Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქვს თუ არა შანსი თბილისის ისტორიულ ნაწილს მოხვდეს UNESCO-ის სიაში

17 ივლისი 2017

ძველი თბილისის ისტორიული ნაწილი UNESCO-ში მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხისთვის 2000-იანი წლების დასაწყისში წარადგინეს. რამდენად აქვს შანსი ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილს მოხვდეს UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, ამის შესახებ „ლიბერალს“ ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელი  ესაუბრა.

თამარა ამაშუკელის თქმით, წლების წინ მოწვეული იყვნენ ექსპერტები, რომლებმაც თქვეს, რომ ძველ თბილისს აქვს მაღალი ისტორიულ-კულტურული ღირებულება და ის იმსახურებს მოხვდეს UNESCO-ის ისტორიულ ქალაქთა სიაში. თუმცა ამისთვის მათ მოითხოვეს გარკვეული დოკუმენტაცია და საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა.

„2005 წლიდან თითქოს ამაზე მუშაობა დაიწყო, დაიწყო ისტორიულ-კულტურულ საყრდენ გეგმაზე მუშაობა, თუმცა 2007 წლის ბოლოს, 2008 წლისთვის ეს ყველაფერი დასრულდა. უკვე აღარავის გამოუყენებია არც ის კულტურული საყრდენი გეგმა და აღარავის უფიქრია, რა არ შეიძლებოდა გაკეთებულიყო ძველ თბილისში, რომ საფრთხე არ შექმნოდა UNESCO-ის სიაში მის შესვლას“, - თქვა ამაშუკელმა.

მისი თქმით, UNESCO-ს აქვს 3 ტიპის კატეგორია: სიაში მყოფი ძეგლები, საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლები და ბოლო კატეგორია - ლოდინის რეჟიმში მყოფი ძეგლები, რომელშიც თბილისი ახლა იმყოფება. ლოდინის რეჟიმში მყოფი ძეგლების მიმართ UNESCO-ს გარკვეული მოთხოვნები აქვს.

„დღეს თბილისი არის ამ მოლოდინის რეჟიმში - რატომ არ ააქტიურებს ის ინსტიტუციები (კულტურის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია), რომლებსაც  ამ საკითხზე მუშაობის ვალდებულება აქვთ, ამ კუთხით მუშაობას? კითხვაზე პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ UNESCO-ს აქვს ბევრად უფრო მკაცრი რეგულაციები. ჩვენ არათუ UNESCO-ის რეგულაციებს, არამედ ჩვენი კანონმდებლობით არსებულ რეგულაციებსაც ვერ ვიცავთ. ქალაქი სხვა მიმართულებით ვითარდება, ქაოსურად,  დეველოპერებზე და მენაშენებზეა გათვლილი“, - ამბობს ამაშუკელი.

ამაშუკელის თქმით, ძველი თბილისის ნაწილს აქვს შანსი მოხვდეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, თუმცა  „პანორამა თბილისის“ პროექტმა ეს შანსი მინიმუმამდე დაიყვანა.

„ჯერ კიდევ არის შანსი, მაგრამ ეს შანსი მინიმალურია. იმიტომ, რომ მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ისევ უნდა მოვიწვიოთ ექსპერტები, თავიდან უნდა შეფასდეს თბილისი და ისინი იტყვიან შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება. პროცესს სჭირდება გააქტიურება, ამ პროცესს სჭირდება პოლიტიკური ნება, საგარეო სტრუქტურებთან, პარლამენტში თუ სხვადასხვა უწყებაში მუშაობა. სამწუხაროდ, ამ  პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავთ და, სავარაუდოდ, ვერც დავინახავთ, რადგან ეს ყველაფერი არავის სჭირდება. „პანორამამ“ მინიმუმამდე შეიძლება დაიყვანოს და დაიყვანა კიდეც ეს შანსი. ვფიქრობ, იმ ზონით, რა ზონითაც  უნდა შესულიყო  და რეკომენდაციები იყო,  შეუძლებელია ნომინირება“, - ამბობს ამაშუკელი.

