Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრძოლის ახალი ჰორიზონტი

21 აპრილი 2016

მოხარულნი ვართ, რომ თათული ჭუბაბრიამ გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება ტყიბულისა და ქსნის გაფიცვების შესახებ და გააანალიზა მემარცხენა აქტივისტთა გარკვეული ვერსიები.

ამ წერილმა გამოხმაურებისაკენ გვიბიძგა, რითაც, ჩვენი აზრით, საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების გარშემო წარმართულ დისკუსიებს კიდევ უფრო გავამდიდრებთ.

ჩვენი აზრით, ჭუბაბრიას ცენტრალური არგუმენტები ეყრდნობა დაშვებათა სერიებს, რომელთაც, სამწუხაროდ, მტკიცებულებები ზურგს მაინცდამაინც არ უმაგრებენ. ჭუბაბრია ამტკიცებს:

ა) რაც უფრო მძიმეა ეკონომიკური მდგომარეობა, მით უფრო სავარაუდოა, რომ პროტესტი რადიკალური ქმედებებით წარიმართება და  “ფანჯრების ჩალეწვისა” და “შენობების დაკავების” ფორმას მიიღებს;

ბ) მემარცხენე აქტივისტები მუშებით მანიპულირებენ;

გ) “მემარცხენეებმა” უკვე არსებული სტრუქტურების შიგნით უნდა იმოქმედონ და ფორმის ცვლილების ნაცვლად შინაარსის ცვლილებაზე იზრუნონ;

დ) ზოგიერთი “მემარცხენე” მუშათა რომანტიზებას ახდენს და პოლიტიკურ და ეკონომიკურ მონაპოვართა წინ ინდივიდუალურ ჰეროიზმს წამოწევს.

ითქვა, რომ ტყიბული უფრო კარგი პრეცენდენტი იყო (იმიტომ, რომ პოლიტიზირდა), ვიდრე ქსანი. მაგრამ ბრძოლის წნეხმა ხომ კერძო ადამიანებისა და მათი ოჯახების ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე გადაიარა?!”

ჭუბაბრიას ქსნისა და ტყიბულის მაგალითები მოაქვს და გვიხსნის, რომ მემარცხენე აქტივისტები  მეორეთი უფრო მოიხიბლნენ, ვიდრე პირველით.

ტყიბულში მეშახტეები სოციალურად გაცილებით უფრო მოწყვლად პოზიციაში არიან, ვიდრე ქსნელები; წლების განმავლობაში პერიფერიული მდებარეობის გამო ტყიბულელები უფრო უხმონი და, შედეგად, უფრო სუსტი აგენტობის მატარებლებიც არიან, ვიდრე ქსნის მინის ქარხნის მუშები”.

ავტორის მიხედვით, ტყიბულელი მუშები უფრო ჩაგრულნი არიან, ვიდრე ქსნელი მშრომელები.

ჩვენ ვერ შევძელით, გამოგვერკვია კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ჭუბაბრია ერთგან დასაქმებულ მუშას მეორეგან დასაქმებულზე შეძლებულად აფასებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს შეფასება მუშებთან ურთიერთობისა და გაფიცვაში თანამონაწილეობის ნაკლებობით აიხსნება. როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ რაიმე შინაარსის მატარებელი მტკიცება, როდესაც საქართველოში მინიმალური ხელფასი არ არსებობს. უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ საშუალო ხელფასი 300 ლარია. არ არსებობს ქმედითუნარიანი შრომის ინსპექცია და მოსახლეობის სრული უმრავლესობა უზომო ვალებშია. საერთოდ, რამდენად შეიძლება ითქვას ჩვენს კონტექსტში, რომ ერთი მუშა მეორეზე უკეთეს მდგომარეობაშია.

რეალურად, ავტორი “გარეშე პირთა” მემარჯვენე კრიტიკაში ვარდება. ცხადია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სუბიექტურობის კონკრეტულ ფორმებში, სივრცულ კონტექსტებსა და სოციალურ სივრცეებში ვართ გამოკეტილი.

