Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მგზნებარების ანა-ბანა - ინტერვიუ გია ეძგვერაძესთან (ნაწილი მეორე)

14 სექტემბერი 2017

(ნაწილი მეორე) პირველი ნაწილი იხილეთ აქ

მანანა გაბრიჩიძე:  სახელმწიფოსა და ეკლესიის თქვენეული ხედვა გაქვთ… იქნებ გაგვაცნოთ…

გია ეძგვერაძე: ეკლესიამ, ესაო და უბრალო კაცი ბევრი და სულელიაო, და ჩვენ სწორედ ეგ კაცი გვაინტერესებსო, საკუთარი მისია მრევლთან კავშირში აკრძალვა/დაშინების და დაპირება/ოცნებაასრულების მექანიზმამდე ჩამოალაბორანტა, რითაც წმინდა წერილის უიშვიათესი და უნატიფესი გზავნილი პრაქტიკულად საერთოდ გააუქმა; „უპირობო სიყვარული”, უმაღლესი სულიერების მიზანი და ქრისტეს მოძღვრების გვირგვინი, საერთოდ ამოშალა საეკლესიო დისკურსიდან. ეკლესია, დღეს დამპყრობელ/მომხვეჭი და მომხმარებელ/მომნელებელი უზარმაზარი სხეულია, ანუ პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტიტუცია/აპარატი, რომელიც თავისი „ორგინალური” ხერხებით ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებას ისახავს მიზნად და თუ განზრახ არ ტყუიან, მაშინ თავად არიან მოტყუებული. 

სანამ წმინდა ტექსტების დემითოლოგიზაცია და ქრისტეს მოძღვრებიდან თანამედროვე სიტუაციის გააზრება არ განხორციელდება, ხალხი ამ ჩაკეტილ, ყოველგვარ სიდიადეს მოკლებულ მწირ ტერიტორიაზე იქნება გამოკეტილი და ეკლესიის მიერ შეთავაზებულ საცოდავ ილუზია/ზღაპრებში დაამთავრებენ სიცოცხლეს.

სახელმწიფოსთან კავშირში კი მე ერთი და სრულიად უბრალო აზრი მაქვს: კაპიტალიზმის სიმძლავრეებზე დაყრდნობით დღეს ტექნოლოგიებმა თავის განვითარებაში ისეთ სასწაულ ზღვარს გადააბიჯა და ცხოვრების ისეთ ასპექტებზე დაიწყო ზეგავლენის მოხდენა, რომ რაიმე სოციალურ/პოლიტიკურ/ეკონომიურ პრობლემებზე ან მათ მომავალზე მსჯელობა ტექნოლოგიების ამ ბუმის კონტექსტის გაუთვალისწინებლად დღეს სრული კრეტინობაა (არადა, საქართველოში მხოლოდ ასე ხდება).

დღეს სრულიად რეალურად საუბრობენ „საყოველთაო ძირეული შემოსავალის” (UBI) გლობალურად დამკვიდრებაზე, რაც არა მარტო შეცვლის ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ ს რ უ ლ ი ა დ სხვა მორალურ, ეთიკურ და საყოფაცხოვრებო მოთხოვნებს დააყენებს მათ წინაშე. ღმერთის მიერ ადამის დაწყევლის შემდეგ („ოფლში მოიპოვებ პურს შენსას”) დარდმოხსნილი გულის სინათლე ხომ ადამიანს არასოდეს უგრძნია. ასეთი ფუნდამენტური შვების მოტანა სურს ადამიანისთვის კაპიტალიზმის სიმძლავრეებს და კიდევ იმას გვპირდება, რომ საერთოდ ყველა ისტორიულ პრობლემებს (ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, ეთნიკურ და ა.შ.) გაუუქმებს კაცობრიობას, თანაც უახლოეს დროში. ასეთი დაპირებები არ კეთდებოდა - ისინი რეალურმა და კონკრეტულმა დღევანდელმა ტექნოლოგიურმა სიტუაციამ მოიტანა. თამაშში კოსმიური მასშტაბისა და მიკროსამყაროს სივრცეები ერთვება, ისე, რომ ადამიანის მიწიერი პრობლემები სულ მალე ეფემერად მოგვეჩვენება.   

