Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცვლილებები, შეთანხმებები, პროტესტი - ბოტანიკური ბაღის ირგვლივ

12 მაისი 2016
7 მაისს თბილისში პროექტ “პანორამა თბილისისა” და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები პოლიციელების დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, დააჯარიმეს და გაათავისუფლეს. კულტურული  მემკვიდრეობისა  და გარემოს დამცველები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები პროექტის ყოფილ პრემიერთან კავშირზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თბილისის მერიამ გადაწყვეტილებები გაუმჭვირვალედ მიიღო. იურისტები კი სამართლებრივ დარღვევებზე მიუთითებენ და პროცესის სასამართლოში გაგრძელებას არ გამორიცხავენ. ამასობაში კი აუქციონზე გამოტანილი ტერიტორიის მფლობელი “თანაინვესტირების ფონდი” გახდა. 

“საზღვრების კორექტირება” თუ გაცვლა 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შპს “ფინსერვისი XXI-მ”  არქიტექტურის სამსახურს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა (10 ჰა) და ბოტანიკური ბაღის საზღვრის კორექტირების მოთხოვნით მიმართა. სამსახურის პასუხის მიხედვით, ქალაქგეგმარებითი კუთხით ეს პრობლემა არ იქნებოდა და კომპანიას საჯარო რეესტრისთვის უნდა მიემართა. შპს “ფინსერვისი” ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, სარეკრეაციო ზონაში არსებულ 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთს 2007 წლიდან ფლობს, როდესაც მას ეს მიწა პირდაპირი მიყიდვის წესით (ფასი 1 კვ.მ - 20 $) გადაეცა.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, “ფინსერვისი 21-ე” ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის ბიზნესცენტრის მფლობელია. ასევე ყოფილი პრემიერისა და “თანაინვესტირების ფონდის” მიერ ინიცირებული პროექტის “პანორამა თბილისისთვის” საჭირო ნებართვებიც სწორედ მის სახელზეა გაცემული. 

“საჯარო სივრცის ინიციატივის” იურისტი ანანო ცინცაბაძე განმარტავს, რომ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირება პრაქტიკაში ხშირად ხდება. თუმცა ამ შემთხვევაში პროცესი სხვაგვარად, მისი აზრით, კანონდარღვევით წარიმართა. 

ცინცაბაძის მიერ მოძიებული დოკუმენტების თანახმად, “ფინსერვისმა” რეესტრს მომიჯნავე ნაკვეთთან - ბოტანიკურ ბაღთან საზღვრების კორექტირების მიზნით მიმართა, თუმცა ამ პროცესში მან აბსოლუტურად სხვა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სხვა საკადასტრო ერთეული დაირეგისტრირა, რომელთანაც მას საერთო საზღვარი არ ჰქონია. სანაცვლოდ კი მის საკუთრებაში არსებული 10  ჰექტრიდან 4 ჰექტარი ასევე ბოტანიკური ბაღის კუთვნილებაში დარეგისტრირდა. ანუ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაწილი სახელმწიფო საკუთრებად - ბოტანიკური ბაღის ნაწილად, ბოტანიკური ბაღის სხვა ნაწილი კი - კერძოდ, “ფინსერვისის” საკუთრებად დარეგისტრირდა. 

ცინცაბაძის თქმით, პრაქტიკულად მოხდა “გაცვლა”, როგორც ამას მერიის მაღალჩინოსნები უწოდებდნენ საჯარო განცხადებებში.  

“სამართლებრივად ეს არ შეიძლება ჩაითვალოს საზღვრების კორექტირებად. ეს იყო გაცვლა, მაგრამ გაცვლა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობაა ორ კერძო მესაკუთრეს შორის. აქ კი საუბარი გვაქვს ბოტანიკური ბაღის მიწის ნაწილზე, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, საჯარო საკუთრებაა. შესაბამისად ამას ჩვეულებრივ საჯარო სამართალი არეგულირებს. ჩვენი კანონმდებლობა კი სახელმწიფო მიწის კერძო საკუთრებაში “გაცვლის” ფორმას არ ცნობს. არსებობს სახელმწიფო მიწის გასხვისების სამი ფორმა შესაბამისი პროცედურებით. გაცვლა მათ შორის არ არის”, - ამბობს ცინცაბაძე. 
 

სპეციალური ზონალური შეთანხმება - გამონაკლისი სასტუმროს ასაშენებლად 

მას შემდეგ, რაც ეს მიწები ცალ-ცალკე ერთეულებად დარეგისტრირდა, თითოეულ მათგანს კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დაცვის - “ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის” სტატუსი ჰქონდა, სადაც პრაქტიკულად დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა.  

თბილისის მერიამ საკრებულოს მიმართა. კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის პროექტში ცვლილებების შესატანად მიმდებარე ტერიტორიის ზონის “დაქვეითება” სთხოვა. როგორც საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რისთვის გამოიყენებდა მერია ამ გადაწყვეტილებას. 