ამაშუკელის თქმით, თბილისს აქვს სპეციფიკური სტრუქტურა და შენობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიულად და არქიტექტურულად, არამედ მისი ლანდშაფტთან კავშირის გამო, რასაც, მისი თქმით, „პანორამა თბილისის“ პროექტი არღვევს. როგორც ის ამბობს, სწორედ ამ ლანდშაფტის დაცვის გამო 1980-იან წლებში შეიქმნა ლანდშაფტის დაცვის ზონა, რომ არ დარღვეულიყო არქიტექტურისა და ლანდშაფტის კავშირი, სადაც ახლა მიმდინარეობს „პანორამა თბილისის“ პროექტზე მშენებლობა.

„ბევრს საუბრობენ, რას გვაძლევს UNESCO? რა გვინდა UNESCO-ში? ეს არის ერთგვარი პრესტიჟი, დიდი პატივი, როცა მსოფლიო  ორგანიზაციები კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად გაღიარებენ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ გვაქვს  ძეგლები, რომლებსაც მსოფლიო ისტორიის შექმნაში უდევთ წილი. ამაზე მეტი კულტურულმა მემკვიდრეობამ რა უნდა ქნას?! UNESCO ქვეყნის პიარისთვის, ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა ამაშუკელმა.

თბილისის ისტორიული ნაწილის UNESCO-ის ნუსხისთვის ნომინირების საკითხზე  „ლიბერალს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს UNESCO-ისა და  სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი მანანა ვარძელაშვილი  ესაუბრა.

მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ეს არის რთული პროცესი, რომელსაც დიდი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი სჭირდება.

„წინასწარულ ნუსხაში თბილისის ისტორიული ნაწილი დღესაც წარმოდგენილია. თბილისის ისტორიული ნაწილი 2000 წელს მსოფლიო ნუსხისთვის ნომინაციის სახით იყო, მაგრამ ეს ნომინაცია ქვეყანას გადასამუშავებლად დაუბრუნდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა აღიარა თბილისის გამორჩეული ღირებულება, რადგანაც სხვა შემთხვევაში უარყოფდა.

თითოეულ ნომინაციას დიდი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი სჭირდება, სჭირდება ძალების კონსოლიდირებაც, რაც რთული პროცესია. ჩვენ აქამდე გელათზე ვიყავით ფოკუსირებული, მის რენომინირებაზე, UNESCO-სთან გამოსწორებით ღონისძიებაზე ვმუშაობთ“, - ამბობს ვარძელაშვილი.

„ლიბერალის" შეკითხვაზე - ამცირებს თუ არა „პანორამა თბილისის“ პროექტი ისტორიული თბილისის შანსებს, მოხვდეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში - ვარძელაშვილი პასუხობს, რომ ეს საკითხი საჭიროებს კვლევას, რომ ის მის კომპეტენციაში არ შედის და ის მას არ იცნობს.

„პანორამა თბილისის“ საკითხს მე არ ვიცნობ, რადგან ეს საკითხი არის მერიის კომპეტენცია  და ჩემი სამსახურიდან  სხვა წარმომადგენლები არიან ჩართული. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ეს პროექტი შესაფასებელია მთლიან კონტექსტში და ამასთან დაკავშირებით არის ჩასატარებელია კვლევა“, - თქვა ვარძელაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიაში კი „ლიბერალს" განუცხადეს, რომ თბილისის ისტორიული ნაწილის UNESCO-ში ნომინირების საკითხზე უნდა დავკავშირებოდით კულტურის სამინისტროს. 

იუნესკოს გადაწყვეტილებით, გელათის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დარჩება

ბაგრატის ტაძარი UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო

3 ძეგლი UNESCO-ს სიაში - როგორ იცავს საქართველო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივლისი
20 ივლისი

ტალანტებიც და თაყვანისმცემლებიც

საოპერო სეზონის დასასრულ ახალგაზრდა თაობის მომღერლებმა მსმენელს სიუპრიზი მოუწყვეს
19 ივლისი
19 ივლისი

ქართულ ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნი ...

„ვესტუსის გამოყენებით ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება ენერგოდამოუკიდებელი“
18 ივლისი
18 ივლისი

სოციალური მუშაკის რთული მისია

არაერთმა სოციალურმა მუშაკმა დატოვა სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში. მიზეზად გადატვირთუ ...

მეტი

^