მესამე წერილი
ეს ზღაპარი ლადო აღნიაშვილმა სოფელ შილდაში ჩაიწერა. სხვა ვარიანტებში ზღაპრს „კონკია“ ჰქვია. ისინი უფრო ვრცელია. „კონკიას“ მსგავსი სიუჟეტები მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ზღაპრებშიც გვხვდება. მაგალითად, რუსული ხვორენუშკა...
კონკია-ჟღარუნა
იყო და არა იყო რა, იყო ერთი საწყალი გლეხი. ჰყვანდა ერთი ცოლი და ერთიც პატარა ქალი. ისე ღარიბად ცხოვრობდა ეს გლეხი, რომ მის ქალს მეტსახელად კონკიაჟღარუნა დაარქვეს.
გავიდა რამდენიმე ხანი. მოუკვდა ცოლი. ისეც გაჭირვებული, ეხლა უფრო გაჭირვებაში ჩავარდა. იფიქრა ამ კაცმა, იფიქრა და ბოლოს ასე გადაწყვიტა: წავალ, შევირთავ მეორე ცოლს; ან სახლსა და კარს გამოადგება, ან ჩემს ობოლ შვილს უპატრონებსო. ადგა და მეორე ცოლი მოიყვანა, მაგრამ ამ მეორე ცოლს თან ერთი ქალი მოჰყვა. ეს დედაკაცი რომ ამ მეორე ქმრის სახლში შემოვიდა და აქაც გერი დაჰხვდა, ძალიან ეწყინა.
ის იყო და ის, დედინაცვალი გერს მტრად გადაეკიდა. სულ იმასა ცდილობდა, რომ თავისი ქალი გაენებივრებინა, გერი კი როგორმე თავიდან მოეშორებინა. გამოუხვევდა კალთაში ერთ კუტს, გააყოლებდა ძროხას და თან ასე დააბარებდა: აი ეს ერთი კუტი გქონდეს, ამვლელსაც აჭამე, ჩამვლელსაც, შენცა ჭამე და შინაც მთელი მოიტანეო. წავიდოდა ეს ქალიც და იყო ერთ დაღონებაში.
ერთხელ ასე დაღონებული იჯდა მინდორში და მწარედ ატირდა. უგდო ყური ძროხამ, უგდო, ამოიდგა მერე ენა და უთხრა: რას ტირი, რა გაგჭირვებიაო? ქალმა შესჩივლა თავისი ამბავი. მაშინ ძროხამ ასე უთხრა: აი, ერთ რქაში თაფლი მიდგა, მეორეში ერბო, რომელიც გინდოდეს ის მიირთვი, მაგისთვის რას დაღონებულხარო? ქალი მართლა ასე მოიქცა და ცოტა ხანში გასუქდა კიდეც. ეს რომ იმისმა დედინაცვალმა შეამჩნია, აღარ იცოდა ჯავრით რა ექნა. ადგა და ამის შემდეგ ყოველდღე თან თითო კალათა მატყლსაც ატანდა: ეს მატყლი თითისტარზე დაართე და საღამოზე შინ დართული მომიტანეო. უნდოდა ჯაფით წელი მოეწყვიტა, რომ აღარ გასუქებულიყო.
ერთხელ, როცა კონკიაჟღარუნა ძროხას მიერეკებოდა, ძროხამ ერთ ბანზე გადაირბინა. ქალი უკან გაედევნა, უნდოდა გზაზე გადმოეყვანა, მაგრამ ამ დროს კვირისთავი ბანში ჩაუვარდა. ჩაიხედა, შიგ ერთი ბებერი იჯდა და ასე ჩასძახა: დედი, დედაშვილობას, ეს კვირისთავი ამომაწოდეო. დედაშვილობა არ გეთქვა, ერთ ლუკმად არ მეყოფოდიო, გაიფიქრა ბებერმა და ამოსძახა: შვილო, შეუძლოდა ვარ, მოდი და შენ თვითონ აიტანეო. ის ბებერი თურმე დევის დედა ყოფილიყო.
