Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლგბტ თემი - ელექტორატი არჩევნების წინ

17 მაისი 2016

ჰომოფობია, სტიგმა და დისკრიმინაცია საზოგადოებრივი თავშეყრისა და სამუშაო ადგილებზე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, ბულინგი სკოლასა და სახლში, საყურის გამო ნაცემი ადამიანები, გამოხატვის უფლება გარანტიის გარეშე - 2016 წლის 17 მაისია. ლგბტ თემის წევრები დღეს საქართველოში ამ პრობლემების წინაშე დგანან. ანტიდისკიმინაციულმა კანონმა მათი დაცვის რეალური მექანიზმი ვერ შექმნა. ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და, როგორც მთავარი სახელისუფლებო პარტია, ასევე დეკლარირებულად ლიბერალური ღირებულებების მქონე პარტიებიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ შეკითხვას თავს არიდებენ.

ლგბტ თემის წინაშე არსებული პრობლემები და პრიორიტეტები:

არ ვეთანხმები აზრს, რომ ჩვენს ქვეყანაში ლგბტ თემი დაჩაგრულია - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა გასულ კვირას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ამბობთ, რომ ლგბტ თემი იჩაგრება და ამის საილუსტრაციოდ 17 მაისი მოგყავთ - 17 მაისი იყო საზოგადოების ორ ნაწილს შორის დაპირისპირება. ადვილი შესაძლებელი იყო, ის შეკრება მსხვერპლით დასრულებულიყო. ხელისუფლების დადანაშაულება, რომ არაფერი გააკეთა…  ვფიქრობ, ხელისუფლებამ იყოჩაღა, რომ სისხლი არ დაიღვარა და ეს დასაფასებელია.  უფლებების ნებისმიერ დარღვევაზე მიმართეთ სასამართლოს, ამაზე სასამართლომ იმსჯელოს“, -  განაცხადა ძიძიგურმა.

ის, რომ საქართველოში ლგბტ თემის წევრების უფლებები დაცულია და ამის ერთ-ერთი გარანტი 2014 წელს მიღებული, ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონია, ძიძიგურის მსგავსად ამ პოზიციას იზიარებენ კოალიციის სხვა წევრებიც. თემის წევრები კი ამბობენ, რომ ქვეყანაში კანონმდებლობის იმპლემენტაციის პრობლემა დგას, ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს რეალურ კვალიფიკაციას არ ანიჭებენ, რაც არსებულ საკანონმდებლო მექანიზმის ეფექტიანობას ამცირებს.

„როდესაც პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ ლგბტ ადამიანების უფლებები ქვეყნაში დაცულია, იშველიებდნენ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც არაფერიც არ არის. უბრალოდ სახელმწიფოს დეკლარირებული აქვს, რომ იცავს ჩვენს უფლებებს, მაგრამ პრაქტიკაში ასე არ ხდება. იმიტომ, რომ ამ კანონს აქვს ხარვეზები, არ არსებობს აღსრულების მექანიზმი, შესაბამისად, ვერ ხორციელდება ამ კანონის იმპლემენტირება“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას კობა ბიწაძე, ლგბტქი ასოციაცია „თემიდას“ ხელმძღვანელი.

ანტიდისკრიმინაციული კანონის ხარვეზებზე საუბრობს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია გვიანიშვილიც. მისი თქმით, ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის“ განსაზღვრება. ხოლო რაც შეეხება კანონმდებლობით გათვალისწინებულ დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალს, გვიანიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ინსტუმენტულად ძალიან რთული გამოსაყენებელია.

