Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - განახლებადი

28 ოქტომბერი 2018

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. სულ რეგისტრირებულია 25 კანდიდატი. ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.
  • 01:48

    „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში „რესპუბლიკური პარტია“ მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს. ამის შესახებ „ლიბერალს“ ხათუნა სამნიძემ უთხრა. 

    ცესკო 512 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. რაც იმას ნიშნავს რომ ჯერ ხმების 13.82 პროცენტია დათვლილი.

    ამ მომენტისთვის ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი - 40.05%-ით.

    მას მოსდევს გრიგოლ ვაშაძე - 37.93%-ით.

    მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე - 10.83%-ით.

    ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

  • 23:43

    „ლიბერალის“ კორესპოდენტის ცნობით, ქუთაისის #59 ოლქში დათვლილია 10 საარჩევნო უბანი. ათივე უბანში გრიგოლ ვაშაძე იგებს. 

    ქუთაისში სულ 124 უბანია. 

    ცესკოს გვერდზე საარჩევნო უბნებიდან შესული ოქმები იტვირთება. საქართველოში სულ 3700 მეტი უბანია. ჯერჯერობით, 50-მდე უბნის შედეგია ცნობილი. აქედან, თბილისში მხოლოდ 6 უბნის შედეგია ატვირთული ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდზე.

    ამ ეტაპზე ცესკოს მიერ 100-მდე უბანია დათვლილი. 

  • 23:43

    ცესკოს გვერდზე საარჩევნო უბნებიდან შესული ოქმები იტვირთება. საქართველოში სულ 3700 მეტი უბანია. ჯერჯერობით, 50-მდე უბნის შედეგია ცნობილი. აქედან, თბილისში მხოლოდ 6 უბნის შედეგია ატვირთული ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდზე.

    თბილისში 10 ოლქი და 738 უბანია.

    სამგორის ოლქში სულ 115 უბანია

    სამგორის ოლქში 34-ე უბანზე - სალომე ზურაბიშვილი - 112 ხმა, გრიგოლ ვაშაძე - 143.

    მე-40 უბანზე - 164 ხმა გრიგოლ ვაშაძე, 122 - სალომე ზურაბიშვილი.

    დიდუბის ოლქში 54 საარჩევნო უბანია

    დიდუბეში 33-ე საარჩევნო უბანზე ვაშაძემ 190 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა - 240.

    ნაძალადევში 97 საარჩევნო უბანია

    ნაძალადევში, 88 უბანში, სალომე ზურაბიშვილი - 141, ვაშაძე - 164 ხმა.

    ნაძალადევის 89-ე საარჩევნო უბანზე 242 ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, 156 - სალომე ზურაბიშვილმა.

    ნაძალადევის 64-ე საარჩევნო უბანზე ვაშაძე - 188 ხმა, სალომე ზურაბიშვილი -168.

  • 20:46

    „დარწმუნებული იყავით, მეორე ტურსაც მოვიგებთ“ - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ. აღნიშნული მონაცამებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

    „სამი თვე გარწმუნებდით, რომ ამის შემდეგ რაც მოვისმინეთ ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ჩვენ ვიყავით დარწმუნებული, რომ თუ ხელისუფლება აირჩევს ნორმალური არჩევნების ჩატარების გზას, ჩვენ ამას პირველ ტურში მოვიგებდით.  „ქართული ოცნება უნდა დარწმუნდეს და დაიჯეროს, რომ მათ საათზე 12-ს აკლია ერთი წუთი,“- აღნიშნა ვაშაძემ.

  • 20:45

    პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის არის ბედნიერი, რადგან, ჯერჯერობით, არ არის მეორე ტურის მონაცემები. 

    „რაც იქნება ამომრჩევლების შედეგი, იქნება ჩემთვის მისაღები და სანდო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამომრჩეველს. ჯერჯერობით, არ არის მეორე ტურის მონაცემები, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკოს შედეგებს ღამით, გვიან, როცა იქნება პირველადი შედეგები“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

  • 20:45

    მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, გრიგოლ ვაშაძე უკვე პრაქტიკულად გამარჯვებულია. 

    მისი თქმით, ის არ მისცემს საშუალებას ივანიშვილს, გააყალბოს არჩევნები. 

    „დღეს საქართველოს გამარჯვების დღეა, ყველაფერი იქნება მაგრად", - მიმართა მან მოსახლეობას. 

    სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძეს, იმის გამო, რომ „ევროპული საქართველო," მათივე განცხადებით, მეორე ტურის შემთხვევაში, მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.

  • 20:44

    „ევროპულმა საქართველომ“ მისივე დაკვეთით კომპანია „ბი-სი-ჯის“ (BCG Research) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა:

    გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - 37%

    „ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი - 35%

    „ევროპული საქართველოს" კანდიდატი დავით ბაქრაძე - 17%

    „ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი შალვა ნათელაშვილი  -  5%

    სხვა -7%

  • 20:43

    რამდენიმე წუთის წინ  პარლამენტის თავმჯდომარემ,  ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. 