ეს იმასაც გულისხმობს, რომ ტყიბულის მუშათა გაფიცვა ჩვენი მდგომარეობისგან მთლიანად განცალკევებულია. გაფიცვას - გამარჯვებისა თუ დამარცხების მიუხედავად - თბილისში ჩვენთვის შედეგები ვერ ჩამოაქვს. მაშასადამე, ავტორი “მუშის”, ‘სტუდენტის” “მემარცხენის”, “ცენტრისა” და “პერიფერიის” კატეგორიებს ეყრდნობა  და ამ კატეგორიებით სწორედ იმიტომ ოპერირებს, რომ „გარეშე პირებისგან“ წამოსულ “მანიპულაციაზე” საუბარი სურს. ამ სიტყვას იგი მინიმუმ ორჯერ ხმარობს და მის სიმძიმეს შემდეგის თქმით ამსუბუქებს: დღევანდელ საქართველოშიც შესაძლებელია, რომ ტექნოკრატიულობით განპირობებული დეპოლიტიზებული ბრძოლები დაიძლიოს არა მუშის დასუსტებული აგენტობითა და ჩაგრული სუბიექტურობით, უხეშად რომ ვთქვათ მანიპულირებით, არამედ საკითხთა (ინდივიდუალურ მუშათა შემთხვევების) რეპოლიტიზების გზით”.

მაგრამ ამ ეტაპზე პროცესის სხვა ტერმინებში გამოსახვა არ შეუძლია, რაც გვიბიძგებს, დავასკვნათ, რომ, პროცესს, დიახაც, მანიპულაციად მიიჩნევს.

გადარჩენისა და განვითარებისთვის მებრძოლი ჩვენი პატარა ქვეყნის გამანადგურებელი სინამდვილე, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ინდუსტრიულ ზონებზეა დამოკიდებული, არა მხოლოდ ტყიბულელ მუშებს, არამედ ყველა ჩვენგანს აწუხებს. მუშების ერთ ზონაში დამარცხება სხვაგან მომუშავე მშრომელების მოლაპარაკების პოზიციებსაც ასუსტებს.

საპასუხოდ, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენს თავს “ცენტრად”, ხოლო მათ “პერიფერიად” არ წარმოვსახავთ. ჩვენ არც “გარეშე პირები ვართ”, არც “შინაურები”. ჩვენ მუშებს ისე ვეპყრობით, როგორც “ცენტრში” მოღვაწე ნებისმიერ თვითგაცხადებულ ინტელიგენციას ან “მემარცხენეს”. ჩვენ რეალურ პოლიტიკურ დისკუსიებს ”თბილისელი აქტივისტებისთვის” არ ვინახავთ. ნაცვლად ამისა, ჩვენს პოლიტიკურ იდეებს, ტაქტიკასა და სტრატეგიას ყველასთან განვიხილავთ, ვინც ექსპლუატაციას ებრძვის - ჩვენ მუშებს “ამხანაგებს” ვუწოდებთ. ჩვენი მიზანი ჩაგრულთა და ექსპლუატირებულთა გაძლიერება (და ეს, შახტებში მომუშავე მუშებთან ერთად, ჩვენც მოგვიაზრებს), საფრთხეების თავიდან არიდება და კრიტიკისა და თვითკრიტიკის მიმართ ღიაობაა. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ემანსიპაციისა და სამართლიანი საზოგადოების დამკვიდრებისთვის ყველა საშუალება აუცილებელია.

სოლიდარობა მშრომელთა მხარდამხარ ბრძოლას, ტაქტიკისა და კოლექტიური წინააღმდეგობის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული, მათთვის  სასარგებლო, ნებისმიერი, წიგნებიდან დასწავლილი თუ გამოცდილებებით დაგროვებული ცოდნის  გაზიარებას ნიშნავს. ჩვენ არ ვეთანხმებით მათ, ვინც ისე იქცევა, თითქოს პატერნალისტურ ცენტრს წარმოადგენს, ან მშრომელთა შესახებ პრივატული მსჯელობისას მათ თანასწორად აღიარებას არიდებს თავს, ანდა თვლის, რომ მათ ბრძოლაში არ უნდა ჩავერიოთ, რადგან ის “ჩვენი” ბრძოლა არ გახლავთ. ასეთი მოსაზრება მხოლოდ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ემსახურება.