„პროკურორები და მოსამართლეები ერთმანეთისკენ იშვერენ თითს, არა შენ გამოიყენე ეს დამამძიმებელი გარემოება და არა შენო. მოსამართლე ამას არ იყენებს, თუ საქმის ფაბულაში პროკურატურა არ ახსენებს დანაშაულის მოტივს. პლუს ამას, პოლიცია და პროკურორებიც არ არიან კომპეტენტური იმაში, როგორ უნდა გამოიძიონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული“, - ამბობს გვიანიშვილი.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ ლგბტ თემის 150 წარმომადგენელთან ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის მესამედმა (48 რესპონდენტი) დაადასტურა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაექვემდებარა ფიზიკურ ძალადობას (ეს უკანასკნელი გამოიხატებოდა ცემაში, ხელის კვრაში, წაქცევაში, წიხლის ამორტყმაში, იარაღის გამოყენებაში, სექსუალურ ზეწოლაში, სექსუალურ ძალადობაში). გამოკითხულთა 89,33% (134 რესპონდენტი) გამოკითხვის ჩატარებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც გახდა ფსიქოლოგიური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი. 14 იმ 48 რესპონდენტთაგან, ვინც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა, 73%-ს არასდროს მიუმართავს პოლიციისათვის. მიზეზებს შორის ისინი ასახელებენ პოლიციის არაეფექტურობას (21,62%), შიშს, რომ პოლიციას ჰომოფობიური რეაქცია ექნება (29,73%), 21,62%-მა კი ინციდენტი არასაკმარისად სერიოზულად ჩათვალა იმისათვის, რომ პოლიციაში განეცხადებინა. ვინც პოლიციას მიმართა, მათ შორის 46,15% უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით, რადგან პოლიციის მხრიდან ჰომოფობიური რეაქცია დახვდა, 30% ამბობს, რომ პოლიციის რეაქცია მეგობრული იყო, 23,08%-მა კი განაცხადა, რომ მათ ნეიტრალურად მოექცნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე გვიანიშვილი ჰომოფობიური მოტივით ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში მიმართვიანობის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობს. მისი თქმით, ლგბტ თემში პოლიციისა თუ მართლმსაჯულების მიმართ ნდობა დაბალია.

„როდესაც გვეუბნებიან, რომ კანონი არის და რატომ არ იყენებთო, ამის მიზეზი, გარდა იმ ტექნიკური სირთულისა, რომელიც ვახსენეთ, არის ისიც, რომ პოლიციისადმი და ზოგადად მართლმსაჯულებისადმი ნდობა თემში ძალიან დაბალია. მას შემდეგ, რაც საბი ბერიანის მკვლელს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს და 2013 წლის 17 მაისის საქმეზე ოთხივე ბრალდებული გაათავისუფლეს, რეალურად მესიჯი, რაც ჩვენ მიმართ უარყოფითად განწყობილი საზოგადოების ნაწილი იღებს, არის ის, რომ ლგბტ ადამიანზე თავდასხმის შემთხვევაში, 100 ლარს გადაიხდი და მორჩა“, - ამბობს გვიანიშვილი.

მისი თქმით, სასამართლოსადმი მიმართვისგან თავის შეკავებას იწვევს ასევე შიში, რომ შემდეგ ამ ადამიანების ვინაობა ცნობილი გახდება. მათ ეშინიათ შემდგომი „აუთინგის".

„მათ არ აქვს იმის შეგრძნება, რომ ეს ბრძოლად ღირს. ჩვენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ამ ადამიანებს სამართლებრივ დახმარებას ვუწევთ,  ვცდილობთ, რომ ამაზე ვიმუშაოთ. თუმცა მაშინ, როდესაც შენ ამაზე მუშაობას ცდილობ, ამ დროს „ზემოდან“ სულ სხვა მესიჯები მოდის, სულ სხვა პრესია. ძალიან რთულია, დაარწმუნო ადამიანი, რომ ეს ბრძოლა შედეგს გამოიღებს. ამიტომ  ის, რომ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა დაიხვეწა, დიდად არ გვშველის, რადგან ჩვენი მთავრობა მიიჩნევს, რომ კანონის მიღება და მისი იმპლემენტაცია  ორი ერთმანეთისგან ცალკე მდგომი პროცესია. რეალურად ეს ერთი პროცესის ორი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს“, - ამბობს გვიანიშვილი.

გარდა საზოგადოების მხრიდან ლგბტ თემის წევრების მიმართ ფიზიკური თუ სიტყვიერი დისკრიმინაციისა, თემის წევრები იმ პრობლემებზეც საუბრობენ, რასაც ისინი ოჯახსა თუ სკოლაში აწყდებიან.

