Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტოტემიზმი და ცხოველი, როგორც თაყვანისცემის ობიექტი

29 იანვარი 2019

ადამიანების მიერ ცხოველთა თაყვანისცემა უხსოვარი დროიდან მოდის და მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება ტოტემები აღარ გვხვდება, საკრალური ცხოველები კვლავაც აქტუალურად ფიგურირებენ ადამიანთა ცხოვრებაში. 

როგორც წესი, ცხოველი, რომელიც თაყვანისცემის ობიექტად გვევლინებოდა, გარკვეული ნიშან-თვისებებით იყო გამორჩეული, ან თავად ადამიანები ანიჭებდნენ მათ ამ ნიშნებს.

ამ თვალსაზრისით, გამორჩეული იყვნენ ძველი ეგვიპტელები, რომელთა ღმერთები ცხოველურ ნიშნებს ატარებდნენ - მათ ცხოველის თავით გამოსახავდნენ და შესაბამისად, ასოცირებაც ამა თუ იმ ცხოველთან ხდებოდა:

ჰორს - შევარდნის, ანუბისის კი ტურის ან ძაღლის თავით გამოსახავდნენ. (საინტერესოა, რომ ჩრდილო-აფრიკული ტურა, თანამედროვე გენეტიკური კვლევის მიხედვით, მგელია) ძველეგვიპტური მზის ღვთაება - ხშირად ასევე შევარდნის თავით გვევლინება, რომელზეც მზის დისკოს შემოხვეული კობრაა გამოსახული.

ამ კუთხით გამორჩეული როლი ჰქონდათ კატებსა (ღვთაება ბასტატი) და ნიანგებსაც (ნილოსის ღვთაება - სებეკი); ასევე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თაყვანისცემისა და მსხვერპლშეწირვის მომენტები აფთრების მიმართაც არსებობდა. 

ზოგადად, აფრიკაში, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ტოტემიზმი ნაკლებად იყო განვითარებული, თუმცა ამ კონტინენტზე მცხოვრები ხალხის რელიგიებში ცხოველები საკმაოდ ხშირად ფიგურირებდნენ.

ერთ-ერთი ასეთი ცხოველია ბაბუინი, რომელსაც არაერთ მისტიკურ ნიშანს მიაწერენ, მათ შორის იმასაც, რომ ისინი ადამიანები იყვნენ, თუმცა - განსხვავებულები, შემდეგ კი დანაშაულის გამო დაისაჯნენ. არსებობს ლეგენდაც, სადაც ბაბუინისა და ადამიანის სიყვარულზე, ამ ისტორიის ტრაგიკულ განვითარებასა და „წყვილის“ დაღუპვაზეა საუბარი.

ასევე, დასავლეთ აფრიკულ ფოლკლორში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ობობა-ანანსის, რომელიც ზეცის ღვთაების ნიამეს და დედამიწის ქალღემერთის ასაასე იაას შვილია.

ცხოველთა თაყვანისცემის მხრივ გამორჩეული ქვეყანაა ინდოეთი, სადაც, მოგეხსენებათ, ძროხა წმინდა ცხოველად არის გამოცხადებული. ასევე, წმინდა ცხოველია გველი - მათთვის სპეციალურად შექმნილი ტაძრებიც კი არსებობს, სადაც ქვეწარმავლები ბინადრობენ.

გარდა ამისა, ინდურ მითოლოგიაში, თითოეულ ღმერთს თავისი ცხოველი ჰყავს, თუმცა არის ღმერთი - განეშია, რომელიც ნახევრად ადამიანია, ნახევრად ცხოველი - მას სპილოს თავი აქვს.

აქვე გვხვდება მაიმუნების ღმერთი - ჰანუმანი, რომელსაც ასევე თაყვანს სცემდნენ. მიიჩნევა, რომ ჰანუმანი წითელი ლანგური გახლავთ, რადგან შემორჩენილი აღწერილობით, სწორედ ამ სახეობას ჰგავს. შესაბამისად, ინდოეთში ლანგურებიც საკმაოდ საპატივცემულო ცხოველები არიან. 

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზია, სადაც ერთ-ერთი მთავარი ღვთაება - ვეფხვია. ჩინეთშიც და კორეაშიც ვეფხვი დედამიწის გარკვეული ნაწილის მბრძანებლად მიიჩნეოდა და აზიაში მას ცხოველთა მეფის ფუნქციაც ჰქონდა. ეს ყველაფერი ამ ცხოველის მიმართ ადამიანთა თაყვანისცემას იწვევდა.

სხვათა შორის, ციმბირში მცხოვრებ სხვადასხვა ტომში ვეფხვის თაყვანისცემა დღემდეა შემორჩენილი და ის ნახევარღვთაებად მიიჩნევა. გარკვეულწილად ეს სრულიად გასაგებია, რადგან ადამიანებს ძლიერი მტაცებლების მიმართ ოდითგანვე ჰქონდათ პატივისცემა.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკას - ტოტემიზმი აქ ძირითადი რელიგია იყო, სწორედ ტოტემები მფარველობდა ინდიელთა თითოეულ ტომსა თუ გვარს. ეს აისახებოდა მათ უმთავრეს საქმიანობაზე - ნადირობაზე. მგელი წმინდა ცხოველად იყო მიჩნეული, მისი ტოტემიც ხშირად შეგხვდებოდათ, ამიტომაც, ადგილობრივებმა იცოდნენ, რომ მას არ უნდა შეხებოდნენ! თუ, რა თქმა უნდა, ამის გარდაუვალი აუცილებლობა არ არსებობდა.