“მოგვიტანეს პროექტი, რომელიც კრწანისი-შინდისის ძველ გზაზე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობდა. ამას მეც დავუჭირე მხარი. რამდენიმე თვის შემდეგ  და მხოლოდ ამავე მიზეზით მოვუხსენით მიმდებარე ტერიტორიას, სულ 40 ჰექტარს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი. შემდეგ მერიამ შემოგვთავაზა ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც გზის გატარება ახალი კონტურით იქნებოდა უმჯობესი. მაგრამ არავის უთქვამს, რომ თუ ამ გზას გადავიტანდით, გამოთავისუფლებულ 29 ჰა-ს გაყიდდნენ. არგუმენტი ის იყო, რომ კიდევ მეტი ხე არ მოჭრილიყო, უკვე დახარჯული თანხაც წყალში არ გადაყრილიყო. მაგრამ რატომ არ მოითხოვა მერიამ ამ ტერიტორიისთვის ისევ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის აღდგენა, თუ წინასწარ არ იყო მოფიქრებული, რომ ჯერ მთლიანად შეუცვლიდნენ სტატუსს და შემდეგ უკვე “სარეკრეაციო ზონა 2-ში” გამონაკლისის სახით დაუშვებდნენ სასტუმროს მშენებლობას. როცა მერიის არგუმენტი ისაა, რომ იქ ქაოსური განაშენიანება არ დაწყებულიყო, დაებრუნებინათ “ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის” სტატუსი და იქაურობას კანონი დაიცავდა. ეს იქნებოდა გარანტია”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე. 

იურისტ ანანო ცინცაბაძეს ისიც საეჭვოდ მიაჩნია, რომ მერიამ კონკრეტული დამკვეთის, მომთხოვნის გარეშე გადაწყვიტა ზონალური ცვლილების გაფორმება. 

არსებული პრაქტიკით, თუკი კერძო მესაკუთრის გეგმები არ შეესაბამება მის საკუთრებაში არსებული მიწის სტატუსს, ანუ თუ მესაკუთრეს ისეთი რამის აშენება უნდა, რაც მის საკუთრებაში არსებულ, მაგალითად, სარეკრეაციო ზონაში კანონით აკრძალულია, მას შეუძლია მიმართოს მერიის, ე.წ. ზონალურ საბჭოს, საბჭომ  კი დასაბუთებული აუცილებლობისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით შესაძლოა გასცეს ნებართვა, ანუ დაუშვას გამონაკლისი. ამგვარი გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია “სარეკრეაციო ზონა 2-ში”.

ამ შემთხვევაში პროცესი პირიქით წარიმართა. ზონალური ნებართვა თავად მერიის საქალაქო სამსახურების ინიციატივით გაიცა და შემდეგ უკვე ეს “ნებართვიანი ტერიტორია” აუქციონზე გავიდა გასაყიდად. თანაც კონკრეტულად მითითებული დანიშნულებით: 80-ნომრიანი 50 მანქანის პარკინგიანი სასტუმროს ასაშენებლად. 

ცინცაბაძის თქმით, მერიის სამსახურები ერთმანეთთან ოფიციალურ მიმოწერაში ამბობენ, რომ ტურისტების მოთხოვნა სასტუმროებზე ძალიან დიდია და მინიმუმ 1000 ადგილი მაინცაა საჭირო. 

“თუმცა რა კვლევას ან მონაცემებს ეყრდნობიან მერიის სამსახურები, ან რატომ უნდა დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნა მაინცდამაინც იმ ადგილას სასტუმროს აშენებით, გაუგებარი და დაუსაბუთებელია”, - ამბობს ცინცაბაძე. 

საბოლოოდ, სანამ აუქციონი დასრულდებოდა, სანამ გატანილი მიწის - 29 ჰექტრის ახალი მფლობელის ვინაობა გახდებოდა ცნობილი, მერიის მოთხოვნით, საკრებულოს უკვე შეცვლილი ჰქონდა ზონა, “სარეკრეაციო ზონა 2-ში” უკვე შეიძლებოდა გამონაკლისის სახით სასტუმროს მშენებლობის დაშვება. 

19 აპრილს არქიტექტურის სამსახურმა, ე.წ. ზონალურ საბჭოს მიმართა თხოვნით: ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ბოტანიკურის ქ. #1-ში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ოქროყანის დასახლებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში არსებულ ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი: ##01.18.02.001.017,     01.18.01.002.134.      01.18.01.002.160,    01.18.01.001.002 ) სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე დაშვებულიყო სასტუმროს მშენებლობა. 

საბჭო მიმართვიდან 2 დღეში, 21 აპრილს შეიკრიბა. მისი ექვსივე წევრი ნებართვის გაცემას დათანხმდა. მათი შენიშვნების თანახმად, მაქსიმალური განაშენიანების ფართი უნდა იყოს დაახლოებით 20 000 კვ.მ. აუცილებელია განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება. იქ განთავსებულ სასტუმროს კი მინიმუმ 50 მანქანის საპარკინგე სივრცე უნდა ჰქონდეს, ასევე მოეწყოს საირიგაციო სისტემა. 

საინტერესოა, რომ ზონალური შეთანხმება 4 საკადასტრო ერთეულზე გაფორმდა, ანუ  ოფიციალურად ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე - მათ შორისაა მიწა, რომელიც ბოტანიკურს “დაუთმეს”; მიწა, რომელიც “ფინსერვისის” საკუთრებაში დარჩა (6 ჰა); მიწა, რომელიც ბოტანიკურის იყო და “ფინსერვისმა” დაირეგისტრირა (4 ჰა) და კიდევ ბოტანიკური ბაღისა და ამ მიწების მიმდებარედ არსებული 29 ჰა, რომელიც მერიის ქონების მართვის სააგენტომ მეორე დღესვე გასაყიდად გამოიტანა. 

ანანო ცინცაბაძე ფიქრობს, რომ საქალაქო სამსახურების ასეთი ოპერატიული, შეთანხმებული მოქმედება ბადებს ეჭვებს, რომ მომავალ აუქციონზე სწორედ პრივილიგირებული მონაწილისთვის “გამზადდა ყველაფერი”.

