Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წერილები ზღაპრების შესახებ

09 სექტემბერი 2021
დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, არასტერეოტიპული აზროვნების უნარ-ჩვევებს, მნიშვნელოვანი გვგონია წერილების ეს ციკლი ზღაპრებსა და მეტაფორულ, მეტაფიზიკურ აზროვნებაზე. მის ავტორს, გია რაზმაძეს იცნობენ, როგორც "გია მასი" რაზმაძეს. ის მასწავლებელიცაა და ფილოსოფოსიც, რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, და უშურველად და უანგაროდ უზიარებს თავის ცოდნას ნატურალური აგრომეურნეობის შესახებ ყველა დაინტერესებულ ადამიანს. მისი ზღაპრებთან ურთიერთობაც არ არის შემთხვევითი - გია 10 წელი ცხოვრობდა ძეგვის ბავშვთა სახლში. ყველა მისი აღზრდილი, ამ დროს, დიდი სიყვარულით იხსენებს.

მეოთხე წერილი

როგორც ვნახეთ, ზღაპრის გმირის მიზანიც და გამარჯვების მიზეზიც - „წყალობის სამყაროს“ არჩევაა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მიერ განხილულ ზღაპრებში („წიქარა“ და „კონკია“) ასეა. ამ ტიპის ზღაპრებს შეიძლება „რქიანი ცხოველების ზღაპრები“ დავარქვათ. ეს ისეთი ზღაპრებია, რომლებშიც დედის სიკვდილის შემდეგ ბავშვზე ზრუნვას საკუთარ თავზე იღებს რომელიმე რქიანი ცხოველი. ეს რქიანი ცხოველი შეიძლება იყოს ძროხა, ხარი, ირემი, ცხვარი...

წყალობა და მსხვერპლი ბიბლიაში

კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, თუ რა არის წყალობის სამყარო. წყალობა არის ურთიერთობა, რომლის დროსაც ორივე მხარე - გამცემიც და მიმღებიც ბედნიერია. წყალობა არის დედა-შვილობის ქარგის მიხედვით აგებული ურთიერთობა. ჩვილი ბედნიერია იმით, რომ იღებს დედისაგან რძეს, ზრუნვას, სითბოს, ალერსს, სიმღერას... (ამიტომაც არის რძე თაფლთან ერთად, წყალობის სიმბოლო). მაგრამ არანაკლებ ბედნიერია დედაც, ანუ ის, ვინც გასცემს. დედა-შვილობა წყალობისმიერი ურთიერთობის მხოლოდ ერთი მაგალითია. მაგრამ აქ საუბარი არაა დედა-შვილობაზე, როგორც ინსტიქტზე, რომელიც ყველა ძუძუმწოვარი ცხოველისთვისაა დამახასიათებელი, არამედ ურთიერთობის ტიპზე, რომელსაც ადამიანი ირჩევს არა მარტო საკუთარ შვილთან ან დედასთან საურთიერთოდ. წყალობა არის დედა-შვილობის ქარგაზე აგებული ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. ზღაპარში „კონკია-ჟღარუნა“ სწორედ ასე ურთიერთობს ობოლი გოგო არათუ თავის სოფლელებთან, არამედ სხვა, მტრულად განწყობილი თემის წარმომადგენელთან - დევის დედასთან.

შესაძლოა ზედმეტად გაბედულად მოგვეჩვენოს რძისა და თაფლის წყალობის სიმბოლოებად, ხოლო სისხლისა და გულ-ღვიძლის - მსხვერპლის სიბოლოებად დანახვა; ასევე სამყაროს დაყოფა წყალობისა და მსხვერპლის სამეფოებად და შესაბამისად ის ვარაუდიც, რომ გმირის გზა - წყალობის ქვეყნის ძიებაა. მით უფრო, რომ სამეცნიერო ლიტერატურით ასეთი შეხედულება არ დასტურდება (ყოველ შემთხვევაში, მე არსად შემხვედრია). ეს „თეორია“ ჩემი და ჩემი მეგობრის, დიტო პატარაიას (1963-2011) ერთობლივი ფიქრის შედეგია. ასევე ერთად დავამუშავეთ „დაბადებისა და შექმნის თეორიაც“. ეს ხედვა და სიმბოლოების მნიშვნელობის ცოდნა, გვეხმარება ზოგიერთი ზღაპრის, მითის, თქმულებისა და რიტუალის გაანალიზებაში, როგორც ეს წინა სამი ზღაპრის შემთხვევაში გავაკეთეთ. ამ თეორიას არანაირი ავტორიტეტული წყარო ზურგს არ უმაგრებს, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან ბუნებრივია და იმედი მაქვს, მკითხველის გულის ხმა მას დაეთანხმება.

