Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა სურს 59%-ს?

21 დეკემბერი 2015

პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილებების შემცირებამდეც საქართველოში ხელისუფლების შეცვლისას გადამწყვეტი მოვლენა საპრეზიდენტო არჩევნები არასდროს ყოფილა. 2003 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მოჰყვა „ვარდების რევოლუცია“, ისევე, როგორც 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქვეყანაში ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გზით პირველად შეიცვალა. განსაკუთრებულია 1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნების როლი. დღემდე საპრეზიდენტო არჩევნები გამარჯვებული გუნდისთვის საპარლამენტო არჩევნების, ან მისგან გამოწვეული წარმატების ზეიმს წარმოადგენდა.  სულ რამდენიმე დღეში  დადგება 2016 წელი, რომელიც საქართველოსთვის საპარლამენტო არჩევნების წელი იქნება.

ოქტომბერში ახალ, მე-9 მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ, თუმცა ამომრჩევლის უმრავლესობას გადაწყვეტილი არ აქვს, ვინ არის მისთვის სასურველი პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ნდობას გამოუცხადებს. კვლევები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ისე ვეღარ აღაფრთოვანებს ასიათასობით ამომრჩეველს, როგორც წინა საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ამომრჩევლისთვის არც სხვა სასურველი პარტია გამოკვეთილა.

NDI-ს კვლევის (რომლის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს) თანახმად, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემთ ხმას, გამოკითხულთა 59% აცხადებს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვისზე გააკეთებს არჩევანს. 11% პასუხობს - არ ვიცი; 3% - უარი პასუხზე; 28%-ს გადაწყვეტილი აქვს.

კიდევ ერთ შეკითხვაზე - ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, 31% პასუხობს: არ ვიცი; 10% -არც ერთ პარტიას; 11% - უარი პასუხზე; 15% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 14% - „ქართული ოცნება“; 5% - ირაკლი ალასანია - „თავისუფალი დემოკრატები (7%-სთვის იგი მეორე არჩევანს წარმოადგენს); 5% - „პატრიოტთა ალიანსი“ (მეორე არჩევანი - 3%); 4% „ლეიბორისტული პარტია“; 3% - ნინო ბურჯანაძე - „გაერთიანებული ოპოზიცია“; 2% - სხვა.

რით აიხსენება ის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-4 წლის დაწყებამდე ამომრჩეველთა უმრავლესობამ არ იცის, ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს?

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, საქართველოში დღესდღეობით იმ ტიპის ავტორიტარული გარემო არ არსებობს, რომ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს,  პოლიტიკური პრეფერენციების გამხელის თვალსაზრისით, წინაღობები შეექმნას. მისი თქმით, 2011-2012 წლებში ოპოზიციის ბევრი ამომრჩეველი თავის პოლიტიკურ არჩევანს სწორედ შიშის გამო არ ამხელდა.

კაჭკაჭიშვილმა `ლიბერალთან~ საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს კვლევის შედეგებს სხვა ფაქტორები განაპირობებს; გადამწყვეტი ისაა, რომ ბევრი ადამიანი არსებულ პოლიტიკურ კლასს საკმარისად ეფექტიანად არ აღიქვამს საიმისოდ, რომ ქვეყანაში პრობლემების გადაჭრა მას დაუკავშიროს. ამიტომ ამომრჩეველი არ არის ჩამოყალიბებული.

როგორც სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ „ლიბერალს“ უთხრა, შეუძლებელია, ზუსტად აიხსნას ის, რომ მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს გადაწყვეტილი, რომელი პარტიის სასარგებლოდ აძლევენ ხმას.

ჯგერენაიას აზრით, ის ადამიანები, რომლებიც პასუხს არ იძლევიან, ან გაურკვევლობაში არიან, მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან. შეიძლება, მათ თავისთვის გარკვეული არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი არ არის.

ემზარ ჯგერენაიას თქმით, ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის პოლიტიკური სიმპათია უცნობია, ამომრჩევლის ინდიფერენტულობას ან არჩევნებზე მათ პასიურობას არ ნიშნავს, პირიქით, არჩევნებზე ამომრჩეველი იაქტიურებს.