ამ ეჭვის საფუძველს მას ისიც აძლევს, რომ რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ “ფინსერვისის” საკუთრებაში მოქცეული მიწის ნაკვეთი დაუახლოვდა სწორედ გასაყიდად გამოტანილ 29 ჰა-ს და ისინი უკვე ცალსახად ერთობლივ ტერიტორიად შეიძლება განვიხილოთ. 

ამასთან, შესაძლებელი იყო ეს 29 ჰა სულ სხვა ინვესტორს შეეძინა აუქციონზე. შესაბამისად, “ფინსერვისის” საკუთრებასა და “ახალ მესაკუთრეზე” ერთიანად ნებართვის გაცემა არალოგიკური იქნებოდა.  შესაბამისად, იურისტის აზრით, მოლოდინი ერთი იყო: აუქციონში ისევ “ფინსერვისი” ან მასთან დაკავშირებული კომპანია გაიმარჯვებდა. 

გამარჯვებული - თანაინვესტირების ფონდი 

22 აპრილს გამოცხადებული აუქციონი 3 მაისს დასრულდა (6 სამუშაო დღე). ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ოქროყანის დასახლებაში 297 576 კვ.მ ფართობის მიწა  6 326 495 ლარად (საწყისი ფასი 6 233 000 )“თანაინვესტირების ფონდის” ინფორმაციით, მათმა შვილობილმა კომპანიამ იყიდა. 

აუქციონის პირობების მიხედვით გამარჯვებული ვალდებულია: 

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა ტექნიკური/დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20000 კვ.მ. სასტუმრო კომპლექსისთვის უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 50 სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა; ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო ვალდებულებების შესრულებამდე პერიოდში  გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა უზრუნველყოს. 

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ “ეს არის ქალაქისთვის ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ ქალაქის მკვიდრებმა რეკრეაციული სივრცე მიიღონ.  გათვალისწინებული იქნება სარბენი და ველობილიკები, ასევე სხვა რეკრეაციული ინფრასტრუქტურა. არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურის იდეაც. ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება გოლფის მოედნის გაკეთება. ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება”, - განაცხადა ქარსელაძემ და დასძინა, რომ თუ ვინმეს თანაინვესტირების ფონდზე უკეთესი პროექტი და გეგმა ექნება, მზად არიან, ეს 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შპს „ფინსერვისის" კუთვნილი 10 ჰექტარი ფართობიც მას აჩუქონ.

პროტესტი და განხილვა პარლამენტში 

აუქციონი ჯერ არ იყო დასრულებული, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების გაერთიანებამ “ერთად” საპროტესტო აქცია დააანონსეს და თქვეს, რომ ამ და “პანორამა თბილისის” პროექტს ერთიან კონტექსტში განიხილავენ. მათი თქმით, პროექტების შესაჩერებლად რადიკალურ ზომებსაც მიმართავენ. 

აქციის წინა დღეს,  6 მაისს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარ საკითხად სწორედ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის საკითხი ჩაინიშნა. განხილვას, რომელიც 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა, პარლამენტის წევრების გარდა, მერის მოადგილე, საქალაქო სამსახურების უფროსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. 

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოტანიკური ბაღი ან მისი ნაწილი იყიდება, მცდარია:  ბაღის ტერიტორია 2008 წლიდან 97 ჰექტარს მოიცავს და მისი განვითარების პროცესი გრძელდება. რაც შეეხება “4 ჰექტრის ამბავს”, ლექვინაძის თქმით, მოხდა წითელი ხაზების კორექტირება. თანაც ისე, რომ ამ ცვლილების შესაძლებლობას ბოტანიკური ბაღი თვენახევრის განმავლობაში სწავლობდა და თანხმობის შედეგად მიიღო მიწა, რომელზეც სარწყავი სისტემაც გაყვანილია, არის მცენარეულობაც. კერძო საკუთრებაში კი გადავიდა ის მიწა, რომელიც ბაღის მიზნებისთვის ვერ გამოიყენებოდა. 

“ამასთან ინფორმაცია, რომ ვინმე ამ ტერიტორიას იერთებს, არის სიცრუე. ამ მიწას არანაირი კავშირი არ აქვს ივანიშვილის რეზიდენციასთან. ეს ორი ტერიტორია ქედის ორ სხვადასხვა მხარეს მდებარეობს. თუმცა ასევე ინფორმაციისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს 23 მილიონ ლარზე მეტი აქვს ინვესტირებული თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებში, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე სამეცნიერო პროექტებში”, - განაცხადა მერის მოადგილემ.  

ბოტანიკური ბაღი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 

რაც შეეხება ბოტანიკური ბაღს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ლექვინაძის თქმით, ბაღს ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა და ეს პროცესი 2000 წლის პირობითი რუკის იმ ნახაზს ეყრდნობოდა, რომელზეც ბაღის ფართობი 81 ჰა იყო. შესაბამისად, ძეგლის სტატუსი მხოლოდ ამ 81 ჰა-ს აქვს, და არა სრულად 97 ჰა-ს, რა ფართობიც ახლა ბაღს უკავია.  

“სამწუხაროა, რომ როცა ბაღს ძეგლის სტატუსი მიენიჭა, შესაბამისი პროცედურები არ იყო განხორციელებული და როცა 2008 წელს ბაღს ტერიტორიები დაემატა და 97 ჰა გახდა, ეს არ ასახულა შესაბამის დოკუმენტაციაში. ამიტომ დღევანდელი ბაღის რაღაც ნაწილი ძეგლის სტატუსის მიღმა რჩება და სწორედ ამ ტერიტორიის ნაწილი იყო ის 4 ჰა, რომელიც “ფინსერვისის” საკუთრებაში წითელი ხაზების კორექტირებით გადავიდა. ამიტომ ჩვენი სამსახურები სამართლებრივ ჭრილში ამ საქმეში რჩებიან”, - განმარტავს ლექვინაძე. 