„არის მაგალითები, რომ ადამიანები ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან, რომ ჩაკეტეს და აღარ გამოუშვეს, აუკრძალეს კონტაქტები სხვებთან. ასევე მათ „ქამიგნაუთის" სერიოზული პრობლემა აქვთ. ადამიანები იქამდეც ვერ მიდიან, რომ „ქამინგაუთი" გააკეთონ საკუთარ თავთანაც კი“,  - ამბობს კობა ბიწაძე.

„ლიბერალთან“ საუბრისას ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედი ფოფხაძე ამბობს, რომ არსებული მექანიზმი საკმარისია იმისთვის, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. თუმცა უფლების შემდგომ დაცვასთან ერთად არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციას. ამ თვალსაზრისითაც მას მიაჩნია, რომ არსებული მექანიზმი ამასაც ნაწილობრივ ითვალისწინებს.

ფოფხაძის თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ საზოგადოების მიმართ გზავნილი აშკარაა: ადამიანის უფლება არ უნდა დაარღვიო იმის გამო, რომ ის ლგბტ თემის წარმომადგენელია.

რაც შეეხება კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხს, ფოფხაძე ამბობს, რომ კვალიფიკაციის გამოკვეთა მაინც სუბიექტურ მომენტს უკავშირდება.

„შეიძლება ადამიანს ვიღაცამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, და არც იცოდეს, რომ ის ლგბტ პირია, შეიძლება სხვა რამ მოხდეს.  გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს, რომ პირმა ეს იცოდა. თუ გამოძიება ამას ვერ დაამტკიცებს, იმ პირსაც ხომ იცავს უდანაშაულობის პრეზუმპცია. ჯერ უნდა დაუმტკიცო დანაშული და შემდეგ უნდა დაუმტკიცო დანაშაული სამოტივაციო ნაწილში. ამის მტკიცებულება უნდა არსებობდეს, ან შესაბამისი ფრაზა უნდა იყოს გამოყენებული, ან უნდა იგრძნობოდეს, რომ იმ ადამიანმა იცოდა და ეს მიზანმიმართულად, მოტივირებულად გააკეთა. ეს მტკიცების საგანია და როგორი კვალიფიკაციაც არ უნდა მისცეს საგამოძიებო ორგანომ, შემდეგ მასზეა მტკიცების ტვირთი და ესეც გასათვალისწინებლია“, - ამბობს ფოფხაძე.

ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა კონსტიტუციაში - რატომ გააქტიურდა თემა

2016 წლის იანვარში, ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართა, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალსა და კაცს შორის აღიარებს.

აღნიშნულ ინიციატივას მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები: „ვიზგი – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, „ლგბტ საქართველო”, „იდენტობა” და „თემიდა” გაემიჯნა და აღნიშნეს, რომ აღნიშნული ინიციატივა  ლგბტ პირებისგან არ მოდიოდა.

„საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანები ცხოვრების ყველა სფეროში განიცდიან დევნას და ჩაგვრას. მრავალი მათგანი (მათ შორის არასრულწლოვანი პირი) რჩება ქუჩაში, რადგან მათ საკუთარი მშობლები ან ახლობლები სახლიდან აგდებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებს დასაქმებაზე ხშირად უარს ეუბნებიან, მათ უჭირთ საკუთარი თავის გადასარჩენად ადეკვატური შემოსავლების ძიება. ლგბტ პირები ასევე განიცდიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ვერბალურ ძალადობას და დევნას საჯარო სივრცეებში: ისინი ხშირად ხდებიან ცემის, მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაცინვისა და გარიყვის მსხვერპლნი. ამ პირობებში, ქორწინების უფლება საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების უმეტესობისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ეს საკითხი არც ლგბტ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას“, - აცხადებდნენ ორგანიზაციები.

2016 წლის მარტში კი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კოალიციის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა.

როგორც ზვიად ძიძიგური აცხადებს, კონსტიტუციაში ქორწინების ქალისა და მამაკაცის ერთობად ჩაწერის აუცილებლობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელიც მეტყველებს.

