ზოგადად, სპილო ნებისმიერი ზოოპარკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოველია. ეს არის განსაკუთრებული არსება, რომელიც დიდ ძალასთან ერთად, მაღალი ინტელექტით გამოირჩევა. ცხოველებში ასეთი თანხვედრა საკმაოდ იშვიათია.
მიუხედავად ამისა, სპილოები, განსაკუთრებით აზიური სპილოები (თუმცა არც აფრიკული სპილოები არიან უკეთეს დღეში) გადაშენების პირას აღმოჩნდნენ. ამის გამოწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მაგალითად, ინდოეთში, სპილოები, რომლებსაც გარკვეული სამუშაოებისთვის იყენებენ, ბუნებიდან პატარაობაში წამოყვანილი და მოთვინიერებული ცხოველები არიან. შესაბამისად, ბუნებაში მათი რიცხვის შემცირება, საფრთხეს უქმნის მათ გამრავლებასაც. სწორედ ამიტომ, აზიური სპილოები გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ. მათი შენარჩუნება დღეს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რაც წარმოადგენს კიდეც ზოოპარკების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას.
სპილოების კონსერვაციაში მონაწილეობა, მათი შენარჩუნება და გამრავლება ჩვენი ზოოპარკისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
თბილისის ზოოპარკში ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს მდედრი სპილო მალკა, რომელსაც, თავის დროზე, პატარა სპლიყვი - ბუნკა შეეძინა. სამწუხაროდ, ჩვენს ზოოპარკში მობინადრე მამრი სპილო დაიღუპა, მალკასა და ბუნკას ერთად დიდხანს გაჩერება კი შეუძლებელი იყო.
(როდესაც პატარა სპილო გარკვეულ ასაკს აღწევს, სექსუალურად აქტიური პერიოდის დაწყების დროს, ახლო ნათესაური შეჯვარების საფრთხე დგება. სწორედ ამიტომ, ბუნებაში, დედა სპილო დაახლოებით 7 წლის ასაკის მამრებს ჯოგიდან აგდებს, რათა მათ ცალკე იცხოვრონ.
სპილო სოციალური ცხოველია, თუმცა, მათ ახასიათებთ მდედრობითი და ახალგაზრდული ჯგუფების შექმნა; ასევე, როგორც წესი, მამრები ცალკე ცხოვრობენ და მათი გაერთიანება გამრავლების პერიოდში ხდება.
ტყვეობაშიც დაახლოებით ანალოგიური ხდება, როდესაც პატარა სპილო გარკვეულ ასაკს მიაღწევს, დედა მის გაგდებას ცდილობს. ზოოპარკში პატარა სპილო ვერსად გაიქცევა, ამიტომაც ყალიბდება გამუდმებული კონფლიქტი და ასეთ დროს, შეიძლება ცხოველი სერიოზულად დაზიანდეს).
აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - მალკა ძალიან ძვირფასი ცხოველია, რადგან მას ბუნებრივად შეუძლია გამრავლება. ტყვეობაში მყოფი ცხოველებისთვის ეს დიდი იშვიათობაა. მათი გამრავლება, ძირითადად, ხელოვნური განაყოფიერების გზით არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მალკას ეს თვისება ძვირად ფასობს, თანაც ცხოველი ახალგაზრდაა, სულ რაღაც 19 წლის, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება - ჩამოგვეყვანა მამრი სპილო, თუმცა, სანაცვლოდ, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ჩვენი ბუნკა სხვა ზოოპარკში უნდა წასულიყო...
(ბუნკა მდედრი სპილო რომ ყოფილიყო, მისი გაშვება აღარ მოგვიწევდა, უბრალოდ ჩამოვიყვანდით მამრს, რომელსაც მალკასთან და ბუნკასთან შეწყვილების საშუალება ექნებოდა).
მამრი სპილოს ძიებაში...
მამრი სპილოს მოძიება არცთუ რთული აღმოჩნდა, რადგან გვეხმარებოდა EAZA – „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაცია“, განსაკუთრებით კი სპილოების პროგრამის ხელმძღვანელი - მარტინ ვან ვიისი და ჩვენი მენტორი - მარიო ჰოდემეკერი.
