Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცაში აწვდილი ტალღები

07 სექტემბერი 2017

ურტყით ტალღებს! ისინი ხომ ცდილობენ,

რომ წაგაქციონ.

მერე რა, რომ გამოუვათ, წაგაქცევენ...

მაინც ურტყით!

ყველა ამბოხი მთავრდება სისტემის სისტემური ცვლილებით; კითხვებით, რომელიც სამუდამო სასჯელივით ჩვენში რჩება და არასოდეს არ არის პასუხგაცემული. ყველა შეგრძნება ტრიალდება, გული ყელში გვებჯინება, როცა გვერდით ჩვენი ცხოვრება ჩაგვივლის და ერთ დღესაც იქ დაბრუნებულებს, საიდანაც მოვლენათა უამრავი ციკლიდან ერთ-ერთი დავიწყეთ, აღარ დაგვხვდება რაღაც, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო. არადა, ყოველთვის ის გვგონია მნიშვნელოვანი, რასაც გვერდით ჩავუვლით და რაც  ჩვენი არსებობის ველის მიღმა გვრჩება.

შინაგანი მდგომარეობა, რომელიც გვაიძულებს რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, მოცემულ მომენტში ყველაზე რეალურია. მაგრამ წამი დგება და მიდის, და თითქოს არ რჩება არანაირი მარადიული დაბრუნების საგა, გარდა სხვა წამისა. უსასრულო, მარადიული დაბრუნების მითი, ადამიანის უმწეო ცხოვრების გზაზე, როცა კაპიტალისტური სისტემის პოსტმოდერნულ ვერსიაში, გვერდით დარჩენილი უამრავი გზა არსებობს, რომელიც უფრო და უფრო მეტ კითხვებს აჩენს. და ვინ ვართ ჩვენ? რა არის ჩვენი ცხოვრების გზა? - პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც იმდენად ითხოვენ პასუხს, რამდენადაც არსებობის უფლება აქვთ.

„ყველანაირი მსხვერპლშეწირვა, პირველად მსხვერპლშეწირვას იმეორებს“... მირჩა ელიადე.  

ერთი მხრივ, ეს ადამიანს, სამყაროს ამ უზარმაზარი სივრცის წინაშე მარტოდ დარჩენილს, ეხმარება, რომ გაექცეს ამ მარტოობას; მეორე მხრივ კი, სრულიად უიმედო მდგომარებაში აგდებს ყოველი განხორციელებული აქტის, ან პასუხგაცემული კითხვის შემდეგ, რადგან ადამიანის მოთხოვნილება უსასრულო ცხოვრებასა და უკვდავი სულის პერსპექტივაზე მხოლოდ ბრმა რწმენის საფუძველზე, ყოველგვარი ხელშესახების მიღმაა. და რწმენის რაობაც საკითხავია, რამდენად შესაძლებელია ადამიანი გრძნობდეს ღმერთის მიმართ რაიმე არსებულს, და ხელჩასაჭიდს, გარდა იმედებისა, რომელიც სიცოცხლის დასასრულთან ერთად კვდება.

და რაც გვრჩება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესაა მარადიული მითი. მითი გარეშე საკუთარი თავისა. არსებობის გარეშე. საწყისის დაშვების მიღმა. რადგან დასასრული (რომელსაც ასე მიელტვის ამბოხის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი) მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა დასაწყისი არსებობს. ყველაზე უიმედო მგომარეობაში, სადაც ადამიანი ვერ პოულობს საწყისს, არის ყველაზე დიდი იმედი იმისა, რომ სასრული არ არსებობს. ყველა პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც გვრჩება, ერთადერთი მტკიცებულებაა დაუსრულებლობისა, რადგან დასასრული პასუხგაცემული კითხვებია. ესაა ამოხსნილი „საიდუმლო“. შეგრძნება იმისა, რომ კითხვები ამოიწურა, უპირობო დასასრულია. მხოლოდ უსასრულობას გააჩნია მარადიული კითხვის ნიშნები, მხოლოდ მსხვერპლშეწირვის რიტუალის იდუმალებაშია უსასრულობის სრული გარანტია. ყველა განმეორება სახიფათოა, როგორც კითხვასთან მიბრუნება, მაგრამ აუცილებელი, როგორც უპასუხოდ დარჩენილი კითხვები. თუ სამყაროს კიდეს ოდესმე მივაღწევთ, ეს იქნება ყველაზე უინტერესო მომენტი.

„ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“ გვეუბნება, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს, გარდა მოვლენის სხვადასხვა მდგომარეობაში მიღებისა. რადგან, თუ მოხუცები დავიბადებით და გაახალგაზრდავებას დავიწყებთ, ისევ იგივე  გველოდება, რაც ბავშვად დაბადების შემთხვევაში. ამ ამბავში გარდა იმისა, რომ „უკუღმაა“ მოყოლილი, არაფერია უცნაური. „უხერხულობას“ მხოლოდ ის იწვევს, რომ არ პასუხობს სიცოცხლის სისტემას და ამის გამო ხშირად გაუგებარიც კი რჩება.

რაში გვჭირდებოდა ყოველივე ეს ყოველგვარი პასუხების გარეშე?

