გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მესამე ბლოგპოსტს
ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ალექსანდრე დიუმას სახელობის ბათუმის ქართულ-ფრანგული სკოლა. მე-12 კლასი. 18 წლის.
ქართული სოციალური ქსელის ზედაპირული, თუნდაც დილეტანტური შეფასებისას, საცნაურდება ერთი აქსიომატური მოცემულობა: სტატისტიკური ქართველი „იუზერი“ არ (ან ვერ) სუბლიმირებული ენერგიის მატარებელია, რომელსაც ის მუდმივად ტოტალური აგრესიის ფორმით აფრქვევს ფეისბუქში პოსტის თუ კომენტარის სახით.
კიბერბულინგი ფიზიკურ ძალადობაზე გაცილებით მასშტაბური და დესტრუქციული ფორმაა. თუ ვთქვათ, გარდატეხის ასაკში მყოფი თინეიჯერები ერთმანეთს ჩაგრავენ ორიენტაციის, პასიურობის, ანუ ერთი სიტყვით, პატრიარქალური კულტურისთვის მიუღებელი „ბიჭურობის“ გამო, რაც ბუნებრივია, პოტენციური მსხვერპლისთვის ფატალურად შეიძლება დასრულდეს, კიბერბულინგის ძალაუფლება უფრო ფართო არეალზე ვრცელდება და შეფასების მხრივ გაცილებით პრობლემატურია.
აქვე ერთ პარადოქსზე მინდა გავამახვილო ყურადღება: „იუთუბზე“ რამდენიმე წლის წინ განათავსეს უნიკალური კადრები, რომელსაც „ღირსების სასამართლო“ ჰქვია, სადაც ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია გავაანალიზოთ, თუ როგორ და რატომ დაიწყო განხეთქილება ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, როგორ გასცდა ეს დაპირისპირება სულ რამდენიმე წელიწადში ვიწროპარტიულ კონტექსტს და სამოქალაქო ომში გადაიზარდა. გაუაზრებლად და დაუსაბუთებლად, აფექტურ, ემოციონალურ ნიადაგზე წამოსროლილი სიტყვა-ბრალდებები, რომელსაც ზვიად გამსახურდია ზურაბ ჭავჭავაძის მისამართით აშკარად ზიზღნარევი ტონით წარმოსთქვამს, სულ მალე ტყვიებად იქცნენ, ანუ უკონტროლო ენერგია ჯერ ვერბალურ აგრესიად მოგვევლინა სულ მალე კი სოციალურ-პოლიტიკურ-მენტალური მუტაცია განიცადა და ომის სახე მიიღო.
„შუბლს გაგიხვრეტ“ - სიტყვიერად ემუქრება გ. ჭანტურია ზ. ჭავჭავაძეს.
ეს მუქარა ორივესთვის ფატალური აღმოჩნდა. ზ. ჭავჭავაძე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა მერაბ კოსტავასთან ერთად, ხოლო გ. ჭანტურია კი 1994 წელს მოკლეს.
ამ მცირე გადახვევით იმის თქმა მინდოდა, რომ, თუ 90-იანებში საზოგადოება აგრესიული მუხტისგან ომის „წყალობით“ დაიცალა, დღეს ამ ენერგიისგან გათავისუფლებას ისინი ფეისბუქში ცდილობენ.
ანონიმურობა მათ აძლევთ ძალადობის საშუალებას სხვებზე, ანუ მათთვის სრულიად უცხო პიროვნებებზე.
ჟან პოლ სარტრისა არ იყოს, „ჯოჯოხეთი ხომ სხვაა“.
ჩვენ ისტერიულად ვართ შეპყრობილი აქტუალურად ყოფნის სურვილით. გვინდა სხვებსაც დავაჯეროთ, რომ ჩ ვ ე ნ ც ვ ა რ ს ე ბ ო ბ თ! მერე რა რომ ამ „არსებობას“ უხეში და მძიმე ფორმით ვახერხებთ: გინებით და ლანძღვით.
ფეხბურთელმა გურამ კაშიამ სოლიდარობის ნიშნად „იმნაირების“ სამკლაური გაიკეთა.