ნათია გვიანიშვილი სახელისუფლებო ძალის მხრიდან ამ თემის გააქტიურებას სპეკულაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ გიორგი ტატიშვილის საკონსტიტუციო სარჩელი იყო ქორწინების თემის ინიციატივის გააქტიურებისა და ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენების მაპროვოცირებელი.

„ჩვენ, როგორც მოძრაობა აღმოვჩნდით არასახარბიელო პოზიციაში, რადგან  თავის მართლება გვიწევს იმის გამო, რომ ეს ინიციატივა ჩვენგან არ წამოსულა. ხანდახან შესაძლოა ისეც გამოვიდეს, რომ ეს თემა საერთოდ არაა მნიშვნელოვანი თემისთვის და არაფერში გვჭირდება და ა.შ. თუმცა  ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თავად ის ფაქტი, რომ მე ვცხოვრობ ქვეყნაში, ვიხდი გადასახადებს და ჩემი ურთიერთობა ჩემს პარტნიორთან სამართლებრივად არ რეგულირდება, არის პრობლემა. აქ ჩვენ საუბარი გვაქვს ქორწინების არა როგორც რაღაც რიტუალის ფორმაზე, არამედ ქორწინებაზე, როგორც სოციალურ კონტრაქტზე, რომელიც წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ შედეგებს. მაგალითად, ჩემი პარტნიორი რომ გახდეს ცუდად, მე შესაძლოა არ შემიშვან პალატაში, ასევე პრობლემურია ქონებრივი საკითხიც და ბევრი სხვა“, - ამბობს გვიანიშვილი.

თუმცა ის აღნიშნავს, რომ დღესდღეობით ლგბტ მოძრაობაში პრიორიტეტები უფრო მეტად ეხება ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხების მოგვარებას. მისი თქმით, ეს ის საბაზისო საკითხები  და პრობლემებია, რომელთა მოუგვარებლობაც მათ ხელს უშლის, რომ სხვა ეტაპზე გადავიდნენ და სამოქალაქო უფლებებზე დაიწყონ მუშაობა.

პოლიტიკური პარტიების პოზიციები ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო პროექტზე

ის, რომ ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება საპარლამენტო არჩევნებზე გათვლილი ნაბიჯი იყო, ამის შესახებ აცხადებს ორივე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოდგენელი.

„ჰომოფობიური კონტექსტი განსაკუთრებით მატულობს არჩევნების წინა პერიოდში, ლგბტ საკითხებს ყოველთვის იყენებენ იმისთვის, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვონ. შესაბამისად, ისინი არ ფიქრობენ ლგბტ ადამიანებზე, როგორც ამომრჩეველზე, ისინი ფიქრობენ ლგბტ ადამიანებზე, როგორც საშუალებაზე, რათა უმრავლესობის ხმები მოიპოვონ“, - ამბობს კობა ბიწაძე.   

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი „ქართული  ოცნებისა“, დეკლარირებულად ლიბერალური ღირებულების პარტიების მხრიდან სხვადასხვა არგუმენტი მოვისმინეთ, თუ ვინ რა მიზეზით უჭერდა, ან არ უჭერდა მხარს „ოცნების“ ინიციატივას. თემის წევრები ამბობენ, რომ შედარებით ლიბერალური ღირებულების პარტიები ასევე ერიდებიან ლგბტ კონტექსტში ხმამაღალ და თამამ საუბარს, მხარდაჭერასა და სხვა.

გვიანიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პარტიამ, სხვადასხვა არგუმენტით მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, „პრობლემა ისაა, რომ უფლებრივ ჭრილში ეს  საკითხი არავის განუხილავს“.

„ასე ღია და დეკლარიკებულ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომ რომელიმე პარტიას ეთქვა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ლგბტ თემს და ამიტომ ვეწინააღმდეგებით ამ ინიციატივას, ამის მოლოდინი არ გვქონდა. ჩვენ ილუზიებით ვერ ვიცხოვრებთ, ვხვდებით, რომ არის რაღაც საკითხები, რომლებიც ძალიან პოლიტიზებულია, ბევრი რამ უდევთ სასწორზე. ის ფაქტიც, რომ „რესპუბლიკელებმა" და „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, უკვე კარგია. რაც ამცირებს საკონსტიტუციო უმრავლესობის კვორუმის შეგროვებას.

