Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არტისტ ზელენსკის ახალი წარმოდგენის პრემიერიდან 100 დღე გავიდა

02 სექტემბერი 2019

წარმოდგენა, რომელსაც მთელი მსოფლიო გატაცებით ადევნებს თვალს, 100 დღის წინ, 2019 წლის 20 მაისს მაშინ დაიწყო, როცა ახალგაზრდა შოუმენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში ქვეყნის კონსტიტუციაზე დაიფიცა და საპრეზიდენტო რეგალიები მიიღო.

ინაუგურაციის დასრულებისას ზელენსკიმ მისი ორგზის კოლეგის - ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტის, მსახიობისა და რადიოწამყვანის, რონალდ რეიგანის სიტყვები გაიმეორა და ამით ერთგვარად დაანონსა, რომ მისი რეფორმები ხელისუფლების სამივე შტოს უმოწყალოდ შეეხებოდა. პოლიტიკური წმენდა უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა იმავე დღეს უკრაინის უმაღლესი რადის დათხოვნით დაიწყო.

პოლიტიკურად გამოუცდელი ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევას წინ საფუძვლიანი სოციალური ძვრები უძღოდა. ახალგაზრდა პრეზიდენტი უკრაინული საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის იქცა იმედისა და ოპტიმიზმის სიმბოლოდ, მის სახელს უკრაინელები უკავშირებდნენ ცხოვრების დონის ამაღლებას, ევროპასთან დაახლოებასა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას. ზელენსკი ახალი სახე იყო, მას არაფერი ჰქონდა საერთო იმ მოძველებულ კორუმპირებულ ელიტასთან, რომელიც ახალმა პრეზიდენტმა ასე მხიარულად გააცილა უკრაინული პოლიტიკიდან.

ზელენსკის, როგორც პოლიტიკურ პერსონას, კარგი ფასი ედო და, ამ ფაქტორის გარდა, მის გაპრეზიდენტებაში დიდი როლი ითამაშა წინა ხელისუფლების დაუდევრობამაც, ხელისუფლებისა, რომელმაც პოლიტიკურ სეკულარიზმსა და უნივერსალიზმს მოწყურებული საზოგადოება სოციალური პოლარიზაციის გზაზე დააყენა და ვერ გათვალა, რომ ხალხს ცვლილებები სწყუროდა. ზელენსკი ამას დროულად მიხვდა.­­

უკრაინული დემოკრატია იმაზე მყარად დგას ფეხზე, ვიდრე ეს ზოგჯერ დასავლელ ექსპერტებს ჰგონიათ. ამის შესახებ წერს ForeignPolicy და დასძენს, რომ უკრაინული სამოქალაქო საზოგადოება მზად არის ცვლილებებისთვის და ეს სწორედ ზელენსკის წისქვილზე ასხამსწყალს. კორუმპირებულ ელიტას შეჩვეული უკრაინელი ხალხისთვის დემოკრატია სათუთ ჭეშმარიტებად ჩამოყალიბდა, ერთადერთ გზად, რომელიც მათ კეთილდღეობამდე მიიყვანდა. ზელენსკისა და მის პარტიას საზოგადოება ნამდვილად უჭერს მხარს. იმავდროულად, მათ დიდი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ, რათა არ დაადასტურონ ლორდ ექტონის ცნობილი თეზისი და არ გაირყვნენ პოლიტიკური ძალაუფლების ზეგავლენით.

ინაუგურაციის წინ ზელენსკის საარჩევნო შტაბმა ახლად არჩეული პრეზიდენტის სამი პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა, რომლებზეც ზელენსკი თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის პირველივე დღეებიდან იმუშავებდა. უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი კორუფციას შეებრძოლებოდა მთავარი ანტიკორუფციული ორგანოების „გადატვირთვით“, რასაც, რასაკვირველია, უკრაინის უმაღლესი რადის თანადგომის გარეშე ვერა და ვერ შეძლებდა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი პარლამენტის დათხოვნისა, რომლის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციაზევე განაცხადა. ახლად არჩეულ პრეზიდენტს შესანიშნავად ესმოდა, რომ ძველი მთავრობის პოლიტიკოსებით დაკომპლექტებულ პარლამენტში ვერაფერს მიაღწევდა. ამასთანავე, ხვდებოდა, რომ ინაუგურაციის დროს მასთან და მის სახელთან დაკავშირებული ერთგვარი აჟიოტაჟი პიკს აღწევდა, რაც აუცილებლად აისახებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. ასეც მოხდა: ზელენსკის პარტიამ, პირველად უკრაინის უმაღლესი რადის ისტორიაში, საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.

