გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით პარლამენტმა კიდევ ერთი ინიციატივა ჩააგდო.
საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვა კანონპროექტმა, რომლის მიხედვით, თუ პარტიას, რომელიც 5%-იან საარჩევნო ბარიერის გადალახავდა, საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი ქალი კანდიდატი ეყოლებოდა, ბიუჯეტიდან 30%-იან ფინანსურ დანამატს მიიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნორმა მიღების შემთხვევაში სავალდებულო არ იქნებოდა, პარლამენტმა მას პირველივე მოსმენაზე არ დაუჭირა მხარი.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატორები პარლამენტარები გუგული მაღრაძე და მანანა კობახიძე არიან. მათი ინიციატივა ითვალისწინებდა არსებული მოდელის ცვლილებას. მოქმედი საკანონმდებლო ნორმით, პარტია 30%-იან ფინანსურ დანამატს იმ შემთხვევაში იღებს, თუ „პარტიული სიის ყოველ ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი, სულ მცირე, 30%-ით არის წარმოდგენილი“. ინიციატორების თქმით, არსებული მოდელი არ მუშაობდა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის კუთხით ვერაფერს ცვლიდა, რადგან პარტიები ამ წამახალისებელ ნორმას ფინანსური დანამატის მიღების მიზნითაც კი არ იცავდნენ. გარდა ამისა, რომელი პარტიაც ამას იყენებდა, მათი სიის ათეულში ქალები კრიტიკულ, არაგამსვლელ პოზიციებს იკავებდნენ, შესაბამისად, პარლამენტში ვერ ხვდებოდნენ.
გუგული მაღრაძე ამბობს, რომ პარლამენტში ინიცირებული სხვა კანონპროექტებისგან განსხვავებით, რომელიც სავალდებულო გენდერულ კვოტებს ეხებოდა, მათ მიერ მომზადებული პროექტი შედარებით მსუბუქი ნორმის შეტანას გულისხმობდა, თუმცა, პარლამენტი ამისთვისაც არ აღმოჩნდა მზად. სულ 76 ხმა იყო საჭირო კანონპროექტის მხარდაჭერისთვის. როგორც დეპუტატი ამბობს, კენჭისყრის შედეგებით ცხადი გახდა, რომელი პარტიის წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს მხარი.
„ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა ფორუმმა, „ოცნების“ და „კონსერვატორების“ ნაწილმა; ასევე, ორმა წევრმა გაერთიანებული დემოკრატებიდან. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ჩვენი პარლამენტარები არ არიან მზად იმისათვის, რომ დაუშვან რაიმე ტიპის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ოდნავ მაინც წაახალისებს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესში. კვოტირება დროებითი სპეციალური ზომაა და ის უნდა იყოს კანონში, რადგან ჩვენ ვერ ვიქნებით ამა თუ იმ განწყობის პოლიტიკოსების იმედზე, მოინდომებენ თუ არა ისინი პარტიულ სიებში ქალებისთვის ადგილების განაწილებას. ამიტომ სჯობს სავალდებულო გენდერული კვოტირება არსებობდეს, როგორც ეს ბევრ პროგრესულ ქვეყანაში ხდება“, - ამბობს გუგული მაღრაძე.
რომელი პარტიები უჭერენ მხარს სავალდებულო გენდერულ კვოტირებას
პარლამენტში რჩება დეპუტატ ნანა ყეინიშვილის კანონპროექტი, რომელიც კენჭისყრაზე ჯერ არ გასულა. ავტორის თქმით, გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით პარლამენტში არ არის შეთანხმება და ეს კანონპროექტიც ჩავარდება კენჭისყრისას, ამიტომაც ამ საკითხზე პარლამენტარებთან კონსულტაციებს აგრძელებს. ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ჭკუასელის ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც განსახვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია საარჩევნო რეგისტრაციას ვერ გაივლის.