“კულტურის სამინისტროს დანაშაულებრივი უმოქმედობა” - ცირა ელისაშვილი

“ტფილისის ჰამქრის” წარმომადგენლის, ცირა ელისაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ შეხვედრა პოსტფაქტუმ ხდება და მათ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე უხდებათ საუბარი და კამათი. 

რაც შეეხება ბაღის სტატუსს, ელისაშვილი ამბობს, რომ ბოტანიკურ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 1986 წლიდან ჰქონდა. 2007 წელს კი უბრალოდ გადამტკიცდა 86 წლის ძეგლთა ნუსხა. 

“2003 წელს პირადად მე ნანახი მაქვს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის არქივში შენახული ბაღის, როგორც ძეგლის, პასპორტი თავისი დანართებით. ის ძეგლის სტატუსს 2007 წლამდეც ფლობდა. მაშინ კი, როდესაც 2007 წელს მისი საზღვრების კორექტირება და ტერიტორიების დამატება მოხდა, “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მე-16 მუხლით, სამინისტრო ვალდებული იყო ყველა ამგვარი ცვლილება ძეგლის სააღრიცხვო ბარათში აესახა. მაგრამ ეს მთელი ამ წლების განმავლობაში სამინისტროს არ გაუკეთებია. შესაბამისად, თუ ახლა “გაცვლილ” ტერიტორიას ოფიციალურად ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კულტურის სამინისტროს დანაშაულებრივი უმოქმედობის მომსწრენი ვიყავით. ეს არცერთ იმ საჯარო მოხელეს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უკავშირდებიან, პასუხისმგებელობისგან არ ათავისუფლებს. ჩვენ ამ დისკუსიას სამართლებრივ სივრცეში გადავიტანთ”, - განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე ცირა ელისაშვილმა.  

ამასთან, მისი თქმით, ძეგლის ტერიტორია არ შემოისაზღვრება წითელი ხაზებით და ფიზიკური დაცვის არეალთან ერთად ვიზუალური დაცვის არეალიც კანონითაა დაცული. გარდა ამისა, ბოტანიკური ბაღი სახელმწიფო საკუთრება, ანუ საჯარო სივრცეა, რომლის ნაწილით სარგებლობის უფლებაც მოქალაქეებს უკვე დიდი ხანია ეზღუდებათ: 

“ამ საჯარო სივრცესთან მიმართებით ჩვენ უკვე დავკარგეთ ძალიან ბევრი რამ. მაგ. წლების განმავლობაში დაკეტილია ყველაზე მოკლე გადასასვლელი ბოტანიკურ ბაღში - სოლოლაკის გვირაბი. თავად ბოტანიკური ბაღის ერთმალიან ხიდთან, ე.წ. თამარის ხიდთან დგას დაცვა და გეუბნება, რომ ფოტოს გადაღება არ შეიძლება, იქით გასვლა აღარ შეიძლება, იმიტომ, რომ ის კერძო საკუთრებაა, თუმცა კერძო საკუთრება იქიდან სულაც არ იწყება. თუმცა დაცვა იქ დგას. ეს უკვე არის  ჯაჭვური რეაქციის შედეგი. ამიტომ ოდესმე ეს უნდა დამთავრდეს”, - ამბობს ელისაშვილი. 

კრწანისი-შინდისის გზის ახალი პროექტის ახალი ცვლილებები 

სასტუმროს მშენებლობის პროექტის კვალდაკვალ შეიცვალა 2016 წლის შემოდგომაზე დამტკიცებული კრწანისი-შინდისის ახალი გზის კონტურიც. 

ეს ცვლილებაც ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა, ისინი მერიას არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამ ინიციატივით იცვლება პროექტი, რომლის განხორციელებაზეც უკვე რამდენიმე ასეული ათასი ლარია დახარჯული და რამდენიმე ასეული ხეა მოჭრილი. თუმცა მერიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ ნაწილზე, რომელიც შეიცვალა, ჯერ სამუშაოები არ მიმდინარეობს. შესაბამისად უკვე განხორციელებული სამუშაოები “წყალში გადაყრილი” არ არის. 

ლექვინაძის თქმით, გზის კონტურის ცვლილება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციით მოხდა, თანაც ასე ბაღის მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, რადგან გზა, გასაყიდად გამოტანილ 29 ჰა-ზე აღარ გადაივლიდა. 

“6 ნოემბერს ჩაიბარეთ პროექტი, 20 ნოემბერს კონტრაქტი გააფორმეთ. გენგეგმის ჯგუფს შესაფასებლად 1 მარტს მიმართეთ. თუმცა ეს ჯგუფი უკვე 15 ოქტომბრიდან მუშაობს. რატომ გაგახსენდათ ისინი მხოლოდ 4 თვის შემდეგ? მას მერე რაც 548 ხის მოჭრა-გადარგვა დაიწყეთ, რაც გაზის მილის გადატანა დაიწყეთ და ახლა ის სულ სხვა მხარეს უნდა გადაიტანოთ, რაც მილიონ 300 ათასი ლარით მეტი დაგიჯდებათ”, - იკითხა აბესაძემ. 

მერიის განმარტებით, გზის მხოლოდ 35% შეიცვალა, ანუ 2 კმ - 5-კილომეტრიანი მონაკვეთიდან. სამუშაოები კი ჯერ ამ 2 კილომეტრზე არ მიმდინარეობს და ამიტომ ამ მხრივ არამიზნობრივი ხარჯვა არ მომხდარა. 

