Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წერილი #3 – Let’s Dance Baby

02 ოქტომბერი 2019

ჩემს ძველ მეგობარს, გიორგი მეზვრიშვილს, რომელიც 2003 წლიდან მსოფლიო თასზე დასწრებაზე ოცნებობს, მაგრამ დღემდე ვერ მოუხერხებია.

გიოს გაუმარჯოს!

მომილოცავს პირველი გამარჯვება წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე. თან მარტო გამარჯვება კი არა, პირველი ბონუსის აღება, 30-ზე მეტი ქულის პირველად მოგროვება, ურუგვაისთვის ძველი ხურდის დაბრუნება და ყველაფერი, რამაც ამ მატჩში გაგვახარა. მიზნის ნახევარი მიღწეულია: ორიდან ერთი მოსაგები თამაში მოვიგეთ, თანაც დამაჯერებელი ანგარიშით, მაგრამ... არა, ეგრევე უარყოფითზე რომ არ გადავიდე, მოდი ჯერ აქაურ ამბებს მოგიყვები მოკლედ, რაგბისთან მიბრუნებას კი ყოველთვის მოვასწრებ.

კუმაგაია ყოფილა ურთიერთობა. ტოკიოდან სულ რაღაც 50 კილომეტრშია და გადავწყვიტე, გამერისკა და მოგზაურობის უსაყვარლესი ხერხი ამერჩია - ავტოსტოპი. ხომ იცი, ამ საქმეში ჩემი მეთოდიკა მაქვს: პირველი - აუცილებელია ღია ფერების ჩაცმა, მეორე - სასურველია გეცვას შორტი და გეხუროს პანამა (ამას სანდოობის უფრო მაღალ დონეზე აჰყავხარ), მესამე და უმთავრესი - ისეთი გამომეტყველება უნდა მიიღო, თითქოს სულაც არ გეჩქარება და დიდად არ განაღვლებს გაგიჩერებს თუ არა ვინმე. „აქაც კარგად ვარ!“ - უნდა გეწეროს სახეზე და უცნობ მძღოლს აგრძნობინო, რომ შენი დამგზავრება მას უფრო სჭირდება, ვიდრე შენ. რა ვიცი, ევროპაში კარგად მუშაობდა და გადავწყვიტე ამ გაგანია აზიაშიც მომესინჯა.

მოკლედ, ყველაფერი ამით შევიარაღდი, მაგისტრალზე დავდექი და ცერა თითი გავიშვირე. ცოტა კი ვღელავდი, ვაითუ მეთოდმა არ იმუშაოსთქო, მაგრამ თუ პრიორიტეტები სწორად გაქვს დალაგებული თვალის ფორმას, დამწერლობის ღვარჭნილებს და რელიგიურ პრეფერენციებს რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი ყველგან ადამიანია. სტანდარტულ დროში, 15 წუთში გაჩერდა მანქანა. თან როგორი: ერთადერთი “ბაყაყი“ RAV 4, რომელიც ამ ქვეყანაში ვნახე, ზუსტად ჩემნაირი. მივუახლოვდი და შიგნიდან გამოსული მუსიკის პირველივე ბგერაზე მივხვდი, რომ რაღაც მიღმიურიც არსებობს. ოქრო კაცს ჯენის ჯოპლინის Me & My Bobby McGee ჰქონდა ჩართული და გუგუნებდა. დიდი შესავალი არ დაგვჭირდა: კუმაგაია? - ვკითხე, კუმაგაია! - მიპასუხა გაღრეჭილმა და წინა სავარძელზე დაყრილი დომხალი უკან გადაადომხალა.   

