Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ისინი და ჩვენ - კონკურსი მოსწავლეებისთვის

20 მარტი 2019

გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მეშვიდე ბლოგპოსტს

ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა, მე-10 კლასი. 15 წლის.

 იქნებ მართლაც მშიშარა ვარ? ან სულელი? იქნებ ისინი მართლები არიან და მახინჯი ვარ? იქნებ ყველა მართალია და ასეთ მოპყრობას ვიმსახურებ? იქნებ..?

არა!

ვინ ადგენს ამ კრიტერიუმებს, საერთოდ როგორები უნდა ვიყოთ? როგორი? - უცნაური კითხვაა, ოდნავ სასაცილო.

მათ სურთ თავიანთ მოჩუქურთმებულ ჩარჩოებში ჩაგტენონ, კედელზე ჩამოგკიდონ, შემდეგ ოდნავ უკან დაიხიონ, კარგად შემოგხედონ და კმაყოფილებით სახე გააქნიონ.

გჩაგრავენ, ისინი თითებს მუდამ შენკენ იშვერენ, თითქოს ნემსებივით გჩხვლეტენ და განუწყვეტლივ ტალახიან, ერთსა და იმავე სიტყვებს გესვრიან. ეს ნემსები კი კანში ღრმად გესობა და შენდა უნებურად გულამდე აღწევს, რომელიც გამალებით ფეთქავს და ვერ მშვიდდება. ხანდახან ხელს გკრავენ, უხეშად გეხებიან, გდევნიან და ზიზღიან გამომეტყველებას, მიზნის მიღწევის შემდეგ, ლამაზი, მოცინარი სახეებით ცვლიან. მათი ყოველი შემოხედვა ეკლებივით გერჭობა, საცდელ ვირთხასავით გაკვირდებიან, ღაწვები კოწახურისფერი გიხდება და სიბრაზის ალში ეხვევი. ზოგი ზურგს უკან ჩურჩულებს ზუსტად იმავე სიტყვებს, ისინიც ასეთები არიან, ულმობლები. შესაძლოა ჩვენი მსგავსები, შესაძლოა მათაც ჩვენსავით ექცევიან, მათაც არასრულყოფილების კომპლექსი ღრღნის, ჭამს და ალბათ სისხლს წოვს. არასრულყოფილები. ჩვენ ყველანი ასეთები ვართ და სწორედ სრულყოფილებისკენ სწრაფვისას გზა გვებნევა.

მაგრამ რას ვიზამთ ჩვენ, ჩვენც სხვებისაკენ თითებს გავიშვერთ?

ნუთუ ჩვენც?

არა!

 „ლაჩარო!“, „რას გავხარ“, „იქით დაჯექი რა“, „დებილი ხარ“, „რა იყო შეგეშინდა?“, „ ცოტა ნაკლები რომ ჭამო არ გიფიქრია?“, „ეს ისაა?“...

დიახ, ეს მე ვარ.

ისინი კი სუსტები არიან. არ იციან, რა შეიძლება მოჰყვეს მათი პირიდან გაუაზრებლად ამოტყორცნილ, გულისამრევ სიტყვებს, მათ ქცევებს. მათ არ იციან, რომ სწორედ ამ ერთ სიტყვასაც კი შეუძლია ადამიანს იმ ხრამისკენ უბიძგოს, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია, ხრამისკენ, რომელსაც ბოლო არ უჩანს და რომლის სიღრმეშიც უკუნი სიბნელე ისადგურებს. მათ არ იციან, რომ ქმედებას მოსდევს ტოლი და საპირისპირო უკუქმედება. არ იციან.

მაგრამ, ნუთუ ჩვენი ცოდნა გვაძლევს იმის უფლებას, რომ ფიზიკის კანონებს ბრმად მივენდოთ და გამოვიწვიოთ სწორედ ის ტოლი და საპირისპირო უკუქმედება და ასე უსასრულოდ ვუყუროთ დომინოს ქვების ძირს დანარცხებას?! ნუთუ არ შეგვწევს ძალა იმ სხვისკენ გაშვერილი თითებით ეს დომინოს ქვები გავაჩეროთ და კვლავ მიწაზე დავაყენოთ?!

 ზოგიერთი არაფერს გეუბნება, თუმცა არაფერსაც აკეთებს, როდესაც ყველაფერს ხედავს, ესმის და ალბათ გრძნობს. გრძნობს შიშს, რომ ხვალ უსაფუძვლო ჩაგვრის სამიზნე ის გახდება. მე მისი მესმის.

 და  მაინც, რატომ გვექცევიან ასე? რა არის ამის მიზეზი?

შესაძლოა ეს არის დაუოკებელი სურვილი იმისა, რომ ვიღაცაზე მაღლა დადგე და ზევიდან გამარჯვებული სახით დააცქერდე, რომ შენი სისუსტეები შეუმჩნევლად შეღებო და ყურადღების გადასატანად თითით სხვისკენ ანიშნო. ან საერთოდ, სურვილი იმისა, რომ თავი სხვებისგან გამორჩეულად იგრძნო. ვინ არიან რეალურად ისინი? ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ძლიერები, უკეთესები, ლამაზები და ჭკვიანები არიან? თუ ჩვენ მსგავსად მსხვერპლები? იქნებ მათი მიზანი საკუთარი სიბრაზის დახშობა და თვითშეფასების ამაღლებაა?

 გამოსავალი თითქოს მარტივია. ყურებში გამუდმებით ჩაგესმის ეს უდარდელი ფრაზები - „რას უსმენ მაგათ“, „მერე მასწავლებელს ვერ ეტყვი?!“, „შენც დაიკელი რა, არ გაწუხებს?“, „დიდი ამბავი“, „ამხელა ბიჭი ხარ, ვისი გეშინია?“ - და შენც, ამხელა ბიჭმა აღარ იცი, რა იღონო.

 ხმა უნდა ამოვიღოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები, რომლებიც გადააბიჯებენ ამ თითქოსდა უსაზღვრო შიშის ორმოს. უნდა ვისწავლოთ მასზე უყოყმანოდ გადახტომა და ამ უფსკრულის მეორე ნაპირას აუცილებლად გაიბრწყინებს იმ უკეთესი მომავლის იმედი, სადაც არ იქნებიან ისინი, როგორც მჩაგვრელები და არ ვიქნებით ჩვენ, როგორც მსხვერპლები. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი გრძნობების გაზიარება, უნდა დავანახოთ მათ, რომ ამას არ ვიმსახურებთ, რომ მათ სულაც არ უხდებათ ეს საზარელი ურჩხულის ნიღბები, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ, ყველანი ერთად ამ უსასრულო სამყაროში ვართ მომწყვდეული და კიდევ ზედმეტი ჩარჩოები აღარ გვჭირდება. ჩვენ უბრალოდ ვეღარ ვისუნთქებთ.

ჩვენ მათ ხმა უნდა მივაწვდინოთ, უნდა გავაგებინოთ. ყველაფერი მანამდე უნდა გამოვასწოროთ, სანამ გვიან იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^