“ამასთან, თქვენ ამბობთ, რომ სასტუმრო მხოლოდ 2 ჰა-ზე აშენდება, მაშინ, როდესაც სტატუსი შეცვალეთ და ზონალური ცვლილება მთლიანად 40 ჰექტარზე გააფორმეთ, ამით დაუშვით ის, რომ შესაძლოა მშენებლობა იქ მომავალშიც განხორციელდეს”, - აცხადებს საკრებულოს დეპუტატი. 

მერიის მაღალჩინოსანთა განმარტებით, ახალი გზიდან ბოტანიკურ ბაღს ახალი შესასვლელი ექნება და ეს მის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. თანაც შინდისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დასახლებაა, ბოლო პერიოდში ალტერნატიულ გზას საჭიროებს, რათა განიტვირთოს თბილისის ისტორიულ უბანზე გამავალი გზა. 

საკომიტეტო განხილვაზე გზის პარამეტრებზე საუბარი კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმაც დაიწყო. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებით, მათ გადაწყვეტილების მიმღები პირების და არა “მეისრეების” პასუხები აინტერესებდათ. 

რაც შეეხება პროექტის ცვლილებით ხარჯების გაზრდას, ლექვინაძის თქმით, გზის გაყვანის ღირებულება გაიზარდა, თუმცა ის იმ ეკონომიკური ეფექტით დაბალანსდა, რომელიც “ამ გზის კორექტირების შემდეგ საუკეთესო ეკონომიკური გამოყენების პირობებში თბილისის მუნიციპალიტეტმა 7 მლნ ლარი მიიღო პრივატიზაციის შედეგად და რომელსაც თბილისის ეკონომიკა მიიღებს დაახლოებით 40 მლნ ამერიკული დოლარის ოდენობის ინვესტიციას 4 წლის განმავლობაში”.

ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებული შენიშვნები არ მიიღო. მისი თქმით, აუქციონი ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა. დასვენების დღეების გამო 2 დღითაც კი  გაგრძელდა და ნებისმიერ ინვესტორს შეეძლო, პროექტის შესახებ დამატებითი კითხვებით მიემართა მერიისთვის. 

“ნაყიდი ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე  ინვესტორმა უნდა განაახლოს მწვანე საფარის მდგომარეობა,  მოაწყოს საირიგაციო სისტემა. ეს საკმაოდ რთული და ძვირი პროცესია, რომელიც გააუმჯობესებს და უფრო დატვირთავს ამ რეკრეაციულ ნაწილს”, - ამბობს ლაფერაძე. 

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმაც შინდისი-წავკისის გზის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ გენგეგმის ჯგუფის შეფასებით შინდისი მალე ბათუმისხელა ქალაქი გახდება და ამხელა დასახლების “ჩამოკიდება” ისტორიული ნაწილში გამავალ გზაზე, რომლის გაფართოების არანაირი შესაძლებლობაც არ არსებობს, არალოგიკური იქნებოდა. 


თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ კი თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა ამ მასშტაბის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი ბაღის კოლექციის განვითარება, ბაღის როგორც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტატუსის განსაზღვრა, სხვა საჭიროებები და პრობლემები გამხდარიყო. 

დარჩიძის თქმით, ბაღის სამართლებრივი სტატუსის ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა ბაღის ფართობიც. საზღვრის კორექტირება კი 2008 წლის შემდეგ დაახლოებით 7-ჯერ მოხდა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფარგლებშიც. ეს ისე მოხდა, რომ ამას ამ მასშტაბის ყურადღება არ გამოუწვევია. და ახლაც ისეთივე რამ მოხდა, რაც 2007 წელს, როცა 10 ჰა“ფინსერვისს” გადაეცა. დარჩიძე ფიქრობს, რომ საკმაოდ დატვირთულ სამანქანო გზასთან დაკავშირება ტურისტულ პოტენციალს გაზრდის, რდგან აბანოთუბნიდან ბაღში შესვლა თითქმის შეუძლებელია. 2009 წლიდან კი ჩაკეტილია ქალაქთან დამაკავშირებელი უმოკლესი გვირაბიც. ამასთან, თაბორის მთის ვაკე ტერიტორიის მიერთებას საპარკო ნაწილის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, არის ნაყოფიერი ნიადაგი, საირიგაციო სისტემა მოწესრიგებულია და განსხვავდება იმ მიწისგან, რომელიც “ფინსერვისს” გადაეცა, სადაც ბაღიდან საფეხმავლო გზაც კი არ მიდიოდა. 

თუმცა “საჯარო სივრცის ინიციატივის” წარმომადგენელი ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ აქცენტის გადატანა დათმობილის ნაცვლად მიღებული მიწის “სიკეთეებზე” არასწორია:

“დამაბნევეელი და მავნებელია საუბარი იმაზე, გაცვლილი ნაკვეთი უკეთესია თუ უარესი. ეს საერთოდ არაა საზოგადოების შესაფასებელი. თუ ბოტანიკურ ბაღს რაიმე ნაკვეთი უნდოდა, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა, არსებობს კანონით დადგენილი პროცედურები, რომლებითაც შეეძლო  შეესყიდა ეს ნაკვეთი, მაგრამ გაცვლა არ უნდა მომხდარიყო. აქ მთავარი და ძალიან საშიში ამბავი არის ის, რომ საზოგადოების ჩართულობისა და ყოველგვარი ინფორმირების გარეშე პრაქტიკულად კანონდარღვევით ხორციელდება სახელმწიფო მიწის, საჯარო სივრცის გასხვისება და დაინტერესებულ პირებს ძალიან რთულად თუ შეუძლიათ მოიძიონ, იპოვონ, გაიგონ და მიხვდნენ, რა მოხდა და რა შესაძლო გარიგებებს ჰქონდა ადგილი”, - ამბობს ცინცაბაძე. 

