Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინფორმაცია VS მითები - როგორ ვიცავთ თავს რუსული პროპაგანდისგან?

12 ნოემბერი 2016

მოსახლეობის თითქმის ნახევარი (45%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს - ასეთი შედეგი აჩვენა „ევროპის ფონდის“ მიერ 2015 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნიშანდობლივია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსული რბილი ძალის სტრატეგია ოპონენტების შესახებ დეზინფორმაციისა და მითების გავრცელებას გულისხმობს.  

კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის 2015 წლის მონაცემებით, უცხოურ არხებს რესპონდენტთა 48% უყურებს. მათ შორის მაყურებელთა დიდი ნაწილი რუსული არხების მომხმარებელია.

„მედიის განვითარების ფონდის" 2016 წლის ანგარიშით, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი დეზინფორმაციულ გზავნილებზე საჯარო კომუნიკაციის მექანიზმებს არ იყენებს. კომუნიკაციის სტრატეგია კი უფრო მეტად არის ფოკუსირებული კეთილდღეობასთან დაკავშირებული გზავნილების კომუნიკაციაზე, ვიდრე იმ საერთო ღირებულებებზე, რომელსაც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა ეფუძნება.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ანტიდასავლური გზავნილების ხშირად გამეორება ეფექტს უკარგავს მთავრობის ძალისხმევას - სხვადასხვა საშუალებით გაავრცელოს სწორი ინფორმაცია.

კვლევების მიხედვით, ჰიბრიდულ ომში, რომელსაც რუსეთი რუსულენოვან სამყაროზე გავლენის მოხდენის მიზნით იყენებს, სხვადასხვა მედიაპლატფორმებია ჩართული.

ახერხებს თუ არა ხელისუფლება ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების შესახებ დეზინფორმაციასთან ეფექტიან ბრძოლას და რამდენად საკმრისია ძალისხმევა, რომელსაც ის იჩენს? არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გამოწვევებთან გასამკლავებლად ხელისუფლებას კომპლექსური მიდგომა და ერთიანი ხედვა არ გააჩნია.

რამდენად ძლიერია ევროინტეგრაციის მხარდაჭერა

 „ევროპის ფონდის“ მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ევროკავშირი დემოკრატიასთან ასოცირდება, თუმცა ამავდროულად დინამიკა აჩვენებს, რომ „2013-დან 2015 წლამდე 15%-ით გაიზარდა იმ ქართულენოვანი მოსახლეობის წილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს”. ფონდის განცხადებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ამ ჯგუფის  წარმომადგენლების ცოდნა ევროკავშირის შესახებ ჯერ კიდევ მწირია და მათ არასწორად ესმით ევროკავშირის მიზნები და ინტერესები.

2015 წლის გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 61% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას, ხოლო 11% - პირიქით, გაწევრების წინააღმდეგია. როგორც აღმოჩნდა, წინა წლებთან შედარებით ეს მონაცემი მნიშვნელოვნად გაუარესდა. კერძოდ: 2009-დან 2013 წლამდე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მხარს დაუჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას, ხვალ რომ ასეთი რეფერენდუმი ჩატარებულიყო, სტაბილურად 78%-სა და 80%-ს შორის იყო, მაშინ, როცა გაწევრების წინააღმდეგი გამოკითხულთა 2% გახლდათ.

„ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა რაოდენობის შემცირება ქართულენოვანი მოსახლეობის პოზიციის ცვლილებითაა გამოწვეული. ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა წილი თბილისში 89%-დან (2013) 77%-მდე (2015) შემცირდა, სხვა ქართულენოვან ქალაქებში 80%-დან (2013) 62%-მდე (2015) და 80%-დან (2013) და 57%-მდე (2015) - ქართულენოვან სოფლებში“, - ვკითხულობთ კვლევაში.

