Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფემინსტრიმი ► ლგბტ+ აქტივისტი ზუგდიდიდან

12 დეკემბერი 2018

მოუსმინეთ მარი შარანგიას პოდკასტს: 

ცაბუნია ვართაგავა 27 წლისაა. ის სოციალური მუშაკია. ორი წელია ლგბტ+ თემის უფლებებზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი  საქმიანობის  გამო მუდმივად საზოგადოებისგან წნეხს გრძნობს, უკან არასდროს იხევს, ყოველთვის საჯაროდ აფიქსირებს საკუთარ აზრს და სწორედ ამით ამსხვრევს სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ  ნებისმიერმა ადამიანმა და განსაკუთრებით ქალმა, თავი უნდა შეიკავოს ხმამაღლა თავისი უფლებების დაცვისგან.

როგორც თვითონ ამბობს, ძალიან მხიარული და აქტიურია, თავისუფალ დროს ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს, ამჟამად ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება იზიდავს.

„ზოგადად, უფლებადაცვითი საქმიანობა ძალიან რთულია და დიდ ემოციურ რესურსს მოითხოვს. ის განსაკუთრებით ძნელია ქალისთვის, იმიტომ, რომ ჩვენს მასკულინურ და  ჰეტერონორმატიულ საზოგადოებაში ქალისგან ხმის ამაღლება საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმის დარღვევად მიიჩნევა და უკვე ორმაგ წინააღმდეგობას გიქმნის, განსხვავებით უფლებადამცველი კაცისგან, რადგან კაცისგან ხმის ამაღლება ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია.

ალბათ, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჰომოფობიურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ; საზოგადოებაში, რომელიც ვერ იტანს ჰეტერონორმატიული ჩარჩოებიდან ოდნავ მაინც გარღვევას. ჩაგვრა, დამცირება, შეურაცხყოფა ლგბტ თემის წევრებისთვის ლამის ყოველდღიურობად არის ქცეული. ასეთ დროს, როდესაც ხმას იმაღლებ შენი და სხვისი უფლებებისთვის, საზოგადოების წნეხი მთლიანად შენზე გადმოდის. გარდა საზოგადოების წნეხისა, არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც უფლებადამცველებს დაიცავს და დამატებით სტრესებს აარიდებს. მაგალითად, არ გვაქვს ეფექტური თავდაცვის მექანიზმები ფიზიკური უსაფრთხოებისთვის; იშვიათად ვზრუნავთ, თუნდაც, პროფესიული გადაწვის თავიდან არიდებაზე. სისტემა, რომელიც უნდა გვიცავდეს, არაეფექტური და ხშირ შემთხვევაში მჩაგვრელიც კი ხდება.

არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია, როდესაც პოლიცია თავად იყო მოძალადე. თუნდაც, ავიღოთ ლევან ბერიანიძის გასული წლის ქეისი, სადაც პოლიციამ თავად სცემა აქტივისტებს და სასამართლომ ისინი დაზარალებულად არ ცნო. დღემდე გამოუძიებელია არაერთი ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, რომლის დროსაც ტრანსგენდერი ქალები დაზარალდნენ. იმის გამო, რომ თემის წევრები და ლგბტ აქტივისტები ამ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, ქვეყნის დატოვება უწევთ.

ჩემი ყოველი აქტივობა ინტერნეტბულინგის წყარო ხდება ხოლმე. თუნდაც, კაშიას მხარდასაჭერად დინამოს სტადიონზე დროშის აღმართვას უცნობი ადამიანებისგან უამრავი წყევლა, გინება და მუქარა მოჰყვა. მწერდნენ პირადში, რომ ჩემს სისხლს დაღვრიდნენ, სადაც მნახავდნენ, იქვე მომკლავდნენ და ა.შ. პოლიციაში განვაცხადე კიდეც, თუმცა, რამდენიმე თვეა არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ეს ყველაფერი, მოქმედებს და სტრესავს ადამიანს.