დავიწყეთ ძიება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბელგიაშიც, ესპანეთშიც და არაერთი სხვა ქვეყნის ზოოპარკშიც მივაკვლიეთ მამრ სპილოს, დავდექით ტრანსპორტირების პრობლემის წინაშე - ეს უზარმაზარი ცხოველი, საქართველომდე, სახმელეთო გზით უნდა ჩამოგვეყვანა. ამას დიდი დრო სჭირდებოდა და ყველაფერთან ერთად, სატრანსპორტო კომპანიები ამგვარი შეკვეთის შესრულებაზე უარს აცხადებდნენ, რადგან უნდა გადაელახათ არაერთი ქვეყანა, შესაბამისი ვეტერინარული კანონმდებლობით და მათთვის ეს სირთულეს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე სახმელეთო გზა, რომლითაც ევროპიდან სპილოს საქართველოში ჩამოყვანა იყო შესაძლებელი, გარკვეულწილად, პრობლემურია - როგორც თურქეთთან, ასევე რუსეთთან ვეტერინარული საკითხების მოგვარება საკმაოდ რთულია.
არსებობდა კიდევ ერთი - საზღვაო გზა, თუმცა, შეიძლება ცხოველს ზღვის დაავადება ჰქონოდა და მგზავრობა ვერ გადაეტანა. (რაც შეეხება თვითმფრინავს, არ არსებობს ხელმისაწვდომი თვითმფრინავი, სადაც მოზრდილი სპილოს შეყვანაა შესაძლებელი).
საბოლოოდ აღმოვაჩინეთ, რომ ერევნის ზოოპარკში ჰყავთ ახალგაზრდა მამრი სპილო - გრანდი, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემებით - ცხოველს ორივე ეშვი მოტეხილი და დაჩირქებული აქვს, შესაბამისად, საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას.
დავუკავშირდით ვეტერინართა ჯგუფს, ინგლისელ ქირურგ-დანტისტს პეტერ კერტეზს და ანესთეზიოლოგ ჯონ ლუისს, რომლებიც დიდ ცხოველებზე ატარებენ ოპერაციებს. მათ გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი გრანდს ოპერაცია თბილისის ზოოპარკის ვოლიერში ჩაუტარდებოდა. ამიტომაც, შევთანხმდით, რომ ჯერ გრანდი ჩამოგვეყვანა თბილისში, შემდეგ კი ბუნკა გაგვემგზავრებინა ერევნის ზოოპარკში.
სპილოს ტრანსპორტირება...
გრანდის თბილისში, ბუნკას კი ერევანში წაყვანა დიდი სირთულე აღმოჩნდა. პირველ რიგში, აუცილებელი იყო სპეციალური, ვიწრო, სატრანსპორტო კონტეინერის დამზადება. ასეთი კონტეინერი ძალიან გამძლე, დიდი და თან ვიწრო უნდა იყოს, რათა სპილომ ვერ შეძლოს შიგნით მოტრიალება. ამავდროულად, აუცილებელია, რომ ცხოველი შეეჩვიოს კონტეინერს, დაახლოებით 6-ტონიანი ცხოველის კონტეინერში ძალით შეყვანა წარმოუდგენელია, ასევე წარმოუდგენელია იმობილიზაციის შემდეგ მისი აწევა და კონტეინერში შესმა.
არაერთი ტექნოლოგია არსებობს, როგორ უნდა შევაჩვიოთ სპილო კონტეინერში შესვლას. როდესაც ცხოველი კონტეინერში შედის, აუცილებელია, იქ მხოლოდ დადებითი ემოციები დახვდეს. ამის მისაღწევად კი, ფართოდ გამოიყენება, მაგალითად, „დელიკატესების“ დახვედრების მეთოდიც.
სატრანსპორტო კონტეინერში შეყვანამდე აუცილებელია, სპილოს ნაწილობრივი სედაცია, რათა მას მოეხსნას აგრესიულობა. თუმცა, მას დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს სიარული და კონტეინერშიც თავად უნდა შევიდეს. უშუალოდ კონტეინერში, ცხოველის მოძრაობის, შესაბამისად, გართულებების თავიდან ასაცილებლად, სპილო ოთხივე ფეხით არის დაბმული. შემდეგ კი ამწეს მეშვეობით, კონტეინერი სატრანსპორტო საშუალებაზე გადააქვთ.
ეს ყველაფერი სერიოზული გამოწვევაა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ერევნიდან თბილისამდე დაახლოებით 3 საათის გზაა, ჩვენ 14 საათი დაგვჭირდა. (ორივე სპილოს ტრანსპორტირებაში DHL-ის ქართული ოფისი და მისი ხელმძღვანელი - ზურაბ საბანაძე დაგვეხმარა).
გზაზე ერთი სპილო მოდიოდა...
