Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გზაში დაწეული მშენებლობის ნებართვები“ – მაგალითები „არქიდან“

27 ნოემბერი 2018

უკვე არაერთი ფაქტია ცნობილი, როცა დეველოპერულმა კომპანიამ თბილისში მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყო, მისი ნებართვა კი  მშენებლობის დასრულების ან მიმდინარეობის დროს მიიღო.  

„გზაში დაწეული ნებართვები“, ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტების თქმით, ჩვეული პრაქტიკაა.  

მშენებლობის ნებართვის გარეშე წარმართული ყველა ტიპის საქმიანობა კი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა და გარემოს საფრთხეს უქმნის.

„ლიბერალი“ დეველოპელური კომპანია „არქის“ საქმიანობით დაინტერესდა. შეგახსენებთ, რომ ამ კომპანიის მმართველმა პირებმა მმართველი პარტიის მხარდამჭერ კანდიდატს ფული შესწირეს. ამავე კომპანიის მფლობელია პარლამენტის წევრიც.

„არქიმ“ 2008 წლიდან დეველოპერული მიმართულების განვითარება დაიწყო. დღეისთვის კომპანია თბილისის მასშტაბით 17 დასრულებულ პროექტსა და 14 მიმდინარე მშენებლობას ითვლის.

 „არქი“კიდევ გეგმავს მრავალფუნქციური ნაგებობების აშენებას (მაგალითად, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე).

კომპანიის ერთ-ერთი მეწილე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ივლიანე (ილია) წულაიაა. მას წილები სხვა კომპანიებშიც აქვს. 

„ლიბერალი“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება „არქის“ საქმიანობა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

„არქის“ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლისას აღმოვაჩინეთ, რომ კომპანია მშენებლობის ან პროექტის შეთანხმებამდე სოციალურ ქსელში აქვეყნებდა ინფორმაციას რამდენიმე ობიექტის მშენებლობის დაწყებისა და ბინების ფასების შესახებ. რაც მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, კომპანიამ თავის მიერ განხორციელებული არაერთი პროექტი მერიიდან მშენებლობის ნებართვის მიღებამდე ან პროექტის შეთანხმებამდე დაიწყო. ეს კი კანონმდებლობის დარღვევაა.

„ლიბერალი“ შეეცადა გაერკვია, აშენებს თუ არა კომპანია ობიექტებს ნებართვის მიღებამდე და რა ინფორმაციას ფლობს ქალაქის მერია კომპანიის მხრიდან შესაძლო სამართლდარღვევების შესახებ.

კვლევისას შევადარეთ კომპანიის ვებგვერდზე/ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია მერიის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას და გამოიკვეთა, რომ, სავარაუდოდ, ზოგიერთი პროექტის მშენებლობა ნებართვის მიღებამდე ან პროექტის დამტკიცებამდე დაიწყო.

ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე გამოვითოხოვეთ ინფორმაცია მერიის სამსახურიდან.

„არქი გლდანი“

„არქი გლდანი“ ერთ-ერთი ის პროექტია, რომლის მშენებლობაც კომპანიამ, სავარაუდოდ, ნებართვის მიღებამდე დაიწყო.

კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, პროექტის მშენებლობა 2016 წლის მაისში დაიწყო.  

მერიის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ ბაზაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი, ამ პროექტის აშენებაზე ნებართვა 2017 წლის მაისში გაიცა.

კომპანიაში ამბობენ, რომ მშენებლობა ნებართვის მიღების შემდეგ 2017 წლის ივლისში დაიწყო. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვას კი უპასუხეს, რომ  „ეს ტექნიკური შეცდომა იყო და გასწორდა“.

თბილისის მერიიდან ინფორმაცია ობიექტის საკადასტრო კოდის მითითებით გამოვითხოვეთ. მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ მიმდინარეობს. 

  

 

„არქი დიღომი A ბლოკი“

„არქის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მშენებლობა ნებართვის მიღებამდე  რამდენიმე თვით ადრე 2011 წლის ივლისში დაიწყო.

არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით კი, ობიექტის მშენებლობის ნებართვა 2011 წლის ოქტომბერში გაიცა. (საკადასტრო კოდი 01.10.06. 001.108)

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის მშენებლობა ყველა წესის დაცვით განხორციელდა.

ამ ობიექტის შესაძლო სამართლდარღვევით განხორციელებაზე ინფორმაცია მერიას არ აქვს. მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია არ დაჯარიმებულა. 

„არქი დიღომი B ბლოკის“ შემთხვევაშიც

კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2012 წლის ივნისში მიიღო, ხოლო კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ობიექტის მშენებლობა დაიწყო  2011 წლის ივლისში (საკადასტრო კოდი 01.10.06.001.130).

კომპანიაში აღნიშნულ პროექტზეც გვითხრეს, რომ მშენებლობა ნებართვის მიღებამდე არ დაწყებულა.  კომპანიისგან მიღებული ინფორმაციის მშენებლობა ნებართვის მიღებიდან ერთ თვეში, 2012 წლის აგვისტოშია დაწყებული.

 კომპანიამ ამ შეუსაბამობაზე განაცხადა, რომ ვებგვერდზე მექნიკური შეცდომა იყო და გაასწორა.

ასევე საგულისხმოა, რომ მერიის ინფორმაციით, პროექტის დარღვევებით წარმოების გამო ობიექტი 2015 წელს 4000 ლარით დაჯარიმდა. 

„არქი დიღომი 2“

კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები დაიწყო ნებართვის მიღებამდე დაახლოებით 7 თვით ადრე,  2018 წლის თებერვალში (საკადასტრო კოდი: 01.10.06.006.277).

ამ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ დაწყებას ადასტურებენ როგორც „არქიში“, ასევე მერიაშიც. კომპანია 8000 ლარით დაჯარიმდა.

 

კომპანია ასევე მშენებლობის ნებართვის მიღებამდე, ჯერ კიდევ თებერვალში მოუწოდებდა მომხმარებლებს ბინის შეძენისკენ: 

„არქი მთაწმინდა“

პროექტი კაკაბაძისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. პროექტზე თანხმობა კომპანიას დღემდე არ აქვს მიღებული. მშენებლობა კი უკვე  თითქმის დასრულებულია და ბინებიც იყიდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე 2012 წელს პროექტის მშენებლობის ნებართვა დეველოპერულმა კომპანია „კერა დეველოპმენტმა“ მიიღო. ამ კომპანიის 50%-იან წილს დღეის მდგომარეობით  „არქი“ ფლობს.

 „კერამ“ მშენებლობა შეაჩერა, „არქიმ“ პროექტი შეცვალა და ახალ პროექტზე ნებართვის მისაღებად მერიას მიმართა. მერიამ პროექტი არ დაამტკიცა და კომპანიას განაშენიანების რეგულირების გეგმის დაკორექტირებული პროექტის წარდგენა 2017 წლის დეკემბრამდე მოსთხოვა, რაც მათ არ წარუდგენიათ.

კომპანია საპასუხოდ მერიას სთხოვდა გამონაკლისი დაეშვა.

კომპანიაში „ლიბერალს“ პასუხობენ, რომ არქი მთაწმინდა 2013 წლის 24 ივლისს გადაიბარეს, როდესაც კარკასი უკვე აშენებული იყო და მშენებლობის ნებართვაც არსებობდა. კომპანიას თქმით, ამ ეტაპზე ვადა აქვს გასული ნებართვას და სამუშაოები გაჩერებულია.

 „არქი მთაწმინდის“ თაობაზე მშენებლობის ნებართვას ამ ეტაპზე ვადა აქვს გასული და მიმდინარეობს მუშაობა მის გაგრძელებაზე, მანამდე ყველანაირი სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.“ - მოგვწერეს "არქიდან".

მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულზე სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ მიმდინარეობს. 

 

 

„არქი ფალიაშვილზე“

ფალიაშვილზე „არქიმ“ პროექტი, სავარაუდოდ, მერიიდან შეთანხმების მიღებამდე განახორციელა.   