უცნაური ტენდენცია

ჩვენ მიერ განხილულ სამ ზღაპარში (და სხვებშიც, რომელთაგან ზოგიერთს შემდეგ წერილებში განვიხილავთ), ნათლად ჩანს მეზღაპრის მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც სამყაროში ორი ურთიერთგამომრიცხავი წესრიგი არსებობს - წყალობისა და მსხვერპლის. გმირმა კი აუცილებლად წყალობა უნდა აირჩიოს. მაგრამ რა ხდება რეალურ სამყაროში? ჩვენი ცივილიზიცაია არ ცნობს წყალობის სამყაროს. დღეს წყალობის სამყარო, უკეთეს შემთხვევაში, ოჯახის შიგნითაა გამოკეტილი (იქაც ვიწროვდება ნორმების დადგენით, რადგან ნორმა და სავალდებულოობა კლავს წყალობას), უარესში კი, მხოლოდ ზოგიერთი ადამიანის გულში.

დღეს წყალობის პრინციპზე დაფუძნებული ოჯახზე დიდი სოციუმები თითქმის აღარ არსებობენ. სიტყვა „წყალობასაც“ კი დამამცირებელი ელფერი დაჰკრავს. მაგალითად ქველმოქმედებისთვისაც კი „შემოწირულობის“ მიღება ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ მოწყალებისა არა, რადგან ის სამარცხვინოდ ითვლება. წყალობა მხოლოდ რეალობიდან კი არაა განდევნილი, ენიდანაც იდევნება. სამაგიეროდ მსხვერპლის პრინციპი მოწონებული და განდიდებულია. მსხვერპლის პრინციპზე დაფუძნებულ სამყაროში „მეგობრობა“ - უაზრო სიტყვაა, კომპანიონობა - გასაგები. ამ სამყაროს არ ესმის უანგარობა, სიყვარული...  კრიზისი, რომელშიც ეს სამყარო შევიდა და მთელ კაცობრიობას ემუქრება, რაღაც შეცდომებს ბრალდება და არა პრინციპებს. ამ ცივილიზაციამ მარტო კატასტროფების რისკის წინაშე კი არ დააყენა კაცობრიობა, არამედ ბევრი სხვა უბედურებაც მოუტანა ადამიანებს. ადამიანებმა სიხარული დაკარგეს... მოკლედ, არ ღირს გაგრძელება. წყალობის სამყაროში ადამიანმა ბედნიერებას სხვისი გაბედნიერებით უნდა მიაღწიოს, მსხვერპლის სამყაროში - კი „წარმატება“ სხვისგან სარგებლის მიღებას ნიშნავს...

დღეს, როცა მსხვერპლმა დაამარცხა და განდევნა წყალობა, წარმოუდგენლად გვეჩვენება სხვანაირი ცხოვრების წესით ცხოვრება. მაგრამ ყოველთვის ასე იყო? რა თქმა უნდა, მსხვერპლი და სისასტიკეები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ იქვე არსებობდა წყალობაც (შესაძლოა შევიწროებული, მაგრამ მაინც არსებობის უფლების წაურთმეველი).  ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორ ხდებოდა წყალობის განდევნა და მსხვერპლის ერთადერთ წესად დამკვიდრება.

წყალობის, როგორც ცხოვრების წესის დამცირება და მსხვერპლის განდიდება დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს პროცესი ბიბლიაშიც ჩანს და უფრო ადრინდელ წყაროებშიც. ამ წერილში ბიბლიის შესახებ ვისაუბრებთ, ძველ მითებს კი - შემდეგ წერილებში განვიხილავთ.

ვნახოთ, რამდენიმე მაგალითი ბიბლიიდან (ძველი აღთქმიდან). აი, რა წერია ბიბლიის მასორეტულ რედაქციაში:

1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან.
2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი.
3. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი.
4. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს.
5. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა.
6. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?
7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.
8. უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.
9. უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ.
10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.
11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისგან, რომელმაც გახსნა პირი,  რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.
12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.
13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი:
14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მოვეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.
15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვედრს.
16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დასახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.

