Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რის გამო მიიჩნია სამინისტრომ ია კერზაიას გათავისუფლება მიზანშეწონილად - ინსპექტირების დასკვნა

21 დეკემბერი 2018

2018 წლის 8 ნოემბერს ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები მინისტრის ბრძანების საფუძველზე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების ჩასატარებლად შევიდნენ.  ინსპექტირება 9 ნოემბერს დაიწყო და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა. საგულისხმოა, რომ ინსპექტირების მიზეზი სამინისტროში შესული  ანონიმური წერილი გახდა.

ინსპექტორებმა სკოლას რამდენიმე რეკომენდაცია მისცეს. ერთ-ერთი მათგანი დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შეეხებოდა.

სკოლის სამეურვეო საბჭომ სამინისტროს რჩევა არ გაითვალისწინა და ჩათვალა, რომ დარღვევების ნაწილი ტექნიკური ხასიათის იყო, ნაწილი კი სკოლამ ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოაგვარა. შესაბამისად, მან მიიჩნია, რომ ასეთი დარღევვების გამო ია კერზაიას გათავისუფლება მიზანშეწონილი არ იყო.  

 „ლიბერალი“ გაეცნო როგორც ინსპექტირების სამსახურის მომზადებულ დასკვნას, ისე სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმს და ასევე - დირექტორის, ია კერზაიას არგუმენტებს დარღვევების შესახებ, რომელიც მან საბჭოს გააცნო.  

ინსპექტირება მას ედავება სანიტარულ-ჰიგიენურ პირობების დარღვევას, რომელსაც  დირექტორის თქმით, ობიექტური გარემოებების გამო სკოლა  ვერ აგვარებს; იგივე ვითარება იკვეთება სპორტულ დარბზასთან დაკავშირებითაც; მესამე პირისთვის ქონების გადაცემის ნაწილი კი უფასოდ ცეკვის და მუსიკის გაკვეთილებისთვის ფართის დათმობას ეხება; რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, აქ ინსპექტირება არასწორი კლასიფიკატორების მინიჭებაზე დავობს; დავის საგანს წარმოადგენს რამდენიმე შესყიდვაც, რომლებიც, მათი შეფასებით, სკოლის დირექტორთან ინტერესთა კონფლიქტში მყოფ პირებთან, მაგალიტთად, სკოლის დარაჯთან, არის გაფორმებული. დასკვნა დეტალურად იხილეთ ქვევით. 

-----------

ინსპექტირების სამსახურის დასკვნის გაცნობის შემდეგ, გვქონდა მცდელობა განათლების სამინისტროში ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენელებისთვის დაგვესვა შეკითხვები. მივმართეთ სამინისტროს პრესასთან ურთიერთოების სამსახურს. პირისპირ ინტერვიუზე მათ უარი გვითხრეს და კითხვების ელექტორნულად გადაგზავნა გვთხოვეს. კითხვები 13 დეკემებრს გავუგზავნეთ და არაერთი შეხსენების მიუხედავად პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

კითხვები სამინისტროს

გაგვიჩნდა კითხვები ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებით. კერძოდ, ჩვენ დავიტერესდით, როგორი ტიპის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართავს ხოლმე სკოლას სამინისტრო დირექტორის გათავისუფლების რეკომენდაციით? არსებობს თუ არა რაიმე ერთიანი სტანდარტი? 

ამ სკოლაში აღმოჩენილი დარღვევები მიეკუთვნება თუ არა იმ კატეგორიის დარღვევებს, რომელთა გამოც დირექტორი უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.

მოცემულ საკითხზე მსჯელობისას განიხილავს თუ არა ინსპექტირების სამსახური დარღვევების მასშტაბს, ასევე ითვალისწინებს თუ არა იმასაც, თუ რა ზიანი მიადგა სკოლას ან სახელმწიფოს ამ დარღვევების გამო.

ჩვენი კითხვები შეეხებოდა იმასაც - ინსპექტირების დასკვნის შემდეგ სკოლისთვის გასაცემი რეკომენდაციების მომზადებისას ითვალისწინებენ თუ არა იმას, რამდენად წარმატებულია დირექტორის საქმიანობა სკოლაში და რა წარმატებებს მიაღწია მან მოქმედი დირექტორის პირობებში?