2012 წელს მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გასცა. შემდეგ „არქიმ“ მერიისგან შეცვლილი პროექტის შეთანხმება ითხოვა, თუმცა ნებართვის მიღებამდე კომპანიამ შეუთანხმებელი პროექტის მიხედვით ააგო შენობა - ამაზე მიუთითებს კომპანიის Facebook-გვერდზე 2015 წლის 17 იანვარს გამოქვეყნებული ფოტო.

ფოტოზე ასახულია მერიასთან შეუთანხმებელი პროექტი, რომელზეც მერიამ 2015 წლის მარტში გასცა თანხმობა (01.14.11.021.004 საკადასტრო).

არქიში“ აცხადებენ, რომ კომპანიამ ფალიაშვილის წილი 2013 წელს შეიძინა, როდესაც მშენებლობის ნებართვაც არსებობდა და სამშენებლო სამუშაოებიც დაწყებული იყო.

მერიის ცნობით, პროექტის დარღვევით მშენებლობისათვის კომპანია 2015 წლის იანვარში 4 000 ლარით დაჯარიმდა. ერთი წლის შემდეგ იმავე მიზეზით მერიამ „არქი“ ისევ 4000 ლარით დააჯარიმა.

„ლიბერალის“ კითხვაზე, რატომ უწევს კომპანია რეკლამას და ბინებს მშენებლობის ნებართვის მიღებამდე ყიდის, „არქი“ გვპასუხობს, რომ „რომ ეს ზოგადად მიღებული პრაქტიკაა დეველოპერულ სფეროში, რომლის დროსაც დგება ბინის შეძენის მსურველების სიები. ამ ღონისძიებაზე არ ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად, შესაძლებელია მისი ჩატარება მშენებლობის საბოლოო ნებართვის მიღებამდე. ეს მიღებული მარკეტინგული პრაქტიკაა, რომელსაც ბევრი კომპანია მიმართავს“, - განუცხადეს „ლიბერალს“ კომპანიაში. 

დეველოპერული ბიზნესი და კანონი

არასმთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ ხელმძღვანელი ანანო ცინცაბაძე  „ლიბერალთან“  უკანონო მშენებლობების სამართლებრივ ასპექტებზე საუბრობს. მისი თქმით, მშენებლობის ნებართვის გარეშე წარმართული ყველა ტიპის საქმიანობა არის კანონდარღვევა და დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს გარემოსთვის, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ა.შ.

„მერია ვალდებულია, რომ სანამ მშენებლობის ნებართვას გასცემს, ეს ყველაფერი გამოიკვლიოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცეს მშენებლობის ნებართვა, თუ დადასტურდა, რომ ახალი მშენებლობა არავითარი საფრთხის მატარებელი არ არის. ნებართვის გარეშე მშენებლობა არის არამხოლოდ სტერილურად კანონის დარღვევა, არამედ ფაქტიურად რისკებზე წასვლა“, - ამბობს ცინცაბაძე.

მისი თქმით, ჩვენი კანონმდებლობით მხოლოდ ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მენაშენეს ვალდებულებებისგან. ცინცაბაძე მიიჩნევს, რომ პრობლემურია კანონიც, სადაც განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა, რომელიც ძალიან დაბალია და  ოდნავადაც ვერ უახლოვდება იმ მოგებას, რომელიც კომპანიებს სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შემთხვევაში აქვთ.

ანანო ცინცაბაძე განმარტავს, რომ დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია, მოითხოვოს მშენებლობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო თუ კომპანია ამას განსაზღვრულ ვადაში არ აკეთებს, მოითხოვოს მისი დემონტაჟი.  

„ვინაიდან დეველოპერებს უკვე აქვთ გამოცდილება, რომ კანონის აღსრულება არ ხდება, მათ უწევთ გადაიხადონ მცირე ჯარიმა, რომელიც არაფერია იმ მოგებასთან, რომელიც მათ აქვთ. უკვე პოსტფაქტუმ კი აკეთებენ ლეგალიზებას, ვგულისხმობ საკანონმდებლო ჩარჩოში ჩასმას. ამ დეველოპერებს რომ ჰქონდეთ შიში და გამოცდილება, რომ უკანონოდ აშენებული ყოველი კონსტრუქცია დაექვემდებარება დემონტაჟს და მათ უკვე ხელახლა მოუწევთ არამარტო დემონტაჟი, არამედ გაწეული ხარჯების თავიდან გაღება, ბუნებრივია ასეთ რისკზე  აღარ წავიდოდნენ“, - აცხადებს ცინცაბაძე.

