Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყველა ერთად დამნაშავე ვართ - კონკურსი მოსწავლეებისთვის

31 მარტი 2019

გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მეცამეტე ბლოგპოსტს

ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის მე-11 მოსწავლე. 17 წლის 

ძალადობამ მოიცვა მსოფლიო და ჩვენ ირგვლივ არსებული პრობლემების გადაწყვეტას საზოგადოება ძალმომრეობითა და ჩაგვრით ცდილობს. ალბათ, ამიტომაც, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა, რაც ამჟამად ჩვენ ირგვლივ არის, ბულინგია. ეს არის ადამიანის ჩაგვრა, დაშინება, დატერორება, მის მიმართ აგრესიული ქმედება. მაგრამ ხშირად ამაზე თვალს ვხუჭავთ, რის გამო ზოგჯერ საჭირო ხდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

  ბულინგის მრავალ შემთხვევას ყოველდღიურად ვხედავთ ოჯახებში, დაწესებულებებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და განსაკუთრებით კი - სკოლაში. მაინც, რა არის ამის მიზეზი? ალბათ, დაბალი ცნობიერება, გაუნათლებლობა. თუ ადამიანი ზედმიწევნით არის გათვითცნობიერებული კონკრეტულ საკითხზე და ბულინგის შედეგებზე ინფორმაციასაც საკმაოდ ფლობს, ნაკლები იქნება იმის ალბათობა, რომ ის ვინმეზე იძალადებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე იშვიათად ხდება. ამიტომაც ხშირად ისმის ჯერ კიდევ პასუხგაუცებელი კითხვა: როგორ აღმოვფხვრათ ბულინგის პრობლემა?

  აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება, რათა ოჯახსა თუ სკოლაში ძალადობის შემთხვევები დასაწყისშივე გამოვლინდეს და მალე აღმოიფხვრას. მშობელმა შვილს უნდა შთააგონოს, რომ არასწორია ძალადობაზე ძალადობით პასუხი და მასთან ერთად მოძებნოს გამოსავალი. აუცილებელია, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ყოველდღიურ აქტივობებში ჩაერთონ და მოხდეს მათი საზოგადოებასთან ინტეგრირება.

  პირველ რიგში კი უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბულინგი არის სოციალური, ფსიქოლოგიური და, რა თქმა უნდა, საზოგადოებივი პრობლემა, რომელზედაც სახელმწიფო ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს, მაგრამ განათლების სისტემის წარმომადგენლები, ვფიქრობ, არც ისე დიდ ყურადღებას უთმობენ ბავშვთა სისასტიკის გამოვლენის შემთხვევებს. სკოლაში ბავშვთა სისასტიკის შემთხვევების შესწავლისას პირველ რიგში იმაში ვცდებით, რომ არ ვიცით მისი ზუსტი განმარტება. ეს განმარტება კი არა მარტო აკადემიურ ცოდნას საჭიროებს, არამედ მასზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს პრევენციული სამუშაოები. სკოლაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ბულინგი ძირითადად დამახასიათებელია ორგანიზებულ ბავშვთა კოლექტივისთვის და ასეთი ადგილი, პირველ რიგში, არის სკოლა. თავდაპირველად სკოლაში ყალიბდება ურთიერთობები ბავშვებს შორის, ბავშვებსა და საზოგადოებას შორის.

  ჩემი აზრით, ძალადობის შემთხვევაში ბავშვი უნდა გაესაუბროს მასწავლებელს, ან დირექტორს, თუ ეს სკოლაში ხდება. სკოლამ კი უნდა იცოდეს, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა. სასწავლო დაწესებულებას ძალიან დიდი როლი აქვს ბავშვის, როგორც პიროვნების, ჩამოყალიბებაში, აღზრდასა და მისი ფასეულობების განმტკიცებაში.

   EDU.ARIS.GE-მ გამოაქვეყნა ერთ-ერთი გამოკითხვა, რომელიც ფსიქოლოგიურ-სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში მოხდა. ბავშვმა თქვა, რომ მისმა მასწავლებელმა ყველა მოსწავლეს უსურვა ბედნიერი ქრისტიანული შაბათ-კვირა, გარდა ებრაელი ბავშვისა. მან კი მშობლებს უთხრა ამ ფაქტის შესახებ, რის შედეგადაც მოზარდი სერიოზულ იზოლაციაში მოხვდა და თანაკლასელებმა კიდევ უფრო გარიყეს.

