Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეიცვალა თუ არა ლენტეხის რაიონში სახლში გამოკეტილი 8 ბავშვის მდგომარეობა

02 მარტი 2018
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშილი

ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ფართო საზოგადოებამ ლენტეხის რაიონის სოფელ რცხმელურში მცხოვრები რვა ბავშვის მდგომარეობის შესახებ შეიტყო. ბავშვებს,  მამის გადაწყვეტილებით, სკოლაში არასოდეს უვლიათ და ოჯახის წევრების გარდა, ურთიერთობა არავისთან აქვთ. 

მედიაში გასული სიუჟეტის შემდეგ შემთხვევით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები დაინტერსდნენ 

მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ომბუდსმენის აპარატმა. განცხადებები გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახელმწიფოს მოუწოდეს, მიეღო ზომები ბავშვების უფლებების დასაცავად.

„ლიბერალი“ დაინტერესდა, ამ პერიოდის განმავლობაში გადაიდგა თუ არა ქმედითი ნაბიჯი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის და შეიცვალა თუ არა მათი მდგომარეობა?

რა მდგომარეობაა ახლა

სოფელ რცხმელურში დევნოზაშვილების ოჯახში 8 ბავშვი ცხოვრობს. მათგან სამი უკვე სრულწლოვანია, ხუთი არასრულწლოვანი. ბავშვები მშობლებსა და ბებიასთან ერთად ცხოვრობენ. უფროსი უკვე 21 წლისაა. სკოლაში არასოდეს უვლია. ბავშვებს არ აქვთ ურთიერთობა თანატოლებთან. როგორც მამა ამბობს, განათლების მიღებაში ბავშვებს თავად ეხმარება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახში სკოლის პედაგოგი დადიოდა, თუმცა მოგვიანებით, ოჯახის მოთხოვნით, მეცადინეობები შეწყდა.

მეზობლები ამბობენ, რომ ბავშვებთან ურთიერთობა, მშობლების გარდა, არავის აქვს. როგორც ჰყვებიან, ხშირად ხედავენ ეზოში მოთამაშე ბავშვებს, მაგრამ ეზოს გარეთ - თითქმის არასდროს.

მას შემდეგ, რაც ამ შემთხვევის შესახებ ყველამ შეიტყო, სოფელში სხვადასხვა ოფიციალური სამსახურის წარმომადგენლების სტუმრობა არ წყდებოდა. ისინი კითხვებს უსვამდნენ მეზობლებს, სკოლის მასწავლებლებსა და მშობლებს.

რცხმელურის სკოლის დირექტორი ხათუნა ტვილდიანი ამბობს, რომ მდგომარეობა მაშინ შეიცვლებოდა, თუ ბავშვები სკოლაში სიარულს დაიწყებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. იხსენებს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა სკოლაში, მათ შორის, პოლიციაც.

„ვუყურებ, რომ დადიან სოცმუშაკები; სახალხო დამცველის წარმომადგენელებიც იყვნენ; საკმაოდ ბევრი ადამიანი მივიდა ოჯახში, მაგრამ არ ვიცი, ამბობენ, გამოძიება მიმდინარეობსო. სხვა ჩვენ არაფერი ვიცით. მეც მეზობელი ვარ, მაგრამ ბავშვების მამა დიდი ხანია, არ დამინახავს საერთოდ; დედა გამოდის ხოლმე საყიდლებზე უფროს შვილთან ერთად,“ - ამბობს ხათუნა ტვილდიანი.

„ბავშვები იმალებიან უცხოს რომ ხედავენ“ - რას ჰყვებიან მასწავლებლები დევნოზაშვილების ოჯახზე

რას ამბობენ სახელმწიფო უწყებებში

დევნოზაშვილების ოჯახთან  დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტომ განმარტა, რომ ისინი 2010 წლიდან მუშაობენ ოჯახთან, რადგან  მშობლებს სასკოლო ასაკის არც ერთი ბავშვი არ დაჰყავთ სკოლაში, თავიანთი რელიგიური შეხედულებების გამო. ოჯახი ჩართულია პრევენციის პროგრამაში. მათივე ცნობით, განათლებას ბავშვები მშობლების დახმარებით იღებენ.