რამდენად ეფექტიანია სახელმწიფოს კომუნიკაციის სტრატეგია

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების შესახებ დეზინფორმაციასა და მითებს  სწორი ინფორმაციის გავრცელებით დაუპირისპირდეს.  2013 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ „ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ“ 2014-2017 წლების სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ერთ-ერთი საქმიანობა მოსახლეობის განწყობების შესწავლის მიზნით კვლევების ჩატარებაა, რომელთა შედეგებზე დაყრდნობითაც, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ამბობენ, ყოველწლიური სამოქმედო გეგმა დგება.

მეორე მხრივ, შემუშავებული გეგმის ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს აწყობს სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაქვემდებარებული „საინფორმაციო ცენტრი NATO-სა და ევროკავშირის შესახებ“, რომლის სამიზნე აუდიტორიას შორის არიან მასწავლებლები, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, სასულიერო პირები და ა.შ.

„საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგია 2013 წელს არის მიღებული და მასში არ არის ასახული ის საფრთხეები, რომელთაც დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ჰიბრიდული ომის კონტექსტში განიხილავენ. თუმცა ახალ გამოწვევებს არც ყოველწლიურად განახლებადი სამოქმედო გეგმა ასახავს“, - სწორედ ასე აფასებს კომუნიკაციის სტრატეგიას „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) ანგარიში, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციის 2014 და 2015 წლების სამოქმედო გეგმებს ეყრდნობა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დეპარტამენტი მედიაკონტენტს აანალიზებს, თუმცა დეზინფორმაციულ გზავნილებზე საჯარო კომუნიკაციის მექანიზმებს არ იყენებს.

„NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში“ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ მექანიზმად მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას ასახელებენ. ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჩაჩავა აღნიშნავს, რომ სხვადასხვა კვლევებით მტკიცდება, რომ მოსახლეობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი (75%-დან 80%-მდე) მხარს უჭერს ევროიტნეგრაციას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ემოციური მხარდაჭერა ინფორმირებული არჩევნით იყოს გამყარებული.

„გარდა იმისა, რომ მოქალაქე მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რატომ უჭერს მხარს. როდესაც ეს არჩევანი გააზრებული იქნება, რუსული პროპაგანდა, მითები, ვეღარ მოახდენს გავლენას“, -  ამბობს ქეთევან ჩაჩავა.

მისი თქმით, ცენტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა.

„შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, მასწავლებელი ან სასულიერო პირი უფრო ეფექტიანი ინფორმაციის გამავრცელებელი აღმოჩნდეს, ვიდრე თბილისიდან ჩასული მოწვეული სტუმარი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ადგილობრივი, სანდო პირების, იმ ადამიანების სწორად ინფორმირების მნიშვნელობა, რომელთაც ძალიან დიდი გავლენა აქვთ“, - ამბობს ჩაჩავა.

ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დათო ბაქრაძის თქმით კი, 2015 წლის კვლევის შედეგების გათვალისწინებით,  ევროინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტად მუნიციპალური სტრუქტურების მეტი ინფორმირება განისაზღვრა.

„მუნიციპალიტეტებსა და რწმუნებულთა აპარატებში მოადგილის დონეზე გამოიყო სტრატეგიულ კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პირები. მათთვის ინფორმაციის მისაწოდებლად რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. 2015 წელს 342 ასეთი აქტივობა გვქონდა, 2016 წელს კი - უკვე 400 ათასამდე. რაც შეეხება მოსახლეობასთან პირდაპირ კომუნიკაციას, გასულ წელს 43 400-მდე მოქალაქესთან გაიმართა შეხვედრა, წელს კი დაახლოებით 50 000-სთან“, - ამბობს ბაქრაძე.

MDF-ის გამგეობის თავმჯდომარე, თამარ კინწურაშვილი კი აღნიშნავს, რომ „NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს, თუმცა კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტი არ არის ერთიანად გააზრებული და საკითხისადმი მთავრობის ერთიანი მიდგომა არ ჩანს.

„საჭიროა კომუნიკაციის სტრატეგიის გადახედვა, რადგან იგი იმ პერიოდში შეიქმნა, როცა დასავლეთს რუსული პროპაგანდის საფრთხე არ ჰქონდა გააზრებული“, - ამბობს კინწურაშვილი.

