Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არქიტექტორი: სხვა ქვეყნის ლიდერებს ათონელის რეზიდენციაში ვერ მიიღებენ

16 ნოემბერი 2015

ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, იმის მიუხედავად სურს თუ არ სურს მას ეს“, -რამდენიმე დღის წინათ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მარგველაშვილის უარი „ცინიზმის ძალიან მაღალ დონედ“ შეაფასა. ამ თემის შესახებ ეს მისი პირველი განცხადება არ იყო და არც ივანიშვილია პირველი, ვინც ამ თემაზე საუბრობს. არის თუ არა გიორგი მარგველაშვილის ავლაბარში დარჩენა პრეზიდენტის გადასაწყვეტი; რა აუცილებელ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს ათონელის რეზიდენცია; და რა ელის თბილისის ქუჩებს, თუ პრეზიდენტი იქ გადაინაცვლებს, - „ლიბერალი“ თბილისის ყოფილ მთავარ არქიტექტორსა და ავლაბრის რეზიდენციის პროექტის ავტორ ირაკლი როსტომაშვილს ესაუბრა.  

- მე მაშინ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვიყავი და ჩემს მოვალეობაში იმ დავალებების შედგენა შედიოდა, თუ რა მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა პრეზიდენტის რეზიდენციას. ეს შეკითხვები მაშინ უშიშროების სამსახურს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურს გავუგზავნე. საპროექტო დავალებაში ყველა მიღებული პასუხი აისახა.

რა მოთხოვნები იყო გასათვალისწინებელი პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვის კუთხით? შესაძლებელი იქნება თუ არა ათონელის რეზიდენციაში მათი შესრულება?

საქმე მარტო იმას არ ეხება - რამდენად დაცულია ჩვენი პრეზიდენტი. შეიძლება, ჩვენი პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე გადავიდეს და იქ მას არავინ ერჩოდეს, მაგრამ, მაგალითად, ისრაელის პრეზიდენტი რომ ჩამოვა, იქ არ მივა. თავისივე დაცვა არ მიუშვებს მას იქ. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. თუმცა თუ ვამბობთ, რომ პრეზიდენტთან არავინ უნდა მივიდეს - მაშინ, კი ბატონო.

მაგალითად, ქველიძის [საქართველოს იმდროინდელი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი] მოთხოვნის თანახმად, ბრაუნინგის მსვილკალიბრიან ტყვიამფრქვევს 90-გრადუსიანი გასროლის შემთხვევაში რეზიდენციის ფანჯრის შუშა ვერ უნდა გაეხვრიტა. უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი მოთხოვნის მიხედვით, ფანჯრები ისე უნდა ჩასმულიყო, რომ შიგნით აფეთქების შემთხვევაში, ისინი გარეთ უნდა გამოვარდნილიყო. მაშინ გავიგე, რომ როცა შენობის შიგნითაა აფეთქება, მხოლოდ ნამსხვრევები არ იწვევს მსხვერპლს. 1000-ჯერ იზრდება წნევა, ფილტვებს ხეთქავს და ეს ხდება მსხვერპლის მიზეზი. ამიტომ ფანჯრების ჩარჩოები ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ აფეთქების დროს გარეთ გამოვარდნილიყო და წნევა განემუხტა. ასეთი ტყვიაგამძლე შუშები აფეთქების დროსაც არ იმსხვრევა, შენობაში კი ყველა კვდება.

თქვენ ახსენეთ ისრაელის პრეზიდენტი, რომ ათონელის რეზიდენციაში მას საკუთარი დაცვა არ მიუშვებს. უცხოური დელეგაციების მიღებისას პროტოკოლით გათვალისწინებული რა კრიტერიუმები არსებობს, რასაც ათონელის ადმინისტრაცია ვერ დააკმაყოფილებს?

