Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდა

23 ოქტომბერი 2019

ჩრდილოეთ სირიაში განვითარებული მოვლენების შესაჯამებლად და საერთო სამომავლო პოლიტიკაზე შესათანხმებლად, 21 ოქტომბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ. რუსეთში პუტინმა თურქი კოლეგა ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს მიიწვია. აღსანიშნავია, რომ მას მერე, რაც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით ამერიკელმა სამხედროებმა ქურთებით დასახლებული ჩრდილოეთი სირია დატოვეს, მათი სამხედრო ბაზები რუსმა ჯარისკაცებმა დაიკავეს.

ერდოღანის საგარეო პოლიტიკის სამომავლო გეგმები ჩრდილოეთ სირიის კრიზისთან დაკავშირებით მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ რომ გახდებოდა ცნობილი, ამის შესახებთურქეთის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 20 ოქტომბერს განაცხადა. ამავე დღეს ჟურნალისტებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქურთების ყველა დაჯგუფების სირიის სასამართლო და კონსტიტუციურ სისტემაში მოქცევის აუცილებლობაზე   ისაუბრა, ხოლო პუტინის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ხარჯზე შეიძლებოდა.

რუსეთის მხრიდან ასეთ დომინაციას საკმაოდ ღრმა საფუძვლები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ჩრდილოეთ სირიის კრიზისი საკმაოდ არაპროგნოზირებადი ვექტორით წარიმართა: ქურთების დემოკრატიულმა ძალებმა, რომლებიც წლების განმავლობაში აშშ-ს მნიშვნელოვან მოკავშირეებად ითვლებოდნენ, სამხედრო დახმარებისთვის ბაშარ ალ-ასადის რუსეთთან ასოცირებულ რეჟიმს მიმართეს. ახლა ქურთი სამხედროები თურქეთის წინააღმდეგ სირიელებთან ერთად იბრძვიან. იმის გათვალისწინებით, რომ სირიაში კრემლიდან ირიბად მართული რეჟიმია, ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს.

რაზე შეთანხმდნენ ერდოღანი და პუტინი?

შვიდსაათიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, პრეზიდენტები შეთანხმდნენ ათ პუნქტიან სამოქმედო გეგმაზე, რომელიც შემდეგნაირად შეიძლება დაჯგუფდეს და შეფასდეს:

  1. სირიის ტერიტორიული და პოლიტიკური მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვარუსეთ-თურქეთის შეთანხმების წინაპირობაა. რასაკვირველია, ეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ირიბად აიძულებს,ითანამშრომლოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან, რომლის ხელისუფლებას ყოველმხრივეწინააღმდეგება დასავლეთი, კერძოდ კი, ამერიკის შეერთებული შტატები. აღსანიშნავია, რომ თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, რომელიც ამ შეთანხმებით,ოფიციალურად,ორმაგ ფუნქციას ითავსებს.
  2. რუსეთი და თურქეთი მზად არიან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ითანამშრომლონ. ცნება „ტერორიზმი“ ოფიციალურ წერილში არ განუმართავთ. შეთანხმება, რასაკვირველია, მოიაზრებს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას, თუმცა ქურთების ბედი მაინც გაურკვეველი რჩება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ს მოკავშირე ქურთების დემოკრატიული ძალები თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.
  3. რუსეთი თურქეთ-სირიის საზღვარზე ოფიციალურ პატრულირებას იწყებს: „23 ოქტომბრის 00:00 საათიდან დაწყებული, სირიის ტერიტორიაზე, სირია-თურქეთის საზღვართან, „მშვიდობის წყაროს“ ოპერაციის მიღმა ტერიტორიაზე, განთავსდება რუსული სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო სამსახური. ისინი ხელს შეუწყობენ ქურთების ფორმირებებისა და მათი შეიარაღების გაყვანას სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით და ეს პროცესი უნდა დასრულდეს 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან 150 საათის შემდეგ. ამ მომენტიდან დაიწყება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება საზღვრიდან 10 კილომეტრის სიღრმეში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, „მშვიდობის წყაროს“ ოპერაციის რაიონიდან, გარდა ქალაქ ქამიშლისა“. შეთანხმების ამ პუნქტით რუსეთი ნატოს საზღვრებს განსაკუთრებულად მიუახლოვდა.