ჩვენი განაჩენიც წამებში ცხვება: egets pidarastia khom?
თბილისში ტრანსგენდერი ცემეს.
ჩვენი შეფასება ტრაგედიის გაცნობიერებამდე უკვე მზადაა: metis ghirsi iko.
პოეტ ანდრო დადიანს ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე მოკვლით ემუქრება.
მაშინვე ჩნდება კვაზი-მორწმუნეთა ლეგიონი სახარებისთვის ფრიად კონტრასტული და მიუღებელი დამოკიდებულებით: „სულიდან ხორცამდე მძულან პიდარასტები“ (sic!).
მოკლედ, მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
სახეზე გვაქვს კიბერბულინგის მძიმე ფორმა,რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით მეტყველებს ერის დამახინჯებულ და ტრავმირებულ ცნობიერებაზე.
თუ კარგად დავაკვირდებით ამ „ავატარების“ მიღმა კონკრეტული უბიოგრაფიო ადამიანები დგანან. ეგზისტენციალურად ან სექსუალურად არშემდგარი და ვერრეალიზებული სუბიექტები,რომლებიც საკუთარი ორიენტაციის დამალვას ან სოციალურ დისკურსს მიღმა ჩარჩენილობის გადაფარვას სწორედ აგრესიით ცდილობენ.
აქვე ერთ ასპექტზეც მოგვიწევს ყურადღების გამახვილება: კიბერბულინგის შემთხვევებს (შედარებით მსუბუქი ფორმით, მაგრამ მაინც) ვხვდებით, ე.წ. დახურულ ჯგუფებში. მაგალითად, იმ ტიპის ჯგუფებში, სადაც წაკითხულ (ან ვერწაკითხულ) წიგნებს განიხილავენ.
მე თავად ვყოფილვარ ამ ფაქტის შემსწრე.
ერთხელ სრულიად სამართლიანად დავწერე, რომ არ მიყვარს ბესტსელერად ქცეული „აღიარება ხელისგულზე“. სულ მალე ჩემმა რეპლიკამ „ლაიქებზე“ მეტად გაბრაზების სმაილების შეტევა განიცადა.
მწერდნენ: „უკეთესი თავად დაწერე“; „ფუ, რა გოიმი ხარ“; „წადი, შვილი, წითელქუდა წაიკითხე“; „შენ ალბათ ფოლკნერებზე ხარ გაზრდილი ხო?“ და ა.შ. და ა.შ.
როგორც ხედავთ, კიბერბულინგი არც მკითხველური წრისთვისაა უცხო.
ვფიქრობ, გამოსავლის ძიება ამ ურთულესი ჩიხიდან პრობლემატური მგონია და აი, რატომ:
1. 90-იანი წლების სახელმწიფო გადატრიალებიდან (ისევე როგორც აფხაზეთის და მით უმეტეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან) არც ისე მცირე დროა გასული. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად არც შეცვლილა საზოგადოებრივი ცნობიერება. უფრო მეტიც, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ევროპული ქვეყნებისთვის აბსოლუტურად ორგანული სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახოვანი მოდელიც კი.
2. საპატრიარქო მიზანმიმართულად ამახინჯებს ლიბერალიზმის და ზოგადად, ევროპელობის იდეას, რაც მრევლს „სხვისადმი“, „განსხვავებულისადმი“ აგრესიულად განაწყობს. (იხ. გვერდი „ანტილიბერალური კლუბი“ - https://ka-ge.facebook.com/ANTILIBERALURI/).
ისინი, ვისი ხორხიც, სახარებისეული პერიფრაზით, ღია სამარეა, ხოლო მათსავე ბაგეებზე ასპიტი გველი ბუდობს, ვფიქრობ, ადრე თუ გვიან გვერდიდან მაინც შეხედავენ საკუთარ თავს, ვინაიდან ყველაზე მაგარ ქართველ ფილოსოფოსს თუ დავესესხებით: „საჭიროა შეხედო საკუთარ თავს სარკეში და გული აგერიოს საკუთარი ხატის შემხედვარეს. მხოლოდ ამის ფასად შეიძლება რამე გაიგო“.