Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

1209 - უსაფრთხო შრომის კანონის მოთხოვნით

13 თებერვალი 2018

სამშენებლო ობიექტზე დაღუპული მუშის შესახებ ბოლო ცნობა მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მედიაგამოცემები წერდნენ, რომ სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა 26 წლის ჯარჯი ჯანჯალაშვილი.

ბოლო 6 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დაიღუპა და დაშავდა 1209 მუშა.

1209 დაღუპულებს შორისაა ის 4 ადამიანიც, რომლებსაც მაისში ტყიბულის შატხაში ბაგირი ჩაუწყდათ და 400 მეტრის სიმაღლიდან შახტის სიღმეში გაუჩინარდნენ.

პარლამენტი შრომის უსაფრთხოების” კანონპროექტზე უკვე მერვე თვეა მსჯელობს. განხილვა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში 5 სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მოლოდინი, რომ ცვლილებებს პარლამენტი 2017 წლის ბოლომდე დაამტკიცებდა, არ გამართლდა.

2017 წლის დეკემბერში, მეხუთე სამუშაო შეხვედრაზე, ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ იაშაღაშვილმა პროექტთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ჯერ დასამუშავებელია. შესაბამისად, პროექტზე განხილვის პროცესი პარლამენტში დროში გაიწელა.

2018 წელს ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა ამ თემაზე პარლამენტში 15 თებერვალს გაიმართება. ჯანდაცვის კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს დოკუმენტს.

აღსანიშნავია, რომ ეს მოსმენა ერთი კვირის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ის ისევ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიზეზით გადაიდო.

ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტრომ პოზიციების შესაჯერებლად, დამატებითი დრო ითხოვეს; ისე, რომ შეხვედრაზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელიც არც კი იმყოფებოდა.

„ლიბერალი” დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს და მათი პოზიციების გაზიარება სთხოვა, თუმცა, რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ გვითხრეს, რომ კანონპროექტის განხილვამდე მათ ამაზე საჯაროდ საუბარი არ სურთ.

კანონპროექტის განხილვის პროცესთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, არასამთავრობო სექტორს შენიშვნები აქვს პროექტის შინაარსთანაც.

რას აკეთებს შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტი დღეს?

ჯანდაცვის სამინისტროში შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტი 2015 წლის მარტში შეიქმნა (შრომის ინსპექცია საქართველოში 2006 წლიდან გაუქმებულია). 2016 წლის დასაწყისში მთავრობამ ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა და მთელი საქართველოს მასშტაბით 25 მონიტორი გამოყო.

თუმცა, ამ დეპარტამენტის სამუშაო მანდატი შეზღუდულია. ჯანდაცვის სამინისტროს არ შეუძლია, დამსაქმებლის წინასწარი ნებართვის გარეშე შეამოწმოს ესა თუ ის კომპანია; ასევე, შემოწმების შემთხვევაში, დამსაქმებლისთვის მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს, რომლის შინაარსიც თავიდან საჯარო არ იყო და რამდენიმე თვის წინ ეს წესი შეიცვალა.  

არ არსებობს არანაირი სანქცირების სისტემა და ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვრამდე ინსპექციას კომპანიაში მხოლოდ შრომის პირობების (შრომის უსაფრთხოება) შემოწმების უფლება ჰქონდა (1 იანვარს დამტკიცდა სპეციალური პროგრამა, რომლითაც დეპარტამენტს შრომის უფლებების შემოწმების მანდატიც მიენიჭა, რომელიც უსაფრთხოების გარდა, ხელშეკრულებების, ზეგანაკვეთური შრომისა და სხვა უფლებების შესწავლას გულისხმობს).

ამ პერიოდის განმავლობაში, „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის” (EMC) მონაცემებით, 2016-2017 წლებში სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევები თითქმის 23%-ითაა გაზრდილი. რაც ნიშნავს იმას, რომ მოქმედი კანონი და მექანიზმი ქვეყანაში შრომის ნორმების დარღვევების კუთხით არსებულ რეალობას ვერ ცვლის.

„შრომის უსაფრთხოების” კანონპროექტის განხილვის დროს, არასამთავრობო სექტორმა, პროფესიულმა კავშირებმა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კანონპროექტის ახლანდელი შინაარსიც ვერ გამოასწორებს დღეს არსებულ პრობლემებს.