    კობახიძის თქმით, შედეგები ასეთია:

    სალომე ზურაბიშვილი - 52.3 %

    გრიგოლ ვაშაძე - 28.1%

    დავით ბაქრაძე - 9.1%

     „ქართული ოცნების" დაკვეთით ეგზიტპოლი „ფსიქოპროექტმა" ჩაატარა. ამ კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა.

    პარლამენტის თავმოჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეგზიტპოლი ჩატარდა 100 უბანზე, გამოიკითხა 5124 ამომრჩეველი სათანადო მეთოდოლოგიის შესაბამისად.

  • 20:42

    სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-მა“ ეგზიტპოლის შედეგები გამოაცხადა. შედეგების მიხედვით, რომელიც 4 საათის მონაცემებს მოიცავს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 40 % მიიღო. ასევე 40% მიიღო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.

    „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ 10 % მიიღო. 

    „ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი - 3%

    „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი - 2%

    „გირჩი" - ზურაბ ჯაფარიძე 2%

    ეგზიტპოლი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა. 

    „რუსთავი 2" ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემებს 22:00 საათზე გამოაქვეყნებს.

  • 19:41

    „ჩვენი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს უდიდესი შანსი აქვს პირველივე ტურში გამარჯვებისა, არჩევნების დასრულების მოახლოებისთანავე კი ნაციონალური მოძრაობის წევრები უფრო აქტიურდებიან და პროვოკაციული ფონის შექმნას ცდილობენ", - განაცხადა  ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

  • 18:53

    „ვაკის #50 უბანზე მისულ ამომრჩეველს აღენიშნებოდა მარკირება მთელ ხელზე. ახსნა, რომ მანდარინი მიირთვა. ამომრჩეველმა დაბრკოლების გარეშე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა", - ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. 

    ორგანიზაციის თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა;

  • 18:41

    „ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაციას და ასეც გავაგრძელებთ. ე.წ. მეგობრულ სიებზე „რუსთავი 2-ზე“ სიუჟეტი გავიდა, სადაც საუბარი იყო ამ სიებზე. პირადად ჩემი ინიციატივით, არსებობს დამატებითი რგოლი ჩვენთან, რომელიც ჩვენი მხარდამჭერების, მეგობრების მობილიზაციას უზრუნველყოფს. ჩვენ ეს პრაქტიკა გვაქვს და მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

    მდინარაძე: მოვუწოდებ „ოცნების“ აგიტატორებს, გააგრძელონ მუშაობა

    ქუთაისის ერთ-ერთ უბანზე ენმ-ის წარმომადგენლის თქმით, მან მოიპოვა ფურცლები, სადაც ჩამოწერილია სახელებისა და გვარების სია და გვერდზე მითითებულია სხვადასხვა თანხები. 

    მსგავსი არაერთი პოსტი გავრცელდა დღის განმავლობაში, სადაც ჩანს, რომ, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან, მათი თქმით, მათივე მხარდამჭერების მობილიზებით მიზნით სიებს აწარმოებენ.

  • 18:36

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 1 337 284 ამომრჩეველმა მიიღო. შესაბამისად, 5 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 38,16%-ია.

    ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში - 53,6%, ხოლო ყველაზე დაბალი, მარნეულში - 28,7%. 

    რაც შეეხება თბილისს, 17 საათისთვის აქტივობა 36,2%-ია.

    2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39,1% იყო.

  • 17:23

    „კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზუგდიდში ერთ-ერთი კომისიის წევრი ამავე უბნის ამომრჩეველი იყო და მან თავად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მათი ინფორმაციით, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია", - ამის შესახებ ცესკო-ის სპიკერმა ანა მიქელაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა.

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ზუგდიდში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს“, - ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.

    „#67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94-ე საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე, არ დაეწერა საჩივარი და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდეს ამ შემთხვევით და მიიღოს შესაბამისი ზომები. ჩვენ ვითხოვთ ამ ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას“, - განაცხადა გიგაურმა. 

  • 16:16

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელის თქმით, 3  საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 30,98%-ია.

    2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 32.1% იყო. 

  • 15:54

    ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაშვილის განცხადებით 15 საათის მონაცემებით, ქუთაისის ოლქში 43 308 ამომრჩეველმა მისცა ხმა რაც ამომრჩეველთა 27,7% ია. მისი თქმით, გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით 15 საათისთვის 7000- ით მეტმა ამომრჩევმა მისცა ხმა.ქუთაისის ოლქში (59) სულ დაწერილია 31 საჩივარი. მათგან 12 საიას ეკუთვნის, დანარჩენი პოლიტიკურ სუბიექტებს. მათ შორის ყველაზე მეტი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების საჩივრებია. ოსეფაშვილის განმარტებით ყველა საჩივარი პროცედურულ დარღვევებს ეხება.