„არქის“ წარმომადგენლები - სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველები

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, რომლებიც „არქის“ მეწილეებიც არიან - გოჩა ექნუქიძემ და ივლიანე წულაიამ სალომე ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა პერიოდში მსხვილი თანხა შესწირეს.

  • ორივე დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილს  60-60 ათასი ლარის შესწირა;
  • ივლიანე წულაიამ  „ქართულ ოცნებას“ 2016-2017 წლებშიც 120 000 ლარი შესწირა;
  • გოჩა ენუქიძემ „ქართულ ოცნებას“ 2016-2017 წლებში 105 000 ლარი შესწირა. ამავე პირმა 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ 60 000 ლარი შესწირა.

ზურაბიშვილის შემწირველებს შორის ასევე გვხვდებიან:

  • თენგიზ წულაია, რომელიც ასევე „არქის“ მეწილეა, ზურაბიშვილს 60 000 ლარი შესწირა, ორი წლით ადრე კი „ქართულ ოცნებას“ - 50 000 ლარი;
  • თამარ წულაია, რომელიც შპს „არქი პროფერთის“ მფლობელი და დირექტორია,  რომელიც ასევე წულაიებისაა, სალომე ზურაბიშვილს 40 000 ლარი შესწირა;
  • ქეთევან გოცაძემ, რომელიც ივლიანე წულაიას ცოლია, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. ივლიანე წულაიას 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, ქეთევან გოცაძე  „არქის“ პიარმენეჯერი იყო;
  • ასევე, სალომე ზურაბიშვილის შემწირველებს შორის არიან „არქის“ სხვა წარმომადგენლებიც - კახაბერ კობაიანოვი, დიმიტრი ადამია და ირაკლი ქაფიანიძე, რომლებმაც 60-60 ათასი შესწირეს.  ქაფიანიძემ გასულ წლებში „ქართულ ოცნებას“ 90 000 ლარი შესწირა.

2017 წელს არასამათავრობო ორგანიზაცია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“  გამოაქვეყნა კვლევა. ორგანიზაციამ შეისწავლა  2014-2017 წლებში თბილისის მერიასთან არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს (ე.წ. „ზონალური საბჭო“) მუშაობა, რომელიც განიხილავს მშენებლობის საკითხებს, ამზადებს შესაბამის დასკვნებს და ასევე გასცემს რეკომენდაციებს ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების შესახებ.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ზონალური საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირებს შორის გვხდებოდნენ ისეთი პირები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ან წარსულში ჰქონდათ მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან. აღნიშნული პირები ასევე არიან მმართველი პოლიტიკური გუნდის შემომწირველები. „განსაკუთრებით საინტერესოა უმრავლესობის დეპუტატები - ივლიანე წულაია, გოჩა ენუქიძე“. 

კახა კალაძე და „არქი“

2017 წელს თბილისის მერის კახა კალაძისა და „არქის“ კავშირზე ifact.ge-მ გამოაქვეყნა სტატია. სტატიაში საუბარია რამდენიმე ობიექტზე, სადაც კალაძე და „არქი“ ერთმანეთთან იკვეთებიან. მაგალითად, ნუცუბიძის ქუჩაზე „არქიმ“ კახა კალაძისგან იყიდა ტერიტორია, სადაც მრავალსართულიანი კორპუსი ააშენა. თუმცა საინტერესოა, რა უძღოდა წინ ობიექტის აშენებას.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ კალაძემ აღნიშნული ტერიტორია ნუცუბიძის ქუჩაზე 2011 წელს 229 000 დოლარად შეიძინა.

2015 წელს კახა კალაძემ მერიას მიმართა ამ ტერიტორიაზე არსებული ობიექტის დემონტაჟის თხოვნით და 10-სართულიანი მშენებლობის ნებართვის მისაღებად.

