არაქართულენოვან სკოლებს დაწყებით დონეზე საგნის - ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოები არ აქვთ. როგორც „ლიბერალს“ ამ საგნის პედაგოგები უყვებიან, სახელმძღვანელოების პრობლემა უკვე რამდენიმე წელია არაქართულენოვანი სკოლების დღის წესრიგში დგას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად აფერხებს ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესს.
ნინო ჭანკვეტაძე 2011 წლიდან „ქართულის, როგორც მეორე ენის“ მასწავლებელია, იგი მარნეულის სოფელ ალგეთის პირველ საჯარო სკოლაში ასწავლის. მისი თქმით, ქართულის, როგორც მეორე ენის დაწყებითი დონის სახელმძღვანელოების დეფიციტი დაახლოებით 5 წელია არსებობს. მისივე თქმით, მართალია, სკოლებში მაღალი დონეების (VII-XII) სახელმძღვანელოები არის, მაგრამ მათ არავინ იყენებს, რადგან ეს სახელმძღვანელოები ენობრივი კომპეტენციების უფრო მაღალი დონისთვისაა განკუთვნილი. დაწყებითი (I-VI) დონის დაძლევის გარეშე კი მაღალი დონეების სახელმძღვანელოების გამოყენებას აზრი არ აქვს. ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელო თორმეტი დონისგან შედგება.
„ქართულს, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოს გრიფირება სტანდარტული წესით, როგორც ეს ხდებოდა სხვა სახელმძღვანელოების შემთხვევაში, არ გაუვლია. ის სახელმძღვანელოები, რომლებიც წლების წინ იყო შედგენილი, ამ კონკურსს გარეშეა, ანუ ერთადერთი სახელმძღვანელო დაიწერა სამინისტროში და ეს სახელმძღვანელო შემოგვთავაზეს, რომელსაც ძალიან ვაკრიტიკებდით და რომლის ხარისხიც არ მოგვწონდა. მაგრამ უკვე 5 წელია დაწყებით კლასებში ეს სახელმძღვანელოებიც აღარ არის, ანუ ეს წიგნი, რომელიც არსებობს, არ იბეჭდება... სახელმძღვანელო, რომელსაც სექტემბერში დავახვედრებთ ბავშვებს, ისინი ისწავლიან ამ წიგნებით და დამხმარე რვეულებით, ასეთი არ არის, უკვე წლებია.“, - ამბობს ნინო ჭანკვეტაძე.
მისივე თქმით, ამ პრობლების შესახებ ინფორმირებულია, როგორც ადგილობრივი რესურსცენტრი, ასევე სამინისტრო, თუმცა წიგნები დღემდე არ აქვთ.
„ძალიან ბევრი რესურსი იხარჯება, ბევრი რამ კეთდება ამ მიმართულებით, ბევრი ადამიანია ჩართული ჩვენს პროგრამაში, ქვეპროგრამის ფარგლებში კი 1+4 სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულებიც დამხმარე მასწავლებლებად მუშაობენ. ბევრი რამ კეთდება სამინისტროს მხრიდან ენის სწავლების კუთხით, მაგრამ რჩება პრობლემები, რაც ჯერ კიდევ მოუგვარებელია, მაგალითად, სახელმძღვანელოები“, - ამბობს ნინო ჭანკვეტაძე.
სახელმძღვანელოს არქონის პირობებში მასწავლებლები სასწავლო რესურსებს თავად ამზადებენ და ერთმანეთს უზიარებენ, ასევე იყენებენ დამხმარე ლიტერატურას.
ქეთევან პეტრიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მე-2 საჯარო სკოლაში ქართულს, როგორც მეორე ენას უკვე მე-9 წელია, ასწავლის. ის გვიყვება, რომ სასწავლო რესურსებს თავად ქმნის. სწავლებისას, სახელმძღვანელოების გარდა, იყენებს დამხმარე ლიტერატურას, მათ შორის, სკოლის ბიბლიოთეკაში არსებულ ილუსტრირებულ წიგნებს, რომლებიც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ არის მომზადებული; ასევე, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ UG-prIED-ის მიერ შექმნილ რესურსებს. პრობლემად რჩება ძველი სახელმძღვანელოები და, განსაკუთრებით, რვეულები, რომლებიც, როგორც ქეთევანი გვიყვება, წლების განმავლობაში მრავალჯერადი გამოყენებისა და შესრულებული დავალებების არაერთხელ წაშლის შემდეგ სასწავლო რესურსად აღარ გამოდგება.