სოლიდარობა ცოდნისა და წინააღმდეგობის მეთოდების გაზიარებას გულისხმობს. ჩვენ კარგად ვიცით კაპიტალიზმის ლოგიკისა და მოგების აკუმულაციის შესახებ. არ არსებობს მხოლოდ ერთი გაფიცვა, მხოლოდ ერთი უსამართლობა ან მხოლოდ ერთი ადგილი (თუნდაც რამდენიმე).

მუშებსა და ბოსებს განსხვავებული, ურთიერთშეუთავსებელი ინტერესები აქვთ და ამიტომაც უპირისპირდებიან ერთმანეთს ფარულ თუ ღია კონფლიქტებში, ბიზნესების გულშემატკივარი მთავრობის პირობებში, მთავრობისა, რომელიც მათ სუბსიდიებს სთავაზობს, ექსპლუატაციას ამართლებს და კანონებს მათ სასარგებლოდ იღებს. ვინ დგას მშრომელთა გვერდით? ჩვენ, “გარეშე პირები”.

ჭუბაბრია ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში, “გარეშე პირებს” სხვა ინტერესები აქვთ და მშრომელებს “ცენტრიდან” ადვილად იყენებენ. ეს ყველაფერი მუშათა სუბიექტურობის შესახებ ელიტისტურ წარმოდგენებს აძლიერებს:

“რადიკალიზმი ინდივიდუალურ მუშებს შორის კი სანუკვარი არ შეიძლება იყოს. ის მხოლოდ ჩაგრულობის უფრო მაღალი ხარისხის არსებობას ამტკიცებს და არა სუბიექტის ძლიერ აგენტობას, გასწიოს წინააღმდეგობა. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაც მეტ კარს შელეწავს და ფანჯარას ჩაამტვრევს ჩაგრულთა ჯგუფი, პოლიტიკურად ეს მისი ჩაგრულობის მაღალ ხარისხზე უფრო მეტად მიუთითებს, ვიდრე მის პოლიტიკურ სიძლიერეზე”.

მსჯელობის ეს ნაკადი იმ ფაქტის შეუმჩნევლად გრძელდება, რომ ადმინისტრაციის შენობის ოკუპირებას მუშები რეალურად, დღეების განმავლობაში გეგმავდნენ. სწორედ ამიტომ შენობიდან არაფერი მოუპარავთ, არაფერი დაულეწავთ და ქუთაისიდან პოლიციის მოსვლის შემდგომ შენობა დაუყოვნებლივ დატოვეს. ყველანი ვაცნობიერებდით, რომ ამ ჟესტით ოკუპაციის შესაძლებლობის დამტკიცება გვსურდა და არა იმის, რომ შენობაში დასარჩენად პოლიციასთან უნდა გვებრძოლა. ეს აქტი რეალურად პოლიტიკურად გამოცდილი სვლა გახლდათ, რომლის მიზანი მეტი გაშუქება და ადმინისტრაციაზე ზეწოლის გაძლიერება იყო და არა სასოწარკვეთილ მუშათა ერთადერთი გამოსავალი. ნაცვლად უაგენტობისა, გაფიცულები თავს პირიქით, აჟიტირებულად და გაძლიერებულად გრძნობდნენ. ერთ-ერთმა მეშახტემ მეორე დღეს გვითხრა: “თავს ძალიან მხნედ ვგრძნობ, ამან ბრძოლას მხოლოდ კარგი მოუტანა”. იმან, რომ ბოსები ხელშეუხებელნი არ არიან, მშრომელებს თავდაჯერებულობა შემატა. ადმინისტრაციები ხომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშების მიმართ სისტემატურ უპატივცემულობას ავლენენ და “გაუნათლებელ მასებად” მოიაზრებენ. ისინი თავიანთ აღმატებულობასა და დასაქმებულთა ჩამორჩენილობას მუშებთან საუბარსა და მოპყრობაში ავლენენ - ეს ტენდენცია ტყიბულსა და ქსანში ჩვენმა აქტივისტებმაც შენიშნეს დამსაქმებელ-დასაქმებულის საუბრებში. სწორედ ამიტომ უნდა განიმტკიცონ მუშებმა თავიანთი ძალები იქ, სადაც მათი ბოსები თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ - შენობებსა და ოფისებში. მუშა, რომელიც ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა, გარეთ გამოსვლის შემდეგ სხვა ადამიანი იყო. ეს გამოცდილება ჩვენი შესაძლებლობებისთვის ტრანსფორმაციული გამოდგა. რეალურად, პროცესმა აჩვენა, რომ ამ გამოცდილებამ “ცენტრიდან” ჩამოსულებიც იმავე წარმატებით შეცვალა - იმდენად,  რომ ძალიან მალე მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი დაიკავეს. “ცენტრიც” უნდა გათავისუფლდეს და აქ მეშახტეებმა შთამაგონებელი მაგალითი გვიჩვენეს.