ეს სამყარო ერთი დიდი უსასრულობაა, როგორ წრეზეც არ უნდა წავიდეთ. მისგან ყოველთვის გამოიყოფა ხაზები. ეს პასუხგაუცემელი კითხვების ტრაექტორიებია, და  იმედი, რომ მარტოობა, როგორც ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი გამოწვევა, არის ხსნის ერთადერთი გზა. გზა დაუსრულებელი ძიებისა იმ ორბიტიდან, რომელიც მზის ირგვლივ გვაბრუნებს. და  საპირისპირო მხარეს რომც გვებრუნა, ამითაც არაფერი შეიცვლებოდა არსებულ „რეალობაში“.

ადამიანები ქორწინდებიან, აღნიშნავენ ახალ წელს, შობას, აღდგომას, დაბადების დღეებს და უამრავ სხვა თარიღს წელიწადის სხვადასხვა დროს. ეძებენ იმედს ოჯახის შექმნის, ამ ინსტიტუტის განმტკიცებისა და ურთიერთობების წამოწყების მცდელობაში. ეს ყველაფერი მითის უსასრულო ინსტიქტური განმეორებაა; იმედის ინსტინქტი, რომელიც ახალშექმნილ სიცოცხლეში ჩვენ მიერ გაღებულ ბიოლოგიურ მასალაში დებს „ინვესტიციას“ და დაუსრულებლობის გაუცნობიერებელი შეგრძნების „გარანტიას“ იძლევა, რაც სიცოცხლის სასრულის უკუპროპორციულია, და კიდევ ერთი მცდელობაა „გადარჩენისა“.

უამრავი ამერიკული თუ ევროპული ფილმიდან მახსენდება ერთი წარმატებით კომერციული და ამერიკული ფილმების მოყვარულთათვის ალბათ გამორჩეული კინო, „ინტერსტელარი“. ბოლოს, როცა მთავარი პერსონაჟი მიდის მშობლიური მზის სისტემიდან სადღაც სხვა, სიცოცხლისთვის მინიმალური პირობების მქონე პლანეტაზე. ბრუნდება, რადგან იქ დარჩა ერთადერთი ადამიანი მისი დროიდან, ვისთანაც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მოახდენს, და საკუთარი არსებობის დაფიქსირებას შეძლებს. ვისთანაც გაიმეორებს და ხელახლა დაიწყებს სიცოცხლის ციკლს ახალ სამყაროში. მიდის და ტოვებს ადამიანების მიერ შექმნილ ჰალო პლანეტას, საიდანაც ისევ უსასრულობის მარადიულ ჰორიზონტებს უმზერს კაცობრიობის გადარჩენილი ნაწილი.

 სად გვატყუებს დრო ამ ფილმის ბოლო ეპიზოდივით? რადგან ნათლად ჩანს, რომ კოსმოსში გადაადგილებისას, იქ გატარებული რამდენიმე დღე აქ უამრავ წელს უდრის. და უკან დაბრუნებულს არცერთ სისტემაში აღარ ელოდება ის ადამიანები, და ალბათ არც ის, ვისთანაც ბრუნდება. დრო არ გვატყუებს, მაგრამ დრო გვაძლევს იმედს, და ამ იმედის ტრაქეტორიაზე ვიწყებთ მოძრაობას.

საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის ნათელი მაგალითია, როცა ამ უსასრულო მოგზაურობაში, მარადიულად ვცდილობთ სისტემათა შორის კავშირის გაბმას, ახალი საარსებო ტერიტორიის აღმოჩენის მიზნით. რომელშიც ახალი, განმეორებადი სისტემები გველოდება, სადაც ცამდე აწვდილი ტალღა ნებისმიერ დროს წალეკვით გვემუქრება.

და მაშინ რა გველოდება მომავალში, რომელზეც ვოცნებობთ? რა ან ვინ დაგვრჩენია იქ? იქაც ყველაფერი სისტემურია. ყველაზე დიდი ამბიციები ახალი სამყაროს შექმნისა თუ არსებულის რეფორმაციისა, ადამიანის მიერ საკუთარი უსუსურობის წინააღმდეგ გადაგმული ნაბიჯი თუ უსასრულობისთვის საზღვრების პოვნის მცდელობაა?

მხოლოდ ჩვენ გვერდით, ჩვენ გარეშე ჩავლილი ცხოვრება ტოვებს შეგრძნებას, რომ უსასრულოდ და ყოველთვის შეგვიძლია დავბრუნდეთ, ყველა რევოლუციისა თუ ამბოხების შემდეგ.

რაც შეეხება სიკვდილს, როგორც ზემოთ ხსენებული ისტორია ნათლად ამტკიცებს, ეს მხოლოდ დაბადების აქტია, მაგრამ შებრუნებული. რა თქმა უნდა, სიცოცხლის ციკლთან ერთად, ისიც სისტემის ნაწილია და უსასრულოდ განმეორებადი უპასუხოდ დარჩენილი კითხვა. რაც ცოტათი ბანალურიც კია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

საზიანო ფანტაზია

რატომ არსად ფიზიკურ სამყაროში, არც თავის ქალაში, ტვინში, სხეულის სიღრმეში ან სადმე მის გარეთ არ მოიძებნება ცნობიერე ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

სარკეში ჩაშტერებაზე და სარკისმიღმიერი უკ ...

...დაინიშნა ან მოიხსნა მინისტრი; მოზარდმა გაგუდა კატა ან დააფსა მას; მწერალს ან პოეტს შეეშალა მართლწერა; პრემიერმა სადღა ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ჩემი, შენი და ჩვენი ღმერთი

აღდგომა იყო. მაშინ დედამ პირველად მომიყვა ქრისტეზე და მითხრა: „ხალხმა ჯვარს აცვა სიყვარულისთვის. ეგონათ დაამარცხეს ...

მეტი

^