ჩავიდა ქალი, კვირისთავი უნდა ამოეტანა. დევის დედამ დაუძახა: შვილო, შვილო! მოდი და ერთ წამს თავი გამისინჯე, თითქოს რაღაცა მჭამსო. ქალი რომ მივიდა და თავზე დახედა, ელდა ეცა: მთელი ქვეყნის ჭია-ღუა შიგ ესხდა. ხელად თავი მოჰკორტნა, ცოტად მოუსუფთვა და მერე უთხრა: ძალიან სუფთა თავი გქონია, ამას რა ხილვა და სინჯვა უნდაო. ბებერს ძალიან ეამა ქალის ქცევა და ასე უთხრა: აქედან რომ გაივლი, ამა და ამ გზას დაადექ, იქ ამა და ამ ადგილას, სამი წყარო დაგხვდება: თეთრი, შავი და ყვითელი. თეთრსა და შავს თავი დაანებე, ყვითელს კი თავი შეუშვირე და ხელით მოიბანეო. ქალიც ასე მოიქცა. დაადგა იმ გზას და ნახა სამი წყარო. შავსა და თეთრს გვერდი აუარა. ყვითელთან რომ მივიდა, თავი შეუშვირა და ხელებით მოიბანა. მერე რომ ზედ დაიხედა, თავზე ოქროს თმა ჰქონდა და ხელებიც ოქროსფრად უბზინავდა. საღამოზე შინ რომ მივიდა და დედინაცვალმა ეს ნახა, უფრო ბრაზი მოუვიდა, ადგა და ამის შემდეგ თავის ქალს დაუწყო ძროხაში გაგზავნა, ეგების ერთი ასეთი ბედი ჩემს ქალსაც ეწიოსო.
ამის შემდეგ დედინაცვლის ქალი ძროხას მისდევდა და კონკიაჟღარუნა შინა რჩებოდა. ერთხელ ამ ძროხამ კიდევ იმ ბანზე გადაირბინა. ქალი უკან გამოეკიდა და ამასაც ბანში კვირისთავი ჩაუვარდა. ჩაიხედა, დაინახა ბებერი და ჩასძახა: ბებერო, შე ქოფაკო, შენა, ადე, ე კვირისთავი ამომაწოდეო! დევის დედამ ამოსძახა: შეუძლოდა ვარ შვილო, მოდი და შენ თითონ აიტანეო. ქალი რომ ძირს ჩავიდა, ბებერმა უთხრა: მოდი შვილო, ერთ წამს თავი გამისინჯეო. მივიდა ქალი და დაჰხედა თავზე თუ არა, უთხრა: უჰ, რა საზიზღარი თავი გაქვს, ზეზეურად აყროლებულხარ, შე აძაღლებულოო! ბებერმა უთხრა: მადლობელი ვარ შენი, შვილო, და გზად რომ გაიარო, ამა და ამ ადგილას სამი წყარო შეგხვდება: ერთი ყვითელი, ერთი თეთრი და ერთიც შავი; ყვითელს თავი დაანებე, თეთრსაც, შავთან რო მიხვიდე, თავი შეუშვირე და ხელით მოიბანეო.
ქალიც ასე მოიქცა. ყვითელს მხარი აუქცია, თეთრსაც და შავს თავი შეუშვირა. დაიხედა მერე ზედ - არაბივით გაშავებულა და თავზედაც ერთი რქა გამოსვლია. იჭრის და იჭრის ამ რქას, მაგრამ რქა სულ ეზრდება და ეზრდება. (მთქმელს აღარ ესმის რქის მნიშვნელობა, ცუდი რამე ჰგონია) მივიდა შინ, დედას შესჩივლა. დედას ძალიან ეწყინა, მაგრამ რაღას უშველიდა. ეგონა: ეს ყველაფერი სულ იმ ძროხის ბრალიაო და დააკვლევინა.
