Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ვიტყვით: აქ იყო თბილისი" - ცირა ელისაშვილი

17 ოქტომბერი 2016

ფოტო: თაკო სონღულაშვილი

,,თბილისის რეაბილიტირებული არეალები - რესტავრაცია თუ რემონტი?” - ცირა ელისაშვილის ეს ლექცია თბილისის საკრებულოში 13 ოქტომბრის საღამოს გაიმართა. “ტფილისის ჰამქრის” წარმომადგენელმა, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილმა იმ რეაბილიტირებულ არეალებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო წლების - წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით კი განახლებული აღმაშენებლის გამზირის შესახებ - 2011 და 2016 წლებში განხორციელდა.

ავთენტურობის დაკარგვა, დაბალი ხარისხი, არქიტექტორ-რესტავრატორთა არაპროფესიონალიზმი, შემჭიდროვებული ვადები, ზედამხედველის არარსებობა - ეს ელისაშვილის აზრით, თბილისში სხვადასხვა დროს განხორციელებული რეაბილიტაციის უმთავრესი პრობლემებია.

“თბილისი უნდა ეძებო, თბილისი დეტალებშია, მაგრამ ჩვენ ამ დეტალებს ვკარგავთ” - გთავაზობთ ლექციის ვიდეო-ჩანაწერს და იმ ფოტოკოლაჟს, რომელიც პრეზენტაციისას ცირა ელისაშვილმა წარმოადგინა. ლექცია მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის პროექტის “ურბანული იდეების ლაბორატორიის” ფარგლებში ჩატარდა.

“რესტავრაცია არის ფაქიზი განახლება და ის უნდა განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის უკიდურესი აუცილებლობა არსებობს. ჩარევა, განსაკუთრებით კი, ახლით შეცვლა უნდა იყოს უკიდურესი აუცილებლობის შედეგი, მაშინ როდესაც სხვა გამოსავალი არ არის. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ ადგილზე გამაგრებას, კონსერვაციას და არა მის მთლიანად ახლით ჩანაცვლებას. ამ მეთოდს კი ძალიან ბევრჯერ მიმართეს კალაში, სიღნაღში, მცხეთაში. ჩვენ ავაშენეთ ახალი შენობები ახალი მასალით, რკინა-ბეტონით, ბლოკით, და ის ფასადი შემდეგ “დავაძველეთ” ქართული აგურის გამოყენებით. მაგრამ რეალურად ამ შენობებს ისტორიულ კონტექსტთან კავშირი აღარ აქვს, ესენი აღარაა ისტორიული შენობები, მიუხედავად იმისა, რომ ფასადი ჰგავს იმ შენობებს, რომლებიც აქ ოდესღაც იდგა”, - ამბობს ცირა ელისაშვილი. 

“30 მილიონი სავსებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ კარგი რესტავრაცია გაკეთებულიყო, მაგრამ ამის ზედამხედველობა უნდა განეხორციელებინა თბილისის განვითარების ფონდს, თუმცა ფონდში არ არის არცერთი პროფესიონალი, რომელიც ამას გააკეთებდა.

რაც შეეხება რეაბილიტაციის განმახორციელებელ არქიტექტორ-რესტავრატორებს, ჩვენ გვყავს კარგი სპეციალისტები, მაგრამ გვაქვს შესრულების პრობლემა და ეს შესრულების პრობლემა განპირობებულია პროფესიული რესურსის სიმცირით, და იმ მცირე ვადებით, რომლებსაც გვიდგენს ხელისუფლება. წინა რეაბილიტაცია ჩატარდა გიორგობიდან გიორგობამდე, 23 ნოემბერს გაიხსნა აღმაშენებლის გამზირის პირველი ნაწილი. თარიღიდან თარიღამდე რესტავრაცია არ კეთდება. ჩვენ მოვიკოჭლებთ კვლევით ნაწილშიც იმიტომ, რომ პროექტირება ორ და სამ თვეში არ ხდება, მას სჭირდება კვლევა და ეს კვლევაც არ არის სათანადო. 