შეეძლო თუ არა ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების მოგვარება სკოლას და სცადა თუ არა დირექტორმა მისი შესაძლებლობების ფარგლებში არსებული პრობლემების აღმოფხვრა?

„ლიბერალმა“ სამინისტროსგან ამ კითხვებზე პასუხის მიღება სცადა, თუმცა ინსპექტირების სამსახური ჯერ ინტერვიუს არ დათანხმდა, შემდეგ კი კითხვებზე პასუხებიც თავიდან აირიდა.

სანიტარულ-ჰიგიენური პირობები

ერთ-ერთი ქვეთავი სკოლაში არსებულ სანიტარულ ჰიგიენურ პირობებს ეხება. ინსპექტორები წერენ, რომ ვითარება მძიმეა და ჯანმრთელობისთვის საშიში. მათ დაათვალიერეს ტუალეტები და ეზოში არსებული წყლის ონკანი.

 „იყო სიბინძურე და ანტისანიტარია, ტუალეტები არ იყო დალაგებული, ეყარა სიგარეტის ნამწვავები, იდგა მძაფრი, არასასიამოვნო კანალიზაციის სუნი, არ იყო საპონი და ქაღალდი, ხელსაბანი ნიჟარა იყო დაბინძურებული“, - ვკითხულობთ დასკვნაში.

ამავე დასკვნაში ტუალეტების მოწყობასთან დაკავშირებით მოცემულია დირექტორის ია კეზერიას განმარტებაც, რომელმაც ინსპექტორებს განუმარტა, რომ  აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში უნალექობის გამო სკოლას შეუწყდა წყალმომარაგება - დაშრა ჭა.  

ჭის გასათხრელად სკოლას ბიუჯეტში ფული არ ჰქონია.

დასკვნაში წერია, რომ სკოლამ არსებული ვითარების შესახებ რესურსცენტრს აცნობა.

ასევე, დირექტორის განმარტებით, წყალმომარაგებასთან დაკავშირებით სკოლამ ყველა შესაძლო ზომას მიმართა, მას რამდენჯერმე მიაწოდა წყალი „დასუფთავების სამსახურმა“ და „წყალკანალმა“. თუმცა, წყლის რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა.   

სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სკოლაში ჰიგიენურ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.

ერთ-ერთი წევრი აღნიშნავს, რომ სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა მისაღები არ არის, მაგრამ ეს განპირობებული იყო უწყლობით. ერთ-ერთი წევრი კი წერს, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისია და ადრე მსგავს ვითარებას ადგილი არ ჰქონია. ასევე აღწერეს ის გზები, რომლებიც დირექტორმა პრობლემის მოგვარებისთვის გაირა.

„მსგავს შემთხვევას ადგილი ადრე არ ჰქონია. კერძოდ, საპირფარეშოში არსებული მდგომარეობა გამოწვეული იყო წყლის დეფიციტით, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი სკოლის, არამედ მთელი რეგიონის პრობლემაა. მინდა გითხრათ, რომ სკოლის დირექტორმა პრევენციის მიზნით დახმარებისთვის მიმართა რესურსცენტრს, ჩართო დასუფთავების სამსახური, წყალკანალი, რომელთა დახმარებით სკოლაში პერიოდულად მოჰქონდათ წყალი - არასაკმარისი რაოდენობით. შემოწმების დრო დაემთხვა ზუსტად იმ პერიოდს, როცა წყალი მოტანილი არ იყო“, - განაცხადა საბჭოს სხდომაზე საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.

არგუმენტების მიუხედავად, ინსპექტირების სამსახურმა დაადგინა, რომ სკოლის მიერ გატარებული ღონისძიებები სკოლაში მოწესრიგებული გარემოს შესაქმნელად საკმარისი არ არის.  თუმცა არ ჩანს მსჯელობა, რატომ მიიჩნია ისნპექტორებმა გაწეული ღონისძიებები არასაკმარისად.

შესაბამისად, ინსპექტორებმა დაადგინეს დარღვევა მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-8 პუნქტში.