შენიშვნას არ იზიარებს სახელმწიფო მინისტი დავით ბაქრაძე, რომელიც ამბობს, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ძალიან ცხადი გახდა ეს საკითხი, დაახლოებით ორი წლის წინ, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი შეიქმნა.

„მსგავსი ქვედანაყოფები შეიქმნა თავდაცვის სამინისტროში, პრემიერის აპარატში, საგარეო საქმეთა სამინისტროში. რამდენიმე თვით დავასწარით კიდეც ევროკავშირს აღმოსავლეთ სტრატეგიული კომუნიკაციის ქვედანაყოფების შექმნას. ამას დროში დაემთხვა NATO-ის სტრატეგიული ცენტრის დაფუძნება რიგაში. ჩვენ ურთიერთგაცვლით ფორმატში ვმუშაობთ როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასევე NATO-ის ქვედანაყოფებთან“, - ამბობს ბაქრაძე.

საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2016 წლის ივნისის კვლევის შედეგები ჩატარებული NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ

საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2016 წლის ივნისის კვლევის შედეგები ჩატარებული NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ

საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2016 წლის ივნისის კვლევის შედეგები ჩატარებული NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ

მისი განმარტებით, მიღებული ზომები სრულად შეესაბამება რეგიონში დღეს არსებულ გამოწვევებს.

„აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმშიც ცალკე ადგილი უკავია ახალი გამოწვევების იდენტიფიცირების ანალიზს და მათზე რეაგირებას, რაც სწორედ რომ ჰიბრიდულ საფრთხეებს ეხება“, - ამბობს ბაქრაძე.

ფონდ „ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის“ ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების დოკუმენტი უფრო პოზიტიურ დღის წესრიგს შეიცავს და რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ სათანადო იარაღი ვერ იქნება.

მისი თქმით, მთავრობას საგანგებო ძალისხმევა მართებს იმისთვის, რომ რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი აღმოჩნდეს.

იგი მიიჩნევს, რომ კომუნიკაციის სტრატეგია არ არის ის დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ არის მიმართული და პრობლემის წინააღმდეგ მხოლოდ ამ დოკუმენტით ხელმძღვანელობა შედეგს ვერ გამოიღებს.

„ჩვენ არ გვაქვს რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული კომპლექსური დოკუმენტები. რუსული აგრესიის წინააღმდეგ გარკვეული დოკუმენტები, რა თქმა უნდა, არსებობს და მათ მნიშვნელოვან ნაწილს გრიფით საიდუმლო ადევს. ისინი, ძირითადად, ოკუპაციას და სამხედრო პოლიტიკურ უსაფრთხოების გამოწვევებს ეხება. თუმცა ღია არხებით მოქმედებაზე საუბრისას ჩემთვის უცნობია რით ვხელმძღვანელობთ, როცა რუსული ფონდები იდეოლოგიური ამოცანების გადასაწყვეტად მუშაობენ“, - ამბობს ტუღუში.

დეზინფორმაცია ხელისუფლებიდან

თამარ კინწურაშვილის თქმით, საზოგადოება ხელისუფლებისგან ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების შესახებ წინააღმდეგობრივ გზავნილებს ისმენს, რაც დაბნეულობას იწვევს და ეფექტს უკარგავს ცალკეულ ღონისძიებებს, რომლებიც ხშირად ფრაგმენტული ხასიათისაა.

„როდესაც ერთი მინისტრი საუბრობს იმის შესახებ, რომ ჩვენი მომავალი  უკავშირდება ევროპულ ბაზარს და გამოდის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, რა რანგისაც არ უნდა იყოს, და ვლადიმერ პუტინის დაფუძნებულ პროპაგანდისტული მედიუმით - „სპუტკინით“ საუბრობს, რომ ჩვენი ხსნა არის რუსულ ბაზარში - ეს პრობლემაა. იმიტომ, რომ იმ ფერმერზე და იმ მასწავლებელზე გავლენა სწორედ ხელისუფლებას აქვს. როდესაც  წინააღმდეგობრივი გზავნილები ისმის ხელისუფლების მხრიდან, ეს იწვევს დაბნეულობას“, - ამბობს კინწურაშვილი.

ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლება თვითონ გამოდის ისეთი ინიციატივით, რომელიც შორს დგას ევროპული ღირებულებებისგან. „კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრის საკითხი თითიდან გამოწოვილი თემაა. სწორედ ეს არის რუსული პროპაგანდა - მგრძნობიარე თემებით სპეკულირება, სხვა არაფერი“, - ამბობს კინწურაშვილი.

საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატთა ევროსკეპტიკური და ხშირად დეზინფორმაციული გზავნილები საზოგადოებას არაერთხელ მოუსმენია. ამ მხრივ  განსაკუთრებით დეპუტატები - გოგი თოფაძე და თამაზ მეჭიაური გამოირჩეოდნენ.

თუმცა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ეს ცალკეული შემთხვევები იყო, რომლებიც პოლიტიკური გუნდის პოზიციას არ წარმოადგენს და „ქართულ ოცნებაში“ მსგავსი შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები აღარ იქნებიან.

„არა მგონია, რომ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა მომავალ პარლამენტში პირველი რიგის საკითხად განიხილონ. თუმცა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და პარლამენტმა მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა. ეს არის ჩვენი პოზიცია”, - უთხრა ბაქრაძემ „ლიბერალს“.

თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად გვახსენებს დაპირებას, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირად განისაზღვრება. ამ საკითხზე მმართველი გუნდი განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აკეთებდა აქცენტს.

მედია - ბრძოლა ღია არხებით

კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის (GNCC) დაკვეთით „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად,  უცხოურ არხებს რესპონდენტთა 48% უყურებს. უცხოური არხების მომხმარებელთა 34% НТВ-ს უყურებს, ОРТ-ს – 22%, თითქმის ყველა რუსულ არხს უყურებს 12%.

MDF-ის თანახმად, ქართულენოვანი მედიის შინაარსობრივი კვლევა ცხადყოფს, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროებად ხშირად სწორედ ქართულენოვანი მედიაგამოცემები გვევლინებიან, რომლებიც ან პირდაპირ ახდენენ რუსულენოვანი წყაროების იდენტიფიცირებას, ან ეთნონაციონალისტური და პატრიოტული პლატფორმით გამოდიან და არსობრივად იმავე ნარატივს იმეორებენ, რომელსაც რუსულენოვანი მედიაპლატფორმები ავრცელებენ.

თამარ კინწურაშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ დეზინფორმაციულ ტაბლოიდებს ბრძოლა გამოუცხადოს, იგი მათ ლეგიტიმაციას ახდენს.

„როდესაც ყოფილი პრემიერი „ასავალ-დასავალს“ ინტერვიუს აძლევს და მას ყველაზე ეროვნულ გამოცემას უწოდებს, სწორედ ეს არის პრობლემა. შეგვიძლია ვისაუბროთ „ობიექტივთან“ გაფორმებული ფინანსური კონტრაქტების მიზანშეწონილობაზეც. ბიუჯეტიდან სიძულვილის ენის დაფინანსება პრობლემაა - შესაძლოა, საზოგადოებაში არსებობდეს ასეთი წარმოდგენები, მაგრამ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. ხელისუფლება ამას კი არ ებრძვის, არამედ ახალისებს - სწორედ აქ ვხედავ ყველაზე დიდ პრობლემას“, - ამბობს კინწურაშვილი.

MDF: „ასავალ-დასავალში" რეკლამის განსათავსებლად მთავრობამ განკარგულება გამოსცა

დათო ბაქრაძე აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციულ გზავნილებზე უწყებას მყისიერი რეაგირება აქვს და თუ ცრუ ინფორმაცია ვრცელი დაფარვის მქონე მედიით ვრცელდება, რეაგირებაც შესაბამისია. მისი განმარტებით, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის კვლევები იმ საფრთხეებზე მიუთითებენ, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებში ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას და თითოეულ სეგმენტთან შესაბამისი კომუნიკაცია ხორციელდება.