აქციათა წარმატების ერთადერთ მტკიცებულებად მუშათა პირადი გადმოცემები (რომლებიც უხვად იყო) არ უნდა მივიჩნიოთ. ამ მოვლენებმა მუშებს ენერგია შეჰმატეს - მომდევნო დღეს ხალხის რაოდენობა გაიზარდა, თბილისიდან მეტი ადამიანი ჩამოვიდა, მედია-გაშუქება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ოკუპაციის მომდევნო დღეს მოლაპარაკება ხელფასების 0%-იანი ზრდის დაპირებიდან 5%-იანი ზრდის გარშემო წარიმართა. “ჯი აი ჯი გრუპის” ფინანსური დირექტორი აქციამდე გამართულ მოლაპარაკებაზე აცხადებდა, “ხელფასებს ასე უბრალოდ ვერ გავზრდით, სამყარო ასე არაა მოწყობილი”. ჩვენ მას ვაჩვენეთ, როგორაა მოწყობილი სამყარო.

პროტესტმა, ოკუპაციამ და გაფიცვამ მუშათა მდგომარეობის სისუსტე კი არა, მათი სიძლიერე, ორგანიზაციული უნარები და პოლიტიკური გამჭრიახობა გამოააშკარავა. რეალურად, მშრომელთა სისუსტე მთავრობის აგენტებთან და ბოსებთან, მოლაპარაკების მაგიდაზე, გამომჟღავნდა. ყოველთვის, როდესაც კოლექტიურ მოლაპარაკებებზე მიდიოდნენ, ისინი კარგად აცნობიერებდნენ, რომ მთავრობა ადმინისტრაციის მხარეს დაიჭერდა. დაბოლოს, ბოსები ფინანსური ანგარიშების გასაჯაროვებაზე უარს აცხადებდნენ. კოლექტიური მოლაპარაკების გამოცდილების არქონისა და „ჯი აი ჯი გრუპის“ ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის სიმწირის გამო, გაფიცვის კომიტეტი მთავრობისა და ბოსების მხრიდან მანიპულაციის მცდელობის ობიექტად იქცა.

ამრიგად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მშრომელთა მოწყვლადობა ქუჩის აქციებმა კი არა, კონფლიქტის აღსაკვეთად გამოყოფილმა “ცივილიზებულთა და კანონიერთა სამმხრივმა კომისიამ” აჩვენა. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ მუშები მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრობის მხრიდან ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, უბერკეტოდ და უინფორმაციოდ დასხდნენ.

ბოლო ეტაპი მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარ მუშებზე მეტყველებს: მთავრობასთან, GIG-თან და პროფკავშირებთან მოსალაპარაკებლად გაფიცვის კომიტეტის 15 წევრი წავიდა. როგორც ჩანს, GIG-ის, პროფკავშირებისა და მთავრობის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, ხოლო ინტერესთა ამ ბლოკმა კომიტეტზე ზეწოლა და “მიღწევადის” საკუთარი ვერსიის გატანა კოორდინირებულად შეძლო. კომპანიის ფინანსური საქმიანობის, მთავრობისა და პროფკავშირების ინტერესებისა და სტრატეგიის არმცოდნე, გაფიცვის გამოცდილების არმქონე მუშებს ასე კარგად ორგანიზებულ ძალებზე გამარჯვება ნამდვილად გაუჭირდებოდათ.

