Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დოსტოევსკი - თვითმკვლელი მკვლელი

13 ივნისი 2019

დოსტოევსკი, როგორც მწერალი და როგორც რეაქციონერი, სრულიად განსხვავებულ თვისებებსა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ავლენს. თუ, ერთი მხრივ, მისი ლიტერატურული მოღვაწეობა და შედეგები მსოფლიო დონის შედევრებს წარმოშობს, მეორე მხრივ, იგი სრულიად მდარე ხარისხის რეაქციონერად და რუსული ნაციონალიზმის გულმხურვალე მხარდამჭერად წარმოგვიდგება.

            შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ეს მხარე ნაკლებადაა კავშირში მის შემოქმედებით მოღვაწეობასთან, თუმცა იგი, როგორც პიროვნება, მიუხედავად მისი მრავალმხრივი ბუნებისა, მაინც ერთ მთლიანობას წარმოადგენს და მისი ფსიქოტიპი მორგებულია ორივე მიმართულებით დოსტოევსკის პიროვნების განვითარებასთან. ჩამოყალიბების გზა, რომელსაც იგი გადის ახალგაზრდობის წლებიდან პეტრაშეველებამდე და სასიკვდილო განაჩენიდან გადასახლებამდე, შემდეგ კი მის სულში რუსული ნაციონალიზმის გაღვივებმადე, საკმაოდ ურთიერთსაპირისპირო და რთულია.

            ფროიდის ტექსტში, „დოსტოევსკი და მამის მკვლელობა“ ავტორი ყურადღებას ამახვილებს მწერლის ფსიქიკურ მდგომარეოაბასა და მის კომპლექსებზე, მამის მკვლელობის სურვილით დაწყებული, საკუთარი თავის მიმართ გამოვლენილი დესტრუქციული ქმედებების გავლით. მწერლის ფსიქოტიპის ჩამოყალიბება ხდება ასევე ისტორიულად მეტად მნიშვნელოვან დროში და მისი ცხოვრების პარალელურად ვითარდება მოვლენები, რომლებიც დოსტოევსკის გონებას ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა.

            თუმცა კი მისი პერსონა - გამომდინარე იმ ტრავმებიდან, რომელიც მამის მკვლელობის სურვილს, შემდეგ კი ამ სურვილის სხვისი ხელით რეალიზებასა და ამ სურვილზე დაყრდნობით საკუთარი თავის დასჯას გულისხმობს - სრულიად ამბივალენტურად ყალიბდება. მისი, როგორც მწერლის სახე, გამოკვეთილია მსოფლიო მწერლობის ისტორიაში, და ფროიდი სრულიად სამართლიანად შენიშნავს მისი ნაწარმოებების, განსაკუთრებით „ძმები კარამაზოვების“ გამორჩეულობასა და სიდიადეს. თუმცა ჩვენ ამ ტექსტში ბოლომდე არ გავყვებით ამ ხაზს და მხოლოდ ვეცდებით, დავინახოთ კავშირი, მწერლობასა და მისი ცხოვრების მეორე ეტაპის მდგომარეობას შორის, სადაც დოსტოევსკი ქსენოფობიური გამოსვლებით, მისი პიროვნების სრულიად რეაქციონერული ჩამოყალიბების გზაზე შეუქცევადად იმეორებს რაღაც ისეთს, რაც ასე მნიშვნელოვანია ფსიქოანალიზისთვის.

            დოსტოევსკის რწმენა, რომლის ფარგლებშიც იგი ჩადის დანაშაულს, და მისივე თავის მიმართ გამოტანილი სასჯელები, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი და ალბათ ძირითადი ფაქტორებია, რომლებშიც მწერალი ცხოვრობს, როგორც დანაშაულსა და სასჯელს შორის გადებულ ხიდზე მოარული არსება. ვისაც ნებისმიერ წამს სჯერა ამ ხიდის ჩანგრევის და ამ შიშის ფონზე, მოუთმენლად ელის შედეგის დადგომას, რათა ჩაიტანოს იგი, როგორც ადამიანი, ვინც საკუთარი თავის მიმართ გამოტანილი სასჯელების ხარჯზე, მისსავე დანაშაულებრივ ფსიქიკას მიერეკება სადღაც, აუცილებელი დაღუპვისგენ. რაც მისი პიროვნების, როგორც მსხვერპლად შეწირვის გარდაუვალ აქტს მოასწავებს.

