Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

►ინტერვიუ "კაბელების საქმეზე" - ბრალდების საფუძვლები და დაცვის მხარის კონტრარგუმენტები

11 მაისი 2016
ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის დაკავებიდან წელიწადნახევარზე მეტი გავიდა (2015 წლის 19 ივნისს ისინი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს). დღეს მათ სასამართლოში დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. თუმცა უცნობია, როდის გამოიტანს მოსამართლე განაჩენს. მათმა დაკავებამ საზოგადოების ნაწილს საქმის პოლიტიკური სარჩულის შესახებ ეჭვები გაუჩინა. ჯდება თუ არა "კაბელების საქმე" სამართლებრივ ჩარჩოში, რას ეყრდნობა ბრალდება და როგორია ამაზე დაცვის მხარის საპასუხო არგუმენტი - ამას "ლიბერალთან" საუბრისას ბრალდებულთა ერთ-ერთი ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აფასებს.

როდესაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა მათთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. როგორ შეაფასებთ წელიწადსა და 7 თვეში, 2014 წლის შემოდგომიდან დღევანდელ სხდომამდე მიმდინარე პროცესებს? რამდენად ჯდება ეს საქმე სამართლებრივ ჩარჩოებში?

პოლიტიკა და სამართალი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ, თუმცა ხშირად ხდება ამ ორი ცნების გადახლართვა. მაგრამ მე, როგორც ადვოკატი, პოლიტიკურ შეფასებებს მოვერიდები და წმინდა სამართლებრივი კუთხით შემოვიფარგლები.

დღევანდელი გადასახედიდან მე ვხედავ, რომ ეს ძალიან ნაჩქარევად ნაწარმოები საქმეა. ბუნებრივია, მის სასწრაფო რეჟიმში კეთებას, თავისი მიზეზები ექნებოდა. სიჩქარე ყოველთვის იწვევს შეცდომებს და ისინი სახეზეა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. სრულიად აშკარაა ბრალდების მხარის მიერ დაშვებული უხეში შეცდომები.

საბოლოო ჯამში ამ ბრალდების ნაწილი - გაფლანგვა განზრახ დანაშაულია, რომელიც აუცილებლად ანგარებით უნდა იყოს ჩადენილი. როცა ჯგუფს წინასწარ შეთანხმებულ დანაშაულში ედება ბრალი, როგორც ეს ამ შემთხვევაშია, მაშინ დადგენილი უნდა იყოს, როდის შეიქმნა ეს ჯგუფი, ვის რა ფუნქცია ეკისრებოდა და ასევე დადგენილი უნდა იყოს, რატომ უნდა სდომოდათ ამ ადამიანებს „სილქნეტის“ წარმომადგენლებისთვის უპირატესობის მინიჭება. გაფლანგვის მაკვალიფიცირებელი კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ ეს თანხა, რომელიც გაფლანგულად ითვლება, ამ ადამიანების მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში უნდა არსებობდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს გაფლანგვა.

არცერთი ეს გარემოება დღეს სახეზე არ გვაქვს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ვარაუდი. ჩვენ საქმეში გვიდევს „სასამართლოს მეგობრის“ დასკვნაც. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ბრალდების მხარე საპირისპიროს საერთოდ არ ამტკიცებს. რა იყო ანგარების მიზანი, ამაზე ბრალდების მხარე სდუმს. ზოგადად ამბობენ, რომ ბრალდებულებს უნდოდათ, „სილქნეტის“ წარმომადგენლების  უპირობო კეთილგანწყობის მოპოვება. როგორც ჩანს, ეს რაღაც ახალი ტერმინი გაჩნდა სისხლის სამართალში. მაგრამ ვის უნდოდა ამის მოპოვება, რომელი წარმომადგენლების მხრიდან, ან რაში გამოიხატებოდა ეს უპირობო კეთილგანწყობა, ამაზე საუბარი არაა.

დღევანდელ დასკვნით პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით წიფურიას თქმით, როცა პროკურატურამ მის ანგარიშში ჩაიხედა, ვალების მეტი ვერაფერი დაინახა ვერც საბანკო ანგარიშებში და ვერც ქონებრივ მონაცემებში. ყველაფერ ამაზე ბრალდების მხარეს უნდა ეფიქრა.

ეს არ იყო ის პროექტი, სადაც დაფარულად მოხდებოდა ყველაფერი. ვიღაც მოლაპარაკებოდა კომპანიას და ჩუმად გადაურიცხავდა თანხებს. ეს იყო მთავრობის დონეზე გადაწყვეტილი ამბავი. ამაში ჩართული იყო თავდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო. ფინანსთა სამინისტრომ ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე გაიტანა. ის ვალდებული იყო, პროექტიც გაეტანა სხდომაზე. შემდეგ განიხილეს, მოიწონეს და ედავებიან ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ ფორმალური რაღაცების კეთება უწევდათ. ერთ-ერთი არის ალავიძე, რომელსაც მხოლოდ ის ევალებოდა, რომ ოქმი შეედგინა და მოემზადებინა ხელშეკრულების შაბლონი, რომელშიც ის უნდა შეეტანა, რაზეც შეთანხმდებოდნენ. აი, ასეთი ადამიანია ბრალდებული ამ საქმეში. ჩვენს დასკვნით სიტყვაში ამაზე დეტალურადაა საუბარი, მაგრამ პროკურატურისაში, საერთოდ არაფერია ნათქვამი.