ტყიბულის მეშახტეთა გაფიცვის კომიტეტი პასუხს მუშებზე აგებდა. ამ მამაცმა მეშახტეებმა - დიახ, მათ ჰეროიზმს ტაში უნდა დავუკრათ! - თანამებრძოლთა დახმარების პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე აიღეს. GIG-მ და მთავრობის ომბუდსმენმა თავიანთი მდგომარეობა გაიაზრეს და ეს პასუხისმგებლობა მშრომელთა წინააღმდეგ მიმართეს: “ხვდებით მაინც, რამდენი ადამიანის სიცოცხლეა თქვენს ხელში? შახტები მთლიანად შეიძლება დაიხურონ და სამსახურს ყველა დაკარგავს!” მაშასადამე, რისი გაკეთება შეეძლო კომიტეტს?  მას შეეძლო, იმის კეთება გაეგრძელებინა, რასაც აქამდე აკეთებდა და ყველაფერი მუშებისთვის გადაეცა, მუშებისთვის, რომლებიც კომიტეტის გადაწყვეტილებას გარეთ ელოდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც ისეთი მოხდა, რამაც მათ ამ დაცდილი და წარმატებული მეთოდის ხელახლა გამოყენების საშუალება აღარ მისცა.

სხვადასხვა უბნებზე ინდივიდუალური შეხვედრებისა და მოსყიდვების მეშვეობით კომპანიამ შეძლო გაფიცვის კომიტეტის მუშებისგან ჩამოშორება. მუშები შემოთავაზებებზე არ თანხმდებოდნენ, მაგრამ კითხვები მაინც უჩნდებოდათ და შახტის წინ ხმამაღლა საუბარს არ ერიდებოდნენ. კომიტეტის წევრებს მუდმივად ჩარევა და უფრო და უფრო გაღიზიანებული მუშების დამშვიდება უწევდათ - ამას წარმატებით ახერხებდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში ამან გაფიცვის კომიტეტის წევრებში ეჭვები გააძლიერა, ეჭვები იმის შესახებ, რომ მუშები ენერგიას კარგავდნენ. ამას გარდა, ზოგიერთ მეშახტეს სამუშაოზე შეპარვა რომ ეცადა, კომიტეტს მათთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდებოდა, რაც იმ დროს ნამდვილად არ შედიოდა მათ ინტერესებში.

ამრიგად, შეხვედრისას კომიტეტს გაცილებით ნაკლები რწმენა ჰქონდა შერჩენილი მათი და სხვა მუშების შესაძლებლობებში, მუშებისა, რომელთაც კომპანია ექსპლუატაციას უწევს. მათ არ ჰქონდათ წვდომა GIG-ის ფინანსურ ქაღალდებზე. არც მთავრობისა და პროფკავშირების ინტერესები გახლდნენ მარტივად ინტერპრეტირებადნი. მათ რჩევა მიიღეს, რომ შეთანხმების მიუღებლობის შემთხვევაში, გაფიცულები მაინც დაუბრუნდებოდნენ შახტებს და ისინი ყველა ბერკეტს დაკარგავდნენ. ასე რომ, ამ პიროებში, მაქსიმალური ცოდნითა და საუკეთესო განზრახვებით მოტივირებული, მაგრამ სუსტი პოზიციების მქონე გაფიცვის კომიტეტი შეთანხმების პირობებს დათანხმდა. ეს ზოგს გაუხარდა, ზოგს კი - ეწყინა.

ისიც უნდა ითქვას, რომ “ქართული ოცნება” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაფიცვის თავიანთი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდნენ. “ქართული ოცნების” წევრები ჭორებს ავრცელებდნენ, რომ გაფიცვებში “ნაციონალური მოძრაობა” იყო ჩართული. ამრიგად, მათ გაფიცვის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება სურდათ. ასეთ პირობებში, როდესაც ორივე პარტია მუდმივად მოძრაობათა კოოპტაციას ცდილობს, ავტონომიური მუშათა მოძრაობა თითქმის შეუძლებელი ხდება.