გრანდის წამოსაყვანად თბილისიდან-ერევანში მთელი დელეგაცია ჩავედით. პირველი დღე მოსამზადებელ სამუშაოებს დაეთმო, რაშიც გერმანელი სპეციალისტები - მიუნხენის ზოოპარკის ყოფილი დირექტორი და ამავე ზოოპარკის ვეტექიმი გვეხმარებოდნენ.
ზაფხული იყო, ივნისი, ძალიან ცხელოდა, ამიტომაც, სამგზავრო კონტეინერის გადახურებისგან ცხოველი რომ არ შეწუხებულიყო, ერევნიდან საღამოს დავიძარით. ბუნებრივია, საქართველოს საზღვრამდე სპეციალურმა სამსახურებმა გადმოგვაცილეს, ჩვენი საზღვრიდან თბილისამდე კი - ჩვენმა საპატრულო პოლიციამ. აღსანიშნავია, რომ ძალიან დაგვეხმარა ჩვენი საბაჟო - რამდენიმე წუთში გააფორმეს ცხოველის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საბუთები და პრაქტიკულად შეუფერხებლად გადმოვლახეთ საზღვარი. საერთო ჯამში, თბილისამდე ჩამოსასვლელად, დაახლოებით, 14 საათი დაგვჭირდა.
გრანდის ვოლიერში მოთავსებამ გართულებების გარეშე ჩაიარა და უკვე დავიწყეთ მის ოპერაციაზე ფიქრი, რომელიც სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო, თანაც საგულისხმოა, რომ ქირურგი და ანესთეზიოლოგი მხოლოდ 3 დღით ჩამოდიოდნენ თბილისში და ყველაფერი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოგვესწრო.
გზაზე ერთი სპილო მიდიოდა...
ბუნკა ერევანში გრანდის კონტეინერით, ერთი თვის შემდეგ უნდა გამგზავრებულიყო, რადგან ჯერ ამ კონტეინერთან შეჩვევის პროცესი უნდა გაევლო. როგორც ბევრი ახალგაზრდა სპილო, ბუნკაც ცნობისმოყვარე აღმოჩნდა და მალევე მიეჩვია შიგნით შესვლას.
როცა ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი რიგზე იყო, ბუნკას ტრანსპორტირება მოულოდნელად გართულდა - კონტინერში შესვლის შემდეგ, ჯერ მხოლოდ ორ ფეხზე იყო დაბმული (ცხოველის დაბმა ჯვარედინად ხდება), როცა ბუნკამ, ე.წ. „სალტო“ გააკეთა და ჯაჭვებში გაიხლართა! ეს სრულიად წარმოუდგენელი, მოულოდნელი ამბავი იყო და ახლაც ვერ ვხვდები, როგორ მოვასწარით მისი ჯაჭვებისგან გათავისუფლება.
როგორც იქნა ბუნკა დამშვიდდა და კარგ ხასიათზე დადგა, იმდენად გაერთო, რომ ერევნამდე, მთელი გზის მანძილზე ხტუნავდა - 12-14 საათის მანძილზე უზარმაზარ მანქანას აზანზარებდა.
კიდევ ერთი სპექტაკლი ბუნკამ კონტეინერის ვოლიერში გადადგმისას შემოგვთავაზა - ჰაერში „აცეკვდა“ და ამწეც „აიყოლია“. აქაც გადავრჩით და რამდენიმე საათის შემდეგ, როცა ცხოველს სიცელქემ გადაუარა, როგორც იქნა, ვოლიერში გადავიყვანეთ.
ახალი სიტუაცია დიდად არ მოეწონა, გარემოს ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა, მას შემდეგ რაც ნაცნობი ხმები მოესმა, კონტეინერიდან უპრობლემოდ გამოვიდა და დღეს კმაყოფილი ცხოვრობს ახალ სახლში.
პირველი გრანდი-ოზული ოპერაცია...
მოვიდა სექტემბერი, გრანდის ოპერაციისთვის ჩამოვიდა ექიმთა 7-კაციანი ჯგუფი ინსტრუმენტებით სავსე 21 ჩემოდნით! სპილოს ვოლიერი მთლიანად სავსე იყო ოპერაციისთვის საჭირო აპარატურით!