პარტნიორობა „საქართველოს ბავშვების“ თავმჯდომარე, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ანდრო დადიანი  „ლიბერალთან“ საუბრისას მოქალაქეების მიერ ჯერ არგაკეთებულ არჩევანს ამომრჩევლის ფრუსტრაციით ხნის, რომელიც პირველ ყოვლისა დაპირებებისა და მოლოდინის შეუსრულებლობით არის გამოწვეული. მეორე მხრივ, ანდრო დადიანის აზრით, ზოგადად სამყაროში ვითარება დაბნეულობას განაპირობებს.

როგორც დადიანი ამბობს, საქართველოში პოლიტიკური ფრონტი სუსტად არის დაყოფილი - ერთი მიმართულება დასავლეთია, მეორე ნაწილი თითქოს ძველ მეზობლებს ემხრობა. მისი აზრით, ამომრჩეველს წარსულში დაბრუნება არ უნდა, მაგრამ დასავლეთისგან ნაბიჯებს ვერ ხედავს. „მას არ სჯერა, რომ ევროპასთან ინტეგრაცია მათ ცხოვრებაში მატერიალიზდება, შესაბამისად, ფრუსტრაცია და დაბნეულობა ამით არის გამოწვეული“, - ამბობს დადიანი.

რას მოითხოვს ამომრჩეველი პოლიტიკური კლასისგან

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე, რომელიც „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ფონდი პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებებისგან თავს იკავებს, პირად მოსაზრებებს გვაცნობს.

ვაშაკიძის აზრით, იმ ამომრჩევლის რაოდენობა, რომელსაც გადაწყვეტილება არ მიუღია, იმიტომ არის გაზრდილი, რომ ისინი მედიით, ძირითადად, ტელევიზიით ხედავენ პოლიტიკურ პაექრობას, რომელიც არ შეეხება, მოსახლეობის აზრით, ყველაზე პრობლემატურ საკითხებს. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად მოსახლეობა პირველ სამეულში ყოველთვის ასახელებს დასაქმებასა და სიღარიბეს.

„ვერ ვხედავ, რომ ამ საკითხებზე მნიშვნელოვანი დებატები მიმდინარეობს. არჩევნების წინ, როდესაც პროგრამას წარმოადგენენ, იგი იმდენად ბუნდოვანია, რომ ძნელია, ამომრჩეველმა გაიგოს, რას უნდა ელოდოს. წინა არჩევნების დროს სიღარიბის პრობლემის დასაძლევად ორივე პარტია ამომრჩეველს ზუსტად ერთნაირ პროგრამას სთავაზობდა“, - ამბობს ვაშაკიძე. მისივე თქმით, ბოლო დროს, ძირითადად, დებატები ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორიც სიტყვის თავისუფლებაა, მაგრამ ეს მაინც არ არის ის ძირითადი საკითხი, რომელსაც მოსახლეობა ასახელებს.

„ამასთან, ადამიანებს უნდათ დაინახონ, რომ საკითხებზე მუშაობს გუნდი, რომელსაც მისი მოგვარების უნარი აქვს“, - ამბობს ვაშაკიძე. მისი თქმით, ის, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, არ ნიშნავს, რომ ისინი ნიჰილისტურად არიან განწყობილები, არამედ ელოდებიან, რას შესთავაზებს ხელისუფლება ან ოპოზიცია, თუმცა ორივე მათგანის მიმართ ნდობის ფაქტორი ძალიან დაბალია.

„ერთმაც და მეორემაც დანაპირები ვერ შეასრულა“, - თქვა ვაშაკიძემ.

იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, ძირითადი აქცენტები, რასაც ამომრჩეველი ყურადღებას მიაქცევს, კვლავ სოციალური პრობლემების გადაწყვეტაა. როგორც კაჭკაჭიშვილი ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე წარმატებულად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა განახორციელა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქვეყანაში მთავარ პრობლემად რჩება უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების ზრდა.

„რასაკვირველია, ის პოლიტიკური პარტია მიიმხრობს ამომრჩეველთა დიდ ნაწილს, ვინც ამ პრობლემების ეფექტიან მოგვარებაზე გააკეთებს აქცენტს. არ მგონია, რომ დემოკრატიის, ან უმცირესობების უფლებების დაცვის სლოგანი პოლიტიკურად წარმატებული იყოს. ახალი გზავნილების ღირებულება, გარდა სოციალურ დაცვაზე მიმართულისა, არ არსებობს“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი.