მეორე პრიორიტეტად ზელენსკის სასამართლო სისტემის რეფორმა ესახებოდა, რომელზეც მისი პარტია მესამე სექტორთან ერთად მუშაობდა. ზელენსკი უშუალოდ ხედავდა პრობლემას იმაში, რომ წარმავალ პრეზიდენტს უფლება ჰქონდა დაენიშნა მოსამართლეები, რაც პროცესის გამჭვირვალობასა და კეთილსინდისიერებაზე კითხვებს ბადებს. სასამართლო სისტემის გამჭირვალობასთან დაკავშირებული კითხვები კი არ უნდა არსებობდეს.

მესამე პრიორიტეტი ძალოვანი სტრუქტურების სისტემის გამოსწორება იყო, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსური პოლიციის შექმნა შედიოდა. ადვილი მისახვედრია, რომ ზელენსკის პირვანდელი გეგმის ყველა რგოლი კორუფციის ამოძირკვას ლამობს, რამაცუკანასკნელ წლებშიუკრაინელი ხალხი სიღარიბეში ჩაახრჩო.

კორუფცია უკრაინის წინა ხელისუფლებამაც ვერ ამოძირკვა. მძაფრი კრიტიკისა და კორუფციის გაღრმავებაში ბრალდებების ფონზე, არ უნდა დავივიწყოთ უკრაინის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ღვაწლი. მან ნამდვილად გააერთიანა და ერთ მუშტად შეკრა ქვეყანა, ხელი შეუწყო დემოკრატიის საფუძვლების ჩამოყალიბებას და განავითარა ეკონომიკა, მისი მმართველობის დროს ევროატლანტიკური ინსტიტუციებისკენ მისწრაფებამ ოფიციალური სახე მიიღო. ამასთანავე,შექმნა რეგულარული ჯარი და პოლიცია, ჩაატარა საგანმანათლებლო რეფორმები, მედიას მისცა თავისუფლად სუნთქვის საშუალება და უკრაინის მართმადიდებელ ეკლესიას რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოუპოვა, რამაც უკრაინა კიდევ ერთი ნაბიჯით დააშორა რუსეთის პოლიტიკურდა კიდევ უფრო ძლიერ რელიგიურ გავლენას.

მმართველობის პირველი ასი დღის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიწყო კორუმპირებული ელიტისგან ქვეყნის წმენდა: დაითხოვა პარლამენტი და თანამდებობიდა გაათავისუფლა ყველა გუბერნატორი, გამოაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და უმრავლესობით შევიდა უკრაინის უმაღლეს რადაში, რომლის შემადგენლობა 75%-ით შეიცვალა. ეს მთავრობის „გადატვირთვის“, ანუ ზელენსკის შიდა პოლიტიკის გამოსასწორებლად გადადგმული პირველი ნაბიჯია. ამაზე მეტი ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პირველ ას დღეში უბრალოდ ვერ შეძლო, რადგან მას აგონიაში მყოფი პარლამენტი ნამდვილად არ დაეხმარა. ზოგადად, საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის არსებობა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს დადებითად: თუკი კორუმპირებულ ქვეყანაში ბევრი რამ სწრაფად არის გასაკეთებელი და ამ პროცესების მიღმა ჭკვიანი და ჯერ კიდევ გაურყვნელი პოლიტიკოსები დგანან. ამიტომაც ზელენსკის ჯერ კიდევ გაურყვნელ გუნდს აქვს შესაძლებლობა, საპარლამენტო გზით ქვეყნის აღმშენებლობისთვის სასარგებლო რეფორმები სწრაფად და ეფექტიანად ჩაატაროს.

ზელენსკის ახალ სამთავრობო კაბინეტს ექსპერტები დადებითად აფასებენ, განსაკუთრებით აღნიშნავენ მათ დასავლურ გამოცდილებასა და განათლებას. უკრაინელი ექსპერტი, ანალიზისა და პოლიტიკური მენეჯმენტის ინსტიტუტის ხელმძღვანელი რუსლან ბორტნიკი აღნიშნავს: „უკლებლივ ყველას დასავლეთთან ღრმა და ხანგრძლივი კავშირები აქვს. ეს პროდასავლური ლიბერალური მთავრობაა, რომელიც იმ ხალხითაა დაკომპლექტებული, ვინც 2014-2019 წლებში მეორეულ და მესამეულ რგოლებში იყვნენ დასაქმებულნი“. იმავე ინტერვიუში ბორტნიკი დასძენს, რომ კაბინეტის წევრებს ორი ფაქტორის მიხედვით ირჩევდნენ: ითვალისწინებდნენ ვოლოდიმირ ზელენსკის უშუალო ნდობას და დასავლელი პარტნიორების ინტერესებს, რაც გულისხმობდა იმას, რომ მინისტრებს დასავლეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბება უნდა შესძლებოდათ.