რადგან მარცხენა ეშვი მეტად ინფიცირებული იყო, ქირურგთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ჯერ ამ ეშვზე გაეკეთებინათ ოპერაცია, ხოლო თუ მოხერხდებოდა, შემდეგ მეორე ეშვიც ამოეღოთ. ეს ყველაფერი, მათ შორის ამხელა ცხოველის გადაბრუნება, რეკორდულად მოკლე დროში - 3 საათში უნდა მოგვესწრო, რადგან დიდი ხნის წოლის შემდეგ, სპილოს ფილტვების შეშუპება დაეწყებოდა და შეიძლება დაღუპულიყო. საინტერესოა ისიც, რომ გრანდამდე, ყველაზე დიდი ხნის მანძილზე, სპილო დაწოლილ მდგომარეობაში 8 საათის განმავლობაში იყო დაფიქსირებული.
საბედნიეროდ, ანესთეზიის შემდეგ, გრანდი მარჯვენა გვერდზე დაწვა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ 3 საათი მხოლოდ მარცხენა ეშვის ამოღებას დასჭირდა.
ოპერაციის დასრულების შემდეგ, ანესთეზიოლგმა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ცხოველის სედაციის, შემდეგ კი გაღვიძების საქმეში და დიდწილად სწორედ მასზეა დამოკიდებული ცხოველის გადარჩენა, გადაწყვიტა, რომ მეორე ეშვზე ოპერაციის ჩატარება იმ დღეს შეუძლებელი იყო.
როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე რთული - გრანდის ნარკოზიდან გამოყვანის პროცესი. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ წამოდგომისას, სპილო ჯერ თავს წამოწევს, შემდეგ - ტანს და ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში, ფეხების ქნევით, ცდილობს რომ ფეხზე დადგეს.
გრანდი ცდილობს, იწყებს მოძრაობას, მაგრამ ისევ ეძინება, ვერაფრით დგება...
ძალიან შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ, გადაუჭარბებლად ვიტყვი - სრულიად საქართველო; რეკავენ თითქმის ყველა ოფიციალური უწყებიდან, კითხულობენ გრანდის მდგომარეობას, ამ დროს კი ვერაფერს ვპასუხობ, გრანდი ვერ დგება...
ვფიქრობთ ალტერნატიულ ვარიანტებზე, როგორ შეიძლება ცხოველს წამოდგომაში დავეხმაროთ, ვიძახებთ სამაშველო სამსახურს, ვგეგმავთ, რომ ვოლიერს ავხადოთ სახურავი და ამწეს მეშვეობით წამოვაყენოთ... ყველანაირი მცდელობა აზრსაა მოკლებული, რადგან ყველგან გარკვეულ წინააღმდეგობას ვაწყდებით - ცხოველი არ უნდა დაზიანდეს, თუმცა, თუ ვერ წამოვაყენეთ, დაიღუპება...
დაგვარჩა ერთადერთი შესაძლებლობა - ყოველგვარი წესებისა და გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, ხელით წამოვაყენოთ სპილო. წარმოიდგინეთ, გრანდს აწვება 50-მდე ადამიანი: ზოოპარკის, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მოხალისეები... და აი, ისმის აღფრთოვანებული შეძახილები - გრანდი ხელით დავაყენეთ ფეხზე!
როგორც იქნა შიში წარსულს ჩაჰბარდა, თუმცა, თავად განსაზღვრეთ, გრანდის პირველი ოპერაცია და მისი წამოყენების მცდელობა რეკორდულად დიდხანს, დაახლოებით 11 საათი გაგრძელდა! ასეთი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა!
ამის შემდეგ, ექიმებმა ხაზგასმით გვითხრეს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, გრანდისთვის ანესთეზიის გაკეთება არ იყო რეკომენდებული, შესაბამისად, მეორე ეშვის ამოღების თარიღმა ორი წლით გადაიწია.
ამის შემდეგ თბილისში და ზოოპარკის ცხოვრებაში სხვადასხვა პროცესები განვითარდა, მათ შორის 13 ივნისის წყალდიდობა, რომელიც მთელი ქვეყნისთვის დიდი ტრაგედია იყო...
თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავაც ვიდექით ფაქტის წინაშე - გრანდის გადასარჩენად აუცილებელი იყო მეორე ინფიცირებული ეშვის ამოღება!
მეორე გრანდი-ოზული ოპერაცია...
ნელ-ნელა, საკმაოდ ფრთხილად დავიწყეთ მზადება გრანდის მომდევნო ოპერაციისთვის. სწორედ ამ პერიოდში, თბილისის ზოოპარკის თანამშრომელს, ხატია ბასილაშვილს BBC-დან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ იწყებდნენ ახალ სერიალს - „დიდი ცხოველების ოპერაციები“; იცოდნენ, რომ გრანდს მეორე ეშვი ჰქონდა ამოსაღები და სრულიად უსასყიდლოდ შემოგვთავაზეს დახმარება.