„თავისუფალმა დემოკრატბმა“ ევროპელობა დაიცვეს იმით, რასაც რეალურად რუსეთი აკეთებს... იმის თქმა, რომ ევროპა ამას არ გვავალდებულებს, ეს უკვე აჩვენებს რეალურად როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს პოლიტიკოსებს ადამიანის უფლებებთან“, - ამბობს გვიანიშვილი.

რატომ არ განიხილეს პარტიებმა ქორწინების თემა ლგბტ ადამიანების უფლებრივი კუთხით

„რესპუბლიკური პარტია“

„ვფიქრობ, რომ ძალიან მკაცრი შეფასებაა მათი მხრიდან“, - ასე პასუხობს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძია ლგბტ თემის შენიშვნას, რომ მათ ქორწინების თემა უფლებრივი კუთხით არ განიხილეს. როგორც კორძია ამბობს, ქორწინება არ არის კონსტიტუციის თემა და ამ კუთხით ცვლილებების მიღება ქვეყნისთვის პრაგმატული და გონივრული არ იქნება.

„ქორწინება, რა თქმა უნდა, არ არის კონსტიტუციის თემა. კონსტიტუცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომლიდანაც გამომდინარეობს სხვა კანონები... და თუ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავისუფლებას, უსაფრთხოებას, თანასწორობას აღიარებს, როგორც უზენაეს ღირებულებას, მაშინ კონსტიტუციაში მხოლოდ თავისუფლებისა და თანასწორობის საფუძვლები უნდა იდოს და სხვა დანარჩენი, სხვა კანონმდებლობის საქმეა. ამიტომაც ჩემთვის პირადად ეს ცვლილებები მიუღებელია“, - ამბობს კორძია.

„თავისუფალი დემოკრატები“

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან „ქართული ოცნების“ ინიციატივის მხარდაჭერა არ ნიშნავს განზრახვას, რომ ვინმეს უფლებები შეიზღუდოს.

„ასეთი რეგულაცია ქვეყანაში აქამდეც არსებობდა, თუმცა აღმოჩნდნენ ამ ქვეყანაში კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც ამ თემის ცუდად გამოყენებას ცდილობენ, და გარკვეულწილად ევროპული ღირებულებების დემონიზაციას ახდენდნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საკითხები არანაირი ფორმით და არანაირი სახით არ იყოს იმ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი“, - ამბობს ჩიქოვანი.

რაც შეეხება შეკითხვას, განიხილავს თუ არა საზოგადოება „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამაში ლგბტ თემის უფლებების დაცვის შესახებ ინიციატივებს, ჩიქოვანი ამბობს, რომ მათ საარჩევნო პროგრამაში ასახული იქნება ადამიანის უფლებების დაცვის აბსოლუტურად მაქსიმალური სტანდარტი.

„ნაციონალური მოძრაობა“

„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან აღნიშნული საკითხის წამოწევა ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაფარვას ემსახურებოდა. ამასთან, მისი მოსაზრებით, კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ადგილი არ არის.

„ფაქტობრივად, ჩამონგრეულია ეკონომიკა, არის სერიოზული კორუფცია, კრიმინალის დონე აწეულია, ადამიანის უფლებების მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია და ამ ფონზე, ისინი აკეთებენ განცხადებას, რომ კონსტიტუციაში ამის შეტანა უნდათ. კონსტიტუცია არ არის განმარტებითი ლექსიკონი მოზარდებისთვის. იქ იმავე წარმატებით შეუძლიათ ჩაწერონ დედა, მამა და ა.შ.  გარდა ამისა, ეს არის გზავნილი, რომელიც მოდის რუსეთიდან, რომ დასავლეთიდან მოდის „საშიშროება“. ეს არის ირაციონალური, ანტიდასავლური გზავნილი, რომელსაც აძლიერებს „ქართული ოცნება“, - ამბობს რატიანი.

