Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასკოლო განათლება - რატომ არის მნიშვნელოვანი დიფერენცირებული მიდგომა

27 ივნისი 2017

საქართველოში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები საბუნებისმეტყველო საგნებში, მათემატიკასა და წიგნიერებაში მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო ნიშნულს. ამას ადასტურებს საერთაშორისო კვლევებისა და სახელმწიფო შეფასების შედეგები.

განსხვავებულია მოსწავლეთა მიღწევები სკოლის ტიპის, ადგილმდებარეობის, ეთნიკური მიკუთვნებულობის თუ სხვა ნიშნის მიხედვით. მაგალითად, სოფლის სკოლებს უარესი შედეგები აქვთ ვიდრე ქალაქისას; საჯარო სკოლების მოსწავლეთა შედეგები კი ჩამორჩება კერძო სკოლის მოსწავლეთა შედეგებს; ხოლო არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეთა მიღწევები უფრო დაბალია, ვიდრე ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისა.

ეს შედეგები მნიშვნელოვანია სასკოლო განათლებაში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად.

საქართველოში 2000-ზე მეტი სკოლაა.  სკოლებს  განსხვავებული გამოწვევები და საჭიროებები აქვთ,  იქნება  ეს სასწავლო პროცესის მართვა, პედაგოგების კვალიფიკაცია, სასწავლო რესურსები, ინფრასტრუქტურა  თუ სხვა.  შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტორები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზეც განსხვავებულ გავლენას ახდენს. 

დარგის სპეციალისტების შეფასებით, მიუხედავად სკოლების ასეთი მრავალფეროვნებისა, განათლების არსებული სისტემა სკოლებს ძირითადად უნიფიცირებულ მიდგომას სთავაზობს - საერთო სქემა ყველა სკოლისთვის. მაშინ, როდესაც მათი განსხვავებული საჭიროებები, დიფერენცირებული მიდგომის გამოყენებას მოითხოვს.

მოსწავლეთა მიღწევების შეფასება კიდევ ერთხელ გახდა იმის შესახებ მსჯელობის მიზეზი - ხომ არ არის საჭირო, სახელმწიფომ მეტი იფიქროს განათლების სისტემაში დიფერენცირებული მიდგომის პოლიტიკის დანერგვაზე.

მოსწავლეთა მიღწევები - საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასების შედეგები

სკოლის მოსწავლეების დონეს საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევები აფასებს. ბოლო ასეთი შეფასება 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, სად არის ქვეყანა გლობალურ კონტექსტში სასკოლო განათლების კუთხით, ხოლო სახელმწიფო შეფასება ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება.

2015 წელს ჩატარდა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS) მე-4 და მე-8 კლასებისთვის. ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში არსებითად ჩამორჩება  საერთაშორისო საშუალო ნიშნულს როგორც მე-4, ისე მე-8 კლასში.

მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22%  და მერვეკლასელთა 28% მათემატიკის მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს. თითქმის იგივე შედეგია ბუნებისმეტყველებაში, მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 26% და მერვეკლასელთა 30%-ს არ აქვს ბუნებისმეტყველების მინიმალური ცოდნა. მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები უარესდება.

TIMSS-ის კვლევის თანახმად, მე-4 კლასის მოსწავლეების დაბალ და დაბალ საფეხურს მიღმა მყოფი სოფლად მცხოვრები მოსწავლეების რაოდენობა (68%) მეტია ქალაქად მცხოვრებ მოსწავლეებზე (48%). მათი უმრავლესობა (56%) საჯარო სკოლაში სწავლობს. სოფლისა და ქალაქის სკოლების, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის მკვეთრი განსხვავებაა.

მეორე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა PISA, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას - რამდენად შეუძლიათ მათ ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავება იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს. 2015 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსწავლეთა ნახევარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში საბაზო კომპეტენციებს არ ფლობს.

საყურადღებოა სახელმწიფო შეფასების შედეგებიც. სახელმწიფო შეფასების მიზანია, აჩვენოს რამდენად დაშორდა მიღწეული შედეგები ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. ამისათვის მე-9 კლასის მოსწავლეების მიღწევებს აფასებს რამდენიმე საგანში. ესენია: მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია  და ფიზიკა

მე-9 კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზე მათემატიკაში მოსწავლეთა 30.3% ვერ ახერხებს, ფიზიკაში მოსწავლეთა 34,8%, ქიმიაში 49,1%, ხოლო ბიოლოგიაში 13,3% .

