Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაშინ, როცა ბულერები მასწავლებლები არიან ⏪ კონკურსი მოსწავლეებისთვის

01 მარტი 2019

გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პირველ ბლოგპოსტს

ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

                                                                                                   რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი, X კლასი, 15 წლის

ოცდამეერთე საუკუნეა და ბულინგის პრობლემა წინ წამოიჭრა. ჩაგვრაზე ფართოდ ალაპარაკდა მედია და დაიწყო მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიები, თუმცა ბულინგის შემთხვევები, მაინც მრავლად ფიქსირდება.  მე მინდა, გიამბოთ ბულინგის იმ შემთხვევების შესახებ, რომლებიც უშუალოდ მე მსმენია.

მაშ ასე, შემთხვევა პირველი: 

გოგონა სკოლიდან სახლში ბრუნდება, ხსნის სოციალურ ქსელს და თვალში ხვდება უამრავი სიახლე ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ, რომელიც ორი მოზარდის სიკვდილით დასრულდა. ასევე ხვდება უამრავი აღშფოთებული ადამიანის სტატუსს, იმის შესახებ, რომ თურმე ბავშვებს სკოლაში ცივი იარაღი დააქვთ და ამის აღსაკვეთად სკოლა არაფერს აკეთებს. გოგონა გაოცდა, არ ეგონა, თუ დანის ან ე.წ. „ბაბოჩკის“ სკოლაში ტარება არ შეიძლებოდა, რადგან იგი ყოველდღიურად ხედავდა ამ ყველაფერს.

მოსაღამოვდა და გოგომ გადაწყვიტა ფეისბუქგვერდზე დაეწერა სტატუსი, შემდეგი შინაარსით: „არ მეგონა, თუ სკოლაში დანის ტარება დანაშაული იყო, რადგან დღეს სკოლაში ეს აღარავის გვიკვირს“. გოგომ დაიძინა და დილით მასწავლებლის ზარმა გააღვიძა, რომელიც მთელი ხმით უკიოდა ტელეფონში და აძალებდა სტატუსის წაშლას.

გოგო შოკში ჩავარდა და დაუყონებლივ წაშალა სტატუსი, მაგრამ მასწავლებელმა ესეც არ იკმარა, მოსწავლის დედას დაურეკა და უთხრა, რომ შვილს სათანადოდ ვერ ზრდიდა, რადგან მეცადინეობის ნაცვლად, სოციალურ ქსელში სტატუსებს წერდა. გავიდა ცოტა დრო და გოგონამ გაიაზრა, რომ მის სტატუსში სულაც არ ეწერა ისეთი რამ, რომ იგი წაეშალა, ისიც გაიაზრა, თუ რამხელა ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა საკუთარმა პედაგოგმა, რომ სტატუსი დაპროგრამებული რობოტივით წაშალა. მოზარდს გადახდენილი ამბის გახსენება და ბულინგი მასწავლებლის მხრიდან, დღემდე, ერთი წლის თავზეც კი სერიოზულ ტრავმას აყენებს.

შემთხვევა მეორე:

ბიჭი ჩვეულებრივ მივიდა სკოლაში და ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში. პირველ გაკვეთილზე კლასში, საგნის მასწავლებელთან ერთად დამრიგებელიც შევიდა და ბავშვებს განუცხადა, რომ ერთ კვირაში თეატრში მიდიოდნენ და ხვალ აბონიმენტის ფული მიეტანათ. ბიჭი ვერ იტანდა იმ თეატრს, რომელშიც სკოლიდან დაჰყავდათ ამიტომ დამრიგებელს უთხრა, რომ ის არ აპირებდა წასვლას. პედაგოგმა უპასუხა, რომ თუ წასვლას არ აპირებდა აბონემენტის ფული მაინც უნდა დაედო, რადგან ეს სავალდებულო იყო. როცა დამრიგებელი საკუთარი გაკვეთილის ჩასატარებლად შევიდა კლასში, მოსწავლეს მთელი კლასის თანდასწრებით ჰკითხა, თუ რატომ არ დადიოდა თეატრში, სოციალური პრობლემები ხომ არ ჰქონდა მის ოჯახს? კლასმა სიცილი დაიწყო და მოზარდს საშინელი სირცხვილის გრძნობა დაეუფლა. სახლში მისულმა ბიჭმა მშობლებს თანხა გამოართვა და მეორე დღეს მასწავლებელს მიუტანა, მან კი მისი წინადღის ნათქვამი სიტყვებისგან რადიკალურად განსხვავებულად უპასუხა, რომ თუ თეატრში არ წავიდოდა, თანხის დადებაც არ იყო საჭირო... ბიჭს განცდილი სირცხვილი და თანაკლასელების ამრეზილი მზერა რამდენიმე წელს გაჰყვა. 