რაც შეეხება შეკითხვას, არის თუ არა ეს არგუმენტი მათი მხრიდან საზოგადოებისთვის არაპოპულარული თემებისგან თავის არიდების საფუძველი, რატიანი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რისი თქმაც სურს, ამას ყოველთვის მკაფიოდ ამბობს.

შეკითხვას, დაუჭერენ თუ არა მხარს პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რატიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

შეკითხვაზე, მათ სარჩევნო პროგრამაში იქნება თუ არა გზავნილი ლგბტ უფლებების დაცვის კუთხით, რატიანმა აღნიშნა, რომ მათ პროგრამაში აუცილებლად იქნება გზავნილი ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ყველა კუთხით.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“

საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებისას „გირჩის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ ინიციატივას არ უერთდებიან და ამის მიზეზად ასევე დაასახელეს ის, რომ კონსტიტუცია არ უნდა განსაზღვრავდეს ქორწილების თემას.

„გირჩის“ თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისინი არ ერიდებიან არცერთ არაპოპულარულ თემაზე საუბარს.

ჯაფარიძის აზრით, მათ ქორწინების თემასთან დაკავშრებით მათ საკმაოდ ცხადი პოზიცია ჰქონდათ და როდესაც საუბარია ქორწინებაზე, როგორც ინსტიტუტზე, ეს არის ეკლესიის საკითხი და ვერავინ ვერ დაავალდებულებს მათ, რომ შეცვალოს საკუთარი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ თავად ეკლესია არ გადაწყვეტს ამას.

„ის, რომ ეს საკითხი აიღო სახელმწიფომ და თავის სფეროში გადაიტანა, არასწორია. ვამბობთ, რომ არ უნდა არსებობდეს სამოქალაქო რეგისტრაციის არანაირი აუცილებლობა. არანაირი საქმე არ აქვს სახელმწიფოს, ვინ ვისთან ცხოვრობს. ეს იყო ჩვენი პოზიცია და მგონია, რომ ცხადი პოზიციაა. ამისთვის ვიბრძვით, რომ ეს არ ჩაიწეროს კონსტიტუციაში. მიგვაჩნია, რომ ასეთი რამ კანონში არ უნდა ეწეროს“, - ამბობს ჯაფარიძე.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიები გულწრფელები არ არიან, როდესაც სხვადასხვა არგუმენტით თავს იკავებენ ქორწინებასთან დაკავშირებულ თემებზე საუბრისას. მისი თქმით, მათ სჭირდებათ მოსახლეობის მხარდაჭერა და რადგან მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არაინფორმირებულობის გამო  აგრესიას იჩენს ხოლმე ლგბტ ადამიანების მიმართ, „აქედან გამომდინარე პოლიტიკური პარტიებიც იძულებული არიან იკეკლუცონ, რბილად თქვან, მიჩქმალონ, დამალონ ეს საკითხები და ხან რა მოიმიზეზონ და ხან რა“.

„ვიცნობ მათ უმრავლესობას და მშვენივრად ვიცი, რომ ამ საკითხს ჯანსაღად უყურებენ, მაგრამ რა ქნან, მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდებათ, ხმები სჭირდებათ, მოსახლეობის ნაწილი კი საკმაოდ უარყოფითად არის განწყობილი. ამ პრობლემის გამო ისინიც იძულებული არიან, იკეკლუცონ“, - ამბობს შარაშენიძე.

შარაშენიძე ამბობს, რომ საზოგადოებაში არსებული ეს დღის წესრიგი დროთა განმავლობაში გადაივლის და აქტუალობას დაკარგავს.