ანდრო დადიანის აზრით, ისინი, ვინც დღეს პოლიტიკურ სარბიელზე არიან, ამომრჩეველს თავისი ღირებულებების შესაბამის ცხოვრებას, ან მომავალს ვერ სთავაზობენ, ან ვერ არწმუნებენ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ.

პოლიტიკური პარტიები შესაძლოა, ამომრჩევლის ინტერესს ასახავდნენ კიდეც, უბრალოდ, არ არის ნდობა, რომ ეს რიტორიკა საქმედ იქცევა, - როგორც დადიანი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველს ყოველდღიურ ცხოვრებაში გაუმჯობესების ხილვა სურს, ერთი მხრივ, შეიძლება, მათი ნდობით არ სარგებლობდეს ის, ვინც მტკივნეულ, მაგრამ რეალურ ნაბიჯებს სთავაზობს,  რადგან მთელი პრობლემა წარმოიქმნა იქიდან, რომ მათი მმართველობის დროს არაფერი გაკეთებულა, პირიქით საპირისპირო ნაბიჯები გადაიდგა. მეორე მხრივ, დადიანის თქმით, ის, ვინც ნდობის მანდატი მიიღო, საქმეში ძალიან მოიკოჭლებს: „ვერაფერს შვრებიან, ან არ ჰყოფნით ავტორიტეტი, ან ავანტურიზმი იმისათვის, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღონ. რეალურად, ნდობის ნაკლებობაა და ამას თავისი საფუძვლები აქვს“.

„პარტიზანმა მებაღემ” ნატა ფერაძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ გულდასმით აკვირდება, მაგრამ ვერ აირჩია ფავორიტი, ვისაც საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება, ხმა მისცეს.

„თითქმის ყველა პარტიასთან, ასე თუ ისე, შეხება მქონია. ვცდილობდი, დავკვირვებოდი და არც ერთმა მათგანმა ნდობა არ დაიმსახურა“, - აღნიშნავს ნატა ფერაძე და თავის განწყობას გვიზიარებს, - „იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველაზე მთავარია, მოქალაქეები აქტიურები დავრჩეთ და ვინმეს გადაყენებაზე კი არ ვიზრუნოთ, არამედ ვიზრუნოთ, რომ მთავრობამ, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს, შეასრულოს ის, რასაც გვპირდებოდა“.

ფერაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში პარტიების არასანდოობა მოქალაქეების პასიურობითაა გამოწვეული: „რადგან არჩევნებზე ხმას მივცემთ, შემდეგ მათ ყველაფრის უფლებას ვაძლევთ“. როგორც ფერაძე აღნიშნავს, მოქალაქეებმა თუნდაც დანაპირების შესრულება მეტად რომ მოითხოვონ, პარტიებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა მოუწევთ.

ნატა ფერაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვერც ერთ სანდო პარტიას ვერ ხედავს. „ბევრი ვიფიქრე და დიდი ალბათობით არჩევნებზე მივალ და ყველას გადავხაზავ“, - ამბობს ფერაძე, - „სხვა არჩევანის შემთხვევაში, ვაიდა ის პარტია გავიდეს, რომელიც სხვაზე მეტად მომწონს, ესეც დანაშაული იქნება. „ქართული ოცნების“ არჩევა ზუსტად ამის ნიმუშს გვაძლევს. ჩემს ნაცნობებს შორის „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არც ერთს არ მიუცია იმიტომ, რომ იგი მოსწონდა, არამედ იმის გამო აირჩიეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეზიზღებოდათ. ზიზღის წყალობით მოსული მთავრობა კი რასაც აკეთებს, ახლაც ვხედავთ“.

თუ მოქალაქეები უფრო აქტიურები იქნებიან და ამით ხელისუფლებაში მოსული პარტიების პასუხისმგებლობას გაზრდიან, ნატა ფერაძე იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი არჩევნებისთვის მაინც ვიღაცისთვის ხმის მიცემა იქნება შესაძლებელი.

ნატა ფერაძის აზრით, პარტია, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ ველზე შემოსვლას დააპირებს, ევროპასთან ინტეგრაციაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე უნდა იყოს ორიენტირებული და ამ პარტიაში მაქსიმალურად უნდა იყვნენ განათლებული და პასუხისმგებლიანი ადამიანები, ვინც პარტიული მიკუთვნებულობის გამო პოზიციას არ შეიცვლის.

