საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის წამყვანმა გიორგი გვიმრაძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.
მის წინააღმდეგ ქარტიას "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიმართა. ის სადავოდ ხდიდა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირველ არხზე გამართული დებატებისას წამყვანის, გიორგი გვიმრაძის იმ ფრაზას, რომელიც მას შეეხებოდა.
საქმე ეხება 24 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ წინასაარჩევნო დებატებს, რომელსაც გიორგი გვიმრაძე უძღვებოდა. ის ამავე დროს არის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი. შეკითხვის დასმისას მან ნიკა გვარამია მოიხსენია, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი. ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ არასდროს დაუფიქსირებია ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა.
საქმის განხილვას ქარტიაში განმცხადებელი და მისი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი გვიმრაძეს მონაწილეობა არ მიუღია. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.