ამ ტექსტიდან შეუძლებელია გავიგოთ, თუ რატომ დაიწუნა ღმერთმა კაენი და მისი ძღვენი და რატომ მოიწონა აბელი და მისი ძღვენი. ხომ ორივემ ძღვენი მიართვა მას? ალბათ არ ღირს ვივარაუდოთ, რომ ღმერთს ხორცეული საჭმელი მოსწონს და მცენარეული არა. და არც ის, რომ მწყემსი მოსწონს და მიწათმოქმედი - არა... მაშ რა ვიფიქროთ?

ჯერ ვნახოთ, თუ როგორაა გადმოცემული იგივე ამბავი სეპთუაგინტაში:

1. ხოლო ადამმა შეიცნო ევა, თავისი ცოლი, და მუცლადიღო და შვა კაინი, და თქვა: შევიძინეთ კაცი ღვთის მიერ.
2. და შემატა და შვა მისი ძმა აბელი. და გახდა აბელი ცხვრების მწყემსი, ხოლო კაინი იყო მიწათმოქმედი.
3. და იყო, გავიდა დღეები და მიართვა კაინმა მიწის ნაყოფთაგან მსხვერპლი უფალს.
4. და აბელმაც მიართვა თავისი ცხვრების პირმშოთაგან და მათი ცმელიდან. და გადმოხედა ღმერთმა აბელს და მის ძღვენს.
5. ხოლო კაინს და მის მსხვერპლს არ მიხედა. და დაღონდა კაინი ძლიერ და შეეჭმუხნა სახე.
6. და უთხრა უფალმა ღმერთმა კაინს: რად შეწუხდი და რად შეგეჭმუხნა სახე?
7. არასწორად შემისწორე და არასწორად გაყავი; შესცოდე? დაწყნარდი; შენკენ მობრუნდება იგი და შენ იბატონებ მასზე.
8. და უთხრა კაინმა აბელს, თავის ძმას: გავიდეთ ველზე. და იყო მათი ველზე ყოფნისას აღდგა კაინი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა იგი.
9. და უთხრა ღმერთმა კაინს: სად არის აბელი, შენი ძმა? ხოლო მან  თქვა: არ ვიცი. განა ჩემი ძმის მცველი ვარ მე? 
10. და თქვა ღმერთმა: რა ქენი? შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მე მიწიდან.
11. და აწ წყეული იყავ მიწისგან, რომელმაც გახსნა თავისი პირი, რომ მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან,
12. რადგან დაამუშავებ მიწას, და მეტად აღარ მოგცემს თავის ძალას შენ; შევიწროებული და შეძრწუნებული იქნები ქვეყანაზე.
13. და უთხრა კაინმა უფალს: უფრო დიდია ჩემი დანაშაული , ვიდრე მომეტევება მე.
14. თუ განმდევნი მე დღეს მიწის პირიდან და შენს პირს მივეფარები, ვიქნები შევიწროებული და შეძრწუნებული ქვეყანაზე; და იქნება, ყოველი ჩემი მპოვნელი მომკლავს მე.
15. და უთხრა მას უფალმა ღმერთმა: არ იქნება ასე: კაინის ყოველი მკვლელი შვიდგზის შურისგებული იქნება, და დაადო უფალმა ღმერთმა ნიშანი კაინს, რათა არ მოეკლა იგი ყოველ მის მპოვნელს.
16. და გამოვიდა კაინი ღვთის პირისგან და დასახლდა ნაიდის ქვეყანაში, ედემის პირდაპირ.

როგორც ვხედავთ, სეპტუაგინტას მიხედვით, ღმერთს მოსწონს ძღვენი (წყალობა), ხოლო მსხვერპლი არ მოსწონს. მოსწონს, რომ აბელი სიხარულით უძღვნის მას თავის შრომის ნაყოფს და არ მოსწონს, რომ კაენი ამას ან მოვალეობის მოხდის გამო აკეთებს, ან შიშის, ან რაიმე სხვა მოსაზრებით. მაგრამ არა სიხარულით.

სეპთუაგინტაში კაენის ქმედების დაწუნების მიზეზი სრულად გასაგებია. მაგრამ მასორეტული რედაქცია ამის გაგების საშუალებას არ იძლევა. რატომ?