„პერსონალიებს დიდ ყურადღებას ვაქცევ, პარტიას ერთ მთლიანობად არ აღვიქვამ. კონკრეტული ადამიანები, ვისაც ძალაუფლებას ჩავაბარებთ, მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ“, - აცხადებს ნატა ფერაძე.

როგორი ტიპის პარტიას აქვს იმ ამომრჩევლის მიმხრობის შესაძლებლობა, რომელსაც დღეს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება

ანდრო დადიანის აზრით, მოქმედი პოლიტიკური პარტიების მიმართ ფრუსტრაციის მიუხედავად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საქართველოში ფსევდოპატრიოტულ მოტივებსა და პოპულისტურ განცხადებებზე დამყარებული ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს, რომელიც ამომრჩეველთა ხმების დიდი ნაწილის მობილიზებას შეძლებს.

„პოპულიზმი, ე.წ. პატრიოტიზმი და ექსტრემიზმი დიდი ხანია გაისმის საქართველოში, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, ხმა ვის მისცეს. საბოლოო ჯამში ამომრჩეველს რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და ასეთ დროს ადამიანი ორი ბოროტებიდან ნაკლებად ბოროტის არჩევას ცდილობს“, - ამბობს დადიანი.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში პოლიტიკური სივრცე გაჯერებული არ არის ისეთი საინიციატივო ჯგუფებით, პარტიებით, რომლებიც წარსულის დანაშაულით არ არიან დამძიმებულები, ამავე დროს საღი აზრი აქვთ და რეალურად მონდომებულები არიან, ადამიანების ცხოვრებაში რაღაც შეცვალონ.

დადიანის აზრით, დიდი საჭიროებაა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ნამდვილად ღირებულებების მქონე ადამიანები გამოდიოდნენ.

არის თუ არა ქართულ საზოგადოებაში რესურსი, რომ ისეთი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს, რომელსაც ღირებულებების გარდა, ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად პოლიტიკური კაპიტალიც ექნება, ანდრო დადიანი პასუხობს:

„არ მჯერა, რომ ამ არჩევნებისთვის, ან უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში ასეთი ძალის ჩამოყალიბება შესაძლებელია. პოლიტიკურ კაპიტალსა და გამოცდილებაში გვიჭირს. ამავე დროს, ამომრჩეველი დახუნძლულია სტერეოტიპებით. ამასაც NDI-ს კვლევა აჩვენებს. რაღაც გამონათებას, გარღვევას არ ველი“.

ქეთევან ვაშაკიძის აზრით, ბევრ პოლიტიკურ ძალას შეუძლია ისარგებლოს დღევანდელი რეალობით, როგორც კარგი, ასევე ცუდი გაგებით - თუ ორი ძალა საკითხების გადაჭრის გზებს ვერ სთავაზობს, მესამე ძალა უნდა გაჩნდეს, ან სხვა პარტიებიდან რომელიმემ შესთავაზოს მისაღები ხედვა.

მისი თქმით, ახალ ძალას, გამოჩენის შემთხვევაში, პოლიტიკური ნდობის მოსახვეჭად არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო აქვს. „არ მგონია, რომ მას იმხელა ფინანსური და პოლიტიკური რესურსი ჰქონდეს, თუნდაც თემებზე სასაუბროდ, რომ დღეს არსებული ძალები გადაწონოს“, - ამბობს ქეთევან ვაშაკიძე.

ვაშაკიძე საუბრობს ასევე ძალებზე, რომლებიც თავს პატრიოტულ გაერთიანებას უწოდებენ, თუმცა მათი ხმა არც ისმის და თვითონაც არ იციან, რა არის მათი გზავნილი, ეს გამოკითხვებიდან და არჩევნების შედეგებიდან ჩანს.

მისივე თქმით, კოალიციიდან გამოყოფილ „თავისუფალ დემოკრატებს“ შეიძლება, ჰქონდეს შანსი, რომ მესამე ძალად წარმოჩინდეს, იმიტომ, რომ მათ პოლიტიკური გამოცდილებაც აქვთ; წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჟამად ორი პარტიის გარდა, სხვებსაც ექნებათ ბარიერის გადალახვის საშუალება, მაგრამ ყველა სუსტია იმ ფინანსურ რესურსთან შედარებით, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს.

ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას აწყობს, „შუა გაიკრიფოს“, რადგან ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თავის მხარეს გადაიბიროს, ან მათი დისკრედიტაცია მოახდინოს.

ქეთევან ვაშაკიძის თქმით, არჩევნებამდე ჯერ კიდევ ორი წლით ადრე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია ხდება და დარტყმაა მათზე, რომლებიც ნეიტრალური პოზიციიდან საუბრობენ და გადაწყვეტილებებს აფასებენ; შემდეგ დარტყმის ქვეშ პოლიტიკური ძალა ექცევა - „ჯერ იშორებ იმას, ვინც ნეიტრალურია და შეიძლება, რომ კრიტიკული აზრი ჰქონდეს, შემდეგ კი იმას, ვინც შენი მოწინააღმდეგეა“.

ვაშაკიძის შეფასებით, კვლევის შედეგების მიუხედავად, სახელისუფლებო კოალიციას არჩევნებში გასამარჯვებლად საკმარისი ხმების მიზიდვის საშუალება აქვს.

„თუ მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდა, არჩევნების დღეს ის ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია, უფრო მეტ ხმას იღებს“, - ამბობს ვაშაკიძე, - „მეორე საკითხია, რომ, როგორც 2012 წელს იყო, შეიძლება, ამ განწყობების მანიპულირება მოხდეს. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა განწყობების მანიპულირებაზე თამაშობს და არა პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებზე“.

როგორც კაჭკაჭიშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, ის, ვისაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩეველია, რომელთა თვალშიც კოალიციის პოლიტიკური ღირებულება გაუფასურდა.

„ქართული ოცნების“ რეიტინგი საკმაოდ დაცემულია, სხვადასხვა კვლევა განსხვავებულ მონაცემს აჩვენებს“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი. ამასთან, მისივე თქმით, „ოცნების“ მხარდამჭერების კლება, ჯერჯერობით, რომელიმე პარტიის პოზიტივად არ ქცეულა.

თუ შევხედავთ მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, როგორც კაჭკაჭიშვილი ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნების“ ფრუსტრირებულ მხარდამჭერთა ნაკადი არ შემატებია. სოციოლოგი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი იგივეა, რაც ერთი ან ორი წლის წინათ იყო. „შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული ამომრჩეველი ჰყავს. მას „ქართული ოცნების“ მიმართ იმედგაცრუებული ამომრჩევლის ხარჯზე მხარდამჭერები არ ემატება“, - მიიჩნევს კაჭკაჭიშვილი.

იაგო კაჭკაჭიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ პარტიად „თავისუფალ დემოკრატებს“ ასახელებს“: „ამ პარტიის რეიტინგი, პოლიტიკური წონა იზრდება, მაგრამ, ჯერჯერობით, სრულფასოვანი მესამე პოლიტიკური ძალის ადგილის დაკავება ვერ მოახერხა, თუმცა ამის პოტენციალი აქვს. „თავისუფალი დემოკრატების“ რეიტინგი ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად იზრდება“.

კაჭკაჭიშვილი ახალი პოლიტიკური ძალების შესაძლებლობებსაც განიხილავს. როგორც ამბობს, არ სჯერა, რომ „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ პოლიტიკურ წარმატებას მიაღწევს.

„მიუხედავად იმისა, რომ მისი წევრები  „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნენ, ისინი მაინც მათ შენაკადად მიიჩნევიან, თან გამიჯვნა მათ შორის მკვეთრი დაპირისპირების ფონზე არ მომხდარა. არ მგონია, რომ „გირჩი“ „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა იყოს, რომელსაც ადამიანები მხარს დაუჭერენ. არ მგონია, რომ „გირჩი“ გაძლიერდეს“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი.

კაჭკაჭიშვილი პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის შესაძლო ჩართვის საკითხზე საუბრისას ოპერის ცნობილი მომღერლის პოტენციალზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ სოციოლოგი დარწმუნებული არ არის, რომ ეს რესურსი ბურჭულაძეს აღნიშნული ამომრჩევლის დიდი ნიშის დასაკავებლად ეყოფა.