ძროხა გულთმისანი იყო. როცა შეიტყო დამკლავენო, მივიდა კონკიაჟღარუნასთან და უთხრა: მე რო დამკლან, (შენ ჩემი ხორცი არა ჭამო), ჩემი ძვლები ერთად მოაგროვე და მიწაში დაფალ. მერე როცა გაგიჭირდეს, მოდი და ასე ჩამომძახე: ამოდი ჩემო რაშო და სახელმწიფო ტანისამოსოო!“ კონკიაჟღარუნაც სწორედ ასე მოიქცა. ძროხა რომ დაკლეს, მოაგროვა მისი ძვლები და ერთგან მიწაში დაფლა.
გავიდა ამის შემდეგ რამდენიმე ხანი. ერთხელ, უქმე დღეს, გამოეწყო დედინაცვალი, მორთო თავისი ქალი და წავიდნენ საყდარში. კონკიაჟღარუნას კი დაუდგა წინ ერთი ვარცლი, მოუფანტა ეზოში ერთი კოდი ფეტვი და უთხრა: მინამ ჩვენ საყდრიდან მოვალთ, შენ ეს ვარცლი ცრემლით აავსე და ეს ფეტვიც ისე აკრიფე, ერთი მარცვალი არსად დაგრჩესო.
წავიდნენ ისინი საყდარში, კონკიაჟღარუნა კი დაჯდა და ტირის. ამის ტირილზე მოვიდა ერთი მეზობლის დედაკაცი, ჰკითხა: რას სტირი, რა ამბავია შენ თავსაო? ისიც მოუყვა და ყველაფერი უამბო. მაშინ დედაკაცმა გამოუშვა რაც იქ კრუხ-წიწილა იყო, დაჰხვია ფეტვს და სულ პირწმინდად მოაკრეფინა; მერე რამდენიმე კვინწი მარილი ჩააგდო ვარცლში, დაასხა ზედ წყალი და უთხრა კონკიაჟღარუნას: ესეც შენი ცრემლი! ახლა წადი და შენც ისეირნეო.
კონკიაჟღარუნას ეხლა ერთიანად მოაგონდა თავისი ძროხა. მივიდა იმის საფლავთან და ჩასძახა: ჩემო რაშო და სახელმწიფო ტანისამოსოო! მართლაც, ამოვიდა იქიდან ერთი რაში და ერთი ხელი მშვენიერი სახელმწიფო ტანისამოსი. გადაიცვა კონკიაჟღარუნამ ეს ტანისამოსი, გადააჯდა რაშსა და წავიდა საყდარში.
აქ მთელმა ხალხმა მას დაუწყო ცქერა, გაშტერებულნი იყვნენ იმის მორთულობით. დედინაცვლის ქალმა რო შეხედა, თავის დედას წასჩურჩულა: დედი, სულ ჩვენ კონკიაჟღარუნასა ჰგავს ეს ქალიო! დედამ სიცილადაც არ იკმარა: მაგეთი ტანისამოსი ვინ მიაოხრა იმ მზედაბნელებულსაო!
საყდრიდან ყველაზე ადრე კონკიაჟღარუნა გამობრუნდა. ტანისამოსი დროზე გამოიცვალა და დედინაცვალს ისევ თავისი კონკებით დაუხვდა. გზაში რომ მოჩქარობდა, ერთგან ერთ-ერთ წყალზე უნდა გადმომხტარიყო და ერთი ქოში შიგ ჩაუვარდა.
ერთხელ ხელმწიფის ცხენები წყლის დასალევად ამ წყალზე მორეკეს. ცხენებმა შეამჩნიეს ბრჭყვიალა ქოში, დაფრთხნენ და წყალს აღარ ეკარებოდნენ. მოახსენეს ხელმწიფეს: წყალში რაღაც ბრჭყვიალა რამ გდია და ცხენებს აფრთხობსო.