გადარჩენა, კეთილდღეობა და ადამიანის საცოდავ ბედზე ამაღლება - კაცობრიობის ამ მთავარი და განმსაზღვრელი მიზნის გასრულების შესაძლებლობა უეცრად და მოულოდნელი მხრიდან გახდა რეალურად შესაძლებელი - რევოლუციების, ომებისა და კატაკლიზმების გარეშე. კაპიტალიზმის მიერ დაფინანსებული და მოტივირებული უზარმაზარი ტექნოლოგიური ძალები ჩვენი პრობლემური აზროვნების სტრუქტურის სრულ და რადიკალურ გადააზრებას ითხოვენ. ინტელექტუალებმა და, ზოგადად, კაცობრიობამ უნდა გაიაზროს სრულიად ახალი სიტუაცია და მასთან მიმართებაში დაიწყოს ახალი მორალურ/ეთიკური ბაზის ძიება - რადგან (ისტორიულად) ჩვენი მორალი და ეთიკა დუხჭირის, როგორც უცვლელი ფონის, ადამიანის ინდივიდუალურ/ეგოისტური იმპულსების მოთოკვის მცდელობა იყო მხოლოდ და მხოლოდ. დღეს კი დღის წესრიგში, ანუ რეალურად დამდგარი „ახალი სამოთხის” პირობებში („ტექნოლოგიური სინგულარობა”), უნდა გაირკვეს, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში გადარჩენის იდეისგან გამოთავისუფლებული ადამიანი, რა იქნება მისი წინსვლისა და მოძრაობის იმპულსი. უახლოეს მომავალში, სახელმწიფოებრიობაზე ფიქრი კი არა, საჭირო იქნება თანაცხოვრებისა და არსებობის არსის თავიდან დადგენა! ასე რომ, ძალიან მალე, სულ რაღაც 30-40 წელიწადში, გამოჩნდება თუ რა ყავლ- და დროგასულ პრობლემებზე ვიტეხთ თავს და ვწირავთ ჩვენს დღევანდელ დროს, იმის ნაცვლად, რომ მომავლის ძიებაში ჩავებათ! საჭიროა ახალი, ზემოთ აღწერილი ტენდენციებისკენ ინტუიციური მოძრაობა და გაღუნული დროის ფაქტორის გასწორება.   

მანანა გაბრიჩიძე:  რას გვეტყვით საქართველოს მონაწილეობაზე ვენეციის ბიენალეზე? როგორც ვიცით, თქვენ ამ ფორუმზე 1997 წელს მონაწილეობდით…

გია ეძგვერაძე: კულტურის სამინისტროს კულტურა ტაშ-ფანდური და პოზა/მანერები ჰგონია, სადაც კულტურული ნათელღების პიკი „ვეზერ რეპორტის” მუსიკა და „ინსპექტორ/ბატენების” უნიფორმაა. ამ დონის მენტალიტეტის მქონე ხელმძღვანელი მუშაკებით ვენეციის ბიენალეზე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. როცა ასეთი მაღალი დონის ინტელექტუალურ მოვლენას უკეთებ ორგანიზაციას და არა „აეროსმისის” კონცერტს, პირველ რიგში უნდა გესმოდეს, რა არის კულტურა, ანუ მისი არსებობის მისია/მიზანი ზოგადად. კულტურის ასეთ არსობრივ გაგებასთან მიმართებაში ხდება მხატვრების გზავნილების მოძიება ვენეციის ბიენალესთვის, რახან: ვენეციის ბიენალე ხელოვნება/აზროვნებაში ამ დღისთვის არსებული ყველაზე მოწინავე იდეის პარადია და გარკვეული სახით მათი პაექრობაც. ჩვენს კულტურის მინისტრს კი გარშემო „სასტავი” ჰყავს, რომელიც თანამედროვე მხატვრობას „სატანიზმად” მიიჩნევს და მიზანდასახულად უშლის ხელს ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნების ფეხის მოკიდებას! ხოდა აი, ბატონ მინისტრს, სწორედ ასეთი ადამიანები შეჰყავს ვენეციის ბიენალესთვის საქართველოს პავილიონის პროექტის შერჩევის კომისიაში! უტვინობა გამიგია, მაგრამ ასეთი დოზით ყოველგვარი ობიექტური გარემოებების უსინდისოდ ფეხზე დაკიდება, რაღაც ბარბაროსობაა და საზოგადოებისთვის მიფურთხება. ეს მაგალითი საჭიროებს კომენტარს: ეს ისევ და ისევ საბჭოთა მეტასტაზური ცნობიერებაა, როცა ნომენკლატურული ნიშნით ყველა ყველაფერში კომპეტენტური „როჟით” ხელ-ფეხს აფათურებს, ყველა ყველანაირ „პოსტს” და დანიშნულებას იშნობს და სინდისი არ აწუხებს, რომ მისთვის ეს ყველაფერი სრულიად უცხო ხილია და არაფრის მოტანა ამ ტერიტორიაზე არ შეუძლია. და ასეთ სიტუაციას არც ჰყავს პატრონი… ჩვენი სამინისტრო ერთი პრინციპით ცხოვრობს - „რაც მოსულა მოსულა — ყველაფერიც გასულა…” (საყდრისი გაიხსენეთ).