გზის ამბებს კიდევ მოვიგონებ, მანამდე თამაშზე მაქვს ორი სიტყვა სათქმელი. პირველი 10 წუთის განმავლობაში ბიჭებმა სცადეს და რამდენჯერმე გამოუვიდათ კიდეც ის, რასაც მე და შენ ასე ვნატრულობთ. მგონი საწყისი ტაქტიკა სწორად იყო შერჩეული: ფიჯისთან თამაშის მერე ურგვაელები გადაღლილები უნდა ყოფილიყვნენ და ამოსუნთქვის საშუალება პირველივე წუთებიდან უნდა მოგვესპო. ამიტომაც დებიუტში ჯარიმა კარში არ დავარტყით (რაც ძალიან იშვიათია) და ლელოს დასადებად მოვემზადეთ. და ზუსტად მანდ, ამ ტურნირზე პარველად და ჯერჯერობით უკანასკნელად ვნახეთ ის, რაც თეორიულად ყველამ ვიცით, მაგრამ პრაქტიკაში - გვენატრება: შერკინების შექმნილი უპირატესობის უკანა ხაზის მიერ გამოყენება. თოდუას ლელომ იმედი მომცა, ასე გააგრძელებენთქო, მაგრამ ვეღარ შეძლეს და ძველ კალაპოტს დაუბრუნდნენ. იმ პაპანაქება სიცხეში და ნესტში, ისედაც ლიმონივით გამოწურული ურუგვაელები, რომლებსაც ბევრი არაფერი გამოსდიოდათ ჩეჩქვეს და ჩეჩქვეს, ვიდრე საქმე ბოლომდე არ მიიყვანეს. საინტერესო ბურთაობის ეპიზოდებიც გვქონდა, მაგრამ შედეგი მხოლოდ მამა-პაპურმა ჯაჯგურმა მოიტანა, რაც ძლიერ გუნდებთან უკვე აღარ გაგვდის და ეს მაშინებს. რაც შეეხება ლელოს, რომელიც გავუშვით: დაცვის ეს სისუსტე პირველად უელსელებმა აღმოაჩინეს და გამოიყენეს კიდეც: ნახეს, რომ დერეფანში ბოლო კაცად მძიმე ფორვარდს ვაყენებთ და მკვირცხლ უკანახაზელებს შეატევინეს ამ არხში. ურგვაიმაც შეამჩნია, რომ ეს მეთოდი კარგად მუშაობს და ზუსტად იგივე გაიმეორა. შემდეგი ფიჯია და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც ცდიან დერეფანსა და უკანა ხაზს შორის შეტევას, ვნახოთ ერთი, რას მოიფიქრებენ ჩვენები.

მივქრივართ, მოკლედ, მე და სატოში კუმაგაიასკენ და გვარიანად მიჩაჩანაკებულ მაგნიტოფონს ვაღრიალებთ. ვის ახსოვს, რომ მაღალტექნოლოგიურ იაპონიაში ვართ და 2019 წელია, ჩვენთან გაქანებული ევრო-ამერიკული 70-იანები სუფევს. ვთხოვე, რამე ადგილობრივიც მომასმენინეთქო და იცი რა ჩამირთო? ტატსურო იამაშიტას Let’s Dance Baby, წარმოგიდგენია? თან მეკითხება ეს მომღერალი ხომ არ გაგიგიაო, თავხედი! მეც არაფერი ვუპასუხე და შევიდა თუ არა სიმღერა მეც ავყევი, ოღონდ დაახლოებით ისე ქართველები რომ სტივი უანდერს ყვებოდნენ ხოლმე: „აჯესკო, ჯუსეი, ა ლოვ იუ“. ასე ხორხოცით მიმიყვანა ჩემს საცხოვრისამდე, რომელიც შემდეგ საეჭვო რეპუტაციის დაწესებულება აღმოჩნდა. არადა საიტზე ისეთი მყუდრო და მშვიდი ჰოსტელი ჩანდა, ყვავილებით და მაღალი ჭერით.

