Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს მას

12 ივლისი 2017

სიყვარული ძაღლის კუდზე გამობმულ კონსერვის ცარიელ ქილებს ჰგავს. გარბიხარ და უკან ხმაურით მოგდევს კაცობრიობის ერთადერთი გრძნობაშესახები იმედი, რომელიც ნიღაბია გადაშენების წინააღმდეგ ბუნების ინსტიქტურ ბრძოლაში.

სიყვარულს ბავშვები ტროტუარის კიდეში ზაფხულობით დამშრალ სანიაღვრე არხებში ეძებენ. ზამთარში, მოყინულ ტბაზე სიარულისას, აუცილებლად აღმოვაჩენთ რაღაც უფრო მეტს - იმედს. რაც იმ მომენტამდე გრძელდება, ვიდრე ფეხქვეშ ყინულის ჩამტვრევის ხმას და სხეულის ცივ სითხეში ჩაძირვას შევიგრძნობთ.

სიყვარული ყველაზე მტკივნეული სიკვდილია. გზა სიკვდილამდე, დაბადებიდან გარდაცვალებამდე. და მთელი ეს დრო იგი დროში დარჩენილ მარადიულ კითხვასავით გაურკვეველი სახეა. სანამ ამ სახეს, მომაკვდავს, არ  ჩამოვიხსნით და დავასვენებთ სარეცელზე. გონება მშიერი აფთარივით დასტრიალებს მანამ, ვიდრე გაბედავს და დორბლიანი კბილებით ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯს.

სიყვარული ძახილია ცხოვრების, რომელსაც არც ხმა და არც სმენა არ გააჩნია. მოჩვენებების ბადეში გახვეულ ამ გრძნობას ჩვენი სიახლოვე კლავს. ანადგურებს, როგორც მზის ახლოს მოხვედრილ ნებისმიერ საგანს დაწვავდა მისი მხურვალება. მხოლოდ მზესთან მოცემული, დასაშვები სიშორე და სიახლოვე გვინარჩუნებს სიცოცხლისთვის საჭირო ტემპერატურას - არც ზედმეტად შორს, არც ზედმეტად ახლოს.

როგორ გადავარჩინოთ მტკივნეული სიკვდილი სიკვდილისაგან? სიყვარული ზედმეტი სიყვარულის ზემოქმედებით შეიძლება მოკვდეს. რადგან სიცოცხლის არარსებობა, არ ნიშნავს სიკვდილს. რადგან სიკვდილი მხოლოდ იქ დგება, სადაც სიცოცხლე დაიშვება.

თუ ძაღლი კუდზე გამობმული ცარიელი კონსერვის ქილებით ირბენს, ადრე თუ გვიან დაეცემა, სიკვდილის პირას, პირზე დუჟმომდგარი. თუ ბავშვები ცარიელ სანიაღვრე არხებში სიყვარულს იპოვიან, მას წვიმის დროს იმ არხებშივე მოვარდნილ წყალს გააყოლებენ, როგორც ხის სათამაშო იალქნიან ნავს, რომელიც წონასწორობას არასდროს ინარჩუნებს და აუცილებლად, სადღაც მაინც ყირავდება.

სიყვარული მოკვდავია, და შეხება აჭკნობს მის ტოტებს, ანადგურებს. და რჩება სფინქსის ლეგენდა, როგორც იმედი. არ არსებობს სხვა გზა მორბენალი ძაღლისთვის, გარდა იმ გზისა, რომ გადაღრღნას კუდი ან ის ფეხი, რომელზეც თოკი აქვს გამობმული და მხოლოდ ცარიელი კონსერვის ქილების ლოკვით დაკმაყოფილდეს. თუ სიყვარული უნდა გადარჩეს, ეს მხოლოდ მასთან განშორებით ხდება შესაძლებელი. როგორც პლანეტა გადარჩება მანამ, ვიდრე ის თავის ორბიტაზე ბრუნავს, არც მზისგან ზედმეტად ახლოს, და არც მისგან ზედმეტად შორს.

