დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაქსის რეფორმაზე ისაუბრა და თქვა, რომ პროცესი არ გადავადდება.
მისივე თქმით, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის თხოვნა გათვალისწინებულია და ისინი გადასაკრავ ფირსაც უფასოდ მიიღებენ.
„ჩვენ დავიწყეთ კომუნიკაცია და ამის პრობლემა არასდროს არ ყოფილა. ტაქსის მძღოლებმა შექმნეს სპეციალური საინიციატივო ჯგუფი, რამდენიმე შეხვედრა ვიცე-მერთან გაიმართა, ჩემთანაც, გუშინაც მქონდა რამდენიმე შეხვედრა. მათი მოთხოვნა იყო, რომ გარკვეული შეღავათები დაგვეწესებინა დროებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ამ ადამიანების მოსაზრებები.
პირველი მინდა, დავიწყო იმით, რომ რეფორმა გატარდება. ამის გადავადებას და შეფერხებას საფრთხე არ ემუქრება და როგორც დაანონსებული იყო, აუცილებლად გატარდება. ასევე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, რაც იყო მოცემული-ვიზუალური მხარე, თეთრი ფერი, მერიის მიერ უფასო მანათობლების გადაცემა, პარკირების ადგილების გამოყოფა ქალაქში, ეს ყველაფერი მათთვის უფასო იქნება. ასევე, ინტერიერის ქიმიურ წმენდაზე ვაუჩერებს ვაძლევთ და ესეც უფასოა. ამას, საინიციატივო ჯგუფის თხოვნით, დაემატა ფირის გადაკვრა. ესეც უფასო იქნება. მძღოლებს ექნებათ ორი ალტერნატივა - უნდათ, ფირის ვაუჩერს აიღებენ და უნდათ, გადაღებვის ვაუჩერს, აქ ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.