პირის ამოკერვა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა საბჭოთა გულაგში გაჩნდა. გულაგი იძულებითი შრომის ბანაკი იყო, სადაც ადამიანებს სახელმწიფოს სასარგებლოდ შრომას აიძულებდნენ. პატიმრები პროტესტის ამ ფორმას მაშინ მიმართავდნენ, როდესაც სიმართლის საარსებო სივრცე ნელ-ნელა იხუთებოდა და ვიწროვდებოდა, ხოლო მისი მტკიცება და სხვისთვის ხმის მიწვდენა შეუძლებელ საქმედ იქცეოდა. კვებასა და სისტემასთან საუბარზე უარის თქმა საკუთარ სხეულზე ძალადობით ხერხდება, ამ აქტით ჯალათების შეკავება, მათი იძულებით მორბილება ხდება. სურათი თავდაყირა დგას - იმისთვის, რომ მოგისმინონ ხმის ამოღება კი არა მისი მთლიანად ჩახშობა, საუბარზე უარის თქმა გიწევს.
თუ საჯარო სივრცეში გამოჟონილ ინფორმაციას დავუჯერებთ, ბოლო წლების განმავლობაში პროტესტის ეს ფორმა სულ სამჯერ გამოიყენეს - ერთხელ პირი ზუგდიდის საავადმყოფოში შესახლებულმა დევნილმა ქალბატონებმა ამოიკერეს, ხოლო ბოლო ორი შემთხვევა ჭიათურაში დაფიქსირდა, სადაც ამ ფორმით ჯერ პოლიციის თავსგასულობა გააპროტესტეს, ხოლო შემდეგ ის ცხოვრებისათვის გაუსაძლისი პირობები, რომელიც ქალაქში ჯორჯიან მანგანეზმა შექმნა. „პირი ამოიკერეს“, „ამოიკერეს პირი“, „პირიც კი ამოიკერეს...“ - ჩვენი სიმპატიური ტელეწამყვანების საუბარში ამ სიტყვების წარმოთქმას მსუბუქი უხერხულობა გასდევს, ვიღაცას ზედმეტი მოუვიდა, ვიღაცამ გადაამლაშა - „ნუთუ ეს ფორმებია აუცილებელი?!“ - კითხულობენ ეს პირები.
საქმე სხვა რამეშია, ჩვენი ფრაგმენტული საინფორმაციო ნაკადის შიგნით საერთო სურათი იკარგება, თბილისს გამორჩა როგორ გადაიქცა ქვეყნის ექსპორტის ყველაზე დიდი წილის - წლების მიხედვით ეს წილი 7-დან 11 პროცენტამდე მერყეობდა - მაწარმოებელი ქალაქი, მშრომელი ხალხის გულაგად. სწორედ ამიტომ ჭიათურაში მიმდინარე მოვლენები არა უბრალოდ შრომითი დავის, არამედ კრიმინალების, ინვესტორის და პოლიტიკური ელიტის მიერ დოვლათის მწარმოებელ მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობისა და ზეწოლის საკითხად უნდა განვიხილოთ - „ეს ქალაქის ღირსების საკითხია!“ - იმეორებდნენ ჭიათურელები. ქალაქში მიმდინარე ბრძოლის, შრომითი დავისა და უფლებების ჭრილში განხილვა საკითხის კიდევ უფრო ფრაგმენტირებასა და დავიწროვებას იწვევს. საინფორმაციო ნაკადში არსებული ნაგლეჯებისგან საერთო სურათის კონტურების მოხაზვას შევეცდები, ჭიათურის მდგომარეობის უკეთ გაანალიზება ეროვნული თვითგამორკვევისათვის აუცილებელ საკითხად უნდა იქნეს აღქმული. სურათი ფართოდ უნდა დავინახოთ, ჭიათურაში საერთო ეროვნული ტრაგედია ტრიალებს - გვინდა თუ არა რომ საქართველო და მისი რესურსები სწრაფად გამდიდრების მსურველთა ნადავლად იქცეს? როგორ გვინდა რომ ექცეოდნენ ჩვენს მშრომელებს? ქვეყნის ეკოლოგიას? ვის ეკუთვნის საქართველოს წიაღისეული? დავსვათ კითხვა თავიდან - რატომ ჭირდებათ უმსხვილეს ექსპორტიორ ქალაქში პირის ამოკერვა შრომისა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით? როგორია ამ ადამიანებზე განხორციელებული ზეწოლა? სად მიდის ქვეყნის სიმდიდრე და მაღაროდან შემოსული თანხები? ყველაფერი ამის გასაგებად საუბრის დაწყება მიწის ზევიდან მოგვიწევს.
