„ოდეერის ინსტიტუტი ქვეყანაში არსებობს და მე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, რომ ასეთი სისტემა არსებობს. მე ეს სისტემა დამხვდა, შემდეგ მოხდა საკადრო ჩანაცვლება. დადგა დრო, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ამ სისტემიდან“, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ 8 მარტს, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. (იხ. ვიდეო)
სტუდენტების შეკითხვაზე, არის თუ არა ივა კავსაძე ოდეერი, ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ არის.
- „არის თუ არა კავსაძე ოდეერი? კი ან არა?", - ჰკითხეს პაპავას სტუდენტებმა.
- „რას ცვლის ეს კი ან არა, კი, მერე რა?!", - განაცხადა ლადო პაპავამ.
უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის არსებობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ თსუ-ის სტუდენტა ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელით გაავრცელა.
„უნივერსიტეტში ჩანერგილი უშიშროების თანამშრომელი ივა კავსაძე გიორგი გაფრინდაშვილის (თსუ-ის კანცლერობის კანდიდატი) ჯგუფელი და მეგობარია. უნივერსიტეტის მაღალი თანამდებობის პირები დაშინებულები არიან და მხოლოდ პირად საუბრებში ამბობენ, რომ ივა კავსაძე 2012 წელს დაკავებული იქნა საბაჟოზე გლობალTV-ის აპარატურის შემოტანისას, როცა მან აპარატურა გამიზნულად დააზიანა. ამის შემდეგ ის თსუ-ში აღმოჩნდა „ოდეერად". ეს ყველაფერი კამერების წინაშე კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დაადასტურა უნივერსიტეტის რექტორმა", - წერს კუპრაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სუს-ის თანამშრომელი არ არის წარმოდგენილი. ასევე, მათი თქმით, ივა კავსაძეც არაა სუს-ის თანამშრომელი.