ასევე, მნიშვნელოვანი, ფართოდ გავრცელებული ტოტემი იყო დათვი. ინდიელები მასზე ნადირობას მაქსიმალურად ერიდებოდნენ, თუმცა, თუკი ამის საჭიროება დადგებოდა, ნადირობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგაც, გარკვეულ რიტუალებს ასრულებდნენ.

ისინი ფიქრობდნენ, რომ მგელიცა და დათვიც მათი მფარველი ცხოველები იყვნენ და მაგიური ძალა ჰქონდათ.

გარკვეული საკრალური ნიშნები ჰქონდა ბიზონსაც, თუმცა მგლისა და დათვისგან განსხვავებული, რადგან ბიზონი ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელების ძირითად საკვებს წარმოადგენდა.

სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მგელსა და დათვს ანაცვლებდა იაგუარი. ინდიელები აფასებდნენ იაგუარს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და სწრაფ მტაცებელს დედამიწაზე. ამიტომაც, ამ ცხოველსაც არაერთი მისტიკური წარმოდგენა უკავშირდება.

იაგუარი მათი მფარველი ღვთაება იყო და ცდილობდნენ, რომ ზედმეტად არ „შეეწუხებინათ“. ზოგადად, მტაცებლებისთვის დამახასიათებელი თვისებაა, მოერიდოს ადამიანს, თუკი ის არ ესხმის თავს. სხვათა შორის, აღწერილია, რომ როდესაც ამაზონიაში კონკისტადორები შევიდნენ, ისინი სერიოზულად დაზარალდნენ იაგუარებისგან, რომლებიც თავს ესხმოდნენ და ჭამდნენ კიდეც მათ. ამის საპირისპიროდ, ეს საფრთხე ნაკლებად შეეხოთ ინდიელებს. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, როგორც ჩანს, სამხრეთ ამერიკელ ინდიელებსა და იაგუარებს შორის თანაცხოვრების გარკვეული ელემენტიც არსებობდა.

დასასრულ, ვახსენოთ ევროპის კონტინენტიც, სადაც ყველგან და ყოველთვის ფიგურირებს მგელი. თუმცა, თუკი ამერიკელ ევოლუციურ ბიოლოგს, ჯარედ დაიმონდს დავესესხებით, როგორც კი ადამიანმა სოფლის მეურნეობას მოჰკიდა ხელიმგელი მტრად, ყველაზე მეტად დევნილ ცხოველად იქცა. 

მიუხედავად ამისა, ევროპულ ფოლკლორში მგელთან დაკავშირებით არაერთი ლეგენდა არსებობს. ყველაზე გავრცელებული გახლავთ მითები მაქციების შესახებ - ადამიანებზე, რომლებიც მგლად იქცევიან და მათი მოკვლა ძალიან რთულია.

მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მგელს სკანდინავიურ მითოლოგიაშიც. მოგეხსენებათ, ღმერთ ოდინს ორი ყორანი და ორი მგელი: გერი და ფრეკი ჰყავდა, რომლებიც მუდმივად თან დაჰყვებოდნენ. ესეც ნათლად მეტყველებს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ ცხოველების მიმართ. გარდა ამისა, ასების (სკანდინავიელი ღმერთების) ერთ-ერთი მთავარი მტერი ასევე მგელი - ფენრისი იყო.

ზოგადად, ევროპის კონტინენტზე, ცხოველთა მიმართ თაყვანისცემის ელემენტები საკმაოდ ხშირად გვხვდება. საკმაოდ ცნობილია მოხატული გამოქვაბულები, სადაც ცხოველთა ფიგურებსაც ვხვდებით. თაყვანისცემის ობიექტები არიან: ცხენი, ძაღლი, ხარი. ხარი - აპისი ძველეგვიპტური მითოლოგიის წმინდა ცხოველია, ბერძნულ მითოლოგიაში კი გვხვდება - მინოტავრი, ნახევრად ხარი, ნახევრად ადამიანი. ასევე, კენტავრები, პანები - ნახევრად ადამიანები თხის ფეხებით. თხებთან იყო დაკავშირებული სკანდინავიური ღვთაება - თორი, რომელიც ცას ორი მაგიური თხის დახმარებით კვეთდა.

კელტურ მითოლოგიაში გვხვდება რქიანი ღმერთი - კერნუნოსი, ნახევრად ირემი, ნახევრად ადამიანი, რომელსაც მიცვალებულთა სულები სხვა სამყაროში გადაჰყავდა.

არაერთი ასეთი ფაქტი შეიძლება გავიხსენოთ, თუმცა, საერთო ჯამში, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ცხოველთა მიმართ ადამიანებს უხსოვარი დროიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ და მათი თვისებებიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირად საკრალურ მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^