გამომსვლელებმა მოხსენებების შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ თინა ბოკუჩავას შეკითხვაზე, რატომ გაიყიდა ანალოგიური ტერიტორიები 2007 წელს 20 დოლარად და ახლა კი - 9 დოლარად, და რა გარანტია არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მთელი ტერიტორიის განაშენიანებას არ გადაწყვეტს, მერის მოადგილემ უპასუხა, რომ ამის გარანტი მყიდველსა და მერიას შორის აუქციონის პირობების შესაბამისი ხელშეკრულება იქნება. რაც შეეხება, მიწის ღირებულებას, მისი თქმით, მიწა აუდიტორულმა კომპანიამ შეაფასა. 2008 წლის შემდეგ უძრავი ქონების ფასი შემცირებულია, თანაც ეს 29 ჰა დატვირთულია საინვესტიციო ვალდებულებებით. 4 წლის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს 40 მილიონი დოლარი. ამასთან სერიოზული ვალდებულებაა სარეკრეაციო ზონის მოვლა-განვითარება, რაც ინვესტორისთვის დიდ ბიზნეს-მოგებასთან დაკავშირებული არ არის. 

თუმცა დეპუტატ გია ბარამიძის აზრით, აქ ბიძინა ივანიშვილის გავლენამ იმოქმედა, სხვანაირად წარმოუდგენელია 2007 წელს კვადრატული მეტრი ყველანაირი ნებართვის გარეშე 20 $-ად გაყიდულიყო, ახლა კი ზონალური შეთანხმებითა და ნებართვით - 9 $-ად. 

“მწვანეთა პარტიის” ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ მერის მოადგილეს სთხოვა გაემეორებინა ვინ შეიძინა ის 29 ჰექტარი და რა ვალდებულებით. ასევე მას აინტერესებდა, არის თუ არა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ისეთი ტერიტორიები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების დროს 1 ლარად გაიყიდა; და დაავადებული ან გზის გასაყვანად მოსაჭრელი ხეების ნაცვლად დაირგვება თუ არა უფრო მეტი ხე. 

დეპუტატ სერგო რატიანს აინტერესებდა, ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ გზის სამშენებლო სამუშაოებზე დახარჯული 300 000 არამიზნობრივია და ახლა პროექტი იცვლება? აქვს თუ არა ბოტანიკურ ბაღს ძეგლის სტატუსი და იყო თუ არა ჩამოჭრილი ტერიტორია ძეგლის ნაწილი. 

ლევან თარხნიშვილის შეკითხვა ზონალურ ცვლილებას შეეხებოდა, რატომ მოეხსნა სრულად 40 ჰექტარს დაცვის უმკაცრესი ზონა, თუკი მშენებლობა მხოლოდ 2 ჰა-ზე უნდა აშენდეს. 

ანი მიროტაძემ ბოტანიკური ბაღის დირექტორს მიმართა და ჰკითხა, რატომ აქამდე არ სცადა მან ბაღის ტერიტორიებთან დაკავშირებული სადავო საკითხების მოგვარება. ასევე ვისი ინიციატივით და რატომ მოხდა ტერიტორიების გაცვლა.

“მე მაინტერესებს რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, რა აქვს ჩაფიქრებული, რა აქვს აქამდე ბაღისთვის გაკეთებული და რამდენად რეალურად გამოადგება ეს ბაღს. ამაზე არ იყო საუბარი”, - აღნიშნა დეპუტატმა გია ვოლსკიმ.  

ფრაქცია „ეროვნული ფორუმის” წევრმა გიორგი ხეჩინაშვილმა კი ქალაქის მერის მოადგილეს სთხოვა “საზოგადოებისა და პარლამენტის გასაგებად” კიდევ ერთხელ განემარტა, რა თანხა აქვს დახარჯული ბიძინა ივანიშვილს ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების განვითარებისთვის. 

გუგული მაღრაძის თქმით კი, მსოფლიო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა პარკები, ბაღები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კერძო საკუთრებაშია და ეს არაა საშინელება, პირიქით, კერძო მესაკუთრე მასზე უკეთ ზრუნავს, მეტ ფულს ხარჯავს და ახერხებს შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს მისი ფუნქცია. 

“ძალიან კარგია, რომ ტერიტორია, რომელიც მანამდე არ იყო ათვისებული, უფრო კარგი მიზნისთვის შეიძლება აითვისოს, ანუ ქვეყანას მეტი სარგებელი მოუტანოს. ამიტომ მაინტერესებს მითხრათ, რა გაკეთდება ამ ტერიტორიისთვის. ქალაქის მერიას რომ ჰქონოდა თანხა, ხომ აქამდე გააკეთებდა ამას. ვიცით, რომ გზასთან დაკავშირებით ყოველთვის იჭრება ხოლმე ხეები, სახლის აშენების დროსაც. მთელ მსოფლიოში ასე ხდება. ეს ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და არა კერძო საკუთრებისადმი მტრული დამოკიდებულებით”, - განაცხადა მაღრაძემ. 

ზვიად ძიძიგურიც მსოფლიო პრაქტიკით დიანტერესდა.