ჭიათურა იმ ქალაქებს განეკუთვნება, რომელიც თავს ზედხედით გვამახსოვრებს. თვალწინ მისი კანიონებიდან გადაშლილი პანორამა იშლება - სიმეტრიულად აშენებული შენობები და სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებული, საბაგირო გზებით დაკავშირებული უბნები. აქ ჩამოსულ ტურისტებს არა მზიანი სანაპიროები, ან მხიარული კაფეები, არამედ სწორედ ეს ლანდშაფტზე მორგებული, ინჟინერული და ურბანული შედევრი იზიდავთ. ქალაქის ქუჩებში სიარულისას თითქმის ყველა შენობაზე აწყდებით აბრებს, რომლებიც მასში მცხოვრები დამსახურებული ადამიანების შესახებ მოგვითხრობენ, მათ შორის ექიმები, მეცნიერები და არტისტები არიან. ვიწრო ქუჩებიდან ზევით ახედვისას კლდის მასივს დაინახავთ, მაღაროები სწორედ მასში, ანუ მიწის ქვეშ და ქალაქის თავზეა განლაგებული. აქ დასაქმებული მაღაროელები, საკუთარი ხელებით სამი ათას ხუთასივე მათგანის თვიურ ანაზღაურებას ერთ დღეში მოიპოვებენ - ერთი მილიონი დოლარი, სწორედ ამდენია კომპანიის დღიური შემოსავალი, მაშინ როდესაც მთლიანი სახელფასო ფონდი, ადმინისტრაციის თანამშრომლების ჩათვლით, რომლებიც თვეში ათეულობით ათას ლარს გამოიმუშავებენ სულ სამ მილიონ ლარს შეადგენს. შებინდებისას, როდესაც სუნთქვა უფრო ადვილი ხდება, ქალაქის თავზე მწვანე და პირქუში ელექტრონული საათი ინთება, რომელიც მუნიციპალიტეტს ოცდახუთი ათასი ლარი დაუჯდა, საათი არც სწორ დროს აჩვენებს და არც ტემპერატურას. ამ საათის მსგავსად სხვა დანარჩენი ციფრებიც არეულია, ყველა გამვლელი მანგანუმის სხვადასხვა ფასსა და კომპანიის სხვადასხვა მოგებაზე საუბრობს. აზრთა სხვადასხვაობაა ხელფასების ირგვლივაც, ანაზღაურებაზე საუბრისას კომპანიის ადმინისტრაცია მის რიგით თანამშრომლებზე მაღალ თანხებს ასახელებს. არეული ციფრები და განადგურებული ეკონომიკა ცენტრალურმა ხელისუფლებამაც შეამჩნია, რასაც კომპანიისთვის დაკისრებული ორმაგი ჯარიმა მოყვა, ორასი მილიონი გადასახადების დაფარვისთვის და ოთხასი მილიონი ეკოლოგიაზე მიყენებული ზარალისთვის. ჯარიმას კომპანიის მფლობელის არაორაზროვანი მინიშნება მოყვა იმის შესახებ, რომ მდიდრები საქართველოში ჯარიმებს არ იხდიან - „რა რაოდენობის ჯარიმა დაეკისრა სხვადასხვა კომპანიას გასული სამი წლის განმავლობაში? ასობით მილიონი. რამდენი გადაიხადეს აქედან? ასობით ათასი".
