გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მეხუთე ბლოგპოსტს
ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
14 წლის, 112-ე საჯარო სკოლა, IX კლასი
პასუხი კითხვაზე, თუ რა არის სკოლა, ყველასი ზოგადი და ერთნაირია: სკოლა ხომ უდავოდ ის ადგილია, სადაც ბავშვმა უნდა ისწავლოს, განათლება მიიღოს და აქ მიღებული 12-წლიანი სარგებელი საფუძვლიანად გამოიყენოს მომავალში. თუმცა განა ვინმე ფიქრდება ამ უბრალო, მარტივი პასუხის გაცემისას იმაზე, რომ მოზარდმა, გარდა იმისა, რომ მიიღოს განათლება, სკოლაში შეიძლება მიიღოს სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც დაბალ თვითშეფასებას, გაუბედაობას, მოზარდის არასრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბებასა და, ყველაზე უარეს შემთხვევაში, - სუიციდს უძღვის წინ?
ამ ყველაფერს საფუძვლად დღესდღეობით წამოჭრილი უსიამოვნო და შემზარავი საკითხი - ბულინგი უდევს, რაც მოიაზრებს შეუბრალებელ ჩაგვრას, აბუჩად აგდებას, ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ზეწოლას, და კიდევ მრავალ სხვა უთანხმოებას, რომელიც სკოლის მოსწავლეებში ბოროტადაა გავრცელებული და ყოველდღე უფრო და უფრო მეტს ეპატრონება, გაუმაძღრად იმკვიდრებს თავს უმანკო მოზარდებში.
ბულინგს უამრავი მიზეზი აქვს. ბავშვი ბულინგის მსხვერპლი ნებისმიერი მისი დამახასიათებელი ნიშნის გამო შეიძლება გახდეს: მისი ეროვნება, სარწმუნოება, გარეგნობა, რასა, წარმომავლობა, და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხასიათი და განსხვავებული შეხედულებებიც კი. მოზარდის გონება ადრეულ წლებში ჩამოუყალიბებელია, ბევრ რამეს არასწორად აცნობიერებს და ხშირ შემთხვევაში, მათ ვერც კი აღიქვამს. ამ აღუქმელობისა და საკუთარ სიტყვათა გაუფრთხილებლობის ნიადაგზე ისინი არ მალავენ ერთმანეთის შესახებ საკუთარ მოსაზრებას, რამდენად საშინელიც არ უნდა იყოს იგი, და ხშირად ეს პირდაპირობა დაცინვაში გადაიზრდება ხოლმე, რომელიც ყოველდღიურად მეორდება.
ბულინგის ყველაზე სასტიკი მხარე ისაა, რომ მჩაგვრელის დაცინვას არ მოსდევს არანაირი პასუხი. დაჩაგრული ჩუმად იტანს დამცირებას, იმ იმედით, რომ შეუბრალებელ მავიწროვებელს ოდესმე მობეზრდება და გაჩუმდება, თუმცა, მან არ იცის, რომ ამით მხოლოდ უარესს აკეთებს. მისი სიჩუმე ცეცხლზე ნავთის დასხმასავითაა, მას უფრო მეტად უტევენ შემზარავი მეტსახელებითა და ხელის კვრით, ვინაიდან იციან - პასუხს არავინ მოსთხოვთ.
ეს პრობლემა არ „აღმოგვიჩენია“ XXI საუკუნეში, იგი ყოველთვის არსებობდა, თუმცა, ამგვარი განხილვის საგანი არასოდეს ყოფილა. მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და თითოეული მათგანი ყველანაირი ხერხით, შეუჩერებლად ცდილობს აღმოფხვრას ეს პრობლემა, თუმცა, განა ასე მარტივია ბავშვის აზროვნების შეცვლა? იმ აზროვნების, რომელიც თავის ქცევებსა და საუბარს ვერ აღიქვამს, და სხვათა რეაქციას ამ ორ მისთვის აღუქმელ საკითხზე.
ბულინგის მსხვერპლი ბავშვები ძირითადად ჩუმები, ჩაკეტილები, სხვებისაგან გარიყულები არიან. ასეთი სისუსტე მათ თავიდანვე ემჩნევათ, და კლასის მოთავეები მათ პირველ „სამიზნეებად“ მიიჩნევენ. მათ თითქოს სიამოვნებთ მსხვერპლის შეშინებული სახის დანახვა, რომელიც თრთის, კანკალებს და სასოწარკვეთის ზღვარზე ყოფნას ხმის ამოუღებლად გაჰკივის. ჩაგვრის მსხვერპლი ჩუმად იტანს ყველაფერს, და შემდეგ განმარტოებული, კედელთან ჩაკეცილი, თავისთვის ტირის. ბულინგის მსხვერპლები ვერ ბედავენ, რომ მშობლებს მათი სკოლის პრობლემების შესახებ გული გადაუშალონ, რათა მათგან დახმარება მიიღონ, ვინაიდან ჰგონიათ, რომ თუ მჩაგვრელს პრობლემებს შეუქმნიან, მათთვის უარესი იქნება. მათ შიში მართავთ, რომელიც მათ გაჩუმებასა და საკუთარი თავის სიბრალულით, საცოდავი ცრემლების ღვრას აიძულებთ.
