Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაი ტიპი - კონკურსი მოსწავლეებისთვის

29 მარტი 2019

გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მეთერთმეტე ბლოგპოსტს

ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

191-ე საჯარო სკოლა. 16 წლის. XI-ე წლის

10-წუთიანი ლოდინისა და დაახლოებით 15-17-წუთიანი მგზავრობის შემდეგ, თავი საბოლოოდ დავაღწიე საშუალო ფასიანი სუნამოს, დაღლილობისა და ცხოვრებით უკმაყოფილების სურნელს, ანუ ჩამოვედი ყვითელი ავტობუსიდან. დღეს ფორტუნა ჩემკენ არაა... ჯერ კიდევ დილიდანვე მივხვდი, სახლიდან გამოსვლისთანავე ჩემი მარჯვენა ფეხი დედამიწაზე ჩიტის დანატოვარში რომ აღმოჩნდა, ახლა კი ზურგჩანთის საფუძვლიანი ქექვის შემდეგ საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ ყურსასმენები სახლში დამრჩა (ან სადმე დავკარგე, როგორც  წინა ორი). რაღაც კარგად რომ ვერ იყო საქმე, კი მივხვდი, მაგრამ, როგორც ჩემი ისტორიის მასწავლებელი იტყოდა „სარკეს ორი მხარე აქვსო“ და ასე მარტოსულად ქუჩაში სიარულის დროს რამდენიმე საინტერესო ამბის მომსწრე თუ მსმენელი გავხდი.

ვიწრო ქუჩა იყო და გვერდზე სწრაფი ნაბიჯებით ჩამიქროლა, სავარაუდოდ, ჩემი ასაკის ორმა გოგომ. სახეაწითლებულები, ხელების უმისამართოდ ქნევითა და სიტყვებს შორის სწრაფი ამოსუნთქვით განიხილავდნენ, როგორ დაიწყო ორმა კლასელმა ჩხუბი შუა გაკვეთილზე. მერე ისე დავშორდით ერთმანეთს ამბის დასასრულს ვეღარ მოვკარი ყური, მაგრამ მე თვითონ შემიძლია გითხრათ... ამ, ორ ინდივიდს მასწავლებელი „გაისროლიდა“ გარეთ, მანამ სანამ ზარი დაირეკებოდა, ტუალეტში გაგრძელდობოდა „კამათი“, ხოლო სულ ბოლოს რაც მოხდებოდა ეგ თქვენი ფანტაზიისთვის მომინდია.

გულზე ხელს დავიდებ და ალალად გეტყვით, მსგავსი მოვლენების ეპიცენტრში არასდროს ვყოფილვარ. დიდი-დიდი ჩუმად ჩაეცინათ ჩემს ჩაცმულობაზე, რომელიც მე ძალიან მომწონს და თან თავი მომაქვს ჰიპსტერული არის-მეთქი. მაგრამ, თუ გინდათ ერთ ჩემს კლასელზე მოგიყვებით, მეათე კლასის დასაწყისში რომ გადმოვიდა ჩვენს სკოლაში. გამართულად ვერ ლაპარაკობს და ყურის აპარატს ატარებს. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ მაშინვე დავუმეგობრდით... მეტიც არაერთხელ გავუხალისებივართ, დანარჩენი კლასელების მიერ (პირობითად) თემოს საუბრის მანერის უნიჭო იმიტაციას, მაგრამ მალევე მოგვბეზრდა, მისგან სათანადო რეაქცია რომ ვერ დავიმსახურეთ. თან ამ დროს მათემატიკის საკონტროლოც მოახლოვდა და მივხვდით, რომ ამ ბავშვს არც არაფერი აქვს ისეთი, რომ მეგობრობაში ან უბრალოდ „გამარჯობა, გაგიმარჯოს“ ურთიერთობაში დაგვაბრკოლოს, მაგრამ, როგორც ჩანს ყველა ასე არ ფიქრობს. გამოხდა ხანი და ქართულის მასწავლებელი დიდი მონდომებით ცდილობდა, ე.წ. ღია გაკვეთილი ჩაეტარებინა, უფრო სწორად კი უნიჭო სპექტაკლი დაედგა. ერთი თვით ადრე დაგვირიგა ტექსტი რა უნდა გვეთქვა, როგორ და ვის შემდეგ, არადა ღია გაკვეთილის დღეს დაფაზე დიდად დაგვაწერინა - „გაკვეთილი ემსახურება მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას“. ერთი დღით ადრე კი შეგვკრიბა და გაგვაფრთხილა, ვინმეს სიტყვა თუ შეეშლებოდა, ორ ორიანს ჩაუწერდა, ბოლოს კი თემოს მიუბრუნდა და უთხრა, შენ თუ გინდა, სულ ნუ მოხვალო. ჰოდა, ასე ოცდაათის მაგივრად ოცდაცხრამ განვიხილეთ „ილია - მაღალ ზნეობრივი იდეალების მატარებელი ქართველი“.