„კიდევ ერთი ინიციატივის ჩაგდებამ დამარწმუნა, რომ ჩემი კანონპროექტიც ჩავარდება, კიდევ გვიწევს სესია სექტემბერში და თუ დავინახე, რომ დამოკიდებულება მეტ-ნაკლებად შეიცვალა, კანონპროექტს კენჭისყრაზე გავიტან. არ მინდა, წინა კანონპროექტების ბედი გაიზიაროს. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა პირადი ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგება. პარტიები ამბობენ, რომ თვითონ პარტიაში დაარეგულირებენ სიების გენდერულ ბალანსს და ამისთვის კანონი არ სჭირდებათ. თუ გაქვს მზაობა, მაშინ მიეცი ხმა ამ ინიციატივას და სახელწმიფოს სიძლიერეს, არ მიმაჩნია ეს მიდგომა სწორი. მაშინ, როდესაც ქალების შრომა აქტიურადაა გამოყენებული პარტიებში, ქალები სამუშაოს 99% ასრულებენ“, - ამბობს ნანა ყეინიშვილი.
38 ქალი პარლამენტში - ნაბიჯი პირველი
კიდევ ერთი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც, ხმაურიანი განხილვების მიუხედავად, პარლამენტმა არ მიიღო, „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა“ (თასქ ფორსი) მოამზადა. საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია აწერდა ხელს, „საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებს გულისხმობდა. ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო რეგისტრაციისთვის სიების შედგენისას სავალდებულო გენდერული კვოტა უნდა დაეცვათ და სიის ყოველ მეორე წევრად ქალი უნდა დაესახელებინათ. პარტიებს სიების წარდგენისას საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 50%-იანი სქესთა ბალანსის დაცვა დაევალებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლიდა. საბოლოოდ კი პარლამენტში ქალთა 25%-იან წარმომადგენლობას, 150 დეპუტატიდან 38 ქალს მივიღებდით.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ირმა პავლიაშვილი სამუშაო ჯგუფის წევრი იყო. მისი თქმით, ციფრები საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მცირეა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების ჩართულობა, ამიტომ სავალდებულო გენდერული კვოტირება მდგომარეობის შესაცვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. გარდა ამისა, ქვეყანას აღებული აქვს ვალდებულება „ქალთა მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ გაერო-ის ქალთა კომიტეტის (CEDAW) წინაშე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის კუთხით სამუშაოების ჩასატარებლად.
„კანონმდებლობის დონეზე ვერაფერი შეიცვალა ამ კუთხით, ხელმშეწყობი გარემო არ შექმნილა. ეს გარკვეულწილად გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის კუთხით ამ არჩევნების შემდეგ არაფერი შეიცვლება. თუმცა, ამ ეტაპზე საინტერესოა, რას იზამენ პარტიები და რამდენად დაიცავენ შიდადემოკრატიულობის პრინციპს, რამდენი ქალი ეყოლებათ წარმოდგენილი საარჩევნო სიებში. მნიშვნელოვანია, ასევე საარჩევნო სისტემის ზეგავლენა ზოგადად ქალთა მონაწილეობის გაზრდაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად უზრუნველყოფს, რომ მეტი ქალის იყოს წარმოდგენილი. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ საარჩევნო სისტემაც არ შეცვლილა“, - ამბობს ირმა პავლიაშვილი.
პარტიებს ოფიციალურად კანდიდატთა სიები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.
ოფიციალური სტატისტიკით, პარლამენტში ქალების მონაწილეობა მხოლოდ 12%-ია, 150 დეპუტატიდან - 18 ქალი. ადგილობრივ თვითმმართველობებში მხოლოდ 11%-ია ქალი. ქვეყანაში 69 გამგებლიდან მხოლოდ ორი ქალია; არცერთი მერი და არცერთი გუბერნატორი ქალი. პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით კი საქართველო 185 ქვეყნიდან 115-ე ადგილს იკავებს.