„ამაში გასაკვირი და ტრაგიკული არფერია. 90-იან წლებში იეჰოვას მოწმეებს დასდევდნენ საცემად. ისინი საფრთხედ განიხილებოდნენ. ეს ეტაპი გავიარეთ და ახალ ეტაპზე გადავედით, უფრო სხვა საკითხები დადგა დღის წესრიგში, რომ ვითომ გეები წაგვართმევენ ქართველობას და ა.შ. დროთა განმავლობაში ესეც გადაივლის. 25 წელია დამოუკიდებლები ვართ, ეს არ ნიშნავს რომ თავისუფლები ვართ, თავისუფლები ჯერ არ ვართ“, - ამბობს შარაშენიძე,

„ქართული ოცნება“

ქორწინების თემის გააქტიურებაში ელექტორატის გულის მოგების ფაქტორს გამორიცხავს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი გედი ფოფხაძე. მისი თქმით, ეს თემა კოალიციაში ისედაც აქტუალური იყო და ამაზე მსჯელობა სულ მიდიოდა. 

„უბრალოდ ჩვენი გადასაწყვეტი იყო, მერვე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში მოხდებოდა ამ წინადადების უფრო გააქტიურება თუ მომავალში. ის დეპუტატები, რომელიც მას ხელს ვაწერთ, ღირებულებების დონეზე ვიზიარებთ ამ ინიციატივას. მომავალ პარლამენტში ან ვიქნებით, ან არა. მე მგონია, რომ  ეს ზოგადად სწორია და რა ეტაპზეც არ უნდა მოხდეს, ამას მხარს დავუჭერ“, - ამბობს ფოფხაძე.

ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ოჯახური ღირებულებები, ქორწინების თემა, ეს არის ის, რაზეც საზოგადოების მორალური ფასეულობებია დაფუძნებული. მისი თქმით, ოჯახი ყოველთვის იყო და დარჩება საზოგადოების ჯანსაღი არსებობის წინაპირობა. ვერ შეცვლის ოჯახური ურთიერთობების, იმ ტრადიციული ღირებულებების ალტერნატივა, რომელიც საუკუნიდან საუკუნეში გადაეცემოდა საზოგადოებას.

„ამიტომ ოჯახისა და ქორწინების თემის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ბუნებრივად მიმაჩნია და მე მას არანაირად პოლიტიკურ კონიუნქტურას არ ვუკავშირებ“, - ამბობს ფოფხაძე.

ჰომოფობია - როგორ უნდა შეიცვალოს საზოგადოებრივი განწყობა ლგბტ თემის წევრების მიმართ

ნათია გვიანიშვილი მიიჩნევს, რომ სანამ ქვეყანაში განათლების პოლიტიკა არ შეიცვლება, არ იქნება ორიენტირებული გრძელვადიან შედეგებზე და მოქალაქის აღზრდაზე, ძალიან რთული იქნება სასიკეთო შედეგებზე საუბარი.

„ერთადერთი გამოსავალი აქ მართლა განათლების რეფორმაა. ანუ განათლების სისტემა სკოლიდან დაწყებული უნდა იყოს სივრცე, სადაც ბავშვი, მოზარდი და უნივერსიტეტში ზრდასრული ადამიანი, იგრძობს, რომ ეს ის სივრცეა, სადაც ის სწავლობს, როგორ დაიკავოს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში, როგორ მოექცეს სხვას საზოგადოებაში. ეს სისტემა უნდა გასწავლიდეს, რომ საზოგადოება არის მრავალფეროვანი, რომ არსებობს ქცევის გარკვეული სტანდარტი, რატომ არის მნიშვნელოვანი კანონმორჩილება და ა.შ. ჩვენთან ასე არ არის, სკოლაც და უნივერსიტეტიც არის ადგილი, სადაც საზოგადოების ერთი სეგმენტი ავტორიტარიზმის მეშვეობით ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს მეორეზე“, - ამბობს გვიანიშვილი.

მისი თქმით, განთლების სისტემაში აქცენტი არ კეთდება იმაზე, რომ ადამიანებმა თავისუფალი აზროვნება ისწავლონ, აქცენტი ძირითადად უკვე არსებული კონცეპტების კარგად დამახსოვრებაზე/გამეორებაზე კეთდება.

გვიანიშვილი ამბობს, რომ განათლება ცალსახად უნდა გადგეს სახელმწიფო დონეზე ნომერ პირველ პრობლემად ქვეყანში. რეალურად გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა ინსტრუმენტი არ გაგვაჩნია.