ჯორჯიან თაიმსის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჯორჯიან მანგანეზს საუკეთესო ინვესტორის ჯილდო გადაეცა, სამუშაო უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის დაცვისთვის. მილოცვები, მოკრძალებული ხიბლი და სიხარული - შატო მუხრანი და მორიდებული სიცილი მილიონერების ხუმრობებზე, კომპანიის სადღეგრძელოები, „თქვენც... თქვენც“, რიდით გაჟღენთილი ატმოსფერო. ფორბსის ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში მანგანუმის საწარმოს მფლობელი ვოლოდიმირ ლოზინსკი, იგივე „ფოლადის კაცი“, რომლის სახეც პუბლიკისთვის უცნობია, ამბობდა, რომ „უფრო პროამერიკულია ვიდრე პროევროპული, რადგან არ მოსწონს სოციალიზმი“, ლოზინსკი ამატებს, რომ „ქართველები თავისუფლების მოყვარულია ხალხია, მათ არ მოსწონთ წესები“, „ყველაზე დიდი პრობლემა თავად ადამიანები არიან, რომლებთანაც ბრძოლა გვიწევს, რომ მიჰყვნენ ინსტრუქციებს“ - თითქოს ხაზებს შორის იკითხება, რომ უკულტურო ქართველებს წვრთნა ჭირდებათ, მათი დისციპლინირებისთვის ხანდახან ძალადობის გამოყენება ხდება საჭირო, ისინი პირს იკერავენ და შიმშილობენ, ფეხმძიმე ქალები მჯდომიარე აქციას სამი კილომეტრის სიღრმეზე მართავენ, რვა წლის ბავშვები, მათ აცრემლებულ დედებთან და ბებიებთან ერთად პირდაპირ საკრებულოსთან მღერიან პატრიოტულ სიმღერებს, ხელფასის ორას ლარიანი მატების სანაცვლოდ მათ შიმშილობა და პირის ამოკერვა უხდებათ - „ეხლა რომ მოგიმატოთ, მერე მეტს მოითხოვთ“ - აღმოხდა კომპანიის წარმომადგენელს ერთ-ერთ გადაცემაში.
ჯორჯიან მანგანეზი საქართველოში ჭიათურის საბადოებს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და ვარციხეჰესს ფლობს, რომელიც აღნიშნული მეურნეობის შესანახად წელიწადში რვაასი ათას მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია ყიდულობს ელექტროენერგიას საკუთარი თავისგან, მოიპოვებს მანგანუმს, რომელსაც შემდეგ ისევ საკუთარი თავისგან უკვე ზესტაფონში ყიდულობს და სილიკონმანგანუმად აქცევს. ხოლო საბოლოოდ ისევ საკუთარი შუამავლების გამოყენებით სილიკონმანგანუმით ამერიკის, საფრანგეთის, ინგლისისა და კანადის ფოლადის წარმოებას ამარაგებს, სადაც ჭიათურელების ნაწვალებს უკვე თანამედროვე და ავტომტიზირებული ქარხნების მოვლილი მუშახელი იბარებს, ხოლო საქართველოს განადგურებული ეკოლოგია, გაფლანგული რესურსები, გაღარიბებული და დასნეულებული ჭიათურის მოსახლეობა რჩება. საგულისხმოა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული კომპანიას ჯამში 49 მილიონი აქვს ინვესტირებული, გავიმეორებ, რომ მხოლოდ ჭიათურაში მისი დღიური მოგება ერთ მილიონს შეადგენს. 2015 წლამდე ჭიათურის ბიუჯეტში კომპანიის მიერ გაკეთებული შენატანი წლიურ 350 000 ლარს შეადგენდა, 2015 წელს თანხა 3 350 000 ლარამდე გაიზარდა, ყველა სხვა ქალაქის მსგავსად ბიუჯეტის დიდი ნაწილი აქაც ბიუროკრატიის ხელფასებზე იხარჯება. ამ ფაშისტურად ცინიკურ თანხებზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ, რომ ჭიათურაში არ არსებობს საავადმყოფო - სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოსახლეობას 80 კილომეტრის გავლა უწევს - მუნიციპალიტეტი საქართველოს ყველაზე ნაკლებად გაზიფიცირებული მხარეა, გაუმართავია სასმელი წყლის სისტემა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის დასკვნით, ქვეყნის მასშტაბით გარემოსთვის მიყენებული ზიანის 88.5% ჭიათურაზე მოდის, მისი მოსახლეობა 30%-ზე მეტით არის შემცირებული, ჭიათურა ქვეყანაში სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობით ლიდერობს, მდინარე ყვირილაში ყოველდღიურად ტონობით მანგანუმის ნარეცხი ჩაედინება.