ბულინგს არ ეძახიან ასეთ რაღაცებს? ჩაგვრას, ზეწოლას, დაცინვასა და ა.შ. სიტყვა ბულინგი დიდად არ მხიბლავს, მაგრამ სანამ რაიმე უფრო მიმზიდველ და მოხდენილ ქართულ სიტყვას შემოგთავაზებს, და უკვე დიდი ხანია, ვფიქრობ ქართულ ანალოგზე, იყოს, დავტოვოთ ბულინგი. ამ შემთხვევაში ხომ მთავარი მნიშვნელობაა, და არა ჟღერადობა. განსხვავებულის მიღება და აღიარება რატომღაც ისევ დიდი პრობლემაა, თანაც ძალიან ფაშისტური, ან კიდევ ამ წინა თაობას რამდენი დავაბრალოთ, მაგრამ მგონი ესეც მათი და მოზარდისათვის არასწორად მიწოდებული ინფორმაციის ბრალი უნდა იყოს. საბჭოთა კავშირისა და ოთხმოცდაათიანებ გამოვლილი ადამიანები, რომლებსაც დამოუკიდებელ საქართველოსა და სამყაროსთან შეგუების პროცესი დაუგვიანდათ, სავარაუდოდ, არასწორად უხსნიან შვილებს, თუ როგორ უნდა მოახერხონ თვით დამკვიდრება. თავისუფლებასაც, ნებისმიერ კონტექსტში ხომ შეჩვევა სჭირდება და მგონი, ცოტა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც ვეჩვევით. ეს, ქუჩის კულტურა, რომ არსებობდა, არსებობს და მომავალშიც იარსებებს, ცხადია, მაგრამ ის, რომ ძალადობით საზოგადოებაში ინტეგრაცია, ძალიან გრძელვადიანი და უშედეგო პროცესია, გავიგეთ და თუ ვერ გავიგეთ... მალე გავიგებთ.

თან კაი ტიპობაც რომ რთულია... ისედაც მრავლად არიან... და ძალადობაზე ძალადობით პასუხი არ მგონია მინიშნება იყოს კაი ტიპობაზე... თუ გინდათ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც, როგორც ვთქვი, ბულინგს ეძახიან, ან უბრალოდ იმისთვის, რომ საკუთარ ფიქრებში ეს „ბულერი“ სადღაც შორს მოიფრიალოთ, ერთ ცოტა რთულ, მაგრამ გამართლებულ ხერხს გასწავლით, რომელსაც „დაიკიდე რაა“-ს ეძახიან... შეიძლება ზოგადად ძალადობის პრობლემა ამან არ მოაგვაროს, მაგრამ რამდენიმე შემთხვევას მაინც ეშველება ასეთი ინდიფერენტულობით კონკრეტული ადამიანის მიმართ. ჰოდა, დაიკიდე რაა, კაი ტიპი გამოჩნდები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^