(ნაწილი პირველი)
მანანა გაბრიჩიძე: 25 წელზე მეტია საზღვარგარეთ ცხოვრობთ, რატომ დატოვეთ საქართველო?
გია ეძგვერაძე: იმ დროს, როცა მე საქართველო დავტოვე, ამისთვის საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობდა: კორუმპირებულ/გაყალბებული კომუნისტების, პრიმიტიულ/პათეტიკური თამადებისა და სულმიყიდული რექტორ/დირექტორების დიქტატურა; უტვინო, ბღენძი „დელეცებისა” და მათი კიდევ უფრო უტვინო შვილების თვითკმარი და ნარცისული ჰედონიზმი. ის კი, რაც ძალიან დადებითად, საამურ/შინაურ/სიმყუდროვედ გვეჩვენებოდა, ანუ ჩვენი ქართული სალონური არსებობის ფორმა - ასე „ქართული”, ასე „მომთბარი”, - მისი კუტოკ/მაფიურ/მეზობლურ/ნათესაური გადაბმულობით - ყველაზე მავნებელი და გამანადგურებელი იყო ადამიანის ჭეშმარიტ მისიასთან მიმართებაში.
200 წლის აკვანში რწევისგან თავგალაყებული, მომავალდაკარგული საქართველო, იმ დროს ფეტიშ/ტრადიციებში კომფორტულად მოკალათებული და თვითკმაყოფილი, უძალო და უენერგიო ადამიანების ზიარი ცხოვრების ადგილი; ანუ - იმდროინდელ ცნობიერებაში ერთადერთ ჭეშმარიტებად მიღებული „გადარჩენა/დაფუძნების” ფსიქოლოგია/ინსტინქტის მატარებელი ადამიანების თანაცხოვრების ადგილი იყო.
არ მინდოდა ჩემი თანდაყოლილი ცოცხალი და ვიტალური „კითხვითობა” (vital inquiery) ამ პატენირებულ/რუტინულ ტერიტორიას ჩაეხშო და გაენადგურებინა!
დასავლეთი კი ჩემთვის კულტურული მემარცხენეობის, რადიკალური ძიებების, ირაციონალურიდან შემომდინარე ენერგიის, შანსის და უცნობ მომავალზე შეყვარებული მრავალი ადამიანის „თავშეყრის” ადგილი იყო.
სიტყვა „თავშეყრა” აქ იმიტომ ვიხმარე ამ თვისებების მატარებელი ხალხის მიმართ, რადგან კულტურულ მემარცხენეობას ვგულისხმობ (ანუ “მესამე სივრცეს”), რომელიც ყოველთვის მთელი ძალით ებრძვის სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის დეტერმინაციის ანონიმურ ძალებს დასავლეთის ქვეყნებში და ცდილობს, არ იქცეს და არ შეერწყას იმას, რასაც „საზოგადოება” ჰქვია. ეს ბრძოლა - თავისუფალი, ინდივიდუალურ/პიროვნული საწყისის ყველგან და ყველაფერში შენარჩუნებისთვის - ჩემთვის დასავლეთის ხიბლის უმთავრესი განმსაზღვრელი იყო და ჩემი ცხოვრების არსს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს!
მანანა გაბრიჩიძე: რატომ გადაწყვიტეთ წარმატებულმა ხელოვანმა, გამხდარიყავით ფილოსოფოსი?
გია ეძგვერაძე: „ფილოსოფოსი” - ეს ცნება არც კი ვიცი, დღეს რას ნიშნავს. ის - ტრადიციული, ლოგოსს შეჭიდებული, ანლოგოსში ჩაღრმავებულ/ჩაძირული „მოაზროვნე”, დღეს ცოტა სასაცილოდ აღიქმება. როლან ბარტის „მითოლოგიებმა” ფუნდამენტურად შეცვალა ეს ცნება და ყველას დაანახა — ფილოსოფია ყოველდღიურობის ყველა კუნჭულ-კუთხეში იმალება. აი ასეთი დამოკიდებულება კი მხატვრობასთან ძალიან ახლოს დგას! ჩემი მხრიდან მე ფილოსოფიისკენ ნაბიჯი არ გადამიდგამს (რაიმე ინსტიტუციონალური ცოდნისკენ), ფილოსოფია თვითონ მომადგა, როგორც სასურველი სტუმარი და ჩემი ხელოვნების კარზე მოაკაკუნა. ყველა ჩემი ინსტალიაცია (ასევე შავ-თეთრი ფერწერა) ეგზისტენციალური კითხვებისა და განზოგადებების მაქსიმალური მცდელობაა, საბოლოოდ კი ჩემი შემოქმედება ჩვენი ადამიანური ცნობიერების საზღვრების მიღმა კვლევა/ჟინი/ვნებაა, სადღაც ონტოლოგიურის გადახსნილში გადაბიჯების, ანუ არსებობის მოდუსის ყოფიერების მოდუსზე გადაცვლის. ეს იყო ჩემი ძალისხმევა და თუ ეს ყველაფერი შეიძლება ფილოსოფიად ჩაითვალოს, მაშინ რაღაც წვლილი მართლაც მიმიძღვის ამ დისციპლინაში… ისე კი დელიოზმა დაახლოებით ასე ჩამოაყალიბა: ფილოსოფია არ არის არანაირი სისტემურობის ანალიზი, კვლევა, ან გაფორმება, არ არის სიბრძნე, არ არის სამყაროსთვის ახალი პერსპექტივის დასახვა, ან მოძიება, ან მისი მოდელის წარმოდგენა/გაფორმება, არამედ ფილოსოფია - კონცეპტების შექმნაა!
