ფოტო: თაკო სონღულაშვილი
,,თბილისის რეაბილიტირებული არეალები - რესტავრაცია თუ რემონტი?” - ცირა ელისაშვილის ეს ლექცია თბილისის საკრებულოში 13 ოქტომბრის საღამოს გაიმართა. “ტფილისის ჰამქრის” წარმომადგენელმა, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილმა იმ რეაბილიტირებულ არეალებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო წლების - წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით კი განახლებული აღმაშენებლის გამზირის შესახებ - 2011 და 2016 წლებში განხორციელდა.
ავთენტურობის დაკარგვა, დაბალი ხარისხი, არქიტექტორ-რესტავრატორთა არაპროფესიონალიზმი, შემჭიდროვებული ვადები, ზედამხედველის არარსებობა - ეს ელისაშვილის აზრით, თბილისში სხვადასხვა დროს განხორციელებული რეაბილიტაციის უმთავრესი პრობლემებია.
“თბილისი უნდა ეძებო, თბილისი დეტალებშია, მაგრამ ჩვენ ამ დეტალებს ვკარგავთ” - გთავაზობთ ლექციის ვიდეო-ჩანაწერს და იმ ფოტოკოლაჟს, რომელიც პრეზენტაციისას ცირა ელისაშვილმა წარმოადგინა. ლექცია მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის პროექტის “ურბანული იდეების ლაბორატორიის” ფარგლებში ჩატარდა.
“რესტავრაცია არის ფაქიზი განახლება და ის უნდა განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის უკიდურესი აუცილებლობა არსებობს. ჩარევა, განსაკუთრებით კი, ახლით შეცვლა უნდა იყოს უკიდურესი აუცილებლობის შედეგი, მაშინ როდესაც სხვა გამოსავალი არ არის. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ ადგილზე გამაგრებას, კონსერვაციას და არა მის მთლიანად ახლით ჩანაცვლებას. ამ მეთოდს კი ძალიან ბევრჯერ მიმართეს კალაში, სიღნაღში, მცხეთაში. ჩვენ ავაშენეთ ახალი შენობები ახალი მასალით, რკინა-ბეტონით, ბლოკით, და ის ფასადი შემდეგ “დავაძველეთ” ქართული აგურის გამოყენებით. მაგრამ რეალურად ამ შენობებს ისტორიულ კონტექსტთან კავშირი აღარ აქვს, ესენი აღარაა ისტორიული შენობები, მიუხედავად იმისა, რომ ფასადი ჰგავს იმ შენობებს, რომლებიც აქ ოდესღაც იდგა”, - ამბობს ცირა ელისაშვილი.
“30 მილიონი სავსებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ კარგი რესტავრაცია გაკეთებულიყო, მაგრამ ამის ზედამხედველობა უნდა განეხორციელებინა თბილისის განვითარების ფონდს, თუმცა ფონდში არ არის არცერთი პროფესიონალი, რომელიც ამას გააკეთებდა.
მათ სარეაბილიტაციოდ დიდი არეალი ჰქონდათ აღებული. ვამბობდით, ვაფრთხილებდით ქალაქის ხელისუფლებას, რომ ამდენი პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორი არ გვყავს. ეს ნიშნავდა, რომ გვექნებოდა ცუდი პროექტები. ასევე დიდი პრობლემაა ის სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ამას აკეთებენ, რომლებსაც ამ რეაბილიტაციამდე (ეს ეხება მცხეთის, მესტიის, სიღნაღის, თბილისის რეაბილიტაციას) ამის პროფესიული გამოცდილება არ ჰქონდათ. მათ ამ სამუშაოში მიიღეს ეს გამოცდილება. ასეთ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, შედეგი იქნება ადეკვატური. ის, რომ აღმაშენებლის 34-36 ნომრები, ასევე ბეთლემის უბანი, გომის ქუჩის 4 ნომერი ICOMOS-ის მიერ სანიმუშოდაა რესტავრირებული,ნიშნავს, რომ გვყავს კარგი პროფესიონალები, მაგრამ დავალების მოცულობა არ შეესაბამება ამ პროფესიონალების რაოდენობას”.
"უკან მომავალში" - ინტერვიუ "ახალი ტფილისის" კონცეფციის ავტორებთან
"სამწუხაროდ, ისტორიული ქალაქის რეაბილიტაცია პოპულისტურ თემად აქცია ორივე ხელისუფლებამ და ამ პოპულიზმში დეტალებზე საუბარი ძალიან რთულია. ამ სიტუაციაში ძალიან ძნელია იმის მტკიცება, რატომ არ მოგვწონს ის, რაც გაკეთდა. დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, ჩვენ არ გვეძახიან, არ გვხედავენ, არ გვისმენენ.
"მე შემიძლია ფონდს დავუწერო მხოლოდ მინუსი - ისინი “აპიარებენ” იმას, რასაც ვუყურებთ და არ გვეუბნებიან იმას, როგორია რეალობა. მეშინია შემდეგი რეაბილიტაციების, იმიტომ, რომ უკვე ეხებიან ძალიან მნიშვნელოვან შენობებს. გადმოდიან მშრალ ხიდზე, სადაცაა სასტუმრო “ლონდონი”, ათონელის ქუჩა. არ ვიცი, იგეგმება თუ არა, მაგრამ თუ მოხდა ინტერვენცია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ჩუბინაშვილის ქუჩაზე და თუ ასეთი ტიპის შენობები ასეთი სახით გავარესტავრირეთ, ჩვენ დავკარგავთ ქალაქს - ეს იქნება გარდაუვალი", - ამბობს ცირა ელისაშვილი.