„ლიბერალმა“ ინსპექტირების სამსახურს შეკითხვებით მიმართა: რატომ ჩათვალეს ინსპექტორებმა, რომ გაწეული ძალისხმევა არ იყო საკმარისი?  რისი გაკეთება შეეძლო დირექტორს პრობლემის მოსაგვარებლად, იმის გარდა, რაც მან უკვე გააკეთა და რაც ინსპექტირების დასკვნაშიც აისახა?   

 სპორტული დარბაზი

ინსპექტირებისას დადგინდა, რომ სპორტული დარბაზი საჭიროებდა რეაბილიტაციას და იქ არ იყო შექმნილი მოსწავლეთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.

კერძოდ, ინსპექტორები წერენ, რომ გაკვეთილების მიმდინარეობისას დარბაზი მტვრით იმდენად იყო დაბინძურებული, რომ სუნთქვა რთულდებოდა.  ასევე, დარბაზში რკინის კონსტრუქციები იმგვარად იყო განთავსებული, რომ სახიფათო ხდებოდა.

ინსპექტორებთან ია კერზაია ადასტურებს, რომ გაკვეთილის სრულყოფილად ჩასატარებლად სპორტულ დარბაზში არ არის შექმნილი შესაბამისი პირობები.

მისი განმარტებით, დარბაზში ასეთი მდგომაროებაა ორი წელია.  

2017 წლის 15 ნოემბერს სკოლამ დარბაზში არსებული პრობლემების შესახებ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტის განვითარების სააგენტოს მიერ გამოგზავნილ ცხრილშიც აღნიშნა. იქ მითითებულია, რომ სკოლის შენობას არ აქვს ვენტილაცია, რის გამოც პირველ სართულზე არის ნესტი და სპორტული დარბაზი ხშირად იტბორება.

„ის, რომ სარემონტოა სპორტდარბაზის კედლები, იატაკი, რის გამოც დგება მტვერი, რაც ართულებს გაკვეთილის ჩატარებას, ცხრილში მითითებული არ არის“, - წერენ ინსპექტორები.

აქვე წერია, რომ დირექტორის განმარტებით სხვა ზომები სკოლას არ მიუღია, რადგან 2018 წლიდან სკოლების რეაბილიტაციის საკითხი მუნიციპალიტეტს გადაეცა. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა თანხები, ამდენად არ შეუდგენია შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა და არ მიუმართავს მათთვის.

დირექტორმა ასევე განუმარტა ინსპექტორებს, რომ სკოლას თანხა დარბაზის რეაბილიტაციისთვის არ ჰქონდა.

„2018 წლის იანვრიდან არსებული თანხა იზოგება ზამთრის პერიოდში კომუნალური ხარჯებისთვის“, - ვკითხულობთ დირექტორის განმარტებას ინსპექტირების დასკვნაში, თუმცა აქვე ინსპექტორებს მოტანილი აქვთ ინფორმაცია 2016, 2017 და 2018 წლის 7 ნოემბერის მდგომარეობით  სკოლის ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ.

რაც თითქოს ადასტურებს, რომ სკოლას ფული ჰქონდა.  შესაბამისად, ინსპექტორთა აზრით, არ დასტურდება, რომ სკოლამ მიიღო ყველა შესაძლო ზომა სპორტულ დარბაზში მოწესრიგებული, ორგანიზებული, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. დადგინდა ზოგადი განათლების შესახებ კანონის  მუხლების და ასევე დირექტორის ეთიკის კოდექსის დარღვევა.

სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის კანონიერება

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ინსპექტირება მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს ედავება, მესამე პირებზე სკოლის ფართის გადაცემის საკითხის კანონიერებაა.

კერძოდ, ირკვევა, რომ სკოლაში მუსიკასა და ცეკვის სწავლებისთვის ორი სხვადასხვა პირი სკოლის ფართებს იყენებდნენ.

მუსიკის მასწავლებელი მანანა აკობია მესამე სართულზე სკოლაში ბავშვებს  მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა; მალხაზ გვარამია სკოლის სააქტო დარბაზში ატარებდა ცეკვის გაკვეთლებს.