ამ მხრივ თანამედროვე ხელოვნება სწორედ განსხეულებული კონცეპტების შექმნაა და ამ მტკიცებულების მიხედვით, მისი კავშირი ფილოსოფიასთან უმჭიდროესია.
მანანა გაბრიჩიძე: როგორ აფასებთ დღეს მხატვრობას საქართველოში?
გია ეძგვერაძე: პარადოქსია, მაგრამ ქართულ ბუნებას ვიზუალური თანამედროვე ხელოვნებისთვის ძალიან წამგებიანი მახასიათებელი აქვს - ეს არის ქართველთა მძაფრი გრძნობა „სტილის”, ანუ „სტილის” აღქმისა და მისი იმიტაციის დიდი ნიჭი. სწორედ ამ ნიჭს ემყარება უმთავრესად ქართველი სიახლესთან ზიარებისა და მისი ათვისების საჭიროების შემთხვევაში, უკლებლივ ყველა ტერიტორიაზე, სააზროვნო/შემოქმედებითზეც — ესე იგი, იქაც კი, სადაც სტილისტური მიმბაძველობა სწორედ რომ ყველაზე წამგებიანი და მიუღებელია!
ხელოვნებაში, სტილის იმიტაცია ყველაზე არასასურველი რამაა. სტილით ხიბლს და მის იმიტაციას (ანუ სასიამოვნო კულტურულ აქტიურობას), არა თუ არაფერი აქვს საერთო ავთენტურ შემოქმედებით ძალისხმევასთან, რომელიც პრინციპულად და ყოველთვის რისკზე და ავანტიურაზე დგას, არამედ შემოქმედის ცნობიერებაში ტრავმის შესაძლებლობასაც კი აქვეითებს, მის ფსიქიკურ ცხოვრებას დაცულსა და კომფორტულს ხდის და ამით რაიმე გარღვევის შანსს უკარგავს. ეს შემოქმედისთვის და შემოქმედებისთვის კრახის ტოლფასია.
სწორედ სტილისტიკით გართობის გამო, ანუ არსობრივთან შეხების ჟინის ნაკლებობის გამოისობით, საქართველოში არ ფორმდება „მესამე სივრცე”, ანუ პირველი ორის — სახელმწიფოსა და ეკლესიის სივრცეების ალტერნატივა. 90-იანების დასაწყისში ამ სივრცემ თითქოს დაიწყო ჩვენთან ჩასახვა, მაგრამ ასე, ჩანასახშივე მოკვდა. „მესამე სივრცის” ფსიქოლოგიური მოდუსის გარემოში არსებობის გარეშე კი თანამედროვე ხელოვნებაში სერიოზულ შედეგებზე ლაპარაკი ძალიან ძნელია. თანამედროვე ხელოვნების რეალური მიზნის - „არსებობის” ფორმისა და მისი ყოველგვარი საყოფაცხოვრებო გამოვლენა/ატრიბუტიკის გადაბიჯების გარეშე უმაღლესი ხარისხისა და მასშტაბის თანამედროვე შემოქმედება არასოდეს შედგება.
ასეთი მაღალი მოთხოვნა აფორმებდა და აფორმებს დასავლეთში შემოქმედების ფორმათა და მეთოდთა ცვლას. ამ დინამიკას ადორნომ „ნეგატიური დიალექტიკა” უწოდა. ქართული შემოქმედებითი იმპულსი ასეთი დიალექტიკის ნაწილი ჯერ არასდროს გამხდარა და ამაზე სერიოზულად გვმართებს დაფიქრება!
მანანა გაბრიჩიძე: თუ შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ საქართველო და გერმანია?