            დოსტოევსკი გრძნობს რა საკუთარი მძლავრი გონების უპირატესობას ლიტერატურაში, თითქოს ამის პარალელურად უწესებს სასჯელს მის მეორე მხარეს, რომელიც ამ პიროვნების შემადგენელი ნაწილია და მისი ყოველი წაგება, ასევე გამარჯვების ტოლფასია. იგი თითქოს განიცდის თავიდან დაბადებას საკუთარ, დამნაშავე სხეულში ყოველი „ეპილეფსიური შეტევის“ შემდეგ და მისი არაცნობიერის ჭიდილი, ახალი სიკვდილისკენაა მიმართული, რომელ გზაზეც ის ტანჯვის ახალ ტალღას გადაიტანს, როგორც დამსახურებულ სასჯელს.

            „ჩანაწერები ცოლის გარდაცვალების დღეს“ - ამ მცირე ზომის ტექსტში, იგი საუბრობს „მეს“ დაძლევისა და „საყოველთაო სინთეზში“ გადასვლის შესახებ. ეს რუსული ქრისტიანული ფილოსოფიის ის ნაწილია, სადაც იხსნება პიროვნების მთავარი პრინციპი, აღდგომა დაღუპვის ხარჯზე, თუმცა დოსტოევსკისთვის ეს აღდგომა, როგორც მხოლოდ ერთჯერადი პროცესი საკმარისი არაა.

            იგი ანაცვლებს საკუთარი „დამნაშავე მამის“ ხატს მეფის სხეულითა და მისი ავტორიტეტით და ილაშქრებს მის წინააღმდეგ, მარცხდება მასთან ბრძოლაში, და ამ დაღუპვით, სასიკვდილო განაჩენით ფაქტობრივად ილაშქრებს საკუთარი თავის წინააღმდეგაც, რომელსაც სურდა მამის მოკვლა. თუმცა კი ამ სურვილში ის ყალიბდება არა მხოლოდ როგორც მკვლელი, არამედ თვითმკვლელი. ხოლო მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება ამ გზაზე ქრისტიანული შვების, სამოთხისეული იდეის პოვნა, რომელშიც მისი გონება გაიხსნება, როგორც წამიერი სიმშვიდის მოპოვების შესაძლებლობაში. მაგრამ, ეს მდგომარეობა მალე კარგავს თავის „მიმზიდველობას“ რადგან შეუძლებელი ხდება ტანჯვის გარეშე განწმენდაზე მარადიული რეფლექსია და ის ისევ თავიდან, როგორც დამნაშავე, ეფლობა საკუთარი თავის განადგურების პროცესში. მისი არაცნობიერი, დაწესებული ბარიერების მსხვრევით მიზანმიმართულად ანადგურებს მას, როგორც პიროვნებას და ამის პარალელურად თავიდან ბადებს მას მომავალი განადგურების მოტივით.

            დოსტოევსკის გარდაქმნის ეტაპი, სადაც ის სრულიად საპირისპირო მხარეს იკავებს და გამოირჩევა თავისი გამაოგნებელი პოზიციით, გვესახება, როგორც საკუთარ თავზე ყველაზე დიდი შურისძიების აქტი. ის გვერდს ვერ უვლის ამ „სასიამოვნოდ“ მაცდუნებელ იმპულსს, რომელიც მას მტერი მეფის, ანუ მამის ხატის განადგურებიდან, უბიძგებს სამსახურში ჩადგომას, და ამ რთული, ჩახლართული გზით, საკუთარ თავზე, როგორც მთავარ დამნაშავეზე შურისმაძიებელ სუბიექტად აქცევს.

            გარეთ მიმართული აგრესია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვა არაფერია თუ არა საკუთარი თავის ყველაზე დაბალ საფეხურზე ჩამოყვანისა და მისი იმ სახით „დამიწების მცდელობა“, რომელშიც დოსტოევსკი, როგორც შემოქმედი და როგორც პიროვნება, სრულიად გაიმიჯნება ერთმანეთისგან. ამის საპასუხოდ დოსტოევსკი, როგორც მწერალი, საკუთარი შემოქმედების მწვერვალზე თავის უკანასკნელ რომანში, “ძმები კარამაზოვები“, გვიხატავს ალიოშა კარამაზოვის სახეს, როგორც იმედის სხივს მისი დანაშაულებითა და ძალადობით გაჟღენთილ სამყაროში. თუმცა კი ამაოდ, რადგან მისი გეგმები, ალიოშა კარამაზოვის მიმართ სრულიად შეიცვლებოდა, ამ რომანის შემდეგ ნაწილში, რომლის დაწერაც ვეღარ მოასწრო გარდაცვალების გამო.