საერთაშორისო კაპიტალის უმაღლესი ლიგიდან მიწასთან უფრო ახლოს გადავინაცვლოთ. ქალაქში ჯორჯიან მანგანეზს მეწველ ძროხას ადარებენ, ოღონდ მისი მოწველა არა მაღაროელებს, არამედ გარკვეულ პრივილეგირებულ კასტას შეუძლია. ჯორჯიან მანგანეზის გარდა მანგანუმს ჭიათურაში ორმოცი წვრილი კომპანია მოიპოვებს, 2006-დან 2014 წლამდე მათი საქმიანობა აკრძალული იყო, ხოლო 2014 წლის მაისში რამდენიმე შუამავალი კომპანია შეიქმნა, რომლის გავლითაც ხსენებული მომპოვებლები მანგანუმს ჯორჯიან მანგანეზზე ყიდიან. ეს კომპნიები ძირითადად ჭიათურაში სწრაფად გამდიდრების სურვილით ჩამოსულ ბიზნესმენებსა და ადგილობრივ ელიტურ კლანებს ეკუთვნით, მათსა და კომპანიას შორის კიდევ ერთი ჯაჭვი იქმნება, რომელშიც ბიზნესმენები მუშების ნაშრომის ერთმანეთისთვის ხელიდან ხელში გადაწოდებით მდიდრდებიან - „აქ არის უზარმაზარი ინტერესთა ჯაჭვი და ამ ინტერესების მსხვერპლები არიან ჭიათურელი მუშები“ - ამბობდა ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი ერთერთ ინტერვიუში. ეს კომპანიები განსაკუთრებით უდიერად ექცევიან ქალაქის ეკოლოგიას და ნედლეულს ღია წესით, ანუ მაღაროების გარეშე, მთის მასივების აფეთქებით მოიპოვებენ. შავი ოქროს ციებცხელებით შეპყრობილი სხვა ბიზნესმენები კომპანიას მანგანუმის ყვირილაში გარეცხვასა და მის გადაზიდვაში ეხმარებიან, ამბობენ რომ დატვირთული სატვირთო მანქანის მიერ ზესტაფონამდე განხორციელებული ერთი რეისის ანაზღაურება ათასი დოლარით ხდება, ასეთი მანქანები ელიტურ კლანებს ყავთ, ჭიათურის გზებს ყოველდღიურად ათეულობით ასეთი სატვირთო გადის. იგივე შეიძლება ითქვას კომპანიის სხვადასხვა საშენი მასალითა და პროდუქციით მომარაგებაზე, ყველა მშენებლობა იწელება, მშენებელი კომპანიები „ატკატებით“ არიან დაკავებული, ქალაქში დიდი ფული ტრიალებს, მაგრამ სიმდიდრე მხოლოდ ერთ კასტას ეტყობა. ფართო სურათი ასეთია, კომპანიის მოგება ელიტური და კრიმინალური კლანების კოლოსალურ რაოდენობაზე ნაწილდება, ხოლო ამ სიმდიდრის უშუალო შემოქმედ სამი ათას მაღაროელსა და მუნიციპალიტეტს ამ სუფრის ნამცეცებით უწევს დაკმაყოფილება.