მაგრამ მუშათა გაფიცვა, ყველაფრის მიუხედავად, სრულიად ავტონომიური იყო და ასეთივე დარჩა. ეს დიდ წარმატებად უნდა შევაფასოთ - მათ ხომ პარტიის მიერ დამუშავებული “სოციალური” მოძრაობების ტრადიციის რღვევას დაუდეს საფუძველი და საქართველოში ავტონომიური მუშათა კლასის პრეცედენტი შექმნეს. ეს მათ აგენტობასა და ძალას აჩვენებს.

ტყიბულელების ბრძოლა არ დაწყებულა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის თუ პოლიტიკური ძალის მიერ, მათ შორის, არც პროფკავშირების მიერ. ეს ბრძოლა ამოიზარდა პატიოსანი მშრომელი ხალხის შუაგულიდან, მონური პირობებიდან განთავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრების იმედის საფუძველზე. ეს ხალხის მოძრაობაა და ჩვენ არავის მივცემთ ამ პროცესების გამოყენების უფლებას პარტიული მანიპულაციებისათვის”. (ამონარიდი გაფიცვის კომიტეტის განცხადებიდან).

კლასობრივი ბრძოლის ამ ეტაპზე უამრავი ლიმიტი არსებობს. ის ხომ ჯერ ახლა იდგამს ფეხს. კომიტეტმა ამ ლიმიტთაგან ბევრი დაძლია და აქამდე მოსვლაც მათი დამსახურებაა, მაგრამ გამოუცდელობისა და GIG-ის ფინანსური საქმიანობის შესახებ ზუსტი ცოდნის უქონლობის გამო კედელთან მიმწყვდეული აღმოჩნდა.

მაგრამ რა მოუვიდათ ტყიბულელ მუშებს მას შემდეგ, რაც გაფიცვა დასრულდა? რასაკვირველია, ქსანში გაფიცულებმა რომ საოფისე ფართი მოიპოვეს, შესანიშნავია. ეს მონაპოვარი - ხელფასის 7.5%-ით გაზრდისა და კოლექტიური შეთანხმების პროცესის დაძვრის დაპირებასთან ერთად, რომელსაც მუშები “ცივილიზებული გზით” უკვე სამი წელია ითხოვენ - გაფიცვის ნამდვილი, ხელშესახები შედეგია. ხელშესახები შედეგები გაცილებით ადვილი შესაფასებელია, ვიდრე ხელშეუხებელი მონაპოვრები, ისეთები, როგორიც, მუშის ცნობიერების გაზრდაა. ტყიბულელმა მუშებმა ხელფასის 10%-იანი ზრდა და თავიანთი ოჯახებისთვის გადასახადებზე 10%-იანი შეღავათები მიიღეს, მაგრამ ცნობიერების თვალსაზრისით გაცილებით მეტი მოიგეს.

მაგალითისთვის, ისინი თბილისში ჩამოვიდნენ და თავიანთ გამოცდილებებზე ალაპარაკდნენ. მათ შემოგვთავაზეს ერთ, არსებულ, მაგრამ ამ ეტაპზე უფუნქციო პროფკავშირში გაერთიანება, რომელსაც, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის საბჭოთი ჩანაცვლების მეშვეობით, შიგნიდან შეცვლიდნენ. მათ გააცნობიერეს, რომ ფორმა და შინაარსი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ეს იდეა კი გაფიცვის რეალურ გარემოებებში დაიბადა. კომიტეტის დახმარებით მუშები წარმატებით გაუძღვნენ გაფიცვას და აუცილებელი გამოცდილებები და თავდაჯერებულობა მოიპოვეს. ეს არ მოხდებოდა, მათი გამოცდილებები ლოკალური პროფკავშირებისა და მისი იერარქიული სტრუქტურების მიერ რომ ყოფილიყვნენ დასაზღვრული.