სიყვარული საწამლავია, რომელიც გკლავს, როცა სვამ და იმედს გაძლევს, როცა თაროზე დევს. და თუ განეშორები მას, ამ იმედით მთელი ცხოვრება ინათებ გზას, და თუ კბილით დაამტვრევ მის შუშას, ენაზე მოხვედრისთანავე, შენს სხეულში სიკვდილი იწყებს დადგომას.

რომ არსებობდეს საერთო საზომი ადამიანებისთვის, ეს იქნებოდა ის, რამდენად დიდხანს შეუძლიათ გაუძლონ ცოცხალ სიყვარულს. მაგრამ არა, განა ვინმე შეეცდება გაზომოს რამდენ ხანს გაძლებს მზის ორბიტაზე? და თუ შეეცდება, ყველა იმედის მიღმა და სამყაროს გულისცემის მიღმა, უსასრულო არარაში მოუწევს ჩანთქმა. ისე, თითქოს არც არასდროს უარსებია.

სიყვარულისთვის ბევრად უფრო მარტივია არსებობა, თუნდაც სადღაც გონების ან გულის უკიდურეს კუნჭულში მიხურულ კარს მიღმა. ორად გახლეჩილს, სამყაროს სხვადასხვა კუთხეში  უფრო შეუძლია გადარჩეს, ვიდრე ნებაყოფლობით მისჯილ სიმშვიდეში, ყოველდღიური ხმაურით გაჯერებულ რუტინულ ყოფაში, სადაც ნაცნობი კარის ჭრიალიც შეიძლება ჯოჯოხეთივით აუტანელი გახდეს.

სანამდე შეიძლება გაგრძელდეს ტექსტი ამის შესახებ? ალბათ მანამდე, სანამ ბავშვები დამშრალ არხში სიყვარულს იპოვიან; მანამდე, სანამ პლანეტა თავის ორბიტაზე ჯიუტად მიაპობს კოსმოსის გაყინულ სივრცეს და სანამ სიტყვების წერა და კითხვა შესაძლებელია.

ადამიანისთვის ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა ისაა, რაც ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელია, რადგან ყოველი შეცნობილი კარგავს იმ ბიძგს, რომელიც პირველი აფეთქების შემდეგ მიეცა...

თუ ერთადერთი იმედი, უიმედო წასვლაშია, ამ უიმედო მოძრაობაში სიყვარულის ნებისმიერი სახე ცოცხლდება და იცოცხლებს.

წასვლა მანამ, სანამ დარჩენილია იმ აფეთქების ბიძგი, მუხტი, რომელიც გვამოძრავებს და გვაიძულებს ყოველ ჯერზე, როცა სუნთქვას შევიკავებთ, ისევ თავიდან ჩავისუნთქოთ ღრმად, და გავბრუვდეთ ტვინში ჟანგბადის ზედმეტი ოდენობით შეჭრისგან.

მაგრამ ჩვენ ისევ კუდზე ვიბამთ თოკს და გავრბივართ, გავრბივართ სადღაც, უცნობი თუ ნაცნობი ქუჩებით. ბოლოს კი რომელიმე დამშრალი არხის პირას გამხმარ მიწაზე დავეხეთქებით დუჟმორეული, ქანცგაგცლილი და ველოდებით დამსახურებულ სიკვდილს.

ასე, ყოველ ჯერზე ადამიანი იმეორებს... იმეორებს სამყაროს ამ უდიდეს აბსურდს... იმეორებს სიკვდილს... „ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს მას“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

საზიანო ფანტაზია

რატომ არსად ფიზიკურ სამყაროში, არც თავის ქალაში, ტვინში, სხეულის სიღრმეში ან სადმე მის გარეთ არ მოიძებნება ცნობიერე ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

სარკეში ჩაშტერებაზე და სარკისმიღმიერი უკ ...

...დაინიშნა ან მოიხსნა მინისტრი; მოზარდმა გაგუდა კატა ან დააფსა მას; მწერალს ან პოეტს შეეშალა მართლწერა; პრემიერმა სადღა ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ჩემი, შენი და ჩვენი ღმერთი

აღდგომა იყო. მაშინ დედამ პირველად მომიყვა ქრისტეზე და მითხრა: „ხალხმა ჯვარს აცვა სიყვარულისთვის. ეგონათ დაამარცხეს ...

მეტი

^