეთანხმდნენ, რომ საბჭო მაქსიმალურად იქნებოდა ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა რელიგიურობისა და მრავალფეროვნების სწავლებასთან სკოლებში, თუმცა ჯერჯერობით მათთვის სამინისტროს მხრიდან არავის მიუმართავს.

როგორია საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლების გამოცდილება? 

ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რელიგიის სწავლება მხოლოდ აკადემიური და სამეცნიერო ხასიათის იქნება, არსებობს სერიოზული რისკებიც:

„მიუხედავად იმისა, რომ აკრძალეულია, ჩვენ თითქმის ყველა სკოლაში ვხვდებით ხატებს, სალოცავ კუთხეებს; აკრძალულია გაკვეთილების ლოცვით დაწყება და დამთავრება, თუმცა ჩვენ ვხვდებით ქადაგების მაგალითებს; ჩვენ ვხვდებით მათემატიკის, გეოგრაფიის, ქართულის მასწავლებლებს, რომლებიც ჩვეულებრივ ქადაგებენ და ინდოქტრინაციას და პროზელიტიზმს ეწევიან. ამასთან დაკავშირებით არაერთი შემთხვევა განგვიხილავს სახალხო დამცველის ოფისში. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ თუნდაც რელიგია ისწავლებოდეს ​აკონფესიური ნიშნით, როგორც რელიგიის ისტორია, რელიგიის ფემენოლოგია ან რელიგიის სოციოლოგია, დისტანცირებულიც რომ იყოს უშუალოდ რელიგიური შინაარსისგან და აკადემიური, სამეცნიერო ხასიათი ჰქონდეს ამას, უზარმაზარი პრობლემის წინაშე ვდგებით, რადგან ახლაც კი, კანონის მიუხედავად, ეკლესია გავლენას ახდენს სკოლაზე“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

ამ მიმართულებით წარსულ გამოცდილებაზე მიუთითებს „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC). EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა სერიოზულ რისკებს შეიცავს საჯარო სკოლებში რელიგიურად ნეიტრალური, თანასწორი და აკადემიურ, კრიტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესისა და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის.

„იმ პირობებში, როდესაც წლების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში არსებული რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, დისკრიმინაციის პრაქტიკის ეფექტიან პრევენციას, რელიგიის ისტორიის გაკვეთილების შეტანა არსებული ნეგატიური პრაქტიკის ფორმალიზებასა და არსებითად სწორედ დომინანტი რელიგიის სწავლებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს", - აცხადებენ EMC-ში

*********

უნდა ისწავლებლოდეს თუ არა რელიგია ცალკე საგნად საჯარო სკოლებში - საზოგადოებისთვის მსჯელობის საგნად 2014 წელსაც იქცა. 2014 წლის 12 სექტემბერს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხების ყოველწლიურ კონფერენციაზე სკოლაში რელიგიის საგნის სწავლების ინიციატივით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გამოვიდა. საზოგადოების ნაწილმა ინიციატივა გააკრიტიკა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ რელიგიის საგნის სკოლებში დანერგვით საფრთხის წინაშე დადგებოდა დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფო პრინციპები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი აცხადებდნენ, რომ საჯარო სკოლებში რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებს სამოქალაქო განათლების მიმართულებით შექმნილი საგნის - „მე და საზოგადოების“ ფარგლებში ასწავლიდნენ. 

51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაიღუპა, საკვირაო ქადაგებისას, 2017 წლის 10 დეკემბერს,  კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „არ არის საკმარისი ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება და განსაკუთრებით სულიერ აღზრდას. ალბათ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები, ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში“. მომდევნო დღეს კი თბილისის სასულიერო აკადემიაში სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ამოცანა საგანმანათლებლო სისტემასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კავშირის გაძლიერებაა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^