პუტინის მიერ რუსეთის უახლესი შეიარაღების დემონსტრაცია (ვიდეოკლიპების დონეზე) თავისთავად საინტერესო ამბავი იყო. მაგრამ, ალბათ, კიდევ უფრო საინტერესო იყო მსოფლიოს რეაგირება ამ დემონსტრაციაზე.
არავის აუტეხავს განგაში და არ დაუწყია სერიოზული გარჩევა, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ახალი შეიარაღება. ამერიკის მთავრობამ, ვიდეოკლიპების უმთავრესმა სამიზნემ, (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) უბრალოდ აღნიშნა, რომ თუკი რუსეთი მართლაც მუშაობს პუტინის მიერ წარდგენილ რაკეტაზე, („სარმატი“, რომელიც პირველ და ყველაზე ხანგრძლივ ვიდეოკლიპში ვიხილეთ), მაშინ მისივე მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს არღვევს.
რატომ გააკეთა პუტინმა თავის გამოსვლაში ის, რაც აქამდე რუსეთის (და საბჭოთა კავშირის) არცერთ ლიდერს არ გაუკეთებია? ერთადერთი ხრუშჩოვი ბაქიბუქობდა ხოლმე, რომ საბჭოთა კავშირს ამერიკაზე მეტი ბირთვული რაკეტა ჰქონდა, მაგრამ ბაქიბუქი ზოგადი ხასიათის იყო. გარდა ამისა, ხრუშჩოვისა და პუტინის შედარება ცოტა უხერხულია: პირველი უკანასკნელის ფონზე მეტად არასერიოზულად გამოიყურება. პუტინი გაცილებით საშიში და ძლიერია. თავისი ძალა მან სირიაშიც დაამტკიცა. იქ ჩარევა მეტად ჭკვიანური სვლა იყო - რუსეთი სირიის კონფლიქტის ერთ-ერთ უმთავრეს მოთამაშედ იქცა და ტერორიზმთან მებრძოლის მანტიაც მოირგო (რაც ძალიან სჭირდებოდა იმ საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც უკრაინაში ომის გამო მოექცა). ამას ისიც დავუმატოთ, რომ ჩარევა მეტად ეფექტური გამოდგა - ის, რაც სამი წლის შეუძლებელ ამოცანად ჩანდა (ასადის რეჟიმის გადარჩენა) რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რეალობად აქციეს.
მაგრამ სწორედ სირიაში რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა კატასტროფა განიცადა. მისი მებრძოლები („ვაგნერად” წოდებული, კრემლის მიერ კონტროლირებადი დაქირავებულ პროფესიონალთა შენაერთი) ქურთებთან ბრძოლის დროს ამერიკელებს შეეტაკნენ და მათი დიდი ნაწილი განადგურდა. ჩანს მსხვერპლი დიდი იყო, რადგან ეს ამბავი არ მიიჩქმალა. დაქირავებულების (ან თუნდაც რეგულარული ჯარის მებრძოლების) დაკარგვა რუსეთისათვის დიდი ტრაგედია არ არის (უკრაინაშიც საკმაოდ ბევრი დაიღუპა), მაგრამ, მათი დაღუპვა საძულველი ამერიკელების ხელით სრული კატასტროფაა პუტინის უძლეველი იმიჯისათვის. „ვაგნერის” ისტორიაზე კრემლი ჯიუტად დუმდა და ეს გასაგებიცაა მაგრამ, პუტინს ოდესღაც რაღაც რეაგირება უნდა მოეხდინა. ჩანს, რაკეტებისა და თვითმფრინავების ვიდეოკლიპების გაშვება სხვა ყველაფერთან ერთად „ვაგნერზე” პასუხიც იყო - ამერიკელები ვერაფერს დაგვაკლებენ, აქეთ ეშინოდეთ ჩვენი.