დროთა განმავლობაში, უბრალო დაცინვა სერიოზულ ხასიათს იღებს და მაღლა მდგომი მის დაუცველ მსხვერპლს ფულის მოტანას, ქურდობას, და კიდევ სხვა მრავალი ბინძური სურვილის შესრულებას აიძულებს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი შესაძლოა საბრალო ჩაგრული ფიზიკური ბულინგის მსხვერპლიც კი გახდეს.
ყველაფერი უაზროა, უშედეგო, ყველა მცდელობა მსხვერპლისა თავიდან აირიდოს ეს ყოველდღიური წამება, კრახით სრულდება, და ამდენი მარცხის შემდეგ, მცდელობით გადაღლილს, იმედი ეწურება, და მჩაგვრელი უკვე აღარ არის ერთადერთი ადამიანი, ვის მიმართაც ზიზღით იმსჭვალება - ის ზიზღით იმსჭვალება საკუთარი თავის მიმართაც. მისი სისუსტე, უმოქმედობა, გაუბედაობა და შიში აძულებს საკუთარ თავს, რადგან, მისი აზრით, საკუთარი თავია ის ერთადერთი, რომლის გამოც იგი ასეთ მდგომარეობაშია. მის სულში ღვივდება მორჩილება ლიდერის მიმართ, და საბოლოოდ იგი ყალიბდება მშიშარა, გაუბედავ, უსუსურ არსებად, რომლის სუსტ სულსაც ადვილად ეპატრონებიან. განა შეიძლება ასეთი მდგომარეობის საშველად გატარდეს რაიმე ღონისძიება, როდესაც თავდაჯერებულობა უკვე თითქმის გამქრალია? ცდა ღირს, თუმცა შედეგი ნულია.
ადამიანში მჩაგვრელი ხასიათი პატარაობიდანვე ღვივდება არასრულფასოვანი, მყვირალა, გაფანტული ოჯახის გამო. იგი შეიძლება ოჯახური ბულინგის მსხვერპლიც კი იყოს. სახლის კედლებში იგი მსხვერპლია, მათ გარეთ კი - თავადაა მჩაგვრელი. უსუსური ბავშვი თითქოს ცდილობს თავისი ძალებით ებრძოლოს საკუთარ სასტიკ ყოველდღიურობას, თითქოს იგი საკუთარ ცხოვრებაზეა გაბრაზებული, და მასზე სუსტის ჩაგვრით ძალაუფლებას გრძნობს, სხვისი ტირილის მოსმენით საკუთარი ცრემლებისათვის იძიებს შურს.
რამ შეიძლება აღმოფხვრას ეს პრობლემა? არსებობს კი გადაჭრის რაიმე ხერხი? თითქოს ეს საკითხი მარტივია, მაგრამ სინამდვილეში იგი ურთულესია. მოხერხდება კი რაიმე, როდესაც მჩაგვრელშიც და ჩაგრულშიც პრობლემა უმწვავესია, და ყოველდღე, ყოველ წამს, ეს სიმწვავე უფრო და უფრო იზრდება, უტიფრად და უმართავად? თუმცა, ყოველთვის არსებობს გამოსავალი. ყოველ ჩვენგანში, დიდში თუ პატარაში უნდა ვეძიოთ იგი, რადგან ნებისმიერ ადამიანში უდავოდ ღვივის სიკეთის ის პატარა მარცვალი მაინც, რომელიც გაზრდას ცდილობს, ფესვების გადგმას და გატოტვას, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მივცემთ თუ არა მას ამის საშუალებას.
ნებისმიერ ჩვენგანს სჭირდება დაფიქრება - დაფიქრება საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე, რათა მიხვდეს თუ ვინაა სინამდვილეში, რას წარმოადგენს, რას აკეთებს და რა უნდა აკეთოს. ერთი წამით დაფიქრებაც კი საკმარისია იმაზე, რომ ვიღაც ვიღაცის შესაბრალისი ცრემლების მიზეზია, ერთ, უსწორმასწორო ზოლად რომ მოედინებიან ყვრიმალებზე და სისუსტე სააშკარაოზე გამოაქვთ, რომ ვიღაცას ვიღაც თავისი ქცევებითა და საუბრით საკუთარი თავის სიძულვილამდე, სისუსტემდე და მორჩილებამდე მიჰყავს. სწორედ ამაზე დაფიქრება განკურნავს ულმობელ მჩაგვრელსაც იმ სიბოროტისგან, მასში რომ დაბუდებულა და ურცხვად იდგამს ფესვებს. საიდან მოდის ბულინგი, თუ არა მრისხანებიდან? ეშმაკისეულმა მრისხანებამ, თუ ერთხელ ჰპოვა ბუდე ადამიანის სულში, ის მუდამ იქ დარჩება და არ მოისვენებს, სანამ მას არ გამოწურავს და მის სიწმინდეს სასიკვდილოდ არ გასწირავს.
ყველაფერს სიყვარული და სიკეთე განკურნავს, ვინაიდან იქ სადაც სიყვარულია, ყველაფერი კარგადაა.