2011 წელს სასამართლომ მშობლებს შეუზღუდა მშობლის უფლება, მაგრამ სააგენტოს ცნობით, ვერ მოხერხდა აღსრულება და  ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა სპეციფიკური გარემოსა და ბევრი სხვა ფაქტორის გამო.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა სტრუქტურის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, ბავშვები დარჩენილიყვნენ ბიოლოგიურ ოჯახში, რადგან არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა და მათ ძლიერი მიჯაჭვულობა აქვთ მშობლებთან.

სოცსააგენტო მშობლის მიერ ჩაკეტილ ბავშვებზე - „მშობლები შეძლებისდაგვარად ზრუნავენ მათზე"

ამჟამად სოციალურ სააგენტოში ამბობენ, რომ სოციალური მუშაკი განაგრძობს ოჯახთან მუშაობას, ხშირად დადის იქ და ამოწმებს ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. როგორც სააგენტოში გვეუბნებიან, სწორედ იმიტომ, რომ სხვადასხვა უწყება ჩაერთო პროცესში და შემთხვევის მოკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყებაში ამბობენ, რომ ახალი დეპარტამენტი უკვე დაინტერესდა საქმით.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შსს-ში ახლად შექმნილი ორგანოა, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ დანაშაულზე მუშაობაა.

„საკმაოდ სენსიტიური და კომპლექსური შემთხვევაა იმდენად, რამდენადაც საქმე ეხება არასრულწლოვნებს. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ფსიქოლოგებსა და სოციალურ სამსახურებთან. დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება, უმოკლეს ვადებში,“ - ამბობენ უწყებაში.

შს მინისტრის მოადგილე მშობლის მიერ სახლში სავარაუდოდ ჩაკეტილ ბავშვებზე საუბრობს

როგორია სახალხო დამცველის პოზიცია

სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს შემთხვევის შესწავლა. ომბუდსმენის წარმომადგენელი შეხვდა ოჯახის წევრებს და ესაუბრა ბავშვებს.

აპარატში ამბობენ, რომ კოორდინაციაში არიან ყველა უწყებასთან და თვალყურს ადევნებენ მათ მიერ გატარებულ ღონისძიებებს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმოს ყველა ნაბიჯი.

ამ ეტაპზე აპარატში გამოძიების შედეგებს ელოდებიან და დასკვნით რეკომენდაციებზე მუშაობენ.

ომუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე ამბობს, რომ მიდგომა და ჩარევა ვერ იქნება ხისტი, რადგან ეს არ არის ახლა დაწყებული პრობლემა; ბავშვები წლებია, ცხოვრობენ ამ გარემოში, ამიტომ ყველა ტიპის ჩარევა კარგად უნდა იყოს სპეციალისტების მიერ შეფასებული, ესა თუ ის გადაწყვეტილება რა გავლენის მატარებელი შეიძლება იყოს ბავშვების ფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე. 

„ამიტომ სახალხო დამცველს უჭირს მყისიერი რეაგირების რეკომენდაციის გაცემა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ეტაპზე უნდა შეფასდეს საჭიროებები და მიეცეს ამ საკითხს სამართლებრივი მსვლელობა,“ - ამბობს ეკა სხილაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა წარმოაჩენს სისტემურ პრობლემას - ქვეყანაში ბავშვის დაცვა ძალადობისგან და რეაბილიტაცია გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ამ სფეროში რესურსების სიმწირეა.

