Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტროლების მეორე ლაშქრობა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ

18 თებერვალი 2019

2019 წლის დასაწყისში, 9 იანვარს, საქართველოს პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ბრიფინგიდან შევიტყვეთ, რომ საქმე 10 წლის წინ შესრულებულ საბანკო ოპერაციას ეხება და დაწყებულია გამოძიება 194-ე მუხლით - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ, ე.წ. ფულის გათეთრების ფაქტზე.

პროკურორმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ ამ ოპერაციაში თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე არიან გარეული და რომ ისინი უკვე დაიკითხნენ.

საპასუხო განცხადება გაავრცელა თიბისი ბანკის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემაც, სადაც აღნიშნული იყო, რომ საუბარი ჩვეულებრივ საბანკო ოპერაციას ეხება და გამოძიებას ბრალის წაყენების საფუძველი არ გააჩნია.

ამის შემდეგ თითქოს მედიაში ამ საკითხზე საუბარი შეწყდა, მაგრამ აქტიურობა არ შეუწყვეტიათ ფეისბუკგვერდებს, რომლებმაც ხაზარაძის წინააღმდეგ ნამდვილი ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყეს.

ამ „ლაშქრობას“ კარგად ორგანიზებული ხასიათი აქვს, რაც ქაოსური, დაუგეგმავი შეტევის ალბათობას გამორიცხავს. ფეიჯებს ახასიათებს ერთი და იგივე მესიჯბოქსი, ერთი და იგივე პერიოდულობა...

„გაუმაძღარი მევახშეები“, „სხვის ხარჯზე გამდიდრებულები“, „ხალხისთვის სახლების წამრთმევები“, „ყაჩაღები...“ - ეს ნაწილია იმ ეპითეტებისა, რომლითაც მოლაშქრე ბოტები ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და ზოგადად, თიბისი ბანკს ორკესტრირებულად ამკობდნენ.

ტროლების მეორე ლაშქრობის „უხილავი ხელის“ ორგანიზება მას შემდეგ მოხდა, რაც ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას 2-თვიანი ვადა მისცა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის.

ამ ლაშქრობებში განსაკუთრებულად აქტიურობენ ისეთი ფეიჯები, როგორიცაა - „ორი გვამი უნდათ“, „იყავი და გაგეკეთებინა“, „რუსთავი ხუთი“, „კაი გვერდი“ და ა.შ.

აქტიურდებიან იუზერი ბოტებიც - პროფილის ფოტოებზე ლეონარდო დიკაპრიოს, ანჯელინა ჯოლის ან სულაც ტერ შტეგენის გამოსახულებებით. „მოპარული ფული უნდა დაბრუნდეს“ - ერთხმად ითხოვენ ფეიკანგარიშებს ამოფარებული ბოტები.

ამგვარი მადისკრედიტებელი ფეიჯები და ტროლების არმიები კვლევის დონეზე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშში აისახა.

მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ სოციალური მედია, და კერძოდ ფეისბუქი საქართველოში წარმოადგენს პოლიტიკური აქტივობის მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელსაც პოლიტიკური პარტიები, კანდიდატები და მათი მხარდამჭერი ჯგუფები სასურველი ინფორმაციის გავრცელების მძლავრ იარაღად იყენებენ.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებული საარჩევნო კამპანიის პარალელურად ფეისბუქზე გაჩაღებული იყო ფართომასშტაბიანი დისკრედიტაციის კამპანია ანონიმური გვერდების მიერ დასპონსორებული კონტენტის მეშვეობით, რომლის მიზანიც, როგორც ჩანს, ამომრჩეველზე ზეგავლენა და საარჩევნო პროცესის ნეგატიური კამპანიის ფონზე რადიკალიზაცია იყო,  - ვკითხულობთ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში.

ტროლების ძირითადი სამიზნე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე იყო, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს და არაორაზროვნად უთითებს ამგვარი კამპანიების დამკვეთსა და დამფინანსებელზე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ წამოწყებული მადისკრედიტებელი კამპანიის სათავეშიც ძირითადად, იგივე გვერდები გვევლინებიან, ახლად დაარსებულებთან ერთად, გასაგები გახდება, ვის უნდა აწყობდეს ქვეყნის უმსხვილესი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის დისკრედიტირება.

ტროლების ფეიჯებზე გავრცელებული მასალების უდიდესი ნაწილი დასპონსორებულია, აქტივობების მასშტაბი მიუთითებს, რომ ბოტების არმიის დასაფინანსებლად ფული დაუნანებლად მოედინება და ამ საქმიანობისთვის სპეციალურად მომზადებული კადრები არსებობენ, რომლებიც დროდადრო იწყებენ დისკრედიტაციის კამპანიებს და საზოგადოებრივი განწყობებით მანიპულირებას ცდილობენ.

პრობლემა, რომელიც ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძისა და თიბისი ბანკის წინაშე დადგა, თანამედროვე მსოფლიოსთვის უცხო არ არის. ამგვარი მეთოდების დახვეწაში განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობელის სპეციალური სამსახურები არიან  გაწაფული. სოციალური ქსელების გიგანტების თავსატეხად ქცეული მართული დეზინფორმაცია გაცილებით დიდ მასშტაბებსაც აღწევს. მის წინააღმდეგ ბრძოლა კი მხოლოდ მეტი განათლებით, სანდო და არასანდო წყაროების გარჩევის სწავლით, ფეიკნიუსების აღმოჩენითა და დროული განეიტრალებითაა შესაძლებელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^