უხილავი მონაპოვრის კიდევ ერთი მაგალითი ის გახლავთ, რომ ერთ-ერთი მუშა უნივერსიტეტის ოკუპაციისას სტუდენტებთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად ჩამოვიდა და, ნაცვლად რამდენიმე საათისა აქ ორი დღე-ღამე გაატარა. მან გაიაზრა, რომ მჩაგვრელი სტრუქტურები არა მხოლოდ შახტში, არამედ უნივერსიტეტშიც არიან; რომ უნივერსიტეტი უპასუხისმგებლო ხელძღვანელობის მქონე კომპანიის მსგავსად ფუნქციონირებდა; რომ სტუდენტები ხმაწარმთმეულნი არიან.

მისი ანალიზი ჩვენი ანალიზია. ჩვენ გამოცდილებებით, კვლევითა და ძიებით, ეს ყველაფერი ერთმანეთს დავუკავშირეთ. ამ ლოკალური გამოცდილების უნივერსალურობის შესახებ ჩვენ კარგად ვიცით და სწორედ ამიტომ ვურთიერთობთ მუშებისა  და სტუდენტების ბრძოლებთან ლოკალური თუ გლობალური მასშტაბით.

ჩვენი ანალიზის მიხედვით გაფიცვა ხდომილება არ არის. ის განგრძობადი ხდომილებაა. გაფიცვები გამოცდილებას, უნარებს, თავდაჯერებას გვმატებენ, “გვავარჯიშებენ” და მომავალი ბრძოლებისთვის გაკვეთილებს გვიტარებენ, ბრძოლებისთვის, რომლებიც აუცილებლად იქნება.

ისეთ კლასიფიკაციებს, როგორებიც “კანონიერი” და “უკანონო” გაფიცვებია, ჩვენ არ ვცნობთ. ეს ბოსების ენაა. ყველა გაფიცვა ლეგიტიმურია -  წერტილი. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი თანამედროვე და ისტორიული მოძრაობების შესწავლა. მუშათა კლასის მოძრაობებს ოკუპაციებისა და გაფიცვების გრძელი ისტორია აქვს და ისინი უმეტესწილად არაკანონიერი, “მისაღები” და “მიუღებელი” პროტესტის მიღმა არსებული შემთხვევებია. მათ, და მათი გამარჯვებით, ჩვენც ცხოვრების რეალურ გაუმჯობესებას მივაღწიეთ. უნდა ვისწავლოთ, რომ ყველაზე ვრცელი მოძრაობები და ყველაზე რადიკალური მოქმედებები ეკონომიკურად და სოციალურად ყველაზე გაჭირვებულთაგან კი არ მოდის, არამედ იმ ზონებიდან, რომელთაც ბრძოლისა და წინააღმდეგობის მეთოდების გაზიარების ვრცელი ისტორია აქვთ. რადიკალური ქმედება ექსკლუზიურად ეკონომიკურად ყველაზე ჩაგრულთა იარაღი კი არა, ერთ-ერთი ტაქტიკაა უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველი არსენალიდან. რეალურად, გააზრებული რადიკალური ქმედებები აგენტობისა და ძლიერების ნიშანია.

როგორც ვლადიმერ ჯღარკავამ, ტყიბულელმა მუშამ, აქ, თბილისში განაცხადა რაც დასამხვრევია, ჩარჩოებია თუ რაც არის, უნდა დავამსხვრიოთ, სხვა გზა არა გვაქვს”. ჩვენ ფორმისა და შინაარსის ცვლილება გვჭირდება და ეს ტექნოკრატიულ ჩარჩოში ვერ მოხერხდება. საკითხების რეპოლიტიზირებისთვის პოლიტიზებული სუბიექტები და პოლიტიზებული მოვლენები გვჭირდება.

ჭუბაბრიას სტატია მუშების მიერ ბრძოლის ახალი ფორმების შემუშავების მცდელობაში გამოკვეთილი პროგრესიდან უკან გადადგმულ ნაბიჯად მოსჩანს. ამ ფორმებს იგი “სასოწარკვეთილების აქტებად” კითხულობს. წინსვლის ნაცვლად ავტორი არსებული, გაბანკროტებული სტრუქტურების რომანტიზაციას ახდენს.
 

სოფო ჯაფარიძე, გიგა ბრეგვაძე - "თვითორგანიზების ქსელი"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^