“მაინტერესებს როგორია მსოფლიო პრაქტიკა, როცა გზა იმ ტერიტორიაზე გაჰყავთ, სადაც ხე დგას. რას აკეთებენ ამ დროს, იმ ხეს ჭრიან თუ არ ჭრიან? როგორ ხდება მსოფლიოში? იქნებ ხეებს შორის გაჰყავთ გზა? ელემენტარულ კითხვებს ვსვამ იმიტომ, რომ გასაგები გახდეს ყველაფერი, რაც აქ ხდება. და მეორეც, 395 ხე მოიჭრაო, რამდენი ახალი ხის დარგვის ვალდებულება? ასევე, ბოტანიკური ბაღი მოგებული დარჩა თუ წაგებული. 8-ჯერ შეცვლილა ბაღის საზღვრები. მე აქამდე ამაზე ასეთი ხმაური არ მახსოვს”, - ამბობს დეპუტატი.  

გელა გელაშვილის თქმით კი, უკეთ უნდა განიმარტოს, რომ ეს ტერიტორია იყიდა თანაინვესტირების ფონდმა და არა ბიძინა ივანიშვილმა. 

“თანაც გაიყიდა აუქციონზე და არა პირდაპირი მიყიდვის წესით, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ. შესულიყავით აუქციონზე და გადაგეხადათ მეტი, აგეწიათ ფასი”, - მიმართა გელაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს. 

"ბოტანიკური ბაღი მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ უნდა იყოს" - ბაღის დირექტორი

თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის თქმით, სამწუხაროა, რომ ბაღს ისე განიხილავენ, როგორც მხოლოდ სარეკრეაციო სივრცეს. ამასთან მისი აზრით, ბოტანიკური ბაღი მთლიანად არ უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც. 

“ბაღის დაცვის გარანტი ვერ იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. ბაღში არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და გარკვეული საბაღო ხელოვნების ნიმუშები. მას უნდა ჰქონდეს მემკვიდრეობის სტატუსი, მაგრამ ბაღის დაცვა სხვა სამართლებრივ რეგულაციებს საჭიროებს და ამაზე სამომავლოდ გარკვეული ინიციატივები გვექნება. მაგრამ ბაღში ახლა არის ტერიტორიები, რომლებიც არასდროს ყოფილა ძეგლი და არც უნდა იყოს.  მთლიანად ბოტანიკური ბაღი არ შეიძლება იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იმიტომ, რომ არის სივრცეები, რომლებიც რაღაც მიმართულებით უნდა განვითარდეს”, - განაცხადა თამაზ დარჩიძემ. 

ამასთან, იმ შეკითხვაზე პასუხად, რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი ბაღისთვის, ბოტანიკურის დირექტორმა განმარტა, რომ ახლა ბაღის მუნიციპალური დაფინანსება მილიონ ასიათასზე მეტია. საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” კი ბაღს 2000 წლიდან სამი მიმართულებით აფინანსებს: 900 000 ლარი არის მეცნიერ-თანამშრომელთა და სამეურნეო პერსონალის დაფინანსება დამატებითი შრომის ანაზღაურების სახით, 100 000 ლარზე მეტია ინფრასტრუქტურული პროქტების - სარწყავი სისტემის, ბილიკების, გზების რეაბილიტაციის დაფინანსება და 120 000 ლარზე მეტია მიმდინარე მოვლა-პატრონობის ხარჯები, რაც ბაღს აუცილებლად სჭირდება. ეს მიმდინარე წლის მონაცემებია. 

საკრებულოს წევრ ირაკლი ნადირაძის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები ხელფასს ივანიშვილისგან იღებენ, მათი დასკვნაც იმის შესახებ, რომ მიღებული ტერიტორია გაცემულზე ხელსაყრელია, სულაც არ არის სანდო და სჯობდა ეს შეფასება დამოუკიდებელ სპეციალისტებს ჩაეტარებინათ. ალეკო ელისაშვილს კი მიაჩნია, რომ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მერიისა და საკრებულოს წინაშეა ანგარიშვალდებული და ამიტომ ეს დასკვნა, შეფასებები და ეს დისკუსია ქალაქის მმართველი, წარმომადგენლობითი ორგანოსთვის, ისევე, როგორც საზოგადოებისთვის მანამდე უნდა ეცნობებინათ. 

“საჯარო სივრცის ინიციატივის” წარმომადგენელმა სხვა კითხვებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზეც ისაუბრა. მერიისთვის დასმულ შეკითხვაში ის ინტერესდებოდა, იმსჯელა თუ არა მერიამ ტერიტორიის გასხვისებამდე იმის შესახებ, რომ ძეგლის დაცვის ზონა მის წითელ ხაზებს სცილდება. არსებობს ინდივიდუალური დაცვის ზონა და ვიზუალური დაცვის ზონაც, რომელიც 150 მეტრის რადიუსში ვრცელდება და იქაც მკაცრადაა აკრძალული ყველანაირი ცვლილება. 

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიას თქმით, მისი შეკითხვებიც არა უშუალოდ კულტურულ მემკვიდრეობას, არამედ მის ეკონომიკურ ღირებულებასა და პოტენციალს შეეხებოდა. 

“თქვენ თქვით, რომ  4 წლის განმავლობაში ინვესტორი 40 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს. მაგრამ როდესაც ადგენდით სარგებლის ანალიზს, ამაზე პასუხს ვერ მიიღებდით, თუ არ დაითვლიდით იმ ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის ღირებულებას, რომელზეც ვსაუბრობთ. თუკი ღირებულებას გამოითვლიდით, მაშინ მოგიწევდათ ზიანის ფასის დათვლა. სანამ სარგებელზე ვილაპარაკებთ, ჯერ აღიწეროს, რა ზიანი ადგება ქალაქს, რომელიც კარგავს ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე რეკრეაციულ ზონას, როცა ისედაც არ აქვს საზოგადოებრივი სივრცეები და პარკები. გვითხარით ციფრებში: რა დაკარგა, რა გაიღო ქალაქმა ამ სარგებლის გამო? და როგორ მიხვედით 21 ლარამდე? იმიტომ, რომ ამ მიწის ღირებულებას ადგენს ისტორიულობა, ასაკი, ქალაქისთვის მნიშვნელობა და მისი კომერციული პოტენციალი, როგორ დაიანგარიშეთ, რომ კვადრატული მეტრი 21 ლარად უნდა გაყიდულიყო?”