მსოფლიოს ლიდერების გზავნილები

ცნობისათვის:ერდოღანთან შეხვედრის წინა დღეს, ვლადიმირ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მათ დეტალურად მიმოიხილეს ჩრდილოეთ სირიის კრიზისი და შეთანხმდნენ, რომ სამომავლო მოლაპარაკებები რეგიონში ვითარების განსამუხტად გაეროს ჟენევის საკონსტიტუციო კომიტეტის ფარგლებში უნდა გაიმართოს. კრემლის ოფიციალური განცხადების თანახმად, პუტინმა მაკრონს აცნობა ჩრდილოეთ სირიაში რუსეთის სამომავლო გეგმების შესახებ. საყურადღებოა ისიც, რომ წინა დღეებში, მაკრონის გარდა, პუტინი ტელეფონით ისრაელის პრემიერმინისტრ ბენჯამინ ნეთანიაჰუსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსაც ესაუბრა.

მოვლენებს არც ამერიკის შეერთებული შტატები ჩამორჩენილა: 21 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩრდილოეთ სირიაში განვითარებული კონფლიქტის შესახებ CNBC-ს ჟურნალისტ უილფრიდ ფროსტთან ისაუბრა. პომპეომ აღნიშნა, რომ სირიის საკითხზე მთავარი განსხვავება დონალდ ტრამპისა და ბარაკ ობამას მთავრობებს შორის არის ის, რომ ტრამპის რესპუბლიკური ადმინისტრაცია აკეთებს იმას, რასაც ამბობს. სახელმწიფო მდივნის თქმით,მართალია, აშშ-სთვის მშვიდობა ომზე მეტია, მაგრამ დონალდ ტრამპი ძალებს არ დაიშურებს, თუკი სირიაში სამხედრო ჩარევა იქნება საჭირო. პომპეო იხსენებს2017 და 2018 წლებს, როცა აშშ-ს ხელისუფლებამ სირიაზე საჰაერო იერიშები მიიტანა და ამით ბაშარ ალ-ასადი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის დასაჯა.

ექსპერტის შეფასებები

„ლიბერალთან“ საუბარში პოლიტიკურმეცნიერებათა დოქტორი (ფლორენციის უნივერსიტეტი) და ექსპერტი აშშ-ს საგარეო პოლიტიკის საკითხებში მიკელე ტესტონი აღნიშნავს, რომ ერდოღანის საგარეო პოლიტიკა ნათლად წარმოაჩენს, რომ პირადად ის და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ევროპისა და ნატოს უმოქმედობით საკმაოდ იმედგაცრუებულია: „თურქეთს სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბება სურს. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ამაში ხელს უშლიან. ასეთი ისტორიული წარსულის, დემოგრაფიისა და სიდიდის ქვეყანა განსაკუთრებულ ძალად უნდა აღიქმებოდეს, თუმცა, რეალურად, მსოფლიო პოლიტიკაში მათი სტატუსი და როლი ერთმანეთთან შეუფერებელია. იმედგაცრუების ამ წისქვილზე ისიც ასხამს წყალს, რომ შედეგი ერდოღანის საგარეო პოლიტიკას ჯერ კიდევ არ გამოუღია“.

შეკითხვაზე, გაუხსნა თუ არა გზა რეჯეფ თაიფ ერდოღანს დონალდ ტრამპმა, როცა ჩრდილოეთ სირიიდან ჯარების გაყვანა გადაწყვიტა, მიკელე ტესტონი შემდეგნაირად გვპასუხობს: „საკითხი არაერთგვაროვანია. კი, ერთი მხრივ, ეს გზის გახსნა იყო, თუმცა, მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება ნათელი და მოსალოდნელი იყო ტრამპის საგარეო პოლიტიკის ვექტორიდან გამომდინარე, რადგან მას არ სურს მონაწილეობამისთვის უსარგებლო სამხედრო კონფლიქტებში“.

ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს ასობით ადამიანი შეეწირა. აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, უკანასკნელი 120 საათის განმავლობაში, ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო მოქმედებები შეჩერებული იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

ქართველი საზოგადო მოღვაწეები ეკლესიის შე ...

მე-19  საუკუნის  ბოლოს და 20-ე საუკუნის დასაწყისში, ქართველი საზოგადო მოღვაწეები, ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

„და ჩვენ ვუცეკვეთ“

ფილმის მთავარი გმირი, მერაბი და მისი ძმა დავითი ერთმანეთის პირისპირ წვანან. დავითს სახე ჩალურჯებული აქვს, ახლახან იჩხუბა ...

მეტი

^