2016 წლის ნოემბერში თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მინდობით აღზრდის სერვისიდან გამოსული 5 წლის გოგონა ჩაირიცხა. ბავშვს დაუნის სინდრომი აქვს და მიმღებ ოჯახში, კიდევ 5 სხვა მცირეწლოვან, ასევე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად იზრდებოდა.
მცირეწლოვან გოგონას, რომელიც ჩვილ ბავშვთა სახლში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, ფიზიკური და გონებრივი განვითარების მკვეთრი ჩამორჩენა აქვს. ვერ დადის, ვერ ჯდება. მისი წონა 6 კილოგრამია.
სახალხო დამცველმა ოჯახი, სადაც 5 წლის გოგონა სხვა ბავშვებთან ერთად იზრდებოდა, დაუგეგმავად შეამოწმა. ომბუდსმენის წარმომადგენლების შეფასებით, მიმღებ ოჯახში ბავშვების უფლებები ირღვევა და ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგს არაეფექტურად ახორციელებს, ეს კი განსაკუთრებით ვნებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ამ შემთხვევაზე ამ დრომდე არაერთი განცხადება გავრცელდა.
კონკრეტული შემთხვევისა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგის შესახებ „ლიბერალმა” კითხვები სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელს, მარი წერეთელს დაუსვა.
- ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ მიმღებმა მშობელმა, რომელსაც მონიტორინგის დროს მინდობით აღზრდაში ერთდროულად 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჰყავდა, არ იცის დაუნის სინდრომის შესახებ, არ აქვს ინფორმაცია ფსიქო-მოტორული, ემოციური, სოციალური, კოგნიტური განვითარებისთვის საჭირო უნარებზე, არ იცის ბავშვებთან მუშაობა და, შესაბამისად, მათ ჯანმრთელობაზე სათანადოდ ვერ ზრუნავს. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი ბავშვი - 5 წლის გოგონა - ჩვილ ბავშვთა სახლში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. რამდენი ხანია, რაც ეს ქალბატონი მინდობით აღმზრდელის საქმიანობითაა დაკავებული. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის რა გამოცდილება აქვს მას? თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ მის შესახებ?
- 2008 წლიდან ამ ქალბატონს მინდობით აღზრდაში 17-მდე ბავშვი ჰყოლია. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები. ამ პერიოდიდან დღემდე 3 ტრენინგი გაიარა, მათ შორის შეისწავლა ამ ბავშვების უფლებების, მათი აღზრდა-განვითარებისთვის საჭირო მიდგომების შესახებ. მისგან რეინტეგრაციის პროგრამაში 3 ბავშვი ჩაერთო, 3 გაშვილდა. ერთ-ერთი ბავშვი კი თვითონ იშვილა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც უპირატესობა მას მივანიჭეთ, არის ის, რომ განათლებით ექთანია და ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება აქვს, აქვს სახელმწიფო აკადემიაში რეაბილიტაცია-მასაჟისტის დიპლომიც. გარდა ამისა, როდესაც მიმღებ ოჯახს ვარჩევთ, ვითვალისწინებთ მათ მხარდამჭერ სისტემასაც, ოჯახის წევრებს, მათი მხრიდან დახმარებისთვის მზადყოფნას და ა.შ. ამ ქალბატონს ბავშვების აღზრდაში ძალიან ეხმარება მისი ზრდასრული შვილი და დედა, რომელიც ბავშვებს უკითხავს წიგნებს, უვლის და მაქსიმალურად ჩართულია მათ აღზრდაში. ოჯახს საოჯახო საქმეებისთვის ცალკე დამხმარე ჰყავს.
- თუმცა 5 წლის გოგონას ჩვილ ბავშვთა სახლში გადაყვანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გახდა აუცილებელი. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ ბოლო წლებში განსაკუთებით დაიკლო წონაში, აწუხებდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე ბრონქიტი, ანემია დაუზუსტებელი; მიმღები მშობელი ვერ ახერხებდა მის განვითარებაზე ზრუნვას. რა სახის პრობლემები აწუხებდა გოგონას ამ ხუთი წლის განმავლობაში, რაც ის მინდობით აღზრდაში იყო? ხშირად ხვდებოდა თუ არა საავადმყოფოში? რა ინფორმაციას ფლობთ ბავშვზე?
- ამ ბავშვს დაბადებიდან გულის პრობლემები ჰქონდა. თვეში ერთხელ ექიმის ვიზიტის შედეგად წყდებოდა, რა სამედიცინო მომსახურებას საჭიროებდა. ექიმი მიმართავდა სპეციალისტს და შემდეგ, პრობლემების მიხედვით ამბულატორიაში მყოფი ყველა სპეციალისტი საჭირო მომსახურებას უწევდა მას. გულის პრობლემების გამო მცირეწლოვან გოგონას ხშირად უწევდა საავადმყოფოში წოლა და მედიკამენტების მიღება. შესაბამისად, ჰქონდა კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რის გამოც წონაში დაიკლო. მისი ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობა არ ნიშნავს მიმღები ოჯახის მხრიდან უგულებელყოფას ან ძალადობას, როგორც ამას სახალხო დამცველის აპარატი აღწერს. ესაა სამწუხარო რეალობა, რის გამოც, ბავშვი დასუსტდა და საბოლოოდ, მოხდა ის, რაც მოხდა.
- სახალხო დამცველის მონიტორები იმაზეც საუბრობენ, რომ ერთ ოჯახში 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ყოლა არასწორია და ეს მათ განვითარებას უშლის ხელს, რადგან ასეთ დროს მიმღები მშობლისთვის რთულია ყველასთვის სათანადო მომსახურების გაწევა.