ინსპექტორი რამდენიმე რამეს ედავება სკოლას, ერთი - რატომ არ იყო დადებული ხელშეკრულება ამ ორი პირისთვის ფართის გადაცემაზე; და რატომ შეაფასებინა სკოლამ აუქციონამდე არალიცენზირებულ აუდიტს ფართების საწყისი ფასი წინა წლებში, როცა იმავე პირებზე სკოლამ ფართები იჯარით გასცა.

სკოლის დირექტორმა ინსპექტორებს განუმარტა, რომ 2018 წელს სკოლას ხელშეკრულებების გასაფორმებლად პროცედურები უკვე დაწყებული ჰქონდა.

„მისი განმარტებით, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ აღნიშნულმა პირებმა აქტიურად დაიწყეს მეცადინეობების ჩატარება, თუმცა ამას მაინც არ აკრძალავდა, რადგან სკოლას ფართის გაცემაზე დაწყებული აქვს პროცედურები. აღსანიშნავია, რომ სკოლას მითითებული პირებისთვის არ მოუთხოვია თანხის გადახდა და არც აღნიშნულ პირებს გადაუხდიათ თანხა სკოლის ფართებით სარგებლობის სანაცვლოდ“, - ვკითხულობთ სამინისტროს დასკვნაში დირექტორის განმარტებებს.

საგულისხმოა, როგორია ამ საკითხზე სამეურვეო საბჭოს პოზიცია. საბჭო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ფაქტში არ იყო არანაირი კომერციული ინტერესი, სკოლა მოქმედებდა მხოლოდ მოსწავლეების ინტერესიდან გამომდინარე. და სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ეს არ განხორციელებულა ფინანსური ინტერესიდან გამომდინარე.  

რაც შეეხება აუდიტორულ ფირმას, რომელიც აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა, საბჭო წევრების აზრით, სკოლას არ აქვს არანაირი ვალდებულება, შეამოწმოს ლიცენზიის მოქმედების ვადა და არანაირი სამართლებრივი აქტით ეს განსაზღვრული არ არის.

ბიუჯეტთან ანგარიშსწორება

რაც შეეხება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ნაწილს, ინსპექტორები წერენ, რომ 2016/ 2017 წლებში სკოლას მოგების გადასახადი შემოსავლების სამსახურში დადგენილი არ აქვს, მაშინ, როცა 2017 წელს მიღებული აქვს 1910 ლარი.

საბჭოს ოქმის მიხედვით, აღნიშნული შემოსავლები მთლიანად დახარჯულია სკოლის სხვადასხვა საქმიანობაზე, მოგების გადასახადის არგადახდა ტექნიკური შეცდომა იყო და დღეის მდგომარეობით მოგების გადასახადი გადახდილია. ოქმს ერთვის დოკუმენტებიც.  2016 წელს მოგების გადასახადმა შეადგინა 150 ლარი და 2017 წელს - 208 ლარი.  

„2016 და 2017 წელს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები შეადგენდა - 1320 და 1390 ლარს, რომლებიც როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მთლიანად დახარჯულია როგორც ეკონომიკურ, ასევე სკოლის სხვადასხვა საქმიანობაზე. ვინაიდან ჩვენ მიერ არასწორად იქნა ინტეპრეტირებული ეკონომიკური ტერმინი „ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები“, მოგების გაანგარიშებაში მოხდა უზუსტობა.  

რაც მთავარია, დღეის მდგომარეობით ეს ხარვეზი აღმოფხვრილია და დაზუსტებული დეკლარაციები შემოსავლების სამსახურში წარდგენილია. 2016 წელს მოგების გადასახადი შეადგენდა 150 ლარს და 2017 წელს - 208 ლარს“, - ვკითხულობთ საბჭოს ოქმში.

სახელმწიფო შესყიდვები

ამ ნაწილში ინსპექტორები სკოლას კლასიფიკატორების არასწორ მინიჭებაზე ედავება. ასევე ნათქვამია, რომ სამი შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით არის გაკეთებული და ელექტრონული ტენდერი სკოლას არ გამოუცხადებია. ასევე აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებები რიგ სავალდებულო მოთხოვნებს არ მოიცავს. შესაბამისად, დადგენლია სახელმწიფო შესყივების კანონის დარღვევა.