ხელმწიფემ მცურავები დაიბარა და ამბის შესატყობად გაისტუმრა. მცურავებმა გამოიტანეს ეს ქოში და მოართვეს ხელმწიფეს. ხელმწიფემ ეს ქოში რომ ნახა, დაიბარა თავისი ნაზირ-ვეზირები და გამოუცხადა: წადით, მოძებნეთ ვისაც ეს ქოში გამოადგება, ცოლად ის უნდა შევირთოო (სხვა ვარიანტებში უფლისწული ნახავს კონკიას და მაშინ შეუყვარდება). ეძებეს ნაზირ-ვეზირებმა, ეძებეს და ისეთი ვერავინ იპოვეს, რომ ეს ქოში კარგად მოსვლოდა.
შეიტყო ეს ამბავი კონკიაჟღარუნას დედინაცვალმა, მორთო თავისი ქალი, წამოსო ტახტზე და ხელმწიფეს შეუთვალა: მე მყავს ერთი ქალი და აბა, იმის ფეხებზედაც გასინჯეთ, ნამდვილად გამოადგებაო. კონკიაჟღარუნა კი მიაგდო ერთ კუთხეში და ზედ გოდორი ჩამოაცვა. მივიდა ხელმწიფე იმის სახლში და როცა ქოშს ფეხზე უსინჯავდნენ, გოდორზე ჩამოჯდა.
ამ დროს კონკიაჟღარუნამ ამოყო ქვეშიდან ნემსი და ხელმწიფეს უჩხვლიტა. ხელმწიფე გამწარებული ფეხზე წამოვარდა და დედინაცვალს ჰკითხა: რა იყო ამ გოდორშიო? დედინაცვალმა უპასუხა: ინდაური მყავს დამწყვდეულიო. ხელმწიფე ისევ გოდორზე ჩამოჯდა, კონკიაჟღარუნამ კიდევ ნემსი უჩხვლიტა. მეფე წამოდგა და დაიძახა: გოდორი ახადეთ, ვნახოო. დედინაცვალი შეეხვეწა: ნუ ჩადგები ჩვენს ცოდოში, დიდებულო ხელმწიფევ, ინდაური მყავს დამწყვდეული და გამექცევაო.
ხელმწიფემ ყური არ ათხოვა, აჰხადეს გოდორი, გამოვიდა კონკიაჟღარუნა და მოახსენა ხელმწიფეს: ეგ ქოში ჩემია და კარგადაც გამომადგებაო. გაისინჯა და მართლაც, ჩინებულად მოუვიდა. კონკიაჟღარუნა ხელმწიფემ ცოლად წაიყვანა და შურიანი დედინაცვალი კი დარჩა ხახამშრალი.
„განჯადოება“
ჯადოსნური ნივთები თითქმის ყველა ზღაპარში გვხვდება. მაგალითად, ჯადოსნური კომბალი, ჯადოსნური ხალიჩა, ჯადოსნური სარკე, ნატვრისთვალი... იქმნება შთაბეჭდილება, რომ გმირი სწორედ ამ ჯადოსნური ნივთის წყალობით აღწევს წარმატებას. მაგრამ შესაძლოა, საქმე ცოტა სხვაგვარდ იყოს. ზღაპარ „ნატვრისთვალში“ გმირმა მსხვერპლი აღკვეთა. მთელი წლის ნამუშევარი გასცა სასიკვდილოდ გამეტებული ქეციანი ძაღლის, მერე კატის და ბოლოს გველის გადასარჩენად. ამის პასუხად კი ნატვრისთვალი მიიღო. ნატვრისთვალის საშუალებით კი მას ნებისმიერი ნატვრის ასრულება შეუძლია. თითქოს ასე უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში სხვანაირად ხდება: ბიჭი გადაწყვეტს, რომ მეფის ასულზე დაქორწინდეს. ამ სურვილს ნატვრისთვალის დახმარებით იოლად აისრულებს და შედეგად ნატვრისთვალსაც დაკარგავს და მეფის ასულსაც. რატომ? დააშავა რამე? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი გმირი „მეფის ასულზე“ ქორწინდება და არა იმ ადამიანზე, რომელიც შეუყვარდა. ჯერ თვალითაც კი არ უნახავს. რა იცის რომ მოეწონება? ან მეფის ასულს მოეწონება კი ის? მაგრამ ბიჭს ეს არ აინტერესებს. ნატვრისთვალის პატრონია, მისი ყველა სურვილი კანონია და მეფის ასულის ცოლად მოყვანას ვითომ რატომ ვერ შეძლებს? გამოდის, რომ ის მსხვერპლად ითხოვს მეფის ასულს (სხვა ზღაპრების გველეშაპების მსგავსად). ეს ნამდვილად მსხვერპლია, რადგან წყალობის შემთხვევაში მასაც და მეფის ასულსაც უნდა უხაროდეთ ქორწინება. აქ კი მხოლოდ ბიჭს უხარია და თანაც მიზნის მიღწევა და არა ქორწინება. ამ ყველაფერს კი ის აკეთებს იმ ძალის საშუალებით, რომელიც მსხვერპლის აღკვეთის გამო მიიღო. ერთი სიტყვით მსხვერპლის აღმკვეთი გმირი ახლა უკვე თავად ითხოვს მსხვერპლს. გმირი გველეშაპად გადაიქცა. ის აღარ იმსახურებს ნატვრისთვალს და ამიტომ კარგავს კიდევაც მას.
ამ ზღაპარში გმირი ისევ იბრუნებს ნატვრისთვალს, რადგან აღადგენს თავის თავში გმირის თვისებებს, თავს ანებებს მეფის ასულს და თავის სახლს აარსებს. ასე, რომ ჯადოსნური ნივთის ფლობა არ არის მთავარი. მთავარია გმირი, რომელიც ამ ნივთის ღირსია. არ ვიცი რამდენად დამაჯერებლად გამომივიდა, მაგრამ მინდოდა მეჩვებინა, რომ ამ ზღაპარში ნატვრისთვალს შეგვიძლია შევხედოთ არა როგორც „ჯადოსნურ“ ნივთს, რომელიც გმირის ნაცვლად აგვარებს ყველაფერს, არამედ როგორც განსაკუთრებული უნარის აღმნიშვნელ სიმბოლოს. ეს განსკუთრებული უნარი კი, ადამიანს ეძლევა ან ერთმევა იმისდა მიხედვით, ცხოვრობს თუ არა ის წყალობის კანონების შესაბამისად.
ახლა „კონკია-ჟღარუნას“ დავუბრუნდეთ. ამ ზღაპარში ძალიან საყურადღებოდ მიმაჩნია „ჯადოსნური ფრაზა“, რომლითაც ზღაპრის გმირი, ობოლი გოგონა, დევის დედას მიმართავს: „დედი, დედაშვილობას...“ და ამ ჯადოსნური ფრაზის წყალობით გოგონას საფრთხე აღარ ემუქრება. დევი დედა პასუხობს: დედაშვილობა რომ არ გაეთქვა, ერთ ლუკმად არ მეყოფოდიო. მასგავსი ჯადოსნური ფრაზები ბევრ ზღაპარში გვხვდება. ერთ რუსულ ზღაპარში, როგორც კი ზღაპრის გმირი, სულელი ივანუშკა წარმოთქვამს ფრაზას: „ქარიყლაპიას ბრძანებითა და ჩემი სურვილით....“, ყველაფერი უსრულდება (რითია ეს ჯადოსნური ფორმულა ნატვრისთვალზე ნაკლები? ყველაფერს გისრულებს და თანაც ვერავინ მოგპარავს.). სხვა, ასევე რუსულ ზღაპარში „ცხოველთა რძე“ გმირი მიადგება ქოხს, რომელიც ქათმის ფეხებზე დგას და განუწყვეტლივ ტრიალებს. გმირი წარმოთქვამს ჯადოსნურ ფრაზას: „ქოხო, ქოხო, ისე დადექი, როგორც დედამ დაგაყენა“. შედეგად ქოხი გაჩერდება და გმირი შიგ შედის (აქ თითქოს არის მინიშნება იმაზე, რომ გმირმა „დედის (წყალობის) წესრიგი“ უნდა დააბრუნოს იქ, სადაც ახლა მსხვეპლის კანონი ბატონობს და ამით ნასხლარს სახლობა დაუბრუნოს). ჯადოსნური ფრაზების კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ზღაპრებიდან. მაგრამ „კონკია-ჟღარუნას“ დედა-შვილობა მაინც განსაკუთრებული მგონია და ახლა შევეცდები ავხსნა, რატომ.