გია ეძგვერაძე: აბა როგორ შეიძლება მათი შედარება? ქვეყანა, რომლის პროგრესს ყველა უბანზე და ტერიტორიაზე 200 წელი განგებ ამუხრუჭებდნენ, როგორ შეიძლება შევადაროთ ქვეყანას, რომელიც ყოველგვარი წინსვლისა და პროგრესის ავანგარდში იდგა დროის სწორედ ამ პერიოდში და შიშველ სხეულზე ისტორიის მიერ დატოვებული ავთენტური იარების ხარჯზე საკუთარი თვითშეგნებისა და მისიის განცდას სრულიად ეზიარა. ჩვენ უნდა ბევრი ვისწავლოთ და ვეცადოთ კონსპექტურად მაინც გავიაროთ ყველა ის ისტორიულ/კულტურული ეტაპები, რომლებიც ევროპულმა მოწინავე ქვეყნებმა გაიარეს. ჩვენთან თუ ვინმეს აიპოდი უჭირავს ხელში, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ აიპოდის შესატყვისი ოპერატიული შესაძლებლობებისა და დიაპაზონის ადამიანია… მახსოვს თბილისში ჩემს პირველ ჩამოსვლაზე, სადღაც 90-იანების ბოლოს, რაღაც სპექტაკლზე მოვხვდი რუსთაველის თეატრში და „არმანიში” გამოწყობილი რამდენიმე „ბიძო-ქართველი” შევამჩნიე. არაფერი მინახავს უფრო მახინჯი და არასდროს მიგრძნია ასეთი კონტრასტი: არმანის დახვეწილობა გაპრეწვამდე გადაჭიმულ/მოჭიმულ ტლუ და ბღენძურ სხეულზე. ამ სხეულებზე კი ლოქოსებრი გამომეტყველების სახეების მქონე თავები უკისროდ „დასვარკული” პირდაპირ მხრებზე. დასავლეთის ცნობიერების ისტორიაში წარმოდგენილ ესთეტიკურ არაბესკებსა და გადახსნილისკენ მოძრაობას ახალი ქართველი ადამიანი უშუალოდ უნდა შეეხოს, გაეცნოს და დაეწიოს. ამ ახალ ქართველს კი, საუბედუროდ, თავად ქართველები, ერშიც და ბერშიც, გამწარებით უკან ექაჩებიან. ანუ ისინი, ვისაც ფესვგადგმული არსებობა უყვართ საკუთარ მამულში და „იავნანამ რა ჰქმნა”-ზე ზრდიან შვილებს.
მანანა გაბრიჩიძე: თავის დროზე საზოგადოების გარკვეული ნაწილის განცვიფრება იმან გამოიწვია, რომ სამხატვრო აკადემიის რექტორად თქვენ არ აგირჩიეს… რა მოხდა, თქვენ რომ განგვიმარტოთ?
გია ეძგვერაძე: სამხატვრო აკადემიაში ჩამჯდარ/გამაგრებულია მორალურად კრიმინალური ხუთკაციანი მესვეურების ჯგუფი, რომლებიც საკუთარ თავს აკადემიასთან სრულად აიგივებს(?!). მშვენივრად იციან, რომ ლოკალურ/პროვინციული ღირებულებების გარდა, არაფერი იციან, მაგრამ ოღონდ კი თვითონ იბოგინონ, ფეხებზე ჰკიდიათ ფაქტი, რომ მთელ ქართულ კულტურას ამუხრუჭებენ თავიანთი უნიჭო კარიერისტული ჩარჩენილობით! მათ ზურგი აქვთ გამაგრებული „დიდი მოქალაქისგან”, რომელიც ნამდვილად აზრზე ვერ მოდის, თუ რამხელა მავნებლობაა ამ ხალხის მხარდაჭერა და რა კატასტროფულია ეს ქართული თანამედროვე კულტურისთვის, განათლებისთვის და ასევე ქართველთა ცნობიერების თანადროულობაში მოყვანის საქმისთვის. ასეთი, საბჭოთა ჩამოსხმის გადმონაშთთა ბასტიონები კიდევ ბევრია ჩვენს ქვეყანაში - აკადემია ერთადერთი არ არის. მათ სასწრაფო რეჟიმში შეცვალეს აკადემიის რექტორობისთვის არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნების წესი, რომ მე არ მომცემოდა საშუალება, პირდაპირ მიმეღო მონაწილეობა აკადემიის რექტორის არჩევნებში (უპრობლემოდ მოაწერინეს ხელი მინისტრს ასეთ უსინდისო კონკრეტიკაზე გამიზნულ დოკუმენტზე ); შემდეგ მათ გააყალბეს აკადემიის პროფესორთა არჩევნები, რომ მე არ გავმხდარიყავი პროფესორი და ამ გზით რექტორობისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მომცემოდა. ამ მორალურ კრიმინალთან კავშირში, მე აკადემიას ორჯერ მოვუგე სასამართლო პროცესი და სრულიად აშკარა გავხადე მათი მაქინაციები და სინდისგარეცხილობა. მაგრამ რად გინდა, რუსები რომ იტყვიან: „ა ვასკა სლუშაეტ და ესტ” - რუტინის ყველაზე დიდი ძალა ხომ წაყრუების ოსტატობაა. ხოდა ასე, რუდუნებით აგრძელებენ ახალგაზრდების დაშტერებას, თქვლეფენ თავიანთ ჯამაგირ/სალაფავს და ფეხებზე ჰკიდიათ, რომ ახალგაზრდები სიბნელე/უმეცრებაში ჰყავთ გამომწყვდეული. ამ ახალგაზრდათა სასკოლო და ოჯახში მიღებული განათლება კი იმდენად მწირია, რომ მათ იმის შემჩნევის უნარიც კი არ გააჩნიათ, რომ ამ ინსტიტუციაში, მათ დროსთან აცდენილ სრულ აბსურდს ასწავლიან - ვინაიდან არც აზრობრივად, არც სულიერად და არც ხელოვნების ბაზრის თვალსაზრისით ასეთ „ნასწავლს” არანაირი ფასეულობა არ გააჩნია…
ხსენებულ ხუთეულს, რომ სინდისი არა აქვს - ეს ერთი საკითხია, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას რომ სოციალური თვითშეგნება და მობილიზებულობა აკლია, რომ ასეთ მოვლენებს არ შეეგუოს და ისინი არ დაუშვას - ეს პრობლემის მეორე და კიდევ უფრო სერიოზული მხარეა.
თბილისში დღეს არსებული ყველა მცირე მასშტაბის სამხატვრო სასწავლებლები სამხატვრო აკადემიის ბეყვე-მონსტრზე უკეთესად ფუნქიონირებს. ეს აკადემია მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ მას მოჭიდებული პროფესორ-მასწავლებლები ეგზისტენციალურად არ ჩაიძირონ. თბილისის სამხატვრო აკადემია ბრმა და ყრუ, ძონძებში შემოსილ გზააბნეულ მათხოვარს ჰგავს 21 საუკუნეში გაუგებრად მოხვედრილს და სახელმწიფოს კისერზე განწირულად ჩამოკონწიალებულს!
ზოგადად და ისტორიულად: რაც ამ ტერიტორიაზე ხორციელდება, უკვე საუკუნეა საფუძველშივე აცდენილია ხელოვნების განვითარების ყველა კარდინალურ ხაზს.
მანანა გაბრიჩიძე: რას ნიშნავს თქვენთვის, რომ დიმიტრი უზნაძის შვილიშვილი ბრძანდებით?
გია ეძგვერაძე: მე დიმიტრის უშუალო შვილიშვილი არა ვარ — ბაბუაჩემი და დიმიტრი ბიძაშვილები იყვნენ. მაგრამ, მახსოვს, სკოლას რომ ვამთავრებდი, ორი ახალგაზრდა მეწვია სახლში ფსიქოლოგიის ინსტიტუტიდან და მითხრეს: ინსტიტუტმა გადაწყვიტა უგამოცდოდ მიგიღოთ - რადგან ვიმედოვნებთ, რომ დიმიტრის გენმა თქვენშიც შეიძლება იჩინოს თავიო. აი ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება უნდოდათ…
დიმიტრი უზნაძე არის ის უიშვიათესი გონი, რომელიც კულტურის საბოლოო მიზნად ერთიან/გადახსნილი ცნობიერების გაფორმებას ხედავს. სწორედ ამიტომაა, რომ დასავლური კონტექსტის რა თემასაც არ უნდა შეხებოდა ეს ადამიანი, სულერთია ბერგსონის მოძღვრება იქნებოდა თუ ფროიდის, კონცეპტიის თვალსაზრისით მისთვის წვდომის საზღვრები არ არსებობდა. მისი აზროვნება და ცნობიერება დასავლური კულტურის უმაღლესი ხარისხის მატარებელია და სწორედ ამიტომაც გრძნობდა თავს დასავლურ კულტურასთან სრულუფლებიანად. დიმიტრი, ის ერთ-ერთი ხიდია დასავლური აზროვნების ეპისტემასთან, რომელმაც არ დაუშვა ქართული აზროვნების სრული მოწყვეტა ამ კულტურის უდიდეს მიზანთან, რომელიც ისტორიაში შევა როგორც განძი: კომუნალური ნათელღების პროექტის განხორციელების მიზანდასახული ძალისხმევები.