ნაკლებად სავარუდოა, რომ ეს განსხვავება უნებლიე შეცდომის ბრალი იყოს. მასორეტულმა რედაქციამ ამ ცვლილებით იმას მიაღწია, რომ აქ ღმერთი მსხვერპლს არ იწუნებს. წყალობას კი, ხან იწუნებს და ხან იწონებს. მასორეტული რედაქცია გაურბის იმის თქმას, რომ ღმერთს მოსწონს წყალობა და არ მოსწონს მსხვერპლი. (ეს აზრი პირდაპირაა გამოთქმული სახარებაში იესოს მიერ: „წადით და ისწავლეთ რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი“. (მათე 9.13.))

მაინც რა უნდა იყოს ასეთი განსხვავების მიზეზი? წყალობის დაკნინება და მსხვერპლის განდიდება აუცილებელია სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო ვერ დაემყარება წყალობის პრინციპს. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იარსებებს ვერც იძულების, ვერც ომის და ხოცვის, გადასახადების... გარეშე. ეს კი მსხვერპლია. ამიტომ ჯობია არ დაიწეროს, რომ ღმერთს მსხვერპლი არ მოსწონს. პირიქით: მსხვერპლი ღვთისგან დადგენილად უნდა გამოცხადდეს.

მოსეს მიზანი სახელმწიფოს შექმნაა. ამიტომ მას სჭირდება, რომ მსხვერპლი ღმერთისგან მოწონებულ იქნას და დადგენილ წესად გამოაცხადოს. და აკეთებს კიდეც ამას დაბადების 22-ე თავში:

თავი ოცდამეორე

1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ!
2. უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.
3. ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა იმ ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა.
4. მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი.
5. უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით.
6. აიღო აბრამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისაკს, თავის შვილს; ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა, და ასე წავიდნენ ორნი ერთად.
7. უთხრა ისააკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის? 
8. უთხრა აბრაამმა: ღმერთი განოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად.
9. მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა აბრაამმა იქ სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისაკი, თავისი შვილი, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ.
10. გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად. 
11. მოუხმო მას უფლის  უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქ ვარ.
12. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ- მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის.
13. გაიხედა აბრაამმა და ხედავს, აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა არსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად.
14. უწოდა აბრაამმა სახელად ამ ადგილს: ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა.
15. მეორე გზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან
16. და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკო მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის,
17. კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს;
18. იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა.

პრობლემა ისაა, რომ სეპთუაგინტას მიხედვით, აბელისა და კაენის ამბავში წყალობა მოსწონს ღმერთს და არა მსხვერპლი. აბრაამისა და ისაკის ამბავში ღმერთს მსხვერპლი მოსწონს და თვითონ აწესებს მას. რა გაიგოს მკითხველმა? ღმერთს ერთგან სძულს მსხვერპლი და მეორეგან მოსწონს? სწორედ ამ წინააღმდეგობის აღმოფხვრას ცდილობს მასორეტული რედაქცია, ჩემი აზრით. ამ რედაქციის მიხედვით ღმერთისთვის მსხვერპლი ყოველთვის მოსაწონია, წყალობა კი ხან მოსაწონია და ხან არა.

წყალობის დაკნინების ტენდენციამ ისიც გამოიწვია, რომ ებრაულ ენაში სიტყვა აბელი საზოგადო სახელად იქცა და დღეს ის ამაოებას, არარაობას აღნიშნავს.

ბიბლიაში სხვა საინტერესო მაგალითებიცაა წყალობასა და მსხვერპლის შესახებ, მაგრამ ახლა ისევ ზღაპრებს დავუბრუნდეთ.

---
არის ერთი რუსული ხალხური ზღაპარი „გედები“. ამ ზღაპარმა ჩემი ყურადღება იმით მიიპყრო, რომ მასში რძის მდინარეს (წყალობის სიმბოლო) ვხვდებით. თუმცა ამის მიღმაც ბევრი რამაა მასში საგულისხმო.

გედები

იყო და არა იყო რა. იყვნენ მოხუცი ცოლი და ქმარი. ჰყავდათ ორი შვილი: უფროსი გოგო და უმცროსი ვაჟი.

ერთხელ დედამ უთხრა ქალიშვილს: ჩემო გოგონავ, მე და მამაშენი სამუშაოდ წავალთ, ძმას მიხედე, ეზოდან არ გახვიდე, ჭკვიანად იყავი და ჩვენ თავშალს გიყიდით!