ზელენსკის რეფორმებიდან ზოგი ცალკე დაკვირვებას საჭიროებს, რადგან მათი განხორციელება პოლიტიკურ ბეწვის ხიდზე გავლას შეიძლება შეედაროს. ერთ-ერთი პეტრო პოროშენკოს იმ რეფორმის უკუგდება იყო, რომელმაც რუსულენოვან უკრაინელებს ლამის მშობლიურ ენაზე საუბარი აუკრძალა. რასაკვირველია, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების კონტექსტის მიღმა გაანალიზება აბსურდული და არასწორი იქნებოდა. პოროშენკო ცალსახად გამოირჩეოდა ნაციონალისტური ზრახვებით, თუმცა ეს მას რუსულმა ექსპანსიურმა პოლიტიკამ აიძულა, რასაც რამდენიმე წლის წინ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა შეეწირა. ამ საკითხთან დაკავშირებით ზელენსკის გუნდს განსხვავებული თვალთახედვა აქვს: პრეზიდენტის ადმინისტრაციის (რომელსაც ზელენსკიმ „პრეზიდენტის ოფისი“ უწოდა) უფროსმა ანდრეი ბოგდანმა განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელი იყო, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ოფიციალური ენის სტატუსით დაბრუნებულიყო.

პირველი ასი დღის განმავლობაში საერთაშორისო არენაზე ვოლოდიმირ ზელენსკის მონაპოვარი არც ისე შთამბეჭდავია. მან ვერ შეძლო დაერწმუნებინა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნება ნაადრევი იყო. რუსეთი ამ საპარლამენტთაშორისო ფორმატში ისე დაბრუნდა, რომ უკრაინის მიმართ აგრესიაზე ოფიციალური კომენტარი არ დასჭირვებია.

ზელენსკის ასევე უჭირს დაითანხმოს შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ცოტახნის წინ რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნების სურვილი გამოთქვა. ცნობილია, რომ ელიტური პოლიტიკური კლუბი რუსეთს 2015 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაატოვებინეს.

ერთადერთი მსოფლიო ლიდერი, ვისთანაც ვოლოდიმირ ზელენსკის არცთუ ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იყო, თუმცა მან დიპლომატიური ვექტორი შეცვალა და ისიც რუსეთისკენ მიმართა. მაკრონი ერთგვარად ცდილობს, რუსეთი ევროპას მიაბას და ამით ვლადიმირ პუტინის გული მოიგოს. „დიდი შვიდეულის“ 2019 წლის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე CNN-მა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრისა სშეთანხმდნენ, რომ რუსეთი „დიდ რვიანს“ 2020 წლის სამიტისთვის დაუბრუნდება. ესეც, როგორც მსოფლიო დიპლომატიის ბევრი სხვა კულუარული დეტალი, ზელენსკის ზურგს უკან ხდება.

Foreign Policy-ს ანალიტიკოსები ალექსანდერ მოტილი და დენის სოლტისი აღნიშნავენ, რომ ზელენსკიმ უნდა გააგრძელოს პოროშენკოს დაწყებული საქმე და ისწავლოს, თუ როგორ გახდეს რეფორმატორი და არა რევოლუციონერი. ავტორები წერენ: „რევოლუციონერობა ადვილია, ის არსებული ინსტიტუციებისა და ოპონენტების განადგურებას ისახავს მიზნად. რეფორმატორობა კი ძალიან რთულია. რეფორმატორებს უწევთ იმუშაონ იმ ინსტიტუციებთან ერთად, რომელთა შეცვლა უნდათ და იმ ელიტასთან, რომლის შესუსტება სურთ. რევოლუციისგან განსხვავებით, რეფორმირების პროცესი მეტისმეტად ნელი და არაპროგნოზირებადია“.

უკრაინული ონლაინგამოცემა Буквы აღნიშნავს, რომ რეალური გამოცდა ვოლოდიმირ ზელენსკის და მის სამთავრობო გუნდს შემდეგი ასი დღის განმავლობაში ელის და დასძენს, რომ პირველი 100 დღე ზელენსკი სწორედ იმას აკეთებდა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის: შოუს დგამდა. როგორ გაგრძელდება ეს შოუ შიდა და საერთაშორისო პოლიტიკურ არენებზე, ჯერჯერობით უცნობია. ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი 100 დღე პრეზიდენტის რანგში მხოლოდ და მხოლოდ პრელუდია იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^