რამდენ კაცზე უნდა იყოს ლანჩის დარბაზი, ბრიფინგების დარბაზი. სხვა ქვეყნის პრეზიდენტი რომ მოდის, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი შემაღლებულ ადგილას უნდა დახვდეს. ლიმუზინიდან გადმოსულ სხვა ქვეყნის პრეზიდენტს უნდა დახვდეს დაგებული ხალიჩა. საქართველოს პრეზიდენტი ორი საფეხურით ქვევით უნდა ჩავიდეს და შეეგებოს. პარლამენტს ეს ინფრასტრუქტურა არ უვარგა, რადგან იქ დამხვედრს პირიქით, ზევით უწევს ასვლა. ეს მოთხოვნები მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ, დოკუმენტს ხელს ზურაბიშვილი აწერდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ათონელის რეზიდენციაში რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი დაცვა არ მიუშვებს. გარშემო მოსახლეობა ცხოვრობს, დაბადების დღეებზე, პანაშვიდებზე ხალხი გროვდება. წარმოგიდგენიათ, რომ ყველა ეს ადამიანი,  ვინც გარშემო იმოძრავებს, უნდა შეამოწმონ. მთელ ათონელის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე ტოტალური კონტროლი უნდა იყოს და მანქანა არ უნდა გაჩერდეს.

მაგალითად, როცა იქ ამერიკის საელჩო მდებარეობდა  (მე მაშინ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგებელი ვიყავი) უსაფრთხოების მიზნით კედელი ააშენეს. სად ქვეყნის პრეზიდენტი და სად ელჩი. წარმოიდგინეთ, რომ ჩამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი, გამორიცხულია; იქ ვერ მიიყვანენ ვერც ისრაელის პრეზიდენტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. მათ ასეთი მოთხოვნები აქვთ.

ბატონო ირაკლი, თქვენ ახსენეთ ადამიანების ტოტალური შემოწმება, რომ მანქანებს ათონელზე ვეღარ გააჩერებენ.  

კი ბატონო. უსაფრთხოების გარეშეც არსებობს პარკირებების მოთხოვნა. ხომ იგივე იქნება ათონელზე? შესაბამისად სულ დაიკეტება და ყოფილი კოლმეურნეობის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ვერავინ მივა. თუ მოთხოვნები არ შეიცვალა, ასეა. მოსახლეობისთვის უნდა იყოს განსაზღვრული საცხოვრებელი ზონა. რადიუსის მიხედვით, ყველა მოსახლე დაკვირვების ქვეშ ექცევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენი პრეზიდენტის მოთხოვნას. ეს ეხება იმ პრეზიდენტების მოთხოვნებს, რომლებიც აქ ჩამოდიან.

განხილვის საგანია ისიც, რომ  ავლაბარში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა ზედმეტად მასშტაბურია პრეზიდენტისთვის, ედავებიან  შენობის შესანახი  ხარჯების გამოც.

როცა საპროექტო დოკუმენტაცია მზადდებოდა, ავლაბრის რეზიდენციას პრეზიდენტის სასახლე არ ერქვა. მაშინ ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის აშენება იგეგმებოდა. მერე მე წამოვედი.  

წარმოიდგინეთ, სტუმრად ჩამოდიან ორგანიზაციები, რომელთა საზეიმო დახვედრასაც სჭირდება საპატიო ყარაული. ამისთვის აუცილებელი მოთხოვნა, ე.წ. პლაცი, რომელზეც ყარაული დგება, აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც. გამოდის, რომ, თუ ერთად იქნებოდნენ, ერთი პლაცი ეყოფოდათ. იგივე შეიძლება ითქვას ლანჩის და ჟურნალისტებთან შესახვედრი ბრიფინგების დარბაზებზეც. იმის ნაცვლად, რომ ის ცალ-ცალკე ჰქონოდათ, ყველას ერთი აკმაყოფილებდა. მე თბილისის მთავარი არქიტექტორი ვიყავი და ვიცი, თბილისის ქუჩების განტვირთვისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა უწყებების ერთ შენობაში გაერთიანება. თბილისის ტრანსპორტის განტვირთვა მარტო ესტაკადებით ვერ მოხდება. საცობები ძირითადად არის ცენტრში და ერთ-ერთი გამოსავალი ამის დივერსიფიცირება, ანუ გადატანაა. ავლაბარში რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის გადატანა საგრძნობლად გაათავისუფლებდა ცენტრს, თუნდაც იმით, რომ დელეგაციები აეროპორტიდან ბარათაშვილის ხიდამდე არ ჩავიდოდნენ. ავლაბრის რეზიდენცია ძალიან მოკლე მანძილზე იყო.