რა პოზიცია აქვთ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ, როცა საქმე ეხება ბავშვების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მართლმსაჯულება უნდა იყოს სწრაფი და შესაბამისი ზომები გატარდეს, რათა არ გაგრძელდეს ბავშვების იზოლაცია და სკოლის გაცდენა. ის ხაზს უსვამს, რომ, ერთი მხრივ, მგრძნობიარე შემთხვევაა და ფრთხილ მიდგომას საჭიროებს, თუმცა,  მეორე მხრივ, სასწორზე დევს ბავშვების უფლებები, რომელიც ირღვევა.

მისი თქმით, ის, რომ ამდენი წელია, ყველამ იცის ამ პრობლემის შესახებ და სახელმწიფო მაინც უმოქმედოა, პროფესიონალებისა და რესურსების სერიოზულ ნაკლებობაზე მიუთითებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამოძიების პროცესში შეფასდეს დარღვევა არა მხოლოდ უშუალოდ იმ პირის მიმართ, ვინც შეუზღუდა ბავშვებს უფლება, არამედ სახელმწიფოს უმოქმედობის კუთხით, იყო თუ არა მათი მხრიდან ადეკვატური ზომები მიღებული.

სახელმწიფოს პასუხია ის, რომ „დღემდე ვერაფერი გავაკეთეთ“. ეს არის მიუღებელი პასუხი, როდესაც საქმე ბავშვის უფლებებს ეხება. თუ  სახელმწიფო ბავშვის უფლებების დარღვევის დროს ვერაფერს აკეთებს ე.ი. მას ფუნდამენტური პრობლემები აქვს და კითხვა უნდა დაისვას, საერთოდ გვაქვს თუ არა ბავშვთა დაცვის სისტემა ქვეყანაში,“ - ამბობს ანა არგანაშვილი.

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების როლს ამ პროცესში, ანა არგანაშვილი აღნიშნავს, რომ მგრძნობიარე საქმეა, ბავშვები რთულ მდგომარეობაში არიან და  გარკვეული რისკის ქვეშ, ამიტომ ისინი ელოდებიან, რომ იმოქმედონ  ოფიციალურმა უწყებებმა.

„ძალიან ვერიდებით ისეთ კომენტარს, რომელმაც შეიძლება ამ წუთში ბავშვის ინტერესები დააზიანოს. ჩვენი როლია უწყებებისთვის პასუხისმგებლობის მოთხოვნა. ეს დაწყებული გვაქვს. მაგრამ აქ გვაქვს ერთი ფუნდამენტური პრობლემა. საქართველოს კანონმდებლობაში ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს არ გვაქვს სათანადო მოსარჩელის სტატუსი, რომ დავიცვათ ბავშვი მაშინ, როცა, ერთი მხრივ, მისი კანონიერი წარმომადგენელი - მშობელი არღვევს მის უფლებას,  მეორე მხრივ, კი - ის, ვისაც ეკისრება მშობლის კონტროლი. სერიოზული ხარვეზია, რადგან ჩვენ ვერ ვუჩივით ბავშვის ინტერესების დასაცავად სახელმწიფოს. მიგვაჩნია, რომ ამ საქმით ამ სისტემურ პრობლემასაც ძალიან კარგად გაესვა ხაზი,“ - ამბობს ანა არგანაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ნოემბერი
15 ნოემბერი

ო, მეგობრებო-თ!

მაესტრო დანიელ ორენის მიერ გამოძერწილ ბეთჰოვენს ოპერისა და ბალეტის თეატრში შეკრებილმა პუბლიკამ ოცწუთიანი ოვაცია მოუწყო&n ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

Shoplifters - შეკითხვები პასუხებად

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ანდრეი ზვიაგინცევი სტუმრობდა. რუსი რეჟისორი მაყურებელს „ამირანში“ შეხვდა და მ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

ფემინსტრიმი ► ობიექტივიზაცია - ჩაგვრის ს ...

მოუსმინეთ ნანა გობეჯიშვილის პოდკასტს: „წინა პოდკასტში ვისაუბრეთ, ფემინიზმის შესახებ, როგორ უკავშირდება ის ვეგანობ ...

მეტი

^