ნაგოიასგან განსხვავებით კუმაგაიაში უფრო იგრძნობა მსოფლიო ჩემპიონატის სურნელი. შეიძლება იმიტომ, რომ ზომით ბევრად უფრო პატარაა და სულ 200 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. მათთვის ამხელა სტუმრიანობა ალბათ უჩვეულოც იქნება. ქუჩები ტრადიციულად მოწესრიგებული და სუფთაა, ხალხი თბილი და თავაზიანი. საერთოდ მაოცებს ამ ადამიანების კეთილგანწყობა, არ ვიცი, ბუნებით ასეთები არიან, თუ რამე სამთავრობო დავალებას ასრულებენ. იმედი მაქვს წამოსვლამდე ამას გავარკვევ.  სტადიონთან წინასამატჩო ღრიანცელი დამხვდა, შენ წარმოიდგინე მთვრალი შოტლანდიელებიც კი ვნახე (ნეტა აქ რა უნდოდათ?!). უცებ, ვხედავ ჩემსკენ ვიღაც რემბო მოდის, ორი უშველებელი ფოტოკამერით შეიარაღებული. ჩემხელა ობიექტივი ბაზუკასავით გადაუკიდია ზურგზე, ჟილეტის წინა ჯიბეები ფილტრებით და ათასი შაითან მანქანებით აქვს სავსე, მოდის და მიღიმის. ლევანი აღმოჩნდა, ვერძეული, ჩემი კარგი მეგობარი და ჩინებული ფოტოგრაფი, რომელსაც ძირითადად სამი რამის გადაღება უყვარს: რაგბის, კოსმოსის და თავისი ძაღლის. ოლივერი ალბათ ენატრება, რაგბი და კოსმოსი კი, იცოცხლე, აქაა თუ არი. რა კაცია, უფასოდ არიგებდა ხოლმე ჟურნალ-გაზეთებში თავის ფოტოებს, ახლა კი ხან სად წავაწყდები მაგის ნამუშევრებს და ხან სად. ეგააა ძმაო შრომა, ჩვენსავით უფხო კი არ გამოდგა.

ფიჯისთან თამაშზე მინდა მოგწერო, მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო. ყველას გვესმის, რომ ესაა ჩვენთვის თამაშთა თამაში, ჭეშმარიტების მომენტი. ისიც გვესმის, რომ რიგ პოზიციებზე ერთი თავით გვჯობნიან, თუ მეტით არა, ვერც იმას დავმალავთ, რომ კალენდარი მათ სასარგებლოდ განაწილდა,  და ბარემ, ცხელ გულზე ისიც ვთქვათ, რომ საუკეთესო სათამაშო ფორმაში არ ვართ (ფიზიკურს არ ვგულისხმობ). და მაინც, მოგებას ვაპირებთ და სხვანაირად არც უნდა იყოს. სიმართლე გითხრა, ყველანაირად ვცდილობ გონებაში დავალაგო მათ წინააღმდეგ სათამაშო ტაქტიკა და სულ სადღაც ვიჭედები, კარგია, რომ მე არ ვარ მწვრთნელი. ვხვდები, რომ ბურთი უნდა დავუმალოთ, იმიტომ, რომ ჭირივით ეჯავრებათ დაცვაში თამაში, ნერვები არ ჰყოფნით და შეცდომებს უშვებენ, მაგრამ ჩვენც რომ არ ვგიჟდებით შეტევაზე?! იმათ თუ სულ ბურთით ყოფნა უნდათ, ჩვენ თავს უკეთ ვგრძნობთ, როცა მეორე ნომრად ვართ და მოგერიება/კონტრშეტევაზე ვამყარებთ იმედებს. მაგრამ მაგათი გაუთავებელი იერიშები მტერმა მოიგერია, ხომ ნახე ავსტრალიაც კინაღამ წააქციეს. ვინ იცის მატა და იატო რომ არ დამტვრეულიყვნენ კიდევ რა ამბები დატრიალდებოდა საპოროში. ორ ასეთ მესამეხაზელს რომ კარგავ, ძალიან გირთულდება საქმე, ავსტრალიამაც შეტევებს მოუხშირა და კუნძულელებმა ვეღარ გაძლეს.