შემდეგ რგოლი ამ ელიტური კასტის მიერ დაქირავებული ბიუროკრატიით არის დაკომპლექტებული. „ეკონომიკის სტაბილურობით“ დაინტერესებული სახელმწიფო უშიშროება გაფიცვების ჩაშლაზე არის ორიენტირებული, თავის მხრივ კომპანიას საკუთარი უსაფრთხოების სამსახური ყავს, რომელიც პოლიციასა და უშიშროებაში გამოცდილი კადრებით არის დაკომპლექტებული, მათ პირდაპირ მოვალეობას სამუშაო პროცესის კონტროლი წარმოადგენს, თუ ოფიციალური არხები არ მუშაობს საქმეში კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვა ხდება. გულაგის მსგავსად აქაც ყველა ილეთს იყენებენ - თვალთვალი, შანტაჟი, ძალადობა, აგენტების ჩანერგვა, ჭორების გავრცელება, ერთობისა და სიმართლის წინააღმდეგ ყველა ხერხით ბრძოლა.
მაშ ასე, ათი ათასიან ქალაქში, შეიქმნა ელიტური კასტა, რომელიც სამი ათასი ადამიანის შრომით მდიდრდება. საქმე მარტივად არის, ერთ მხარეს მუშები და მათი ოჯახები არიან, ხოლო მეორე მხარეს ისინი ვინც ჯორჯიან მანგანეზის გობიდან იკვებება. ამ ფენის დამოკიდებულება მუშების მიმართ ცინიკური და აგდებულია, მათ სხვადასხვა დამამცირებელი სახელებითაც მოიხსენიებენ, კასტის დიდი ნაწილი მაღაროში მუშაობას სათაკილო საქმიანობად მიიჩნევს, ისინი მშრომელებს ზევიდან უყურებენ. თბილისში იმასაც კითხულობენ მანდ როგორ უნდა იმუშავოო, პასუხი მარტივია - პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მანგანეზში დასაქმებული ადამიანები პროფესიონალი მაღაროელები არიან, ხოლო ჯორჯიან მანგანეზი ქალაქის ერთადერთი საწარმოა, ამიტომაც ადგილორბივებს, რომლებსაც სხვაგან არც საცხოვრებელი გააჩნიათ და არც სამუშაო შემოთავაზებები, საწარმოში მუშაობა მინიმალური ხელფასების სანაცვლოდ უწევთ. ეს ადამიანები კრიმინალური ზეწოლის, სხვადასხვა უწყებებიდან წამოსული შანტაჟისა და იძულების ქვეშ ქართული ექსპორტის უდიდეს ნაწილს აწარმოებენ, მათ თავზე არსებული კომპანია სახალხო რესურსების ძარცვით არის დაკავებული, მაღაროელების აწეული თავი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ კასტის ინტერესებს. საწარმოს ყოველი გაჩერება ცენტრალური ხელისუფლების ვიზიტებით, ხვეწნით, მუდარითა და მუქარით მთავრდება. ჯორჯიან მანგანეზმა ჭიათურაში ძალმომრეობაზე დაფუძნებული კასტური საზოგადოება შექმნა, რომლის არსებობისთვისაც ჰაერივით საჭიროა აიძულო მაღაროელები ყოველდღე მინიმალური ხელფასის ფასად ჩადიოდნენ სიცოცხლისათვის სახიფათო გარემოში სამუშაოდ. სიტუაცია იძულებითი შრომის ბანაკს ემსგავსება, სწორედ ამიტომ უწევთ მაღაროელებს პირის ამოკერვა იმისათვის, რომ მათი ხმა მთელმა საქართველომ გაიგოს.