მისი გარდაცვალება კი ასევე ამ მთლიანი, დაუსრულებელი დანაშაულებისა და სასჯელების ციკლში, საკმაოდ ლოგიკური და მნიშვნელოვანი აქტია, რომელშიც იგი მშვიდი ღიმილით შედის, რომელსაც მკაფიოდ ვხედავთ გარდაცვლილი დოსტოევსკის ფოტოზე. იგი თითქოს ამბობს, მე ვიძიე შური თქვენ გამო ადამიანებო, მე ვიძიე შური იმისთვის, რომ მიყვარდა დედა, როგორც მამას და მძულდა მამა, როგორც შვილს და ეს სიძულვილი ვაქციე მის მიმართ მორჩილების საუკეთესო იარაღად, რათა საბოლოოდ გამომეტანა განაჩენი ჩემთვის, როგორც ადამიანისათვის და საკუთარი თავი მექცია იმად, რასაც ამ ფოტოზე ხედავთ. გარდაცვლილის ამ მშვიდ, დასრულებულ ღიმილში, ჩვენ ვუყურებთ იმ დოსტოევსკის, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა საკუთარი თავის წინააღმდეგ მისივე არაცნობიერიდან, და რომელმაც საბოლოოდ შეძლო გამოსვლა.

            იგი ასე დასცინის ყველა იმ ამბავს, რომელიც მისი ცხოვრების უმნიშნელოვანესი მოვლენებისგან შედგებოდა, რადგან მისი ტანჯვა, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზაზე დაუსრულებელი ბრძოლა იყო, მისივე სიმშვიდის წინააღმდეგ. და ასევე იგი დასცინის საკუთარ თავს, დოსტოევსკის, რომელმაც მასთან ბრძოლა წააგო. გამოყო რა საკუთარი პიროვნება მწერლისგან, ის ფაქტობრივად დაუპირისპირდა მისივე თავის იმ ვარიანტს, რომელიც მისაღები იქნებოდა მკითხველისთვის, და დატოვა სრულიად არეული, მოუხელთებელი პიროვნება, რომელიც იპყრობს მსოფლიოს და შემდეგ ხარხარებს იმაზე, რომ მან ეს შეძლო.

            ფაქტობრივად დოსტოევსკის როლი ცხოვრებაშივე იყო ის, რომ ყოფილიყო დოსტოევსკი, რომელიც ყოველთვის და აუცილებლად წააგებდა. და ამ როლში მისი ყოველი სცენა დასრულდებოდა თვითმკვლელობით, სადაც ჩახმახს გამოჰკრავდა არა ერთი, არამედ მისი ყველა პერსონაჟის და თავად დოსტოევსკის ერთობა. ერთობა სამი ძმისა და მამის, რომლებსაც აერთიანებთ ერთი ქალი, სიკეთე, უღმერთობა და ქრისტიანული სიყვარული, რომელიც ასევე მეფის, ანუ მამის მკვლელობას იტევს მისი განვითარების პროცესში.

            ბედისწერა, რომელიც დოსტოევსკის აიძულებს იყოს იმად, რადაც იგი არის, ამ კუთხიდან დანახული სულაც აღარ ჩანს, როგორც ბედისწერა. მისი დაჟინებული სურვილები ზოგჯერ შესაძლოა მოიცავდეს ფატალიზმის მცირე გამოვლინებებს, მაგრამ დოსტოევსკი ამ შემთხვევებზე აგებს საკუთარ სახლს, რომელიც სავსეა მუდმივი მკვლელობებისა და ძალადობის აქტებით. რომელშიც ყოველი შესვლისას განიცდის კათარზისს, რაც მისი ლეთარგიული ძილით, როგორც რეალობიდან წასვლით, ეპილეფსიით, როგორც სიკვდილით, გამოფხიზლებითა და თავიდან დაბადებით სრულდება. ეს დასასრული კი მისთვის ახალი საწყისია ამ წრეში, სადაც აუცილებელია თვითონ იყოს დამნაშავე, რათა ისევ თავიდან დაბრუნდეს ამ სახლში, რომელშიც გარდაუვალი სიკვდილი ელოდება.

            ეს მარადიული, საკუთარი თავის მიმართ შურისძიებაა, რაც ამოძრავებს ყოველ ჯერზე და აძლევს მას ახალ ენერგიას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაისაჯოს. ესაა აქტი, სადაც იგი იმეორებს იმ სასიკვდილო განაჩენს, რომლითაც მეფემ, როგორც სასტიკმა მამამ დასაჯა და შემდეგ, როგორც კეთილმა მამამ შეიწყალა, ანუ თავიდან დაბადა, ისევ ახალი სიკვდილის მოლოდინით. ხოლო ამ მამის დასამარცხებლად დოსტოევსკი იყენებს ყველაზე მძიმე და ამავე დროს განწირულ, ფატალურ იარაღს - საკუთარ თავს, რომელიც მისთვის არ ტოვებს, ადამიანური თვალსაზრისით, არანაირი გადარჩენის შანსს. სწორედ ეს გარდაუვალი დაღუპვა იქცევა მის მიერ მამის დამარცხებისა და მისგან გათავისუფლების ჭეშმარიტ გზად. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^