ვიდეოკლიპში „სარმატი” სწორედ ამერიკისკენ, კონკრეტულად კი ფლორიდის შტატისკენ მიფრინავს. ვიდეოკლიპების უმთავრესი სამიზნე ალბათ პუტინის ამომრჩეველია, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ამერიკას რუსეთის განადგურება სურს (აბა სხვა შემთხვევაში რა საჭიროა ამდენი რაკეტა და საერთოდ რა საჭიროა შეიარაღებაზე ამდენი ფულის ხარჯვა). ცხადია, სამიზნე ამერიკაც იყო, მაგრამ ამ უკანასკნელმა, როგორც უკვე ვთქვით, რეაგირება თითქმის არ მოახდინა და ამას თავისი ახსნა აქვს:
პირველი ის, რომ პუტინს უბრალოდ აღარ ენდობიან. იყო დრო, როცა მის ყოველ გამოსვლას დაწვრილებით აანალიზებდნენ და სწავლობდნენ - რა თქვა, რამდენჯერ ახსენა ესა თუ ის სიტყვა, რა კონტექსტში თქვა, რა იგულისხმა… წამყვანი გაზეთები აჭრელებული იყო ამგვარი ანალიზებით... ბოლოჯერ, ასე გულდასმით, მისი გამოსვლა ყირიმის ანექსიის შემდეგ გააანალიზეს. გამოსვლის შინაარსი იქამდე დადიოდა, რომ რუსეთს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ბევრი დამცირების გადატანა მოუხდა და რომ ყირიმის წაღება ამ დამცირებებზე პასუხი იყო და მეტი არაფერი; რომ რუსეთი დაკმაყოფილდა ყირიმით და მომავალში ცივილიზებულად მოიქცეოდა. დასავლეთშიც დაასკვნეს, რომ პუტინი შერიგებას ითხოვდა და თუკი ჩადენილს აპატიებდნენ, მსგავსს აღარაფერს გაიმეორებდა. ყველაფერს ისეთი პირი უჩანდა, რომ თითქმის აპატიეს კიდეც, მაგრამ სულ მალე რუსეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ უკრაინაში გააჩაღა ომი… აი ამის შემდეგ პუტინის გამოსვლების სერიოზული ანალიზი ძნელად თუ უნახავს ვინმეს. ყველა მიხვდა, რომ ამას არანაირი აზრი არა აქვს. შეიძლება ოდესღაც კი ჰქონდა, ან, შეიძლება არც არასოდეს ჰქონია…
მეორე ის, რომ ვიდეოკლიპები ფანტასტიკას ჰგავდა. „სარმატს” თურმე არა მხოლოდ შეუძლია გვერდი აუაროს ამერიკულ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს, არამედ საერთოდაც შეუძლია იფრინოს რამდენიც გაუხარდება. გაუგებარია, რის ხარჯზე და როგორ. მალე გაირკვა, რომ „სარმატის” ვიდეოკლიპი ჯერ კიდევ 2007 წელს გამოჩნდა და შესაბამისმა რეაგირებამაც (დაცინვამ) არ დააყოვნა. ამაზე პასუხად რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან „ანონიმურმა წყარომ” განაცხადა, რომ 2007 წელს „სარმატის” გაჟონვა განგებ მოხდა, სწორედ ამერიკელების საყურადღებოდ… მას აქეთ კი „სარმატის” გამოცდები მიდიოდა, რომლებიც წარმატებით დასრულდა. აქაც რაღაც გაუგებარია - როგორ გამოსცადეს ამ რაკეტის უნარი „იფრინოს რამდენიც გაუხარდება” (ვიდეოკლიპში „სარმატი” დედამიწას რამდენჯერმე ურტყამს წრეს) ისე, რომ ეს ვერავინ გაიგო? მოკლედ, რუსეთის შეიარაღებული ძალები რომ ძლიერია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ეს ვიდეოკლიპები ძალიან ბევრ შეკითხვას იწვევს. ამიტომაც, თუკი მათი მიზანი ამერიკის დაშინება იყო, წესით აქედან არაფერი გამოვიდა. „სარმატამდე” დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა გაცილებით უფრო მოკრძალებული „ბულავას” გამოცდა, ისიც კი რამდენჯერმე ჩამოვარდა და რუსეთის მთავრობას სირცხვილი აჭამა. მოკლედ, ამ ვიდეოკლიპებმა ისევ და ისევ მხოლოდ პუტინის ამომრჩევლები თუ გაამხნევა.