ფაქტია, რომ ოზებივით ვერ შევუტევთ, მაგრამ რაღაც გასაღები ხომ უნდა არსებობდეს? ისევ ჯაჯგური? და რომ ვერ მოვერიოთ? შარშან რა, მოვერიეთ? ფეხი დავურტყათ? ხომ იცი, რომ ზუსტად მაგას ელოდებიან! ძალიან მაინტერესებს რას მოიფიქრებს მელიტონა, გარისკავს და ცოტა ავანტურულად ითამაშებს, თუ ისევ თავის სისტემებს აამუშავებს, ალბათ უფრო მეორე. ურუგვაისთან გადახალისებული გუნდით თამაშმა გაამართლა, იმ ბიჭებმა ვინც ოსაკაში ამინდი უნდა შექმნას - დაისვენეს. კაჭი და კოკი, ვისაც აუარება ბოჭვების შესრულება მოუწევთ საერთოდ არ იყვნენ განაცხადში, ბუკას დასვენება კი არა, პირიქით, ტონუსში შესვლა სჭირდებოდა და ბოლო წუთები ითამაშა, პირველი ხაზიც არ დატვირთულა, ძირითადი 8 ნომერი გორგაძეც გვიან შევიდა მოედანზე და, წესით, არ უნდა გადაღლილიყო. მოკლედ, საკადრო საკითხები ნორმალურად მოგვარდა და ტრავმებიც არ გვაქვს. თედომ წინა მატჩი ბოლომდე რომ ითამაშა უკვე ჩანდა, რომ მის ფიჯისთან გამოყვანას არ გეგმავდნენ. ღერძზე ვასკასთან ერთად ქოქოსაა და მათზე, როგორც ყოველთვის, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მთავარმა მწვრთნელმაც ეს თქვა: „მორაგბეების უმეტესობა, რომლებიც ფიჯისთან მატჩის შემადგენლობაში მოხვდნენ, გამოცდილები არიან. შევარჩიეთ ის ბიჭები, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ ფიჯისთან დავალებებს შეასრულებენ. შემადგენლობის შერჩევას წინ უძღოდა მწვრთნელთა შტაბის გუშინდელი კრება, ენთუზიაზმისა და გამოცდილების შერწყმით კმაყოფილები ვართ. დიდ თამაშებში გამოცდილება ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გვყავს ახალგაზრდა მორაგბეებიც, რომელიც მარქაფაში არიან და ისინი სარგებელს აუცილებლად მოიტანენ“.

რაღა გავაგრძელო, შემადგენლობა შენც იცი, მფრინავი აზრები ჩემზე ნაკლებად არც შენ გაწუხებს და ნერვიულობაც კარგად გამოგდის. ჩაუჯექი ხუთშაბათ დილით ტელევიზორს და იქნებ სადმე ეკრანზეც მომკრა თვალი. ტელეოპერატორი თუ ვერ მიპოვნის, ლევანი მაინც გადამიღებს ერთ სურათს.

ახლა ამ წერილს დავამთავრებ, ჩემი მოდერნიზებული ბორდელიდან ჩუმად გავიპარები, რომ რამე არ დამაძალონ და სატოშისთან ერთად, რომელიც ახლოს ცხოვრობს, სათევზაოდ წავალ. მანდ ხომ დავადუღე ტბები და მდინარეები, ახლა აქეთ უნდა გავავლო მუსრი იხტიოფაუნას. შენ კი არ მოიწყინო, რომ ჩამოვალ ვაგაშის ჩამოგიტან.

შენი მეგობარი,

ნიკა ჩალათაშვილი

ჩალათას იაპონური წერილები: გადაბრუნებული ურმის ტაქტიკა

ჩალათას იაპონური წერილები: ნაგოიასკენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

გორდონ გეკო ამერიკის სათავეში

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს უეჭველად შევა დიპ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

მეოთხედფინალის მოლოდინში

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს რვა გუნდი შემორჩა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალის დრო დამდგარა. ოთხივე შე ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

რაციონალური პოლიტიკის ტრიუმფი - ბორის ჯო ...

ევროკავშირის დატოვების შესახებ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს. ბორის ჯონსონის აზრით, შეთანხმება, ...

მეტი

^