უფროსები წავიდნენ. გოგოს დაავიწყდა, რაც დაავალეს. გამოიყვანა ძმა, დასვა ფანჯრის ძირას ბალახზე. თვითონ კი ქუჩაში გავარდა, ითამაშა, ისეირნა. მოფრინდნენ გედები, ფრთებით აიტაცეს ბიჭი და გაფრინდნენ.

მოვიდა გოგო და რას ხედავს, ძმა არ არის. ვაიო,  - შემოსძახა, აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ ვერსად იპოვა. ეძახდა, ცრემლით ირწყვებოდა, მოთქვამდა, რადგან იცოდა, რომ მშობლებისგან მაგრად მოხვდებოდა. ბიჭი კი არსაიდან პასუხობდა.

გოგო გაშლილი მინდვრებისკენ გაიქცა. თვალი მოჰკრა, რომ მიფრინავდნენ გედები და ბნელ ტყეში ჩაიკარგნენ. ის მიხვდა, რომ ძმა მათ მოსტაცეს.

გედებს უკვე დიდი ხანია, ცუდი სახელი ჰქონდათ გავარდნილი, ბევრი ზიანი მოჰქონდათ, პატარა ბავშვებსაც კი იტაცებდნენ. გოგო გაიქცა, რომ დასწეოდა. ირბინა, ირბინა და ხედავს, ღუმელი დგას.

- ღუმელო, ღუმელო, მითხარი, საით გაფრინდნენ გედები?
- შეჭამე ჩემი ჭვავის ღვეზელი და გეტყვი.
- ოო, მე შინ ხორბლის ღვეზელსაც კი არ ვჭამ, უპასუხა გოგო.

ღუმელმა არაფერი უთხრა. გოგომ გზა გააგრძელა, ვაშლის ხე დაინახა.

- ვაშლო, ვაშლო, მითხარი, საით გაფრინდნენ გედები?
- შეჭამე ჩემი მაჟალო ვაშლი და გეტყვი.
- ოო, შინ ბაღის ვაშლსაც კი არ ვჭამთ.

გოგომ კვლავ განაგრძო გზა, ხედავს რძის მდინარეს კისელის ნაპირებით.

- რძის მდინარევ, კისელის ნაპირებო, მითხარით, საით გაფრინდნენ გედები?
- დალიე ჩემი რძიანი კისელი და გეტყვი.
- ოო, შინ ნაღებსაც კი არ ვსვამ.

ჩვენმა გოგომ კიდევ ბევრი ირბინა მინდორში და იხეტიალა ტყეში. ამასობაში დღე ღამისკენ გადაიხარა. ვერაფერს იზამდა, სახლში უნდა დაბრუნებულიყო. უცბად ხედავს, ქოხი დგას ქათმის ფეხებზე, ერთი ფანჯარა აქვს და ადგილზე ბრუნავს. შიგ კუდიანი დედაბერი ზის და ძაფს ართავს. იქვე, დახლზე, გოგოს ძმა შემომჯდარა და ვერცხლის ვაშლებით თამაშობს. გოგო შევიდა ქოხში:

- გამარჯობა ბებია, - მიესალმა ჯადოქარს.
- გაგიმარჯოს გოგონა, - უპასუხა მან, - რად გარჯილხარო?
- სად არ ვიარე, ჭაობში გამოვტოპე და კაბა დამისველდა. მოვედი, რომ გავშრე.
- დაჯექი, სადაც გინდა. ძაფის დართვაში დამეხმარეო.

ჯადოქარმა გოგოს თითისტარი ხელში შეაჩეჩა და თვითონ იქაურობას გაეცალა. გოგო საქმეს შეუდგა. ამ დროს ღუმელიდან თაგუნა გამოცუნცულდა და ეუბნება: გოგონა, გოგონა, მომეცი ფაფა და კეთილ რჩევას მოგცემ. გოგონამ მისცა ფაფა. თაგუნა ეუბნება: ახლა ჯადოქარი წავიდა, რომ აბაზანა გააცხელოს. დაგბანს, დაგკლავს, შეგწვავს და შეგჭამს. მერე შენს ძვლებზე შემოდგება და გასრიალდება. გოგო ცოცხალ-მკვდარი უსმენს და ტირის. თაგუნა განაგრძობს: ნუ აყოვნებ, წაიყვანე შენი ძმა და გაიქეცი, მე კი შენ ნაცვლად ძაფის დართვას გავაგრძელებო. გოგომ დაავლო ძმას ხელი და გაიქცა.