თქვენ თქვით, რომ პროკურატურა თავის დასკვნით სიტყვაში ბევრ რამეზე არ ამახვილებს ყურადღებას. რა არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც ბრალდების მხარე აპელირებს და რა მტკიცებულებებით ამყარებს თავის პოზიციას?

მათ აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება არ უჭირავს ხელში. როდესაც მათ თავისი  სიტყვა წარმოთქვეს, ჩემთვის უკვე ნათელი იყო ყველაფერი. მათ ჰქონდათ ექსპერტიზის დასკვნები, რომლებმაც სისულელეები დაწერეს. ეს ადამიანები საერთოდ არ იცნობდნენ ამ თემას და სასამართლო პროცესზე ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გამომჟღავნდა. თუმცა პროკურატურას ამით თავისი პოზიციის გამყარება უნდოდა.

იქ ფაქტობრივი მხარის რამდენიმე ეპიზოდია. ამბობდნენ, რომ თითქოს კომპანია „დელტა კომი“ და „სპეცკავშირმშენი“ უფასოდ სთავაზობდნენ კაბელის წვერებს. ეს არის სიცრუე და დამტკიცდა კიდეც სასამართლო პროცესზე. ეს არის შეთხზული, არადამაჯერებელია და ამ საქმეში პირდაპირ ჩანს თეთრი ძაფები. მერე ამბობდნენ, რომ თითქოს თავდაცვის სამინისტროს საკუთარი ძალებით შეეძლო ამ პროექტის გახორციელება. ესეც სიცრუეა. დაიკითხნენ მინისტრის მოადგილეები, ბატიაშვილი და ბროლაძე, ასევე დაიკითხა გენშტაბის უფროსი კაპანაძე, სამშენებლო ბატალიონის უფროსი, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი. ყველამ ერთსულოვნად დაადასტურა, რომ, ჯერ ერთი, საერთოდ არ ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო ბატალიონს ამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანის გამოცდილება; მეორე, ეს არ იყო არცერთი ბრალდებულის კომპეტენცია. ეს იყო მინისტრის მოადგილის კომპეტენცია, რომელიც მინისტრის ბრძანებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის დასამყარებლად შექმნილ კომისიას ედგა სათავეში. მან დაადასტურა სწორედ ის, რომ მას ჰქონდა მშენებლებთან ურთიერთობა. მათ უთხრეს, რომ ამას ვერ გააკეთებდნენ. თვითონ სამშენებლო ბატალიონის უფროსიც გამოვიდა. მანაც იგივე თქვა, რომ ვერავითარ შემთხვევაში ამას ვერ გააკეთებდნენ.

საერთოდ ეს ბრალდება უცნაურია. მათ არ ედავებიან, რომ ეს პროექტი საჭირო არ იყო. ამაზე თანხმდებიან, თუმცა ედავებიან, რომ კომპანია „დელტა კომი“ უფრო იაფად შეასრულებდა ამ პროექტს, რომ მათ არასწორად შეადგინეს მოთხოვნა, რომელიც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. „დელტა კომმა“ მათი მოთხოვნის პირობები ვერ გაიგო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გათხრა შესთავაზა მათ. მოწონებული იქნა ის, რაც ითვალისწინებდა კაბელის წვერების შესყიდვას, 21-წლიან თითქმის უფასო იჯარას და აპარატურას. ისინი ამბობდნენ, რომ „დელტა კომი“ ამას უფო იაფად გააკეთებდა. მაგრამ, როცა ჩვენ ვნახეთ, როგორი ხელშეკრულება ჰქონდა დადებული „დელტა კომს“ შსს-სთან, მერიის მუნიციპალიტეტთან, თვითონ თავდაცვის სამინისტროს რას სთავაზობდა იმ წლებში, მივხვდით, რომ ბრალდების მხარის მტკიცება სისულელე იყო.

რის საფუძველზე ამტკიცებდა ამას პროკურატურა?

ბრალდების მხარე ეყრდნობა ზეპირ განცხადებებს. ასეთი ექსპერტიზა ჩატარებული აქვთ - ორივე ექსპერტი წერილობით ეკითხება „დელტა კომს“, თქვენ რამდენად გააკეთებდით ამას. ის ეუბნება, მე გავაკეთებდი 4 მილიონით ნაკლებადო. მსგავს რაღაცებს ეყრდნობა ექსპერტიზის დასკვნა.  საუბარი არაა იმაზე, რეალურად რა ჯდებოდა ამ პროექტის განხორციელება. ეს არის ძალიან სამარცხვინო რამ. ეს არის მომჩივანი კომპანიის ზეპირ განცხადებებზე დაფუძნებული დასკვნები. ზეპირს ვეძახი იმას, რომ არანაირი არგუმენტით არ საბუთდება, რის საფუძველზე ამბობს კომპანია ამას.