„კონკია-ჟღარუნაში“ გოგონას მიერ წარმოთქმული „დედაშვილობას...“ არ არის „ჯადოსნური ფრაზა“, რომელიც მას ვიღაცამ ასწავლა. ამ ფრაზის წარმოთქმით გოგონა არ ცდილობს რაიმე მიზნის მიღწევას. ეს გოგონას ცხოვრებისეული პოზიციის გამომხატველი ფრაზაა. იგი დედა-შვილობის წესებით ურთიერთობს ყველასთან, მიუხედავად იმისა, რომ დედინაცვლის, ანუ მსხვერპლის სამყაროში აღმოჩნდა. ძროხისაგან ის შვილივით იღებს დედობრივ ზრუნვას, ხოლო დევის დედაზე დედასავით ზრუნავს. ის ხან შვილია და ხან დედა. მადლობით იღებს წყალობას (შვილის პოზიცია) და უშურველად და სიხარულით გასცემს წყალობას (დედის პოზიცია). მართალია, მსხვერპლის გაღება კი უწევს (დედინაცვლის ბრძანებების შესრულება, შიმშილისა და ტანჯვის ატანა), მაგრამ თვითონ არც ითხოვს მსხვერპლს ვინმესაგან და არც მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობს (არ ჭამს დედინაცვლის ბრძანებით დაკლული ძროხის ხორცს. თუმცა არც იმის ძალა შესწევს, რომ მსხვერპლი აღკვეთოს და ძროხა დაკვლას გადაარჩინოს). ამ ზღაპარში გზაჯვარედინი არ ჩანს, მაგრამ ნათლად ჩანს ობოლი გოგონას არჩევანი. ის მსხვერპლის (დედინაცვლის) სამყაროშიც განაგრძობს წყალობის (სახლის, დედის) კანონების ერთგულებას. შეიძლება ითქვას, რომ ის არ ცნობს მსხვერპლის სამყაროს კანონებს. ამიტომაც მსხვერპლის (კუჭის) სამყარო ვერ ახერხებს მის მონელებას და საბოლოოდ გოგონა წყალობის სამყაროში (ქორწილი) ბრუნდება. როგორც ჩანს, „კარგ ზღაპრებში“ ჯადოსნური ნივთები და ფრაზები სიმბოლოებს წარმოადგენენ და იმ უნარებზე მიგვანიშნებენ, რომლებიც გმირს წყალობის კანონების ერთგულებისათვის ეძლევა. გმირის გამარჯვების მიზეზი მის გარეთ არაა. იგი იმარჯვებს არა ეშმაკობითა და მოხერხებულობით ან შემთხვევით ნაპოვნი ჯადოსნური ნივთის (ან გაგონილი ფრაზის) საშუალებით, არამედ წყალობის სამყაროს არჩევითა და მისი კანონების ერთგულებით.