  სამწუხაროა, რომ ბულინგი არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ჩვენ ირგვლივ მუდამ ხდება. ოჯახში ხშირია ბავშვის ჩაგვრა მშობლების მიერ. ბავშვს აიძულებენ, გააკეთოს ის, რაც არ უნდა, ან ფიზიკურად სჯიან. ამას ბევრი ხედავს, მაგრამ ხმას არავინ იღებს. იმიტომ, რომ საზოგადოების უმეტესობა დღემდე ფიქრობს, რომ აღზრდის ძალადობრივი მეთოდები მისაღებია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბულერი, შეიძლება, ოჯახში თავად იყოს ძალადობის მსხვერპლი. ბავშვებს ხშირად რიცხავენ სკოლიდან კონფლიქტის გამო, რაც ჩემთვის მიუღებელია, რადგან სკოლიდან გარიცხვა, საზოგადოებისაგან გარიყვა, ადამიანს უფრო მოძალადეს და მოძულეს ხდის. მაქსიმალურად უნდა ეცადოს საზოგადოება, რომ ასეთი ადამიანების მიმართ მიმღები და მომთმენი იყოს. ბულინგი არა მარტო მოზარდებში, 20-25 წლის ახალგაზრდებშიც ხდება. ცნობილია ის ფაქტი, რომ ადამიანს, რომელიც ნარკოტიკს მოიხმარდა, უშვებდნენ ციხეში, ხოლო ციხიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოება მას რიყავდა და იგი რჩებოდა სრულიად მარტო, მეგობრებისა და სამსახურის გარეშე. მიიჩნევდნენ, რომ ის საზოგადოებისათვის საშიშია, რადგანაც სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იყო.

  ადამიანს, რომელსაც საზოგადოება რიყავს, ზიანი მოაქვს ისევ და ისევ საზოგადოებისათვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია ილია ჭავჭავაძის  - "სარჩობელაზედ", სადაც სწორედ ეს პრობლემა არის ასახული. ადამიანებისა და საზოგადოების ბრალია, პირველ რიგში, ინდივიდის დამნაშავედ ჩამოყალიბება, მისი ცუდი ქმედება. იმიტომ, რომ სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცდით ასეთ დამცირებას, ტანჯვასა და ტკივილს, მანამდე სხვისას არ ვიზიარებთ, გულთან არ მიგვაქვს. პრობლემა კი სწორედ ისაა, რომ საზოგადოება არ არის შემწყნარებელი და მიმტევებელი ისეთი ადამიანების მიმართ, რომელთაც დანაშაული მოინანიეს. პირიქით, ძალადობას ძალადობითვე პასუხობენ.

  არის შემთხვევებიც, როცა პრესაში შუქდება ისეთი რამ, რაც ადამიანის პირად კომფორტს არღვევს, მის უფლებებს ლახავს. ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, პირადი ინფორმაცია და რატომღაც გვავიწყდება, რომ ეს კიბერ-ბულინგია. ერთ-ერთი დიდი უთანხმოების, დამცირებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ადგილია სოციალური ქსელი, სადაც ხალხი ცდილობს, თავისი სათქმელი სიძულვილის ენით, დამამცირებელი სიტყვებით გადმოსცეს.

    ბულინგი ის პრობლემაა, რომელიც საზოგადოებაში ოდითგან იყო, არის და იქნება. ჩვენ შეგვიძლია მისი შემცირების მინიმუმამდე დაყვანის ხერხები ვეძიოთ, მაგრამ, ვფიქრობ, მისი აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება, ვიდრე ადამიანთა შორის იარსებებს ფასეულობების ინდივიდუალურობა, უთანხმოება და კონფლიქტი.

  საბოლოოდ კი მოზრდილიც, ბავშვიც, ბულერიც და მსხვერპლიც, მაინც ორივე მსხვერპლია. მოძალადედ ადამიანის ჩამოყალიბებაში საზოგადოება, ურთიერთობები, ოჯახი და აღზრდა მონაწილეობს. ჩვენ, ყველა ერთად დამნაშავე ვართ, რადგან ადამიანი მოძალადედ არ იბადება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^