  • 15:45

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს. 

    „ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, იმ კოორდინატორებს და ჩვენს აქტივისტებს, რომლებსაც ძალიან აკრიტიკებენ იმ ქმედებისთვის, რომ ისინი გარკვეულ აღრიცხვას აწარმოებენ. სინამდვილეში ეს ადამიანები ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას პარტიისათვის, რომ მათი მონაცემებით, მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია წინასწარი დასკვნები გავაკეთოთ. ამ და ყველა სხვა მონაცემებით, რომელიც პარტიაში შემოდის, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

    მისი თქმით, ხმების დათვლამდე კატეგორიულად და გადაჭრით არაფრის თქმა შეიძლება. მდინარაძემ ამომრჩევლებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

  • 15:43

    „ეს მომჭამეთ, აგერ" - შესაბამისი ჟესტიკულაციით, ამ სიტყვებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიას რწმუნებულმა ედემ კაკუტიამ მოქალაქეს მიმართა.

    გადაღების დროს კაკუტია ტყაიას 71-ე უბანზე იმყოფებოდა.

    „ტყაიაში არ გინდა შენ ცხოვრება, შე სულელო?!" - მიმართავს იგი მოქალაქეს, რომელიც ვიდეოს იღებს.

    „ოდიში ნიუსის" ინფორმაციით, კაკუტია ნასვამი მივიდა უბანზე და იგინებოდა. 

    Livepress-ის ინფორმაციით, კეკუტია ამბობს, რომ არავისთვის უგინებია, თუმცა „რაღაცები“ თქვა.

    „გარეთ ვიყავი ქუჩაში. რაღაცები ვთქვი. გინება არა. ვიღაც ქალბატონი მოვიდა, ქუხილავა, ბეიჯით ქუჩაში რომ ვიდექი. მერე შევყევი ჩემთვის საჭირო რომ არ იყო, იმ ადგილას. კარი გადავლახე, ის ეზო. არ უნდა შევსულიყავი. დედა არ მიგინებია“, - უთხრა მერის წარმომადგენელმა „ლაივპრესს“.

  • 15:30

    პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ავრცელებს ფოტოს, სადაც ამბროლაურის მერი, ზვიად მხეიძე ირაკლი კობახიძეს წერს და ითხოვს დამატებით თანხას სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა ამბროლაურში ჩასაყვანად.  

    „ლიბერალი“ დაუკავშირდა ზვიად მხეიძეს. მისი თქმით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და გავრცელებული ფოტო ყალბია. 

  • 15:28

    ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანია ეგზიტპოლის შედეგებს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია "ედისონ რისერჩი" ატარებს, 8 საათიდან 9-მდე პერიოდში გამოაცხადებს. მისი თქმით, 8-ზე გამოაცხადებენ 6 საათის მონაცემებს, ხოლო საბოლოო შედეგები 10 საათისთვის გამოცხადდება. 

    ნიკა გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომელ უბნებზე ითვლიან ხმებს ეგზიტპოლის წარმომადგენლები და მმართველი პარტია ცდილობს, ამ უბნებზე მობილიზებულად მიიყვანოს ამომრჩეველი. 

    "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უბნები, სადაც დგანან მთვლელები, იცის „ოცნებამ“ და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მიიყვანონ თავიანთი წარმომადგენლები და ხელი შეუშალონ ეგზიტპოლს. ჯერ ერთი, გაყალბებას სისტემა აგდებს თუ სპეციალურად იქნა მიყვანილი ხალხი. ამასთან კითხვას ვუსვამ ჟვანიას, ჩვენც კი არ ვიცით, რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები, და საიდან იცის „ქართულმა ოცნებამ“, სად მუშაობენ ეგზიტპოლების მთვლელები? ჩვენ არ მოგცემთ არც ეგზიტპოლების და არც არჩევნების გაყალბების ​უფლებას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

  • 14:36

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე მათ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ორგანიზაციის თქმით, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ  შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

    ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

    „#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს გარეთ გაყვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი” დამკვირვებელი, რომელმაც თანხა გადასცა მას. ეს პირი არ უარყოფს ფულის გადაცემის ფაქტს. 

    არჩევნების სავარაუდო გაყალბება

    #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დაინტერესდეს ამ შემთხვევით და მიიღოს შესაბამისი ზომები.     

    აგიტაციის წესების დარღვევა

    #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა, ანუ შემოხაზა სასურველი კანდიდატი.

    ერთი და იმავე უბანზე ერთი ორგანიზაციის რამდენიმე დამკვირვებელი

    #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ჩვენი დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ დიდი ხნის განმავლობაში არ აღმოფხვრა ეს პრობლემა.