სახელწმიფოს შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სოფლად მცხოვრები მოსწავლეების მიღწევები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქალაქში მცხოვრები თანატოლების მიღწევებს.

კვლევის  ავტორების შეფასებით, სწორედ ეს განსხვავებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ თანასწორობა განათლების ხარისხთან ერთად სასკოლო განათლების სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

რამდენად გვჭირდება დიფერენცირებული მიდგომა  სასკოლო განათლებაში

განათლების სისტემა სკოლებს ძირითადად საერთო, უნიფიცირებულ მიდგომას სთავაზობს. მართვის სწორედ ეს საერთო სქემა სკოლებს ნაკლებად აძლევს საშუალებას კონკრეტულ საჭიროებებზე ფოკუსირდნენ, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები გამოწვევების შესაბამისად და დამოუკიდებლად განვითარდნენ; განათლების პოლიტიკა აგებულია კონტროლზე და ნაკლებად სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე მრავალოფეროვანი მხარდაჭერის მექანიზმების ამოქმედებაზე.

ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც ოფიციალურად ცვლილებები 6 წელში ერთხელ შედის, სასკოლო განათლების მთავარი დოკუმენტია.  სკოლებიც ძირითადად ამ დოკუმენტით განსაზღვრულ გეგმას მიჰყვებიან.

სკოლის დირექტორების ნაწილი ფიქრობს, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასახულია ყველა ის ძირითადი მიზანი, რომელსაც სკოლა  სასწავლო პროცესში უნდა უსახავდეს თავის თავს, თუმცა, დიფერენცირებული მიდგომის მნიშვნელობაზეც საუბრობენ.

დაბა მესტიის  პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნანა რატიანი ამბობს, რომ პერიოდულად სასწავლო გეგმაში ცვლილებები შედის, რაც საშუალებას აძლევს პედაგოგებს მიიღონ მონაწილეობა პროცესში, მოსაზრებები დააფიქსირონ და ცვლილებებიც სკოლის საჭიროებებს მოერგოს. თუმცა, ამბობს, რომ  თუკი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნებოდა, აუცილებლად გაზრდიდა საათებს საბუნებისმეტყველო საგნებში და ქართულ ენაში. მისი თქმით,  სკოლაში ამ ეტაპზე ამის საჭოროებას ხედავს და ეს მშობლების მოთხოვნაცაა. იმედოვნებს, რომ სასწავლო გეგმაში  მორიგი ცვლილებებისას  ამასაც გაითვალისწინებენ.

სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის დირექტორი თამრიკო ფოჩხუაშვილი კი სკოლაში უცხო ენების სწავლების გაძლიერების საჭიროებას ხედავს, მაგრამ სკოლას იმდენად მცირე რესურსი აქვს, თუკი გეგმაში საათების დამატების ცვლილებები არ შევა, სკოლა დამოუკიდებლად ამას ვერ შეძლებს. ასევე,  ამბობს, რომ სასკოლო კალენდარსაც შეცვლიდა და სწავლას მაისში დაასრულებდა, რადგან  მომრავლებული ქვეწარმავლების გამო სოფელში სიცხეში ბავშებისთვის სკოლაში სიარული სახიფათოა.

საჯარო სკოლისთვის სწავლის დაწყების,  დასრულებისა  და არადადეგების პერიოდი საერთოა და ერთნაირად რეგულირდება. განათლების სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით მოუხერხებელია რეგიონებში მდებარე სკოლებისთვის, სადაც განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური პირობები თუ  თემში არსებული საჭიროებები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე აყენებს სკოლებს.

ირმა ომანაძე თბილისში  ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლის დირექტორია. როგორც ის ამბობს, სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო პროცესი მოსწავლეებზე ორიენტირებული უნდა იყოს, რაც გულისხმობს, რომ მოსწავლის შესაძლებლობის გათვალისწინებით მასწავლებელმა დიფერენცირებული სასწავლო აქტივობები უნდა შესთავაზოს მოსწავლეს. ის ფიქრობს, რომ სასწავლო გეგმა არ ზღუდავს სკოლას თავისი საჭიროებიდან გამომდინარე წარმართოს სასწავლო პროცესი: „სისტემა მოქნილია. სკოლას არ სჭირდება არც სამინისტროს და არც ზემდგომი ორგანოების თანხმობა იმისათვის, რომ დიფერენცირებულად ასწავლოს“, - ამბობს 166-ე სკოლის დირექტორი.