ამასთან სოფო კილასონიას აინტერესებდა, იკვლიეს თუ არა მერიის სამსახურებმა ან ტურიზმის დეპარტამენტმა, რისთვის მოდიან თბილისში ტურისტები და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეკონომიკურადაც უმჯობესი იქნებოდა, ქალაქის ისტორიული ზონის შენარჩუნებასა და მის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებაზე ეზრუნა. 

“გიკვლევიათ თუ არა, რა ამოძრავებს ტურისტულ ნაკადებს თბილისში? ისინი აქ მოდიან კავკასიის რეგიონში უძველესი ქალაქის სანახავად. აქ მოდის სწორედ კულტურული ინტერესების მქონე ტურისტი. ჩვენ ყველას ერთად უნდა გვემუშავა თბილისის, როგორც უძველესი ქალაქის განვითარებაზე,  გვემუშავა იმაზე, რომ იუნესკოს ძეგლთა სიაში შესულიყო და ასე იოლად არ მოგვეწერა ხელი იმ პროექტებზე, რომლებიც აპრიორი გამორიცხავს ჩვენს ამ სიაში ყოფნას. დაგითვლიათ თუ არა, რა უფრო მომგებიანი იქნებოდა და რა დროზე იქნებოდა გათვლილი? იუნესკოს სიაში შესულ უნიკალურ ქალაქში რა ეკონომიკური, ტურისტული პროცესი განვითარდებოდა და, მეორე მხრივ, რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ქალაქის ცენტრში რამდენიმე სასტუმროს დამატებას? თუ შეგიდარებიათ ის პერსპექტივა, რომელზეც უარს ამბობთ, რა სარგებელს მოიტანდა?” - მიმართა ქალაქის მერის მოადგილეს ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიამ.  

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი სულხან სალაძე დაინტერესდა, აცნობა თუ არა კულტურის სამინისტროს თბილისის მერიამ ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების კორექტირება იგეგმებოდა, ან რა პოზიცია ჰქონდა ამაზე სამინისტროს, რამდენად გრძნობენ სამინისტროს წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ზუსტად სად გადის ძეგლის საზღვრები და საერთოდაც, დაადგინა თუ არა ვინმემ, რომ 2007 წლის მერე ბაღისთვის დამატებული ტერიტორიები არ იმსახურებდა ძეგლის სტატუსს. 

“რატომ არ მოაგვარა მერიამ და სამინისტრომ ჯერ ძეგლთან არსებული საკითხები, რადგან ახლა გვეუბნებიან, რომ რუკა არაა სრული, რომ საზღვრები დაუზუსტებელია, რომ ძეგლის სააღრიცხვო ბარათი გაუმართავი და არასრულია. რატომ არავინ იზრუნა იმაზე, რომ ეს საკითხები მოწესრიგებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ დაწყებულიყო გასხვისების პროცესი”. 

 4 საათზე ხანგრძლივი განხილვა ამ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხების გარეშე დასრულდა. მეორე დღეს გამართული საპროტესტო აქციის 6 მონაწილე დააკავეს, დააჯარიმეს და გაათავისუფლეს. “ერთად” პროტესტის გაგრძელებას აპირებს. თბილისის მერი საკრებულოს წევრების კითხვებზე პასუხის გასაცემად 17 მაისს მივა, მომდევნო საპროტესტო აქცია სწორედ ამ დროისთვისაა ჩანიშნული.

ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ ამ პროექტის შეჩერება აუცილებელია, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მფლობელი, მთავარი ისაა, რომ პროცესს ჯაჭვური რეაქციით მოჰყვება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონების სხვა ნაწილების ათვისებაც. 

“გადამწყვეტი ისაა, რომ ეს ტერიტორიები ქალაქისთვის იკარგება. ჩვენ ვეღარასდროს ვიფიქრებთ ბოტანიკური ბაღის გაფართოებაზე. ის კერძო საკუთრებითაა შემოსაზღვრული. ქალაქი არაა სამშენებლო მოედანი, ქალაქი არის ტერიტორია და ურბანული განვითარება საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც მშენებლობებზე უნდა ვიფიქროთ. ურბანული განვითარება და განაშენიანება მხოლოდ მწვანე საფარის ხარისხის გაზრდითაა შესაძლებელი. მაგრამ ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს არ რთავენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუ ეს კონფრონტაცია გაგრძელდება, გაგრძელდება საპროტესტო აქციებიც”, - ამბობს ცირა ელისაშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

ჩაკეტილი წრე სასამართლო სისტემაში - ინტე ...

ბოლო პერიოდში იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯადომარეთა დანიშვნამ კვლავ კრიტიკის ფონზე ჩაიარა. ორ ...
22 ივნისი
22 ივნისი

ვიდეოკადრები ► დაკავებულ პაკელიანის გაში ...

„ლიბერალს“ წყარომ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვ ...
22 ივნისი
22 ივნისი

როგორ ვებრძოლოთ დისკრიმინაციას - ამერიკე ...

დევიდ პოპიკი იურისტია. 36 წელია, ნიუ-იორკსა და კონექტიკუტში მუშაობს. 2015 წლიდან საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალის ...

მეტი

^