წარდგენილი კანონპროექტი - რა შეიცვლება?

კანონის ახლანდელი პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რა ტიპის დასაქმების ადგილები უნდა შემოწმდეს. შემოთავაზებულ პროექტში ცალსახად წერია, რომ ინსპექტირება ისეთ საწარმოებს მოიცავს, სადაც მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიში პირობებია.

შეზღუდული გავრცელების არეალის არგუმენტად, 2017 წლის ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ადამიანური და ფინანსური რესურსების სიმცირე დაასახელა. და ისიც თქვა, რომ კანონმა მოქმედება პილოტირების რეჟიმში უნდა დაიწყოს, შემდეგ კი, მთავრობა ეცდება, კანონი დასაქმების დანარჩენ ადგილებზეც გავრცელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრო პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, პროექტის ერთ-ერთ განხილვაზე, 2017 წლის დეკემბერში, იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კანონის მოქმედების სფეროს კიდევ უფრო დავიწროების საჭიროებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ტერმინის „მძიმე მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების“ ნაცვლად უნდა განისაზღვროს „მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე და მავნე პირობებიანი სამუშაოები“:

„მომეტებული საფრთხის“ სტანდარტის შემოტანა დამატებით ავიწროებს კანონის მოქმედების სფეროს და ამასთან არ მოიცავს საშიშპირობებიან სამუშაოებს. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციით, კანონი არ უნდა გავრცელდეს საჯარო დაწესებულებებზე, რაც ასევე დაუსაბუთებელი მოსაზრებაა და მიზნად ისახავს, კანონის მოქმედების სფეროდან გამორიცხოს საჯარო დაწესებულებები”, - წერია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის” ცენტრის”(EMC) ერთ-ერთ განცხადებაში.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი დასაქმების ადგილზე ინსპექციის უპირობო დაშვების მექანიზმის არქონაა და ეს კანონპროექტით ისევ ძალაში რჩება. ანუ კანონის ამოქმედების შემდეგაც კი, შრომის ინსპექციას კომპანიის/დაწესებულების შემოწმება მხოლოდ დამსაქმებლის ნებართვის შემდეგ შეეძლება.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია შემოთავაზებული სანქცირების სისტემა - პროექტი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ითვალისწინებს ფიქსირებულ ფულად ჯარიმას 50 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით:

„გარდა ამისა, პროექტი ადგენს  თითოეულ დარღვევაზე განსაზღვრულ ჯარიმათა საერთო ოდენობის ზედა ზღვარს - მინიმუმ 1 000 და მაქსიმუმ 6 000 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს, რომ დარღვევებისათვის საერთო ჯარიმამ (მათი რაოდენობის მიუხედავად) კანონით განსაზღვრულ ზედა ზღვარს არ უნდა გადააჭარბოს. ამიტომ, მივიჩნევთ, რომ ჯარიმის შემოთავაზებული მექანიზმი მისი უკიდურესად მცირე ოდენობების გათვალისწინებით ვერ მიაღწევს კანონის მიზანს და ის უნდა გადაიხედოს”, - წერია EMC-ის განცხადებაში.

5 თებერვალს, სამუშაო შეხვედრის გადადების შემდეგ, პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი თვის ბოლომდე დაამტკიცებს კანონს, რომელიც შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. თუმცა, 15 თებერვალს გაირკვევა, გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა და პარლამენტი არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს და საბოლოოდ რა ჩაიწერება სამართლებრივ დოკუმენტში.

იქამდე კი, 14 თებერვალს „აუდიტორია 115-ის“ ორგანიზებით, თბილისში მსვლელობა-აქცია მოეწყობა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენებენ სამუშაო ადგილზე დაღუპულ და დაშავებულ მუშებს და მთავრობას მოუწოდებენ, ეფექტიანი შრომის ინსპექტირების სისტემის შექმნისკენ.

ამავე თემაზე: 1. რისი შეცვლის იმედი უნდა გვქონდეს დასაქმების ადგილებზე

                       2. შრომის უსაფრთხოება - რა შეიცვალა?

                       3. 25 ლარი და 60 თეთრი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^