ბუნებრივია, BBC გრანდის ოპერაციის გადაღებას აპირებდა, თუმცა ჰქონდათ ერთი პირობა - ქირურგიული პროცედურები იმ ექიმებს უნდა ჩაეტარებინათ, ვისთანაც თავად თანამშრომლობდნენ. საუბარი იყო სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტების ჯგუფზე: ქირურგ გერჰარდ სტეენკამპსა და ანესთეზიოლოგ ადრიან ტორდიფზე.
ზოგადად, სამხრეთ აფრიკა ერთ-ერთი მოწინავე ვეტერინარული ქვეყანაა, განსაკუთრებით სპილოების მიმართულებით. ამიტომ, სიამოვნებით დავთანხმდით.
ეს ყველაფერი 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში მოხდა, თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ ოპერაცია თვის ბოლოს, სულ რაღაც 3 კვირაში უნდა ჩატარებულიყო.
მოვემზადეთ ოპერაციისთვის, ყველანაირი შესაძლო გართულებისა და სცენარისთვის, გრანდის პირველი ოპერაციის შემდეგ მაქსიმალურად ვფრთხილობდით. ამ 3 კვირის განმავლობაში იმდენი საორგანიზაციო საკითხი იყო მოსაგვარებელი, თბილისის ზოოპარკის თანამშრომლებს პრაქტიკულად არც კი ეძინათ.
ოპერაცია უთენია დავიწყეთ. ინტერესი ამჯერად უფრო დიდი იყო, ვიდრე პირველი ოპერაციის დროს. წარმოიდგინეთ, 100-მდე ჟურნალისტი, BBC-ის გადამღები ჯგუფი, ექიმები, ზოოპარკის თანამშრომლები...
გრანდს ანესთეზია გაუკეთეს და ამ პირველივე ქმედებებიდან ნათელი იყო სამხრეთ აფრიკელი ვეტერინარების მაღალკვალიფიციურობა - გრანდი მართლაც რომ ვირტუოზულად დააწვინეს, სწორედ ისე, როგორც ოპერაციისთვის იყო საჭირო. ოპერაცია დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა - მოტეხილი ეშვი მთლიანად ამოუღეს. და, აი, მოვიდა სპილოს გაღვიძების დროც.
ბუნებრივია, ამ დროს ყველანი დავიძაბეთ, კიდევ ერთხელ გაგვახსენდა წინა გამოცდილება... აბსოლუტური სიჩუმეა, ყველა ელოდება, რა იქნება შემდეგ, შეძლებს თუ არა გრანდი წამოდგომას...
საბედნიეროდ, ამჯერად ყველაფერმა გართულების გარეშე ჩაიარა - გაღვიძებისას, ვეტერინართა რჩევებით ვიხელმძღვანელეთ და რამდენიმე წუთში გრანდი ფეხზე იდგა!
ეს კი ნამდვილად საბოლოო გამარჯვება იყო, ამდენი ადამიანის ძალისხმევითა და მონაწილეობით შევძელით, რომ გრანდი გადაგვერჩინა. ახლა მშვენივრად გრძნობს თავს, წლის ბოლომდე ჭრილობაც სრულად შეუხორცდება, შემდეგ კი თავისუფლად შეძლებს თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის შესრულებას და ზოოპარკში მალე პატარა სპლიყვები გვეყოლება. ამასთანავე, თბილისის ზღვაზე, სპილოებისთვის დიდი ვოლიერის აშენებას ვგეგმავთ და იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ რამდენიმე სპილო, არამედ მათი პატარა ჯგუფიც კი ჩამოყალიბდება.
P.S. გრანდის ერევნიდან ჩამოყვანას კიდევ ერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება. თბილისში რომ დავბრუნდით, ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმებმა რამდენიმე კითხვა დაუსვეს, მათ შორის ისიც, თუ რას აკეთებდა რამდენიმე დღის წინ. უეცრად მოულოდნელი პასუხი მიიღეს - „სპილო მომყავდა ერევნიდან“.
შეშინებულმა ექიმებმა ოჯახს „სამწუხარო“ ამბავი შეატყობინეს, მათი აზრით, „საქმე ვერ იყო კარგად, რადგან პაციენტი ფიქრობდა, რომ რამდენიმე დღის წინ ერევნიდან სპილო მოჰყავდა“...