„ეს განსაკუთრებით დაბალი კლასების პრობლემაა. 5 წელი მაინც იქნება, რაც სკოლაში ახალი წიგნი არ შემოსულა და ძველი, დაფლეთილი წიგნებით ვასწავლით. რვეულები მე-6 დონის ჩათვლით საერთოდ აღარ გვაქვს. წელს მე-7 კლასში შესატანად მე-6 დონის სახელმძღვანელოები ძლივს მოვაგროვე, რვეულებმა კი თავსატეხი გამიჩინა. როგორღაც შემორჩენილი ერთადერთი ახალი რვეული დავაქსეროქსე და მოსწავლეებს დავურიგე“.
მართალია, ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებისას ერთადერთი რესურსი სახელმძღვანელო არ არის, მაგრამ აქვე იკვეთება კვალიფიციური პედაგოგების საკითხი, თუ რამდენად მზად არიან ისინი სახელმძღვანელოს არქონის პირობებში დამატებითი რესურსები მოიძიონ ან თავად შექმნან ახალი სასწავლო რესურსები ბავშვებისთვის.
„თუკი პროფესიონალი მასწავლებელი გვყავს, უამრავი რესურსი არსებობს, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა, ელემენტარული ტექნოლოგიური პირობებიც არ აქვს, რომ, მაგალითად, ონლაინრესურსები გამოიყენოს, მასალები ამობეჭდოს და ა.შ“, - ამბობს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე. მისი ინფორმაციით, ეს პრობლემა დგას როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხურენოვანი სკოლების დღის წესრიგში.
„აქ უნდა გავმიჯნოთ ის წარგზავნილი მასწავლებლები, რომლებიც საკმაოდ კვალიფიციურნი არიან. მათი პროფესიული განვითარებაც მუდმივად ხდება და მათ პრინციპში სახელმძღვანელო არც სჭირდებათ და შეიძლება შექმნან უკეთესი რესურსი, ვიდრე ის სახელმძღვანელოა, რომლითაც სარგებლობენ.
თუმცა გვყავს მასწავლებლების დიდი ჯგუფი, რომლებმაც ქართულიც კი არ იცის და ეს პრობლემაც ვერ მოაგვარეს. სამინისტრო აღიარებს, რომ სისტემაში ქართულს ასწავლიან მასწავლებლები, რომლებმაც თვითონ არ იციან ქართული და არც სკოლები ითხოვენ ქართულის მასწავლებლებს, რადგან ითვლება, რომ იქ ქართულის მასწავლებელი არის - ეს არის პრობლემა. რა თქმა უნდა, იმ მასწავლებელს, რომელსაც სახელმძღვანელოებით სწავლაც კი უჭირს, გაუჭირდება სასწავლო რესურსის თავად შექმნა და ამ რესურსებით სწავლება.
დამოკიდებულების ამბავია, როცა იცი რომ ამდენი წელი სკოლაში სახელმძღვანელო არ არის, მინიმუმ რაიმე ღონისძიება უნდა გაატარო, გამოსავალს სკოლები და მასწავლებლები ვერ იპოვიან.“,- უთხრა „ლიბერალს“ შალვა ტაბატაძემ.
არაქართულენოვანი სკოლების საკადრო გასაჭირი
ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოები მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2011 წელს დაბეჭდა. როგორც ცენტრში განმარტავენ, სკოლების თხოვნით, იმავე შინაარსის სახელმძღვანელოების დამატებითი რაოდენობა 2013 წელს კვლავ დაიბეჭდა. მას შემდეგ სახელმძღვანელოები აღარ დაუბეჭდავთ.