როგორც წესი, ზღაპრის გმირს სახელი არა აქვს (რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს. მაგალითად ასფურცელა, ივანუშკა დურაჩოკი...). ის შეიძლება ვაჟიც იყოს და გოგონაც, უფლისწულიც და ღარიბი გლეხის შვილიც. თითქოს მეზღაპრე მიგვანიშნებს, რომ ზღაპრის გმირის ადგილზე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება წარმოვიდგინოთ და შესაძლოა ეს მეც ვიყო, მთხრობელი ან მსმენელი (ფილმად ან მულტფილმად გადაღებულ ზღაპრებში ეს ზოგადობა დარღვეულია. ზოგადობა ირღვევა ილუსტრირუბულ კრებულშიც. იქ ზღაპრის გმირს კონკრეტული გარეგნობა აქვს. მსმენელის ნაცვლად უკვე მაყურებელი გვყავს და ის გმირის ადგილზე ვეღარავის წარმოიდგენს, რადგან მისი წარმოსახვა მიჯაჭვულია მსახიობის გარეგნობაზე, ან მხატვრის მიერ შექმნილ სახეზე. ზღაპარში მოთხრობილი ამბავი კონკრეტული ადამიანის თავგადასავლად იქცევა).
ასე, რომ ზღაპარი მხოლოდ ბავშვის თავშესაქცევად მოგონილი, მიმზიდველი სიუჟეტის მქონე ამბავი კი არ არის, არამედ ადამიანის მიერ გასავლელი გზის აღწერაა. გზის დასაწყისში (ბავშვობაში) ადამიანი ბედნიერია. ის წყალობის სამყაროში ცხოვრობს. გარემო მასზე ზრუნავს და არაფერს ითხოვს სანაცვლოდ. მისი მდგომარეობა ჰგავს დედის მუცელში მყოფი ჩვილის მდგომარეობას (სრულიად საპირისპიროა კუჭში მოხვედრილის მდგომარეობა, სადაც გარემო ცდილობს რომ ყველაფერი გამოწოვოს მისგან). ნელ-ნელა ბავშვი იზრდება და მშობლები თავს ვალდებულად თვლიან, რომ ის „ცხოვრებისათვის“ მოამზადონ. მისგან ითხოვენ კარად სწავლას, წრეებზე სიარულს, წესრიგს... ბავშვიც ნელ-ნელა იგებს, თუ რა უნდა შეეძლოს, როცა გაიზრდება. მისი მდგომარეობა მთლად დედინაცვლის სამფლობელოში მოხვედრილისას არ ჰგავს. ეს უფრო ფაშვია, რომელიც მას კუჭში (დედინაცვლის, მსხვერპლის სამფლობელოში) გადასასვლელად ამზადებს. მისი გზა განსაზღვრულია და ის მსხვერპლის სამყაროში მიდის. ამ გზას ოჯახი, სკოლა, მის გარემოში გაბატონებული სტერეოტიპები უჩვენებენ. მთავარი „გზის მაჩვენებელი“ მაინც საზოგადოების მოლოდინია: საზოგადოება ელის, რომ ბავშვი საზოგადების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბდება და ისიც ცდილობს, რომ მას იმედები არ გაუცრუოს, რადგან იმედის გამცრუებელი გაიდევნება საზოგადებიდან, როგორც ნაცარქექია ან სხვა, მსგავსი ზღაპრის გმირი. გაიდევნება როგორც უუნარო, ზარმაცი, სულელი ან სხვა მსგავსი იარლიყით დაღდასმული. თუ განდევნილი იარლიყს არ დაეთანხმა და თავისი იდეალების განხორციელება განაგრძო, შესაძლოა „ნატვრისთვალის“ პატრონიც გახდეს. დედინაცვლის მიერ ნასწავლი გზის დამწუნებელმა ახალი გზა უნდა გაჭრას. და თუ ამას შეძლებს, მაშინ გზის ბოლოს ის წყალობის ქვეყანაში აღმოჩნდება. შესაძლოა მან იპოვოს წყალობის ქვეყანა, ან კიდევ შესაძლოა ეს ქვეყანა მის ირგვლივ დაარსდეს.