სკოლის დირექტორები მიიჩნევენ, რომ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ბევრ სოციალურ ფაქტორთანაც არის კავშირში, თუმცა, აღიარებენ, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს სკოლა ასრულებს.

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმ მახასიათებლებზე, რომლებიც მოსწავლეთა დაბალ მიღწევებს და შედეგებში განსხვავებებს იწვევს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სკოლაში გატარებული დროის სიმცირე, რადგან სოფელში მოსწავლეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვა უწევდეს.  მიზეზი შეიძლება იყოს სიღარიბეც, რადგან სოფლის ტიპის დასახლებაში ოჯახები უფრო მეტად იყენებენ ბავშვთა შრომას, ვიდრე სხვაგან. ასევე, მასწავლებლების კვალიფიკაცია სოფლებში საშუალოდ შეიძლება უფრო დაბალი იყოს, ვიდრე ქალაქში, ან შესაძლოა მშობლებს ნაკლები მოტივაცია ჰქონდეთ.

ჯანაშიას აზრით, რადგან პრობლემები განსხვავებულია, პედაგოგიური მიდგომებიც უნდა განსხვავდებოდეს და ზოგადად სისტემის მართვაც სხვაგვარი უნდა იყოს. იქ, სადაც კონკრეტული პრობლემებია, კომპენსირება უნდა ხდებოდეს იმ დანაკლისებისა, რომლებიც მოსწავლეებს საგანმათლებლო პროცესში ჰქონდათ. როგორც ის ამბობს, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირად სახელმწიფო სკოლებს სწორედ ამ კონკრეტული პრობლემების დაძლევაში ეხმარება.

სიმონ ჯანაშია იხსენებს, რომ დიფერენცირებული მიდგომის მაგალითები არსებობდა წარსულში, რომელზეც სახელწმიფომ დაუსაბუთებელი უარი თქვა. მაგალითად, სასკოლო კალენდარი. 2005-2006 წელში მოქმედებდა სქემა, როცა სახელწმიფო მინიმალურ სასწავლო დღეებს განსაზღვრავდა - სკოლები თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებას სწავლის დაწყება-დამთავრების და არდადეგების შესახებ.  მაგრამ როგორც განათლების მკვლევარი აღნიშნავს, ამან პრობლემები ბიუროკრატებს შეუქმნა, რადგან მაგალითად, მათ უნდოდათ, სცოდნოდათ, რომელი სკოლა როდის ამთავრებდა სწავლას, რომ მოულოდნელ შემოწმებაზე მისულებს იქ არდადეგები არ დახვედროდათ. მისი თქმით, ამაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას რეალურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა  განათლების ხარისხის ამაღლებასთან ან მოსწავლეებისთვის უკეთესი პირობების შექმნასთან, ის უბრალოდ ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზად ესახებოდა მთავრობას. ასევე, არსებობდა სისტემა, როდესაც მასწავლებლები საგნობრივ კათედრაზე თავად წყვეტდნენ, რა კომპონენტით შეაფასებდნენ მოსწავლეებს, მაგრამ პედაგოგების ნაწილმა ეს გააპროტესტა. სახელწმიფოს პასუხი კი ამაზე იყო უნიფიცირება და დღეს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით,  ყველა საგანში და  ყველა კლასში, სადაც ნიშნები იწერება მოსწავლეები ერთნაირი კრიტერიუმით ფასდება.

განათლების მკვლევარი ამბობს, რომ უნიფიცირებული მიდგომა მარტივია სახელმწიფოსთვის, მას უადვილდება ცენტრალიზებული მართვა და წვდომა აქვს ყველა საჭირო ინფორმაციაზე.

„კიდევ ერთი პრობლემა, რისიც სახელმწიფოს ეშინია (ზოგ გადაწყვეტილების მიმღებს მართლა ეშინია, ზოგი კიდევ იყენებს  ამ არგუმენტს, რომ არაფერი შეცვალოს) სკოლების თავისუფლებაა. რადგან სკოლები მიიღებენ არასათანადო გადაწყვეტილებას და მერე ეს საზიანოდ იმოქმედებს მოსწავლეებზე. როცა ესაუბრები ასეთ ადამიანებს და უხსნი, რომ არსებობს კარგი სკოლები, რომლებსაც სჭირდებათ თავისუფლება იმისთვის, რომ  განვითარდნენ (მათ აქვთ საკმარისი ადამიანური რესურსიც,  კომპეტენციაც - მიიღონ გადაწყვეტილება), მათი პასუხია - რა ვქნათ, უმრავლესობას ეს არ აქვს და მოდი, შევზღუდოთ მანამ, სანამ უმრავლესობა არ იქნება მზად.  ეს არასწორი მიდგომაა. დიფერენცირების პოლიტიკა სწორედ იმას  გულისხმობს, რომ თავისუფლება მისცე იმას, ვისაც უნდა და შეუძლია, სხვებს კი - დაეხმარო შესაძლებლობების გაზრდაში. თავისუფლება არ არის ერთადერთი დიფერენცირების შედეგი. მაგალითად, პედაგოგების წახალისებაც სხვადასხვანაირი უნდა იყოს. დღეს, სამწუხაროდ, ყველაფერი უნიფიცირებულია“, - ამბობს სიმონ ჯანაშია.