    დამკვირვებლების არშეშვება საარჩევნო უბნებზე

    #41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე და #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #26 უბანზე გარკვეული დროის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარეები უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს. მცირე ხნის შემდეგ აღმოიფხვრა ეს პრობლემა.

    კომისიის წევრის მიერ ფუნქციათა გადასანაწილებელ წილისყრაზე უარის თქმა

    #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #100 უბანზე, #32 გორის საარჩევნო ოლქის #88 უბანზე, #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #7, 25, 89 უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე.

    რეგისტრატორის მიერ ბეჭდის არასწორი გამოყენება

    #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #32 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიულეტენებზე ბეჭედს უკუღმა არტყამდა, რაც შეიძლება ბიულეტების ბათილობის საფუძველი გახდეს", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

  • 14:28

    გამოცემა „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ჩოხატაურის #62 საარჩევნო უბნის მიმდებარედ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი აგიტაციები მიმდინარეობს. მოქალაქეებს აცვიათ ჟილეტები, რომელზეც „ქართული ოცნების“ ლოგო და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერია დატანილი.

    გამოცემის ცნობით, ისინი ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ხმა ღირსეულ კანდიდატს მისცენ.  

  • 14:26

    „ქართული ოცნების“ აგიტატორები კანონის ფარგლებში მოქმედებენ და მოვუწოდებ მათ, გააგრძელონ მუშაობა, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

    „ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს პარტიულ აქტივს, ჩვენს კოორდინატორებს აბსოლუტურად სრული უფლება აქვთ, იყვნენ საარჩევნო უბნების გარეთ. მათ შორის აქვთ აგიტაციის უფლება, თუმცა აგიტაციის ფაქტები არ ფიქსირდება. საუბარია იმაზე, რომ აღრიცხავენ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობას, რისი სრული უფლებაც გააჩნიათ. ჩვენი აგიტატორები, ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი პარტიული აქტივი მოქმედებს კანონის ფარგლებში, მისი სრული დაცვით და მოვუწოდებთ მათ გააგრძელონ მუშაობა“, - განაცხადა თქვა მდინარაძემ.  

  • 12:39

    „უამრავი საჩივარი და შენიშვნაა უკვე. ამის შესახებ შეგიძლიათ, დეტალურად მიმართოთ ჩვენს შტაბს. ძალიან გთხოვთ, მოგიწოდებთ ყველას, გადადეთ ყველა საქმე და მოდით არჩევნებზე, დღეს თქვენს და თქვენი შვილების მომავალს ირჩევთ. ჩვენ ვიცით, რომ ვიგებთ არჩევნებს. არ აქვს მნიშვნელობა, ჩატარდება თუ არა მეორე ტური - ჩვენ ვიმარჯვებთ, დამარცხება არ იქნება. ვნახოთ, რამდენი საჩივარი დაგროვდება, ძალიან მწვავე შეკითხვებზე მოუწევს მთავრობას პასუხების გაცემა", - აამბობს გრიგოლ ვაშაძე.  

  • 11:36

    "ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევნით რომელსაც უმრავლესობა გააკეთებს ჩვენ უარს ვიტყვით უკულტურობაზე, სიცრუეზე და ძალადობაზე.  მოვძებნით ჩვენს სწორ გზას. ეს იქნება ჩვენი ისტორიის პატივისცემა და საბოლოოდ ჩვენს დიდი ოჯახს ევროპას დავუბრუნდებით. " - განაცხადა ივანიშვილმა. 

  • 10:53

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელის თქმით, ათი საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 6.15%-ია. 

    არჩევანი უკვე ორასი ათასზე მეტმა ადამიანმა გააკეთა. 

  • 10:29

    "მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც არის ნაკარნახევი პასუხისმგებლობის გრძნობით საქართველოს მომავლის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და მნიშვნელოვანია რა არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა", - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ. 

  • 10:10

    „მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება. არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ შეირაღებული ძალების, რომელსაც აქვს საოცარი ისტორია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ. 

  • 09:58

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

    ის კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე საპატრიარქოს მოსაყდრე, მეუფე შიოსთან ერთად იმყოფებოდა.

    „ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო ბედნიერი იქნება. დალოცვილი იყავით", - განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ ილია მეორემ.

  • 09:55

    მამუკა მდინარაძე: ენმ-ის კვლევითი ორგანიზაცია ჩვენს პარტნიორს ეგზიტპოლის ჩატარებაში ხელს უშლის.

  • 09:51

    შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხმის მიცემის შემდეგ  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

    „მე პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ  მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. თითოეული პოლიციელი დღეს მზად არის იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი არჩევანი გააკეთონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე  მთავარი." 

მეტი