ჯადოქარი მივა ფანჯარასთან და შესძახებს: გოგონა, ართავ ძაფს? თაგუნა კი პასუხობს: ვართავ, ბებია, ვართავ.

ჯადოქარმა აბაზანა გააცხელა, წავიდა რომ გოგო მოეყვანა, მაგრამ ქოხში ვერავინ იპოვა და დაიყვირა: გედებო, გედებო, სასწრაფოდ გაფრინდით და დაეწიეთ, გოგომ ძმა წაიყვანა!

და და ძმა მიადგნენ რძის მდინარეს. ხედავს გოგო, მოფრინავენ გედები და მდინარეს სთხოვს დახმარებას:

- დედა მდინარევ, დამმალე გეთაყვა!
- დალიე ჩემი კისელი!

გოგონამ დალია და მადლობა გადაუხადა. მდინარემ ის ნაპირზე დამალა. გედებმა ისე გადაიფრინეს, რომ ვერაფერი შეამჩნიეს. გამოვიდა გოგო სამალავიდან, მადლობა გადაუხადა მდინარეს და კვლავ გაიქცა თავის ძმასთან ერთად. ხედავს, გედები უკან მოფრინავენ. რა ქნას? რა მოიფიქროს? იქვე ვაშლის ხე დაინახა.

- ვაშლო, დედა ვაშლო, დამმალე გეთაყვა!
- შეჭამე ჩემი მაჟალო ვაშლი და დაგმალავ.

გოგომ საჩქაროდ შეჭამა და მადლობა გადაუხადა. ვაშლის ხემ ტოტები გადააფარა და ზედ ფოთლები მოაყარა. გედები გაფრინდნენ. გოგო ისევ გამოვიდა სამალავიდან და გარბის ძმასთან ერთად. ცოტაღა დარჩა, მაგრამ  გედებმა შეამჩნიეს და გამოუდგნენ. სადაცაა დაეწევიან, უკვე ფრთებს უქნევენ, ცოტაც და ხელიდან ააგლეჯენ ძმას. გოგომ როგორღაც  ღუმელამდე მიაღწია.

- დედა ღუმელო, დამმალე, თუ შეიძლება!
- შეჭამე ჩემი ჭვავის ღვეზელი და დაგმალავ!

გოგომ სასწრაფოდ იტაკა პირში ღვეზელი და ძმასთან ერთად ღუმელის მილში შეძვრა. გედებმა იფრინეს, იფრინეს, იყაყანეს, იყაყანეს და ხელცარიელები დაბრუნდნენ ჯადოქართან.
გოგომ ღუმელს მადლობა გადაუხადა და ძმასთან ერთად შინისკენ გასწია. მალე დედა და მამაც მოვიდნენ.

ზღაპრის გმირი პატარა გოგოა, რომელსაც თავისი უმცროსი ძმის „დედობას დაავალებენ“. გოგო ამას ვერ ახერხებს, გაერთობა და მის პატარა ძმას გედები მოიტაცებენ. გოგო ძმის საძებნელად მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ პატარაა და წყალობის გარდა არაფერი უნახავს, მაინც ვერ ახერხებს წყალობის მიღებას ვერც ღუმელისგან, ვერც ვაშლის ხისგან და ვერც რძის მდინარისაგან. მიზეზი ისაა, რომ მართალია გოგოსთვის ძალიან ბუნებრივია წყალობის პრინციპები, მაგრამ მხოლოდ ოჯახის შიგნით. გმირის მთელი თავგადასავალი ისაა, რომ ის სწავლობს წყალობის საზღვრების გაფართოებას. ჯერ თაგუნას უმასპინძლდება, მერე კი მადლიერებით იღებს წყალობას იმათგან, ვისგანაც ცოტა ხნის წინ ეს ვერ მოახერხა. ვაშლის ხეს დედასაც კი ეძახის (როგორც კონკია-ჟღარუნა დევის დედას).

ეს ზღაპარი წყალობის სამეფოს აშენებაზეა. ოჯახში ეს სამეფო ისედაც არსებობდა. გმირი კი მას აფართოებს და ფაქტობრივად ქმნის პატარა საზოგადოებას, რომლის წევრებიც წყალობის პრინციპით ურთიერთობენ ერთმანეთთან. სინამდვილეში, ეს წყალობისმიერი თემის (საზოგადოების) აშენების გზაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
05 აგვისტო
05 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^