მათ სარეაბილიტაციოდ დიდი არეალი ჰქონდათ აღებული. ვამბობდით, ვაფრთხილებდით ქალაქის ხელისუფლებას, რომ ამდენი პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორი არ გვყავს. ეს ნიშნავდა, რომ  გვექნებოდა ცუდი პროექტები. ასევე დიდი პრობლემაა ის სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ამას აკეთებენ, რომლებსაც ამ რეაბილიტაციამდე (ეს ეხება მცხეთის, მესტიის, სიღნაღის, თბილისის რეაბილიტაციას) ამის პროფესიული გამოცდილება არ ჰქონდათ. მათ ამ სამუშაოში მიიღეს ეს გამოცდილება. ასეთ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, შედეგი იქნება ადეკვატური. ის, რომ აღმაშენებლის 34-36 ნომრები, ასევე ბეთლემის უბანი, გომის ქუჩის 4 ნომერი ICOMOS-ის მიერ სანიმუშოდაა რესტავრირებული,ნიშნავს, რომ გვყავს კარგი პროფესიონალები, მაგრამ დავალების მოცულობა  არ შეესაბამება ამ პროფესიონალების რაოდენობას”.

"უკან მომავალში" - ინტერვიუ "ახალი ტფილისის" კონცეფციის ავტორებთან

"სამწუხაროდ, ისტორიული ქალაქის რეაბილიტაცია პოპულისტურ თემად აქცია ორივე ხელისუფლებამ და ამ პოპულიზმში დეტალებზე საუბარი ძალიან რთულია. ამ სიტუაციაში ძალიან ძნელია იმის მტკიცება, რატომ არ მოგვწონს ის, რაც გაკეთდა. დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, ჩვენ არ გვეძახიან, არ გვხედავენ, არ გვისმენენ.

კულტურული მემკვიდრეობა არ არის გემოვნების საკითხი - ის არის ფაქტი. თუ ვინმე გაივლის და იტყვის, რომ რესტავრირებული ნაგებობები ლამაზია, ესე იგი, იქ არ მომხდარა ის, რასაც რესტავრაცია ჰქვია. მაგრამ რთულია ამ ენაზე საუბარი, როდესაც ამდენი პრობლემაა - სოციალური, ადამიანის უფლებების, საარჩევნო -  ძნელია ვილაპარაკოთ ფასადებზე, ნალესობაზე, ხის ელემენტებზე.  რთულია ჩვენი მდგომარეობა საზოგადოებასთან მიმართებით, რადგან წამგებიან მდგომარეობაში ვართ.  ვართ უმცირესობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვალი დავხუჭოთ რაღაცებზე. საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისს უჭირს რეალურად, თბილისი დგას სახეცვლილების ძალიან დიდი რისკის მქონე გადაწყვეტილებების წინაშე. თბილისს ემუქრება ოდიოზური პროექტები და ეს ყველაფერი თუ ამ რეაბილიტირებული არეალების ფონზე განხორციელდება, ჩვენ ძალიან ხშირად გამოვიყენებთ ფრაზას: აქ იყო თბილისი".

"მე შემიძლია ფონდს დავუწერო მხოლოდ მინუსი - ისინი “აპიარებენ” იმას, რასაც ვუყურებთ და არ გვეუბნებიან იმას, როგორია რეალობა. მეშინია შემდეგი რეაბილიტაციების, იმიტომ, რომ უკვე ეხებიან ძალიან მნიშვნელოვან შენობებს. გადმოდიან მშრალ ხიდზე, სადაცაა სასტუმრო “ლონდონი”, ათონელის ქუჩა. არ ვიცი, იგეგმება თუ არა, მაგრამ თუ მოხდა ინტერვენცია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ჩუბინაშვილის ქუჩაზე და თუ ასეთი ტიპის შენობები ასეთი სახით გავარესტავრირეთ, ჩვენ დავკარგავთ ქალაქს - ეს იქნება გარდაუვალი", - ამბობს ცირა ელისაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

06 დეკემბერი
06 დეკემბერი

ვიდეო► 25 წელი საბავშვო ბაღში

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები 25 წელია ცხოვრობენ.  „ლიბერალი&ldq ...
13 ნოემბერი
13 ნოემბერი

ვიდეო ► ზუგდიდში არ გვაქვს კინოთეატრი - ...

► რა არის ზუგდიდის მთვარი გამოწვევა? რა აკლია ქალაქს? პასუხობს თუ არა მუნიციპალიტეტის ხარჯები ადგილობრივების საჭიროებებს ...
05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ვიდეო ► ზარუჰი ტბისპირა სოფლიდან

ზარუჰი 21 წლისაა, სოფელ სამებიდან. სამება ნინოწმინდაში, სომხეთის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, სო ...

მეტი

^