- ეს არის სახალხო დამცველის ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენც მაქსიმალურად ვიზიარებთ. ვთვლი, რომ ერთ ოჯახში ერთდროულად 6 და 7 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი არ უნდა იყოს, მაგრამ ამასაც თავისი მიზეზები აქვს. საქართველოში ბევრი მიმღები ოჯახი გეგულებათ, ვინც შშმ ბავშვებს მოუვლის და აღზრდის? ჩვენ ასეთ ბევრ ადამიანს ვერ ვპოულობთ, ამ ქალბატონმა კი გამოთქვა სურვილი, ჰქონდა გამოცდილებაც. სააგენტო კი მაქსიმალურად ცდილობს, მონიტორინგის პარალელურად, ხელი შეუწყოს, რომ ბავშვების ინტერესები სრულად იყოს დაცული.
- რაც შეეხება დანარჩენ ბავშვებს. ჩვილ ბავშვთა სახლში გადაყვანილ გოგონასთან ერთად ამ ოჯახში კიდევ 5 შშმ ბავშვია. ომბუდსმენის განცხადებაში მთელი რიგი დეტალები იყო ჩამოთვლილი. მაგალითად, საუბარი იყო იმაზე, რომ ორი ბავშვი სასკოლო ასაკისაა, თუმცა სკოლაში არ დადიან; ასევე, “საცხოვრებელი სახლს აქვს ეზო, რომელიც არ არის კეთილმოწყობილი. საფარი აყრილი და უსწორმასწოროა. შესაბამისად, არ არის უსაფრთხო ბავშვების გადაადგილებისთვის”; ორი ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს საწოლში ან ჭოჭინაში ატარებს. ისინი ვერ გადაადგილდებიან. მონიტორინგის დროს, შვილობილებსა და მიმღებ მშობელს შორის ურთიერთობის პროცესზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ მათთან ფაქტობრივად არ აქვთ კომუნიკაცია; ასევე ბავშვები გამოსცემენ ცალკეულ ბგერებს, რომლებიც დაცლილია ლინგვისტური შინაარსისაგან. განსაკუთრებით თვალშისაცემია მსხვილი და ნატიფი მოტორიკის განვითარების პრობლემები, ქვედა კიდურების სისუსტე, ფიზიკურ განვითარებაში მკვეთრი ჩამორჩენა და მსგავსი დეტალები, რომელიც ბავშვების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია:
- მას შემდეგ, რაც 5 წლის გოგონა ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, ამ ოჯახში 4 ბავშვი დარჩა (ერთი ბავშვი სახალხო დამცველის მონიტორინგის დროს დროებით მინდობით აღზრდაში სულ რამდენიმე დღე იყო). ოთხივე მათგანს დაუნის სინდრომი აქვს. 2 ბავშვს შშმ სტატუსი ასაკის გამო არ აქვს (დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს 3 წლამდე სტატუსი არ ენიჭებათ). ერთი ბავშვი სკოლაში შევიდა,მეორე სასკოლო ასაკისაა, თუმცა, ჯერ ადრეული განვითარების პროგრამაშია. სახალხო დამცველს ვეთანხმები, რომ ამ ბავშვების განვითარებისთვის მეტის გაკეთებაა საჭირო, ამაში ალბათ გარკვეული ხარვეზების პოვნა შეიძლება. მაგრამ, არ ვეთანხმები ისეთ საკითხებში, რომლებიც ბავშვების მოტორიკის, და ზოგადად, ფიზიკურ განვითარებას ეხება. ოჯახმა ტრენინგის გავლის შემდეგ, სახლში ისეთი ადაპტირებული სათამაშოები, სავარძლები და საქანელები შეიძინა, ბავშვები მაქსიმალურად დატვირთულები არიან. ასევე ომბუდსმენს ეწერა, რომ ეზო არაა კეთილმოწყობილი. ასე არაა, ნებისმიერი ეზო შეიძლება იყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი.
- დაბოლოს, ზოგადად, კონკრეტულმა შემთხვევამ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს მისცა იმის უფლება, რომ კიდევ ერთხელ ესაუბრათ მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგის მხრივ არსებულ პრობლემებზე.
- გავიმეორებ, რომ არსებობს საკითხები, რომლებთან მიმართებაშიც სახალხო დამცველის კრიტიკას ვიზიარებთ და ზოგ საკითხში კი კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ამ ოჯახის შემთხვევაში, აღვნიშნე, რომ ნამდვილად ხარვეზია მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების რაოდენობის საკითხი და ამაზე ვმუშაობთ. მომავალში ახალი კანონპროექტის მიხედვით, ოჯახში 4-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მინდობით აღზრდაში გაშვება არ მოხდება. მაგრამ ომბუდსმენს არ დავეთანხმები, რომ ზოგადად, მონიტორინგის სისტემა გაუმართავია. ეს ასე არაა. ჩვენ გვაქვს კონტროლის დეპარტამენტი. ეს სამსახური სახალხო დამცველმა შარშან შექმნა. გარდა ამისა, კონკრეტულად ამ ოჯახში არსებული მდგომარეობის შესასწავლად რამდენჯერმე საერთაშორისო ორგანიზაციაც იმყოფებოდა. ჩვენთვის არცერთი მიმღები მშობელი არაა ავტორიტეტი და თვალს არ დავხუჭავდით გარკვეულ ხარვეზებზე, როცა საქმე ბავშვების ინტერესებს ეხება. ამასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტო აპირებს ომბუდსმენთან შეხვედრას, სადაც დეტალებზე უკეთესად ვილაპარაკებთ.
ამავე თემაზე: ომბუდსმენი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დაიცვას ერთ-ერთ მიმღებ ოჯახში 5 შშმ ბავშვის ინტერესები
2. დაუნის სინდრომის მქონე 6 ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - „დაუნის სინდრომის ასოციაცია“ მთავრობას