განათლების მინისტრის ინიციატივით, გასული წლის ბოლოს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა, რომელიც სკოლების ტიპებად დაყოფას გულისხმობდა. ძირითადი კრიტერიუმი მოსწავლეთა რაოდენობაა, რის მიხედვითაც სკოლა მცირე საშუალო და დიდ სკოლებად დაიყოფა. თავად ცვლილებების ავტორები ამას დიფერენცირებული მიდგომისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

სიმონ ჯანაშია კი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი წარუმატებელი იქნება, რადგან არ ითვალისწინებს დიფერენცირების სხვადასხვა მიდგომებს, მაგალითად, შეიძლება სკოლა, რომელსაც სასწავლო პროცესის მართვა კარგად შეუძლია,  ვერ ახერხებდეს ფინანსურ მართვას და მას ამ ნაწილში მეტი მხარდაჭერა და კონტროლი დასჭირდეს. ასევე, კლასიფიცირება და სკოლების ტიპებად ბიუროკრატების მიერ დაყოფა, სკოლებს შორის რიგ პრობლემების გამოიწვევს - ვინ რომელ ჯგუფში მოხვდება. ჯანაშიას აზრით, უმჯობესი იქნება, თავად სკოლებს ჰკითხონ რომელ ჯგუფში უნდათ მოხვედრა და აქვთ თუ არა ამის შესაძლებლობა.  გადაწყვეტლების მიმღებები სწორედ ამ შესაძლებლობებსა და მოტივაციაზე დაყრდნობით განსაზღვავენ, რა ტიპის პოლიტიკით დაეხმარებიან, გააკონტროლებენ თუ წაახალისებენ სკოლებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და საგნობრივი დეპარტამენტის უფროსი ია კუტალაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ აუცილებელია სახელმწიფო დიფერენცირებულად მიუდგეს სკოლებს;  დაეხმაროს მათ, ვისაც სჭირდება და მეტი თავისუფლება მისცეს მათ, ვისაც ეს დახმარება ნაკლებად სჭირდება. ის მიიჩნევს, რომ განათლების პოლიტიკის არსი ახლა უნდა იყოს ის, რომ პირველ რიგში პრიორიტეტული პრობლემები მოგვარდეს.

ია კუტალაძე სკოლის მიტოვების მიზეზების კონტექსტშიც განიხილავს  დიფერენცირების პოლიტიკას და ამბობს, რომ, რადგან სწავლის შეწყვეტის მიზეზები სხვადასხვაა,  დიფერენცირებული მიდგომა სკოლების მიმართ გამოსავალი იქნებოდა.  მისი თქმით, შეუძლებელია ყველა პრობლემა ერთი და იმავე მეთოდით მოგვარდეს, შესაბამისად, საჭიროა პრობლემების ანალიზი და ინდივიდუალური ჩარევა. 

მონაცემები საჯარო სკოლებიდან - რატომ ტოვებენ ბავშვები სკოლას?

რატომ ტოვებენ ბავშვები სკოლას

უსაფრთხო სკოლა - გამოწვევები და შეფასებები

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 აგვისტო
15 აგვისტო

ადამიანებზე მორგებული სატრანსპორტო პოლიტ ...

გასულ კვირას გორის საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა ქალაქში სატრანსპორტო სამსახურის გაუქმება მოითხოვა და ულტიმატუმის ფორმი ...
11 აგვისტო
11 აგვისტო

საქართველო შემოდგომით, 1983

რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ და მისი თანამედროვე კონტექსტი იმ ოთხი ფილმიდან, რომლითაც წელს საქართვე ...
08 აგვისტო
08 აგვისტო

ბახალას საქმე

„მე დამაყენეს არჩევნის წინაშე - ადამიანურ ღირსებას, მორალსა და თავისუფლებას შორის“, -  აღნიშნა გიორგი გ ...

მეტი

^