„არ მახსოვს, რომ ხელოვანს, რომელიც საქართველოში პოლიტიკაში წასულა,  სერიოზული წარმატება ჰქონოდა. ის კაპიტალი, რომელიც პაატა ბურჭულაძეს, როგორც ხელოვანს აქვს, არ მგონია, პოლიტიკურ კაპიტალში იმავე დოზით კონვერტირდეს“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი, - „თუმცა ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს“.

კაჭკაჭიშვილის თქმით, ერთადერთია ნინო ბურჯანაძის პარტია, რომელიც დასავლეთის საპირწონედ რუსეთთან პრინციპულ დაახლოებას მოითხოვს. „ვხედავთ, რომ ბურჯანაძის პარტიის რეიტინგი არ იზრდება. მას შეიძლება, ბარიერის გადალახვის თვალსაზრისითაც პრობლემები შეექმნას. იგი რაიმე პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის“, - თქვა სოციოლოგმა.

გამარჯვების შანსის მქონე პარტიების შესახებ საუბრისას, სოციოლოგი ვარაუდობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 50%-ზე მეტის მიმხრობას ვერც ერთი სუბიექტი ვერ მოახერხებს.

„კვლევების მონაცემები მკარნახობს, რომ მომავალ არჩევნებში ნაკლებად მოსალოდნელია, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობა მოიპოვოს, თუნდაც მაჟორიტარების ხარჯზე“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი.

მისი აზრით, მომავალი ხელისუფლება კოალიციური იქნება. კაჭკაჭიშვილის თქმით, მომავალი პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი, უფრო ჭრელი იქნება და კოალიციებზე ზრუნვა დაიწყება პარლამენტში შესვლის შემდეგ და არა მანამდე.

„ეს დემოკრატიის თვალსაზრისით კარგია, მაგრამ ეფექტიანი მართვისთვის შეიძლება, ცუდი აღმოჩნდეს, თუმცა კიდევ უფრო მეტი სიჭრელე, ვიდრე დღეს გვაქვს, სულ მცირე ავტორიტარული მმართველობის პრევენციას მოახდენს“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი.

სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას თქმით, როდესაც პრობლემების რაოდენობა ძალიან დიდია და განსაკუთრებით მწვავეა ეკონომიკური პრობლემები, კლასიკური მოდელია, რომ ადამიანები რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს აძლევენ ხმას. თუმცა იგი საქართველოში ამომრჩეველთა განწყობას სხვანაირად აფასებს.

„საქართველოს საარჩევნო ლოგიკას თუ დავაკვირდებით, დიდი პოლიტიკური დაძაბულობა უნდა შეიქმნას, რომ ამომრჩეველი აქტიური იყოს. ჩემი დაკვირვებით, მძიმე ეკონომიკური პირობები რადიკალური პოლიტიკური პარტიებისადმი მხარდაჭერას არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რადიკალური ხმა ისმის, ბევრი ადამიანი რადიკალურად მეტყველებს და ბევრი პოლიტიკური პარტია შეიძლება რადიკალურ იდეებს გამოთქვამდეს, ამომრჩეველი მაინც ფრთხილად ეკიდება ასეთი ადამიანების მხარდაჭერას“, - ამბობს ჯგერენაია.

ჯგერენაიას ვარაუდით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დღევანდელ ფონზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რომელიმე პოლიტიკური მოთამაშე გამოჩნდეს. მისი თქმით, ჯერჯერობით, ორი ძლიერი ძალა არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საკმაოდ პრობლემური ერთობაა, მესამე ძალის სახით ალტერნატივის გაჩენას ისიც არ დაუშვებს.

„აქ სხვა ფაქტორებიც არის - ფარული პედაგოგიკა, შეიძლება, ბიძინა ივანიშვილმა ახალი ძალების ძიება და „ოცნების“ ჩანაცვლება დაიწყოს,  ეს შესაძლებელი მგონია, მაგრამ, პრობლემური ამბავია, როგორ და რამდენ ხანში მოხერხდება“, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.  

P.S. სტატია ჟურნალ „ლიბერალის" დეკემბერ-იანვრის ნომერში გამოქვეყნდა. NDI-მ დღეს ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ხმას, ვის მისცემს. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^