რაც უკვე გიამბეთ ეს იყო მასწავლებლების მხრიდან განხორციელებული ბულინგის ფაქტები, რა თქმა უნდა, მცირე ჩამონათვალი, რადგან მე საჭიროდ აღარ ჩავთვალე ისეთი ფაქტების დაწერა, როგორიცაა, მაგალითად: სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოზარდის ფიზიკურ მონაცემებზე ხაზის გასმა, საკუთარი პოზიციის დაცვის გამო, „უზრდელის“ იარლიყის მინიჭება და სექსიზმი, რასაც ყოველი მეორე მასწავლებელი ამჟღავნებს. ვფიქრობ, რომ ვერასოდეს შევძლებთ მოზარდების მხრიდან, მოზარდების მიმართ განხორციელებული ჩაგვრის დამარცხებას ან თუნდაც შესუსტებას, იმ შემთხვევაში თუ მასწავლებლები, რომლებიც, წესით, ბავშვებისთვის ავტორიტეტული პიროვნებები უნდა იყვნენ, ისევ დარჩებიან მთავარ ბულერებად. ასევე, არსებობენ ისეთი მასწავლებლები, რომლებიც არ აბულინგებენ ბავშვებს, მაგრამ მათი მხრიდან არ ხდება პრობლემის იმდენად მძაფრად აღქმა, როგორც ამას ჩაგრულები აღიქვამენ.

ახლა გიამბობთ მოსწავლეების მხრიდან განხორციელებულ ბულინგს, რომელიც პირადად მე შემეხო, იმის გამო, რომ ვარ ფემინისტი და ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემს აზრს, თუნდაც ის იყოს ყველასგან განსხვავებული.

ერთხელ ერთ-ერთ მასწავლებელთან მომივიდა შელაპარაკება იმის გამო, რომ ის აკეთებდა სექსისტურ განცხადებებს. ამ კამათში ვთქვი, რომ მე ვარ ფემინისტი და არ ვაპირებ ჩუმად ვუსმინო ამგვარ განცხადებებს. ამის შემდეგ ჩემი თანაკლასელების ნაწილი, ყოველდღე დამცინოდა იმის გამო, რომ ვარ ფემინისტი და სიტყვა „ფემინისტს“ იყენებდნენ, როგორც სალანძღავს. დამეთანხმებით, რომ ამგვარი ზეწოლა ყველა ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედებდა, მით უმეტეს გარდატეხის ასაკში მყოფის. ჩემს დასაცავად სკოლამ ვერაფერი გააკეთა, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ ბულერების მიმართ, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო და გარკვეული ხანი, სანამ ბულერებმა არ იპოვეს ახალი საკბილო, არ შემეშვნენ. ჩემი აზრით, ჩემს სკოლაში რომ ყოფილიყო სამეურვეო საბჭო და თვითმმართველი გუნდი, მე არ მომიწევდა ამხელა სტრესის გადატანა.

ამრიგად, ბულინგი საკმაოდ მწვავე და მძიმე თემაა და მისი გადაჭრა არც ისე ადვილია, როგორც უკვე აღვნიშნე, ვთვლი, რომ პირველ რიგში, მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლებით უნდა ვეცადოთ მის აღმოფხვრას, რადგან თუ ის ადამიანები, რომლებიც ბავშვებისთვის სამაგალითოები არიან, იქნებიან ბულერები, მოზარდებს ვეღარ მოვთხოვთ იმას, რომ არ დააბულინგონ სხვები და ჩაგვრის წინაშე ხმა აიმაღლონ. თუმცაღა საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ის სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ადამიანი, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ ხმას იღებს „შპიონია“, ასე რომ, ბავშვისთვის ძალიან ძნელია, ამ პირობებში, საკუთარი ან სხვისი უფლებების დაცვა. ვიმედოვნებ, რომ ოდესმე მაინც შეიცვლება ეს მდგომარეობა და საქართველოში ბავშვები შეძლებენ იცხოვრონ თავისუფალ გარემოში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^