კერძოდ, 2017 წელს სამ ფიზიკურ პირზე გაფორმებულია სამი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომელთა ჯამური ღირებულება 5221,40 ლარს შეადგენს. ია კერზაია ადასტურებს, რომ მინიჭებულია კლასიფიკატორის არასწორი დანაყოფი, კერძოდ, ორივე ხელშეკრულება გაფორმებულია სამღებრო სამუშაოებზე.

ამავე დასკვნაში წერია, რომ ია კერზაია ინტერესთა კონფლიქტში იყო, როცა შეისყიდა სკოლის დარაჯისგან სამღებრო სამუშაოებზე მომსახურება; და ერთ შემთხვევაში - გარკვეული სერვისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კორდინატორისგან.  

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს პოზიციას სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში აღმოჩენილ დარღვევებთან მიმართებით, საბჭოს სხდომის ოქმში წერია, რომ „გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მომსახურების შესყიდვის მიზნით გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას. ამას ადასტურებს ხელშეკრულების სათაური და ხელშეკრულების ტექსტი და შინაარსი. ის როგორც არარეგისტრირებული ხელშეკრულება არ არის ატვირთული spa-ში. შემოაღნიშნული ხელკშერულება ბიუჯეტის მუხლით გავიდა, როგორც საქონელი და მომსახურება. ამ ხელშეკრულების ტექსტში მექანიკურად დარჩენილია კლასიფიკატორის კოდი, რომლის გამოც ის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებად ჩაითვალა“.

საბჭო არ ეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების კანონის დარღვევას.

ასევე არ ეთანხმება ინტერესთა კონფლიქტზე დარღვევას. საბჭოს არგუმენტად მოჰყავს ზოგადი განათლების კანონის 36-ე მუხლის მესამე პუნქტი, რომლის თანახმად, საჯარო სკოლის მიერ დადებული გარიგების მეორე მხარე არ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექციის სხვა წევრი, სამეურვეო საბჭოს წევრი ან ამ პირთა ახლო ნათესავი; ხოლო სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის და ბუღალტრისგან დადგენილია, რომ გურამ პაჭკორია და მანანა ჯიჯელავა არ წარმოადგენენ არც სკოლის დირექციას და არც სამეურვეო საბჭოს ან ამ პირთა ახლოს ნათესავს.

აქვეა ქვეთავი ქონების მოვლა-პატრონობა-აღირცხვაზე, სადაც მოცემულია ასეთი ტიპის დარღევევები:

დადგინდა, რომ მე-6 საჯარო სკოლამ 2010 წელს დიზელის სანთურა გადასცა მე-5 საჯარო სკოლას და მისი უკან დაბრუნება მოხდა 2018 წელს, ინსპექტირების დროს. სკოლას არ ჰქონდა მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობა გაცემაზე და სკოლებს შორის არ იყო გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი დიზელის სანთურის გაცემაზე.  

.............

ია კერზაია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო წლების განმავლობაში. ინსულტის შემდეგ ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციაში იყო მოთავსებული და 9 დეკემბერს გარდაიცვალა. 

ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა.

განათლების მინისტრი ია კერზაიას გარდაცვალებას პირველად გამოეხმაურა

დეტალურად რა წერია ინსპექტირების დოკუმენტში ნახეთ ბმულზე:

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

მასწავლებელი თემის პირისპირ: ინტერვიუ ჰა ...

ჰამიდ სადიკოვი, ახალგაზრდა გარდაბნელი მასწავლებელი საზოგადოებამ 12 ოქტომბერს გაიცნო. ჰამიდის ამბავი ასე დაიწყო: მან, სოც ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

„რა ხდება ჩრდილოეთ სირიაში?“: გაგრძელება

ქურთებით დასახლებულ ჩრდილოეთ სირიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ამ ტერიტორიიდან ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

რეცენზია: „მერმისის ჭაღარა მთვარეები“

გელა ჩარკვიანის ახალი წიგნი მცირე მოცულობის რომანია. დახვეწილი იუმორით და დიდი სევდით სავსე. საკუთარ საიდუმლოებებზე დაგა ...

მეტი

^