რაკეტებისა და შეიარაღების შემდეგ, ყველაზე მეტი დრო გამოსვლაში ეკონომიკასა და ბიზნესს დაეთმო. აქ მართლაც საინტერესოა ის მომენტი, რომ პუტინმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა კუდრინის (ყოფილი ფინანსთა მინისტრის) ეკონომიკურ პროგრამას დაყრდნობოდა. კუდრინი რეფორმატორია და სერიოზულად არის დაპირისპირებული მედვედევთან. მიიჩნევა, რომ კუდრინის გზა მოდერნიზაციის გზაა, მედვედევის გზა კი - გზა არსაით, ჩვეულებრივი რუსული ჭაობი. ის, რომ რუსეთის ეკონომიკას მოდერნიზაცია სჭირდება, ამას ყველა კარგად ხვდებოდა. საღად და რეალისტურად მოაზროვნე რუსები დიდი ხანი ელოდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს პუტინი ისევ მისცემდა შანსს კუდრინსა და მის პროგრამას. თავად კუდრინიც ამას მოთმინებით ელოდა. იგი ყოველთვის პუტინის ერთგული იყო და რაც არ უნდა მწვავედ ეკრიტიკებინა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, პრეზიდენტზე ცუდი არაფერი დასცდენია. და, აი, მოსახდენი მოხდა - პუტინი კუდრინის გზას ირჩევს. დიდი შანსია, იგი პრემიერადაც დანიშნოს და რუსეთი წინ წავა… მაგრამ…
კუდრინის, ანუ ეკონომიკური მოდერნიზაციის გზის არჩევას, წესით, დასავლეთთან ურთიერთობების დათბობის სიგნალიც უნდა მოჰყოლოდა. მოდერნიზაცია ხომ წესით ლიბერალიზაციას, ნაკლებად ჩაკეტილობას და ნაკლებად იზოლაციას ნიშნავს. მით უმეტეს, რომ მოდერნიზაცია განვითარებული დასავლეთის მხრიდან სანქციების პირობებში რთული იქნება. ამას ისიც ემატება, რომ მომავალი ექვსი წელი პუტინისათვის უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა უნდა იყოს (თუკი კონსტიტუცია კიდევ ერთხელ არ შეცვალა). ამ ვადის გასვლის შემდეგ პუტინი 72 წლის იქნება. ამის შემდეგ პრეზიდენტობა სხვას, ვინმე მედვედევს, უნდა გადააბაროს. როცა ვინმე მედვედევი ვადას გაასრულებს, პუტინი უკვე 78 წლის იქნება და ასეთ ასაკში კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტება მისთვისაც კი რთულ ამოცანად ჩანს. მოკლედ, ეს მისი უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა უნდა იყოს და წესით ამ ვადის დროს დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას უნდა შეეცადოს. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ამისი ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. დიახ, რუსეთი მოდერნიზაციის გზას კი დაადგება მაგრამ, დასავლეთს ისევ მუშტებს დაუქნევს. პუტინს თავის გამოსვლაში დემოკრატია თუ ადამიანის უფლებები, ცხადია, საერთოდ არ უხსენებია.
ასე რომ, რუსეთი კიდევ ერთხელ ეცდება ეკონომიკური გარღვევა პოლიტიკური ლიბერალიზაციის გარეშე მოახდინოს. უკვე მერამდენედ… თანაც ამჯერად პუტინმა ხალხს განუცხადა, რომ აქამდე ფული შეიარაღებაზე იხარჯებოდა. ახლა შეიარაღების ამოცანა გადაჭრილია და უკვე შეიძლება ფული კარგ ცხოვრებაზე დაიხარჯოს. ანუ, ძველი სიმღერა თემაზე - „რა დროს კარგ ცხოვრებაზე ფიქრია, როცა მტერი კარს მოგვადგა” - წესით აღარ იმუშავებს. მაგრამ, ეს ყველაფერი ალბათ მეორეხარისხოვანია. არავის უნდა ჰქონდეს სერიოზული მოლოდინი, რომ ეკონომიკაში მართლაც დიდი გარღვევა მოხდება. თვით კუდრინმაც კი განაცხადა, რომ პუტინის მიერ დასახული მეტად ამბიციური გეგმა 2024 წლისათვის (ანუ საპრეზიდენტო ვადის ბოლოს) ეკონომიკის ერთნახევარჯერ გაზრდის თაობაზე, მეტად რთულად განსახორციელებელი იქნება. ეს წელიწადში ეკონომიკის 6%-ით ზრდას მოითხოვს… მოკლედ, ძალიან ჩაღრმავება არ ღირს. მთავარი ისაა რომ პუტინი უალტერნატივოა. იმ რაკეტის არ იყოს - იმდენ ხანს იფრენს, რამდენიც გაუხარდება.