მისი თქმით, დამზადდა 14 ვიდეორგოლი ევროპული ღირებულებებისა და ასოცირების შეთანხმების შესახებ, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გადიოდა და ეთერს მალე დაუბრუნდება.

იგი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას გამოყოფს და აღნიშნავს, რომ, სასულიერო პირებთან პირისპირ შეხვედრების გარდა, ამ ღონისძიებების ფარგლებში საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაზე“ ახალი სატელევიზიო პროდუქტიც შეიქმნა, რომელიც ეთერში უკვე გავიდა.

ვინ იქნება საპატრიარქოს დელეგაციაში, რომელიც NATO-სა და ევროკავშირში გაემგზავრება

თამარ კინწურაშვილი ყურადღებას ეთნიკური უმცირესობების ინფორმაციით უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ამახვილებს. იგი მიიჩნევს, რომ თუკი ტელევიზია ასეთ მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კონტენტს არ შესთავაზებს, სადაც საკუთარი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა მიეცემათ, დეზინფორმაციის პრობლემა დღის წესრიგში დარჩება, რადგან ისინი ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროებს მიმართავენ.

„სამოქმედო გეგმაში საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ არ ფიგურირებს. არადა, სწორედ მას აქვს განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულება, რომ უმცირესობების ენებზე, მათივე მონაწილეობით გადაცემების მომზადება უზრუნველყოს. საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც თავად განმარტეს, იყო გადაცემები უმცირესობებისთვის - „ჩვენი ეზო“, „იტალიური ეზო“, თუმცა ეს ფორმატი დახურეს. შეიძლება თქვა, რომ ხარისხი არ მოგწონს და შეცვალო. თქვეს, რომ ეს კომპონენტი სხვადასხვა გადაცემაში გაფანტეს და ცალკე გადაცემაზე უარი თქვეს, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. არის ცალკეული გადაცემები, თუმცა, თუ არ იქნება შესაბამისი თარგმანი, ეს მიზანს ვერ გაამართლებს“, - ამბობს კინწურაშვილი.

„NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში“ განმარტავენ, რომ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულების დეპარტამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს სანდო რუსულენოვანი წყაროების განვითარებაზე, შესაბამისად, ქართული მხარეც ცდილობს ამ მასალების მაქსიმალურად გამოყენებას.

„ჩვენ გავაკეთეთ ახალი ვებგვერდი, რომელიც ძალიან კარგია და გვაქვს სურვილი, რომ იგი ვთარგმნოთ ეთნიკური უმცირესობების ენებზე, აფხაზურად, რუსულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, რათა ეს გვერდი ინფორმაციის წყაროდ იქცეს“, - ამბობს ქეთევან ჩაჩავა.

თამარ კინწურაშვილი კი მიიჩნევს, რომ თავდაპირველად საფრთხეების განსაზღვრაა საჭირო, რათა მათ დასაძლევადა და  მიზნის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმო. მისი აზრით, კომუნიკაციის სტრატეგია თავიდან არის დასაწერი, ხოლო პროცესის კოორდინაციაში პრემიერ-მინისტრი პირადად უნდა ჩაერთოს.

მასალა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მარტი
27 მარტი

თეატრს ვუყვარვართ... იმდენად, რამდენადაც ...

იზაბელ იუპერის მიმართვა 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს 1962 წლის 27 მარტიდან მოყოლებული იუნესკო და თეატრის საერთაშ ...
24 მარტი
24 მარტი

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების მიმა ...

2017 წლის 22 მარტს ფსიქიატრთა საზოგადოების ყრილობა გაიმართა. ყრილობის მონაწილეებმა 9-პუნქტიანი მიმართვის ტექსტი მიიღეს, ...
23 მარტი
23 მარტი

საგზაო უსაფრთხოება ახალი ველოსიპედის შექ ...

ტერიტორიით საქართველოზე პატარა ჰოლანდიაში, სადაც 3 ჯერ მეტი მოსახლეობა ცხოვრობს, 9 მილიონი ავტომობილია და გზებზე მხოლოდ ...

მეტი

^