ასე მოხდა დავით გარეჯელის შემთხვევაში. ჯერ სირიიდან და შემდეგ თბილისიდან განდევნილი დავითი უდაბნოს შეაფარებს თავს და თითქოს ამ სრულიად შეუფერებელ ადგილზე არსდება წყალობის ქვეყანა. არსდება, რადგან დავითი არ ამბობს უარს წყალობის პრინციპებზე. მას არ შეუძლია მსხვერპლის კანონების მიღება და გარბის იქ, სადაც არავინ ცხოვრობს, უდაბნოში. უდაბნოში ცხოვრება ძალიან ძნელია, მაგრამ სამაგიეროდ არავინ გაიძულებს სინდისის წინააღმდეგ წასვლას. ხოლო სინდისთან, შინაგან ხმასთან თანხმობაში ცხოვრება წყალობის ქვეყანას შობს.
პატარა დაზუსტება: თუ გმირი ბოლომდე ერთგულებს წყალობის კანონებს, ის ბოლოს აუცილებლად მოხვდება წყალობის ქვეყანაში. მაგრამ ეს ორნაირად შეიძლება მოხდეს. „შესაძლოა, გმირმა იპოვოს წყალობის ქვეყანა და შესაძლოა რომ ეს ქვეყანა მის ირგვლივ დაარსდეს“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის შესაძლოა შეუერთდეს „ბედნიერ საზოგადოებას“ (თუკი ის არსებობს), ან თვითონ გახდეს ასეთი საზოგადოების დამაარსებელი. ამ ორი შემთხვევის შედარება არ ღირს, ორივე კარგია. უბრალოდ ზოგჯერ პირველი შეუძლებელია.
ალბათ ყველა ადამიანს მოსწონს ზღაპრები გარკვეულ ასაკამდე. მაგრამ შემდეგ, როცა ის იძულებული ხდება, რომ მსხვერპლის ქვეყანა აირჩიოს, ზღაპარი უკვე აღიზიანებს. ამის მიზეზი ისაა, რომ თუნდაც ზღაპრის არსს ვერ იაზრებდეს, ზღაპარი მაინც აგრძნობინებს, რომ ეს არჩევანი ეწინააღმდეგება მისთვის რაღაც ძალიან მშობლიურსა და მნიშვნელოვანს. ამიტომ იოლ გამოსავალს პოულობს: „რაღა დროს ზღაპრები და ბავშვური სისულელეებია?! ცხოვრება ასეთია...“ სამწუხაროდ ზოგჯერ ამასაც არ სჯერდებიან და ამტკიცებენ, რომ ზღაპარი მავნეა და ის ბავშვს არ უნდა გავაკაროთ...
სამაგიეროდ ზღაპარი შეიძლება დაეხმაროს ადამიანს, რომელიც ვერ შეეგუა მსხვერპლის კანონებს, საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და ღირებულებებს და გარიყული აღმოჩნდა საზოგადოებისგან. უმრავლესობისაგან დიამეტრალურად განსხვავებული ღირებულებების გამო ასეთმა ადამიანმა შეიძლება არანორმალურად და ავადმყოფადაც კი ჩათვალოს თავი. მინახავს ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება ზღაპრის გმირივით იცხოვრეს, უამრავ ადამიანს მიანიჭეს ბედნიერება და ბოლოს მაინც ვერ გაუძლეს „კეთილისმყოფელთა“ შეგონებებს. გატყდა, დაიჯერა, რომ არასწორად იცხოვრა. კი ვერ შეიცვალა, მაგრამ დამარცხებული გავიდა წუთისოფლიდან. არ მგონია, რომ ზღაპარი დიდად დაეხმარება მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს, მაგრამ პატარა ნუგეში მაინც არის იმის დანახვა, რომ ვიღაცა შენსავით უყურებდა ცხოვრებას და რომ ამ ხედვაში სრულიად მარტო არ ხარ.