„ასევე ძალიან მნიშნველოვანია პოლიტიკოსების მხრიდან რიტორიკის ცოტა სხვანაირად დალაგება. რადგან ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც სჯერა ავტორიტეტების, სულ იმას გვასწავლიან, რომ ჩვენთვის ავტორიტეტი არის მშობელი, მასწავლებელი, მღვდელი, პარტიარქი და პოლიტიკოსებიც. სანამ ავტორიტეტებისგანაც არ წამოვა სხვანაირი მესიჯები, ცოტა რთული იქნება აზრის შეცვლა“, - ამბობს გვიანიშვილი.

კობა ბიწაძე ამ კუთხით კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს, რომ ლგბტ თემის პრობლემა ის არის, რომ თემი, როგორც ელექტორატი ჯერჯერობით არ არის მომწიფებული, რომ მკაცრად გამოუცხადოს პოლიტიკოსებს - მე შენ ჰომოფობიურ კონტექსტს არ მივიღებ და შენ ხმას არ მოგცემ.

„იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ვართ ცოტა. ლგბტ ადამიანი არ ნიშნავს იმას, რომ მას არ ჰყავს მხარდამჭერი, არსებობს სხვა ორგანიზაციები, რომლებიც არ მუშაობენ ლგბტ საკითხებზე, არ არიან თემის წევრები, მაგრამ დიახათაც, მახარს უჭერენ იმას, რომ ლგბტ ადამიანების უფლებები იყოს დაცული. ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია, თუმცა ამას უკვე აღარ ითვალისწინებენ და ჰგონიათ, რომ პატარა ჯგუფს თუ დაჩაგრავენ, უფრო მეტს მოიგებენ", - ამბობს ბიწაძე.

„ელექტორატად აღქმა ქალებისაც ახლაღა დაიწყეს. არადა, მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები შევადგენთ. ამიტომ ისეთი უმცირესობა, როგორიც ლგბტ თემია, ელექტორატად არ მოიაზრება. შენ რეალურად კი არ გხედავენ როგორც ელექტორატს, რომელსაც არჩევნის თავისუფლება აქვს, არამედ მანიპულაციის საგნად გიყენებენ. ეს არის პრობლემა“, - ამბობს ნათია გვიანიშვილი.

გვიანიშვილი აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის მოგვარებისთვის პირველ რიგში ალბათ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური კულტურა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან არ უნდა ხდებოდეს სიძულვილის ენის გამოყენება პოლიტიკური მსჯელობის დროს. სხვა მხრივ კი, ღირებულების დონეზე, ადამიანებს შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს.

ის მიიჩნევს, რომ ამ კუთხით რომელიმე პოლიტიკური ძალის მახასიათებელი არ არის უარყოფითი ქცევა, „ცოტ-ცოტას ყველა ვცოდავთ, ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს პოლიტიკური კულტურა ამაღლდეს“.

ფოფხაძე იმასაც ამბობს, რომ ამომრჩეველშიც არის აგრესიის მოთხოვნილება. მათ ის უფრო მოსწონთ, რაც უფრო აგრესიულია რიტორიკა.

„თუ პოლიტიკურ ბაზარზე ამის მოთხოვნა იქნება, იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. უბრალოდ მე მირჩევნია წავაგო არჩევნები და დავრჩე ამ ხედვის მომხრე, ვიდრე საზოგადოების ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილო. ჩვენ უფრო თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ამ თვალსაზრისით, და რაღაც ეტაპზე საზოგადოებაც მივა იმ დასკვნამდე, რომ სამყაროს მაინც სიყვარული და სიკეთე ამოძრავებს და არა ბოროტება და აგრესია“, - ამბობს ფოფხაძე.

მასალა მომზადდა "ლიბერალისა" და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC),თანადგომის, იდენტობის, ჰერა XXI-ის ერთობლივი მუშაობით, პროექტის "საქართველოს SRHR ორგანიზაციების მხარდაჭერა UPR პროცესში მონაწილეობისთვის", რომელიც მხარდაჭერილია RFSU-ს მიერ. მასალაში წარმოდგენილი შეფასებები და პოზიცია შეიძლება არ წარმოადგენდეს RFSU-ს პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^