რატომ არ იბეჭდება ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოები და რა გახდა სკოლებში დაწყებით დონეზე ამ სახელმღვანელოების დეფიციტის მიზეზი? - ამის გასარკვევად „ლიბერალმა“ განათლების სამინისტროს მიმართა. პასუხად სამინისტროში განმარტავენ, რომ 2018 წელს გრიფირება ვერ გაიარა ვერცერთმა სახელმძღვანელომ, „რის გამოც ჯერჯერობით სწავლება ისევ მოქმედი სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს“. მათივე თქმით, წელს კვლავ გამოცხადებულია კონკურსი „ქართულის, როგორც მეორე ენის“ სახელმძღვანელოებზე. დაგეგმილია, რომ სახელმძღვანელოები მიმდინარე წლის ზაფხულამდე უნდა შეფასდეს, ხოლო გრიფირების მინიჭების გადაწყვეტილება გამოცხადდეს არაუგვიანეს 17 ივნისისა.
გარდა ამისა, სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უკვე მომზადებულია არაქართულენოვან სკოლებში დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოები, რომელიც ამჟამად თარგმნის პროცესშია და ახალი სასწავლო წლისთვის ახალი წიგნები დაწყებით საფეხურზე ყველა საგანში მზად იქნება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღესდღეობით 289 არაქართულენოვან სკოლაში „ქართული, როგორც მეორე ენას“ 1199 მასწავლებელი ასწავლის. 2016 წლიდან ცენტრი ახორციელებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გასულ წლებში განხორციელებულ პროგრამებს აერთიანებს - „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" (2009-2015წწ) და „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" (2011-2015წწ), რომელთა მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
როგორია ქართული ენის ცოდნის დონე არაქართულენოვან მოსწავლეებში - რა აჩვენა სახელმწიფო შეფასებამ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმწიფო შეფასება პირველად 2018 წელს ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევის შედეგები ცენტრმა გასული წლის მაისში კონფერენციაზე „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“ წარადგინა.
სახელმწიფო შეფასებამ აჩვენა, რომ ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლისას არაქართულენოვანი მოსწავლეების ნახევარზე მეტი მინიმალურ დონეზეც ვერ ძლევს სასწავლო გეგმას.
უფრო კონკრეტულად კი, შეფასების სკალის მიხედვით, სასწავლო გეგმის დაძლევის მაღალი მაჩვენებელი მოსწავლეების 12%-მა, საშუალო - 12%-მა, დაბალი - 13%-მა, ზღვარს მიღმა კი მოსწავლეების 63%-მა უჩვენა.
თუმცა, თუკი მონაცემებს უფრო დეტალურად გავაანალიზებთ, სასწავლო გეგმის დაძლევის მაჩვენებელი განსხვავდება სწავლების პირველი ენის (აზერბაიჯანულის, სომხურის, რუსულის) მიხედვით - აზერბაიჯანული - 13%, სომხური - 40%, რუსული - 77%.
როგორც კვლევის შედეგების წარდგენისას განათლების საკითხების მკვლევარმა, თამარ ბრეგვაძემ განაცხადა, სკოლებს შორის ამგვარ განსხვავებას ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებს - თუ სად არის განთავსებული სკოლა, მდებარეობს თუ არა სკოლა ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილას, მდებარეობს ქალაქში თუ სოფლად.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაზე დიდ სირთულეს მოსწავლეებისთვის წერა წარმოადგენს. მოსწავლეების შედეგები უკეთესია იმ სკოლებში, სადაც სასწავლო რესურსები უკეთეს მდგომარეობაშია (მასწავლებელი, სახელმძღვანელო, ბიბლიოთეკა). გარდა ამისა, მოსწავლეები უფრო მაღალ შედეგ იმ სკოლაში უჩვენებენ, სადაც ქართულის სწავლება პრიორიტეტულად მიიჩნევა.
კვლევაში ჩართული იყო ყველა სკოლა, რომელშიც არის არაქართულენოვანი სექტორი ან სწავლა მიმდინარეობს არაქართულ ენაზე - 259 სკოლა, 4142 მოსწავლე, 257 დირექტორი, 306 მასწავლებელი და 4028 მშობელი. კვლევა ჩატარდა მე-7 კლასელ მოსწავლეებში.