Ifact.ge-ის საგამოძიებო სტატიაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს კალაძემ შპს „არქი ნუცუბიძეს“ ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე 271 კვ.მ. მიწა 38 ათას ლარად მიჰყიდა. „მაშინ, როცა ამ ქონების შეძენა და სამშენებლო ნებართვის მოპოვება მას 491 ათას ლარი დაუჯდა“, - წერს ifact.ge. ამის შემდეგ კახა კალაძე „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ კონტრაქტში ნოტარიუსმა დაუშვა შეცდომა  და 38 000 ლარის ნაცვლად 380 000 ლარი ჩაწერა.  


„არქი“ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობის გამოც მოექცა.

2015 წელს საზოგადოება აპროტესტებდა ხეების მოჭრას თამარაშვილის N13-ში, სადაც კომპანიას მშენებლობა უნდა დაეწყო. მაშინ ამ საკითხზე მერიამაც გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომპანიამ ხეები პირობების დარღვევით მოჭრა. „არქი“ კი აცხადებდა, რომ ნებართვა მიღებული ჰქონდა 30 ხის მოჭრაზე, რომელთაგანაც 4 სრულად გამხმარი იყო, დანარჩენი 26-დან უმეტესობა მძიმე მდგომარეობაში იყო და უახლოეს წლებში სრულად გახმებოდა“. 

მერია: „არქი ჯგუფის" სამშენებლო კომპანიამ ხეების მოჭრა პირობების დარღვევით დაიწყო 

„არქი ჯგუფი“: ხეები კანონმდებლობის სრული დაცვით მოიჭრა 

ფოტო► „პარტიზანი მებაღეები" იპოდრომის გრგ-ს დამტკიცებას საკრებულოსთან აპროტესტებენ 

საკრებულოში იპოდრომთან ხეების მოჭრის საკითხის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს


ანანო ცინცაბაძე „ლიბერალთან“ არქიტექტურის სამსახურში პოლიტიკური გავლენების პრობლემაზეც საუბრობს. მას მაგალითად მოჰყავს „პანორამა თბილისის“ საქმე, როდესაც სხვადასხვა შტოს ადმინისტრაციული ორგანოების ძალიან შეთანხმებული მუშაობით თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ნებართვა მასშტაბურ მშენებლობაზე გაიცა.

ცინცაბაძის თქმით, მსგავსი პრაქტიკა ახალი არ არის და იხსენებს გიგი უგულავას მერობის პერიოდს, როდესაც 8 ჰექტარი ნაკვეთი დიღმის ტყე-პარკისა სხვადასხვა მესაკუთრეზე გაიყიდა. კახა კალაძემ კი დაიწყო მოლაპარაკბები მესაკუთრეებთან, რათა უფლებამონაცვლეობის პრინციპით მიწის ნაკვეთები იმ მიზნით გამოესყიდათ, რომ ისინი დაებრუნებინათ პარკის საკუთრებაში.

„ერთადერთი მესაკუთრე, რომელსაც არათუ შეეხნენ, არამედ ახალი მშენებლობის ნებართვა განიხილეს და მისცეს, იყო კომპანია „ანაგი“, რომელიც პირდაპირ აფილირებულია ბიძინა ივანიშვილთან. ის აშენებს „პანორამა თბილისს“, აშენებს საპარტნიორო ფონდის ყველა დიდ პროექტს და არის სალომე ზურაბიშვილის შემწირველების სიაში.

„ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ არქიტექტურის სამსახურში ცალკეული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, „თუ ამ სამსახურში შედის პოლიტიკურად სენსიტიური მოთხოვნა, სადაც მოთხოვნის უკან პოლიტიკურად აფილირებული პირი, ან მით უფრო პარლამენტარი თუ სხვა პოლიტიკურად აქტიური პირი იქნება, მას აბსოლუტურად არ ექმნება დაბრკოლება, არც კანონის დარღვევასთან, არც კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან, აღარ ვლაპარაკობ ყველა ფაქტობრივი გარემოების არსებითად გამოკვლევაზე. მერია ამასაც არ აკეთებს. ასე რომ, ეს პრაქტიკა ისევ გრძელდება“, - ამბობს ცინცაბაძე.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^