მარტო პრეზიდენტისთვის რეზიდენცია შეიძლება დიდი ფართია, მაგრამ გადაიტანონ საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაათავისუფლონ ჩიტაძის ქუჩა, ყოველთვის საცობი რომაა. სხვებიც გაასხვისონ ეკონომიკის სამინისტროს შენობასავით და ავლაბრის რეზიდენციაში შეიყვანონ. თუ მაინცდამაინც არ სურთ პრეზიდენტთან ლაპარაკი, ნუ დაელაპარაკებიან. ხომ არსებობენ ასეთი მეზობლებიც.

რა მიზეზით თქვით უარი ავლაბრის რეზიდენციის ავტორობაზე?

უარი იმიტომ ვთქვი, რომ საბოლოოდ ისე არ გაკეთდა, როგორც მე ვაპირებდი. გუმბათი დაადგეს, დააშენეს რაღაცები. ახლა ეგ შენობა, სიმართლე გითხრათ, არ მომწონს. განსაკუთრებით არ მომწონს, მიშა სააკაშვილის გემოვნებით გარშემო მიშენებული რაღაცები. იმ ფერდობს მასშტაბი აბსოლუტურად დაუკარგეს. მანდ ხომ იყო ძველი თბილისური აივნებიანი სახლები - კიჩი, მაგრამ იყო. მიშას ჰქონდა ახირება, გადახრილი შენობები მოსწონდა. რეზიდენციას მესტიის აეროპორტისა და ჩაქვის საბაჟოს მსგავსი რაღაც მიაშენეს, რომელიც  კატასტროფაა. ადგილი კი ქვეყნის პირველი პირისთვის სწორად არის შერჩეული. თავის ქება გამომდის, მაგრამ საუბარია ადგილზე, სადაც საქართველოს დროშა ფრიალებს.

გამოდის, ავლაბრის რეზიდენციის ადგილი თქვენი შერჩეულია...

როცა ადგილს ვირჩევდით, ერთ-ერთი ვარიანტი იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობა, რომელზეც მე უარი ვთქვი, რადგან ეს, ჩემი აზრით, ცუდი ნაბიჯი იქნებოდა. კიდევ ერთი ვარიანტი იყო მე-9 საავადმყოფოს ტერიტორია, რომელიც იყო ძალიან კარგი, გაშლილი სივრცე, მაგრამ ევაკუაციის გეგმის თვალსაზრისით ჰქონდა მინუსებიც. ბოლოს სააკაშვილს 1836 წელს აშენებული ეს გაის შენობა შევთავაზე, რომელიც ტიპური ყაზარმა იყო. 80-იანი წლების დასაწყისში გაუკეთდა რეკონსტრუქცია და მიაშენეს რკინის კოლონები. მაშინ მიშა ამბობდა, პირდაპირ გავარემონტოთო. 100 000 ჯდებოდა, მაგრამ შენობას საძირკველი არ ჰქონდა, პირდაპირ ყორეზე იყო აშენებული და ამიტომ დავანგრიეთ. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ რეზიდენციისთვის სწორი ადგილია შერჩეული.

რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, რომ პრეზიდენტს რეზიდენცია იძულებით დაატოვებინონ?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^