დააკლიკეთ ბმულს და შემოუერთდით ფემინსტრიმს

ყველაზე რთული ალბათ  სტერეოტიპებია, რასაც მუდმივად აწყდები. ყოველდღიურად მესმის: რას დარბიხარ აქციებზე, რას იცავ სხვის  უფლებებს, უკვე დროა, შექმნა შენი ოჯახი  და ამ საქმეს თავი დაანებო; მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები ჩემზე არ მოქმედებს, მაინც ილექება ჩემში და შეიძლება სტრესის მიზეზად იქცეს, რადგან სულ გეუბნებიან იმას, რომ ეს საქმე არ არის შენი და სხვა საქმიანობით უნდა დაკავდე.

ზუსტად 2 წელი გავიდა, რაც „თანასწორობის მოძრაობაში“ ვარ. თუმცა მანამდე 2012 წლიდან ლგბტ უფლებებს ვიცავდი. 2013 წლის 17 მაისის აქციაზეც ვიყავი, სადაც ჭინჭარიც მომხვდა და ნაკურთხი წყალიც. იქედან  მოყოლებული ლგბტ აქტივიზმში ვარ. განსაკუთრებით ბოლო ორი წელი აქტიურად ვმუშაობ და ამ ხნის მანძილზე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც არაერთი არასრულწლოვანი გამოვარიდეთ ოჯახს, სადაც საკუთარი იდენტობის გამო, ძალადობის მსხვერპლი იყო. გვქონდა შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ოჯახში შევინარჩუნეთ და იქვე მოგვარდა არსებული გამოწვევები, ასევე არაერთი სრულწლოვანი გამოგვიხსნია ოჯახიდან და მათთვის თავშესაფარი გვიპოვია, რადგან მათ არ შეეძლოთ იმ სივრცეში ცხოვრება. გარდა ამისა, ამ ორი წლის განმავლობაში ადამიანებმა გააცნობიერეს და გაიგეს, რომ ზუგდიდშიც ცხოვრობენ ლგბტ ადამიანები და ისინიც საზოგადობის სრულფასოვანი წარმომადგენლები არიან. 

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად ვთვლი იმას, რომ თვითონ ლგბტ ადამიანებმა იციან, რომ როცა რამე პრობლემა  შეექმნებათ, თავისუფლად შეუძლიათ მოვიდნენ „თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის რესურს-ცენტრში  (მისამართი წმინდა ნინოს #16) და დახმარება გვთხოვონ.

ყველა ადამიანს აქვს იმის ძალა, რომ იბრძოლოს საკუთარი და სხვისი უფლებებისთვის. მთავარია, ეს ძალა საკუთარ თავში ვიპოვოთ და თუ ამ წუთს ეს თვითონ არ შეგვიძლია, მაშინ შეგვიძლია ის ვთხოვოთ სხვას, იმ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ ჩვენი უფლებების დაცვაში."

ფემინსტრიმი ► როგორია აქტივისტი ქალის ცხოვრება რეგიონში

ცაბუნია ვართაგავა უკვე ორი წელია ზედიზედ კატო მიქელაძის სახელობის პრემიის  ნომინანტია. ეს პრემია ქალ უფლებადამცველებს გადაეცემა. წელს კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებული ახალგაზრდა აქტივისტები - იდა ბახტურიძე და ნატა ტალიკიშვილი გახდნენ.

ცაბუნია ვართაგავა ბოლო რამდენიმე თვეა „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის რესურსცენტრის მენეჯერია. გარდა იმისა, რომ ინდივიდუალურად მუშაობს ლგბტ+ თემის წევრებთან და ცდილობს გადაჭრას მათ წინაშე არსებული პრობლემები, ის ჩართულია ლგბტ+ აქტივიზმში და ცდილობს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებების აღმოფხვრას.

თქვენ უსმენდით ფემინსტრიმს მარი შარანგიასთან ერთად, დაგველოდეთ ყოველ ოთხშაბათს და მოუსმინეთ საინტერესო ქალებს რეგიონიდან.

ფემინსტრიმი ► ქალი, რომელმაც ძალადობაზე გაიმარჯვა

--------------------------------------------------------------------------------------

ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ პროექტს  “ფემინსტრიმი”. პროექტის მიზანია ქართულ მედიასივრცეში ახალი სადისკუსიო ნიშის გაძლიერება ფემინისტური აუდიო პოდკასტების შექმნის გზით.

პოდკასტები ყოველ ოთხშაბათს ფემინსტრიმის  Facebook  გვერდზე და „ლიბერალზე" გამოქვეყნდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^