მანანა გაბრიჩიძე:  რამდენად უკავშირდება საქართველოს თქვენი სამომავლო გეგმები?

გია ეძგვერაძე: სანამ საქართველოში ვცხოვრობდი (მე 1988 წლის ბოლოს წამოვედი დასავლეთში) ჩემს შემოქმედებით/სააზროვნო მიმართებასთან კავშირში, ჩემ გარშემო პრაქტიკულად ყველა ტერიტორიაზე შიშისა და შეცბუნების მეტი არაფერი მიგრძნია (მცირედი გამონაკლისების გარდა). ამ შიშს სხვადასხვა ფორმები ჰქონდა: არმიღების, მოვლენებისგან დისტანციაზე ჩემი დაჭერის, ჩემი აზრის იგნორირების მცდელობის, კულტურული ორიენტაციის არშემჩნევის, განზრახ უგულვებელყოფის. ახლა სიტუაცია შეიცვალა, საზოგადოებრივი ცნობიერების ნაწილს ჩემი აზროვნების მიმართ დიდი ინტერესი, პატივისცემა და რწმენაც კი აქვს, მაგრამ ინსტიტუციებში, სადაც საბჭოთა მეტასტაზებად ჩარჩენილი ადამიანები ისევ შხამავენ გარემოს, ჩემი ხედვებისა და სამომავლო მოდელის შიში პირდაპირ პანიკურში გადაიზარდა. ეს „ის” წამსვლელის შიშია და მისი ისტერიკული პოტინი, ყველა შესაძლებელი საშუალებით (მორალური კრიმინალის ჩათვლით) შეინარჩუნოს შანსი ზედაპირზე არსებობისა.

ჩემი ოცნება და მიზანია - საქართველოში მოხდეს ზოგადი კულტურული ძვრა უცნობი მომავლის მიმართულებით, რაც ქართველებისთვის დღესდღეობით სრულიად გაუგებარი დინამიკაა. პირიქით, დღეს ქართველს, ისევე როგორც მსოფლიოში ზოგადად მთელ „ნაცრისფერ ზონას” („ბრექსიტის” ჩამდენებს და „ტრამპა-ცუმპა” პრეზიდენტის ამომრჩევლებს) ფეხქვეშ მყარი ფუნდამენტის გრძნობის სურვილის მეტი არაფერი ამოძრავებს. მომავლისთვის და მისი აბსურდისთვის თავის გაწირვა - ანუ ადამიანის ბიოლოგიურ, მენტალურ, ეთიკურ/მორალურ კონსტიტუციაზე გადაბიჯება - ჯერ კიდევ სრულიად უცნობი ხილია ტრადიციული ცნობიერების მატარებელი ქართველისთვის.

თუ მგზნებარების ის ხარისხი და შინაარსი, რომელიც მე მამოძრავებს, ბოლოს და ბოლოს ქართველებში გულწრფელ ინტერესს გამოიწვევს, მე მზად ვარ მთელი ჩემი გამოცდილება მოვახმარო ქვეყანას.

თბილისის სამხატვრო აკადემიასთან მიმართებაში ჩემი მიზანი იყო სამხატვრო აკადემიის კულტურის ფლაგმანად ქცევა! მაგრამ ამისთვის აკადემიის ტერიტორიაზე მზად პრაქტიკულად არავინ აღმოჩნდა. პატარა ცხოვრებით კმაყოფილება სენია, რომელიც გადამდებიცაა და უსასრულოდ დამაძაბუნებელიც…  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^