მეორე ექსპერტს პირდაპირ უწერია, რომ წვერები 650 კილომეტრზე, 21 წლის იჯარა და მომსახურება, რომელიც ძალიან შრომატევადია, ეს ყველაფერი ჯდებოდა ნული.

ეს ყველაფერი „დელტა კომიდან“ მიღებულ წერილებს ეყრდნობა, რომელიც პროკურატურამ საქმესაც კი არ დაურთო.

ერთია ამ საქმის სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორე საკითხია, რა ტენდენციები გამოიკვეთა სასამართლოს მხრიდან საქმის მიმართ დამოკიდებულებაში მთელი ამ ხნის განმავლობაში. მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს საქმე პოლიტიზებულია და დიდია პოლიტიკოსების დაინტერესება მის მიმართ. ასევე ვსაუბრობთ იმაზეც, რომ პოლიტიკური გავლენებისგან სასამართლო სრულად თავისუფალი არ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორია თქვენი პროგნოზი განაჩენთან დაკავშირებით?

სასამართლო პროცესი შეჯიბრებითობის პრინციპზეა აგებული. მოსამართლე არის არბიტრი. მას არ აქვს ინკვიზიციური ფუნქცია. ამიტომ ძალიან რთული აღსაქმელია მისი განწყობა და ვიზუალურად მისი ობიექტურობის საკითხის დადგენა. იმიტომ, რომ მოსამართლე ხმას არ იღებს სასამართლო პროცესზე. ის მხოლოდ წყვეტს პროტესტისა და მტკიცებულებების დაშვების საკითხს, ასე ვთქვათ, მიმართულებას აძლევს სასამართლო პროცესს. ამიტომ მე არ მიმაჩნია, რომ ამ საქმის ირგვლივ მოსამართლის მხრიდან რამე ტენდენცია გამოიკვეთა. თუმცა ძალიან მაფიქრებს ის პროცესები, რაც სასამართლო სისტემაში ხდება. ეს სტაგნაციაა და შეშფოთებას იწვევს ის, რაც იუსტიციის საბჭოში ხდება.

ამ ყველაფრის ფონზე როგორ აფასებთ დაცვის მხარის შანსებს გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით? რა მოლდინი გაქვთ?

მე ერთადერთი მოლოდინი მაქვს - მინდა, რომ საქართველო სამართლებრივი სახელწმიფო იყოს და თუ ეს ასე იქნება, მაშინ აუცილებლად, 100%-ით გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. აქ ყველაფერი ნათელია, ანგარიში არის 100-0. ეს არ არის ის ვითარება, როცა ანგარიში 51-49-ა. ამიტომ მე მაქვს მხოლოდ ერთი მოლოდინი, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება.

როგორ ფიქრობთ, გამამართლებელი განაჩენი იქნება თუ არა იმის თქმის საფუძველი, რომ თავის დროზე, 2014 წელს, ამ ადამიანების დაკავებას მართლაც პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა?

გამამართლებელი განაჩენი, ჩემი აზრით, მართლმსაჯულების წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება. იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესი არ არის. მე სხვა ჭრილში ვუყურებ  ამ ყველაფერს. გამამართლებელი განაჩენი არა მხოლოდ ბრალდებულთა, არამედ ზოგადად მართლმსაჯულების გამარჯვების მაგალითი იქნება. ვგულისხმობ მოსამართლის დამოუკიდებლობის საკითხს.

ყველა იმ გარემოების მიუხედავად, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, თუკი სასამართლო მაინც გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, რისი მიმანიშნებელი იქნება ეს თქვენთვის?

თუ ასე მოხდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთაა და მას სამართალთან კავშირი არ აქვს. ბუნებრივია, გავასაჩივრებთ, სადაც საჭიროა, სამართლებრივი წესით. ყველა შესაძლო ზომას მივიღებთ სიმართლის დასადგენად. თუ სამართალს საქართველოში ვერ მივაღწევთ, მივმართავთ ევროპულ სასამართლოსაც.

ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი, ბოლო 19 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე პროცესები მქონდა, რაც კი საქართველოში იყო. არ ყოფილა შემთხვევა, რომ დაცვის მხარეს ბოლომდე ებრძოლა და სამართალი არ დამდგარიყო, ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც კი. და ახლა, მიუხედავად ხარვეზებისა, მგონია, რომ გაცილებით უკეთესი ვითარებაა, ვიდრე 5 წლის წინ.

"კაბელების საქმის" გათავისუფლებული ბრალდებულები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^