ქვევიდან ზევით, რომ დავიწყოთ პირის ამოკერვითა და შიმშილობით, ეს ზეწოლისა და შანტაჟის ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, მათ ზემდგომ ბრიგადირებს, უშიშროებისა და უსაფრთხოების სამსახურებს, ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაში მყოფ კრიმინალებს, ადგილობრივ და გამდიდრების სურვილით ჩასულ ელიტებს, მთავრობას, ოპოზიციას და საერთაშორისო კაპიტალის ჯაჭვს დაუპირისპირდნენ, რომელიც საქართველოს სიმდიდრეს ჭიათურის გავლით ჯერ ზესტაფონს აწოდებს, ხოლო შემდეგ კანადას, მერიკას, ინგლისსა და საფრანგეთს ამარაგებს - ყველა მათგანის სიმდიდრე ამ უგულებელყოფილი სამი ათასი ადამიანის შრომაზე, ჯანმრთელობაზე, გამძლეობაზე და მათ ყოველდღიურ იძულებაზე არის დამოკიდებული. ჭიათურელების გაფიცვა საქართველოს ინტერესების და მშრომელთა ღირსების დასაცავად მოხდა, ჩვენთვის ეს აქტი სამოქალაქო თავდადების და გამბედაობის ნიმუშად უნდა დარჩეს, სწორედ ამიტომ ვამბობ რომ ჭიათურაში მიმდინარე ბრძოლის კარგად გაცნობირება ეროვნული თვითგამორკვევისათვის აუცილებელ საფეხურს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ გაფიცულებმა უარი თქვეს ცენტრალურ პროფკავშირთან და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე, სავარაუდოდ ეს უნდობლობისა და ამ ორგანიზაციების იმედის არ ქონის გამო მოხდა, რთულია ასეთ უთანასწორო ბრძოლასა და მიწისქვეშ მიმდინარე ძალმომრეობაში მათი იმედი გქონდეს ვინც ადამიანების ინფორმირებასა და ორგანიზებას საკუთარ სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე ვერ ახერხებს. საქართველო საკუთარი თავით საბოლოო გულის აცრუების მდგომარეობას უახლოვდება, ხოლო ჭიათურელი მაღაროელები სისტემის შუაგულში მარტოები რჩებიან. გაფიცვის მტრები ღამე და მიწის ქვეშ მუშაობენ, ისინი მშრომელთა ლიდერების დამარტოვებას და მათი ერთობის გატეხვას ყველა ხერხით ეცდებიან. თბილისი კი ამბებს ასეთი მშრალი ფორმით ეცნობა - „უკვე მეათე დღეა შიმშილობენ ჭიათურელი მაღაროელები, კომპანიის წარმომადგენლები გაფიცვას უკანონოდ აცხადებენ, ზოგიერთმა მაღაროელმა პირიც კი ამოიკერა“ - გაფიცვის დასრულების შემდეგ, ჯიპები და სატვირთოები ისევ აგუგუნდნენ, ღიპის ქავილითა და ხუმრობებით დაკავებული ეს კასტა ქალაქის ცენტრში ეფიცხებოდა ჭიათურის მზეს, იმის საჩვენებლად, რომ ძალაუფლება ისევ მათ ხელშია.
გულაცრუება დაძლეული, თავაწეული საქართველო, ამ გულაგის კედლებს შეანგრევდა - ჯორჯიან მანგანეზს ქვეყნიდან გააგდებდნენ და კომპანია სახელმწიფოს, ან კეთილსინდისიერი ინვესტორის საკუთრებაში მკაცრი პირობებით გადაფორმებდებოდა. ელიტური კასტა, რომელიც ჭიათურელებისა და საქართველოს სისხლით იკვებება ციხეში გააგრძელებდა ცხოვრებას. ხელფასები გაიზრდებოდა, ხოლო საწარმოს პირველი რამდენიმე თვის მოგება მთლიანად ქალაქის მოსახლეობას მოხმარდებოდა. შეკეთდებოდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია მშრომელების საცხოვრებელი სახლები, უნივერსიტეტებში მაღაროელთა შვილებისთვის უფასო კვოტები შეიქმნებოდა. ეს ყველაფერი ქალაქს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და იმ სამოქალაქო და შრომის გმირობისთვის ეკუთვნის, რომელსაც ჭიათურელები წლების განმავლობაში გვაჩვენებენ.